ვინ იყო იგორ ჭელიძე და როგორ შექმნა მან დღემდე შეუცვლელი სამშენებლო მასალა ცემენტი - კვირის პალიტრა

ვინ იყო იგორ ჭელიძე და როგორ შექმნა მან დღემდე შეუცვლელი სამშენებლო მასალა ცემენტი

გამონათქვამი "რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ", შესაძლოა ზოგისთვის გაზვიადებულია, მაგრამ ასევე ობიექტური მიზეზიდან გამომდინარე, გაზვიადების შეფასებაც არ არის ობიექტური. თუ რატომ, ამის სადემონსტრაციოდ ჩვენი მკითხველის შალვა დემეტრაძის წერილს შემოგთავაზებთ.

"კვირის პალიტრის" რედაქციაში მოგესალმებით ყველას, რადგან გაზეთიცა და მისი რედაქციაც ძალიან მიყვარს. წერილის მოწერაც ამიტომ გადავწყვიტე: გვინდა თუ არა, ჩვენი ისტორია უამრავი ოკუპანტის გაძლებას გულისხმობს, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი რუსეთიც იყო. მან გაზიდა ჩვენი ქვეყნის მატერიალური თუ ინტელექტუალური სიკეთე და მიითვისა. ეს არ ნიშნავს, რომ ეს სიმდიდრე ჩვენ არ მოვიკითხოთ და არ განვაცხადოთ, რომ მისი მემკვიდრეები ვართ. მსგავსზე ახლაც მოგიყვებით: პროფესიით ინჟინერი ვარ, ამიტომ ერთ დროს სანქტ-პეტერბურგის მუზეუმში სპეციალურად ჩავედი. ყურმოკვრით მქონდა გაგონილი, რომ კაცობრიობის უდიდესი ტექნოლოგიის, ცემენტის (პორტლანდ ცემენტი - შემკვრელი ცემენტი) გამომგონებელი ქართველი, იგორ ჭელიძე (იგორ ჩელიაევი) იყო, ვისი ნაშრომიც ამ თემაზე სწორედ ამ ქალაქის მუზეუმში (მაშინ ლენინგრადი ერქვა) ინახებოდა. მართალი აღმოვჩნდი - თანამშრომლებმა მაჩვენეს მუზეუმში დაცული იგორ ჭელიძის დაწერილი და გამოცემული ბროშურა, რომელშიც აღწერილი ჰქონდა, როგორ შექმნა ცემენტი და შემდეგ მისი საშუალებით როგორ ააშენა ძველი მოსკოვის ხიდები და შენობები. მუზეუმში წიგნისთვის ხელის ხლების უფლება არ მომცეს, ეს ყველაფერი თავად მიამბეს და გამომიშვეს. თუმცა მერე პირადად მე დავიწყე ამ წიგნის ძებნა რუსეთში ნაცნობების საშუალებით, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერ მივაკვლიე. ბიბლიოგრაფიული იშვიათობა იყო, 1925 წელს გამოცემული. ასე რომ, შევეშვი, თუმცა დღემდე არ მასვენებს სურვილი, რომ რაიმე გავიგოთ ამ ნიჭიერ და დიდ ქართველ გამომგონებელზე, რომელმაც ამ გამოგონებით უდიდესი წვლილი შეიტანა მსოფლიო სამშენებლო ინდუსტრიაში. რატომ? იმიტომ, რომ დღეს არ არსებობს მშენებლობა, რომელიც არ სრულდებოდეს ცემენტით, რომელიც იგორ ჭელიძის გამოგონებამდე საერთოდ არ არსებობდა. იყო სხვა სამშენებლო მასალები, მაგრამ არა ისეთი მტკიცე, როგორიც ცემენტი. ამიტომ თქვენ გთხოვთ მოიძიოთ ცნობები ამ კაცზე."

თამაზ გაბადაძე, ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერი, სილიკატების მიმართულების ხელმძღვანელი:

- ბატონო თამაზ, ტექნიკური უნივერსიტეტი ცოდნის კერაა. იქნებ იცით, ვინ იყო იგორ ჭელიძე, იგივე ეგორ ჩელიევი, რომელმაც მსოფლიოს შეუქმნა ცემენტი.

- სხვათა შორის, მის შესახებ არც მე ვიცოდი, ვიდრე შუახნის ასაკს არ მივუახლოვდი და მოსკოვში მცხოვრებ ქიმიური ტექნოლოგიების სპეციალისტს არ ვესაუბრე. ის პატიოსანი კაცი იყო და გამიმხილა, თამაზ, ცემენტის პირველი გამომგონებელი ქართველი იყოო. სამშენებლო დარგის სპეციალისტი ვარ, ზუსტად ვიცი ამ გამოგონების მნიშვნელობა, თანაც იდენტიფიკაციაც ხომ გახსენდება ამ დროს, ამიტომ თან გაოცებულმა, თან გახარებულმა ვკითხე, ვინ იყო, მის შესახებ ქართველებმა რატომ არაფერი ვიცით-მეთქი. მითხრა, ვინ გეტყოდათ, ქართველობისთვის კი არა, მსოფლიოსთვის არ აღიარებენ, რომ ცემენტის გამომგონებელი ქართველი იყოო.

