„სალომე ზურაბიშვილის რადიკალიზმი შეცდომად მიმაჩნია, რადგან...“
12 აპრილს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ 2023 წლის 7-9 მარტის აქციების შედეგად დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო. "ეს გადაწყვეტილება მე მივიღე ამ დილით, 10 საათზე. არ დაველოდე არც არავის მოწოდებას, ვერავინ ვერ ჩაითვლის ქულებს, არც მუქარებს, იმიტომ, რომ მე ჩემი სინდისის წინაშე ჩავთვალე, რომ არ შეიძლება ეს ახალგაზრდა 9 წლით დაისაჯოს. ხელი ჯერ არ მომიწერია, მაგრამ გადაწყვეტილება იყო მიღებული ყველანაირი გამოთქმული აზრის გარეშე. ამაზე რამდენიმე დღეა, ვფიქრობ", -განაცხადა მან "ტვ პირველის" ეთერში. პრეზიდენტის თქმითვე, ამ გადაწყვეტილების შემდეგ იქნება მცდელობები, ის, როგორც მთავარსარდალი, და პოლიცია ერთმანეთთან დააპირისპირონ, თუმცა მიიჩნევს, რომ გრიგორიადისის სისხლის სამართლის საქმეში არასაკმარისი მტკიცებულებები იყო. "ხან ნაცი ვარ ხან კა-გე-ბე, ამ ქვეყანაში ყველაფერი დამარქვეს, ამისთვის მზად ვარ. ახლა იქნება მცდელობა მთავარსარდლისა და პოლიციის დაპირისპირების. მე მინდა პოლიციას ვუთხრა: ეს არანაირი წაქეზება არ არის. ჩემი აზრია, რომ აქ არაა მტკიცებულებები, რომ ასე მოხდა. მე მინდა ყველას მოვუწოდო, ამ ქვეყანაში პოლიცია არათუ პატივსაცემია, იმ პერიოდში, რომელშიც შევდივართ, პოლიციის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი იქნებიან ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის სადარაჯოზე. მიდის მცდელობა, რომ საზოგადოება გაყონ, დააჯახონ, გაიმეორონ წარსულიდან ძალიან ცუდი ფურცლები და ამ ყველაფერში ჩვენი დამცველი არის და იქნება პოლიცია", - განაცხადა ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ, 22 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი 12 აპრილს მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოიტანა. ერთწლიანი სასამართლო განხილვის შემდეგ მან ახალგაზრდას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ლაზარეს პროკურატურა აქციების დროს პოლიციელებისთვის "მოლოტოვის კოქტეილის" სროლასა და პატრულის მანქანის დაწვას ედავებოდა. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა ამავე ინტერვიუში მკაცრად გააკრიტიკა სახელისუფლებო პარტია, ის "რუსულ ოცნებად" მოიხსენია, ასევე ისაუბრა ე.წ. აგენტების კანონის შესახებ. სწორედ პრეზიდენტის გადაწყვეტილების შეფასებით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:
- შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა და მე, როგორც მოქალაქეს, არ შემიძლია მისი გადაწყვეტილებების განხილვა. მხოლოდ ერთს ვიტყვი - პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი, მეც შევიწყალებდი, რადგან ეს პროცესი აშკარად პოლიტიზებული იყო. ის განაჩენიც, რომელიც იმ ახალგაზრდას გამოუტანეს. ეს ისტორია წელიწადია გრძელდება და ყველა კარგად ვხედავდით, როგორ იქცა პოლიტიკურ საქმედ. გადაწყვიტეს, რომ ლაზარე გრიგორიადისის საქმე სამაგალითო დასჯის თემად ექციათ. სურდათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. არ ვფიქრობ, რომ ეს იყო ღრმად გააზრებული ქმედება. უბრალოდ, გადაწყვიტეს მომენტით ესარგებლათ.
რაც შეეხება პრეზიდენტის სხვა განცხადებებს, ვეთანხმები ამ ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით, იმაშიც, რომ როცა გერმანიის კანცლერი აკეთებს განცხადებას, იქ თარჯიმნის მიერ ერთი სიტყვის შეუსაბამოდ თარგმნას არა აქვს მნიშვნელობა, მთავარია შინაარსი, რომელიც ჩვენი ხელისუფლებისთვის ნამდვილად არ იყო ადვილად მოსასმენი. ამიტომაც ეცადნენ რაღაც წვრილმანზე გადაეტანათ საზოგადოების ყურადღება.
რაც შეცდომად მიმაჩნია, ეს იყო ის რადიკალიზმი, რაც სალომე ზურაბიშვილისგან მოვისმინეთ. პრეზიდენტმა მმართველი პარტია "რუსულ ოცნებად" მოიხსენია. შეცდომად მიმაჩნია არა იმიტომ, რომ ეს არასწორი პოზიციაა, არა, შეცდომაა იმიტომ, რომ ეს არის ოპოზიციის რიტორიკის ნაწილი, სალომე ზურაბიშვილი კი ჯერჯერობით საქართველოს პრეზიდენტია და ის უნდა ცდილობდეს იყოს ზეპარტიული და ნეიტრალური ფიგურა. როდესაც ხარ ქვეყნის პრეზიდენტი, არ შეიძლება ოპოზიციის ფრაზებით ილაპარაკო. ამით აძლევს ხელისუფლებას კიდევ მეტ არგუმენტს, რომ მას "ნაციონალების" პრეზიდენტი ეძახოს.
დავუბრუნდეთ ამ სკანდალურ კანონპროექტს, რომელსაც ოლაფ შოლცით დაწყებული ყველა რუსულად მიიჩნევს, თუმცა ნაკლებად გვესმის არგუმენტები, თუ რატომ არის ის მართლაც რუსული.
კი ბატონო, შემოსავლებისა და ხარჯების გამჭვირვალობა ძალიან კარგია, წესით ასეც უნდა იყოს როგორც სამთავრობო სექტორში, ასევე არასამთავრობოში, მაგრამ პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც საქმე მიდგება კანონის აღსრულებაზე. პრობლემაა პოლიტიკური ნება - თავის დროზე ვნახეთ ასევე ვითომ კეთილშობილური მიზნით შექმნილი კანონი როგორ აამუშავა და გამოიყენა პუტინმა რუსეთში.
როგორც ვიცი, საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებს ისედაც აქვთ შემოსავლებისა და ხარჯების შესაბამის უწყებებში წარდგენის ვალდებულება. თუ მეტი გამჭვირვალობა სურდათ, შეეძლოთ საგადასახადო კოდექსში შეეტანათ ცვლილება და მოექციათ ყველა მსგავსი ორგანიზაცია ერთ საკანონმდებლო ჩარჩოში. საქმეც ის არის, რომ ეს კანონპროექტი ერთ საკანონმდებლო სივრცეში არ აყენებს ყველას.