ცემენტის მსგავსი სამშენებლო მასა არაფერი შეუქმნია კაცობრიობას. წყალსა და სინესტეში ხე ლპება, რკინა იჟანგება, პლასტმასა ბერდება და მწყობრიდან გამოდის, ცემენტსა და მის ბეტონს კი წყალში სიმტკიცე ემატება; ყინვასაც უძლებს და მაღალ ტემპერატურასაც, დაწოლასაც და ბიძგსაც. რუსეთის იმპერატორმა სწორედ მას, იგორ გერასიმეს ძე ჭელიძეს დაავალა იმ მოსკოვის აღდგენა, რომელიც ნაპოლეონთან ომის დროს გადაიწვა. მის დახასიათებაში რუსები წერდნენ, რომ მან იცის "არითმეტიკა, გეომეტრია, არტილერია, ფორტიფიკაცია, ექსპერიმენტული ფიზიკა, ქიმია, მექანიკა, ფერწერა, სკულპტურა, სამოქალაქო არქიტექტურა და ა.შ". მანვე ააგო მოსკოვის ცნობილი ხიდები.

- როგორც უნდილაძემ ააგო სპარსეთში ყველაზე ცნობილი და დღემდე დაუნგრეველი ხიდები. მძიმეა საქართველოს ხვედრი. იოსებ ნონეშვილს აქვს ამაზე სულისშემძვრელი სტრიქონები: "სადაურსა სად წაიყვან, ბედო, სიცოცხლის გზებს სად არ გადუკეტავ".

- ჩვენ კი არა, მსოფლიომაც არ იცოდა ჭელიძის შესახებ, სანამ ინგლისში ცემენტის გამომგონებლად 1824 წელს ინჟინერი ასპდინი არ აღიარეს. აი, მაშინ დაფაცურდნენ რუსები და შეიტანეს განაცხადი, რომ იქ ქართველი ჭელიძე, მაგრამ რუსებისთვის ჩელიევიც ყოფილიყო მოხსენიებული. მე მიმაჩნია, რომ მსოფლიო ვალშია ქართველი იგორ ჭელიძის წინაშეც, რომელმაც გაცილებით ადრე დაიწყო ცემენტით მშენებლობა, ვიდრე ინგლისელებმა.

ცნობილი ადამიანის მივიწყებული ცხოვრება

1724 წელს ქართლიდან გადახვეწილი ვახტანგ VI-ის 1200-კაციან ამალაში ეგორ ჩელიევის ბაბუა, დავით ჭელიძეც იმყოფებოდა. XVIII საუკუნის ოცდაათიან წლებში, რუსეთის ქვეშევრდომობის მიღების შემდეგ, იმპერატორმა მას თავადობა და პოლტავის მიდამოებში მიწა უბოძა ათი კომლით. ეგორის მამა გერასიმე, ქართველ ჰუსართა პოლკის გადამდგარი სეკუნდ-მაიორი იყო. 6-7 წლის ეგორს მამა გარდაეცვალა.

1812 წელს გადამწვარი მოსკოვის აღსადგენად ალექსანდრე პირველმა მოითხოვა ახალი პროექტების შედგენა. შეიქმნა საგანგებო კომისია, რომელსაც მეთაურობდა თავადი ციციანოვი. ამ კომისიაში შედიოდა საპროექტო განყოფილება, რომლის დირექტორიც ეგორ ჩელიევი იყო. მისი უშუალო ხელმოწერითაა დამტკიცებული მოსკოვის მრავალი შენობის, არხის, ხიდის, აღდგენა-რეკონსტრუქციისა და მშენებლობის პროექტები. ეგორ ჩელიევისა და თავად ციციანოვის ხელმძღვანელობით შედგა მოსკოვის გენერალური გეგმა. მასში შედიოდა 486 მნიშვნელოვანი შენობა, 6 ტაძარი, 21 მონასტერი, 261 ეკლესია, 129 საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა.

დიდხანს ითვლებოდა, რომ ცემენტი 1824 წელს გამოიგონა ინგლისელმა ასპდინმა, მაგრამ საარქივო დოკუმენტებმა ცხადყვეს ჩელიევის პრიორიტეტი. ცემენტის დაბადების თარიღად ითვლება 1822 წელი. მაშინ დაიწერა ჩელიევის წიგნი "ტრაქტატი კარგი სამშენებლო ხსნარების მომზადების ხელოვნების შესახებ". მან შექმნა მტკიცე სილიკატური ცემენტი, რომელიც იქცა დღევანდელი ცემენტის წინარე სახედ.

თავისი გამოგონება ეგორ ჩელიევმა აღწერა მომდევნო წიგნში, რომელიც 1825 წელს გამოიცა. წიგნს ერქვა: ,,სრული აღწერილობა, თუ როგორ უნდა მომზადდეს იაფი და საუკეთესო ცემენტი, ფრიად მტკიცე, ისეთი წყალქვეშა ნაგებობებისათვის, როგორიცაა: არხები, ხიდები, აუზები და კაშხლები" ნაშრომში აღწერილი იყო ცემენტის მიღების ხერხი კირის (ან ცარცის) და თიხის ნაერთის გამოწვისა და მიღებული პროდუქტის დაქუცმაცების მეშვეობით.

მისი ცხოვრების ბოლო წლების შესახებ არაფერა ცნობილი. გარდაიცვალა ყველასაგან მივიწყებული, 1829 წლის 3 სექტემბერს, მოსკოვში.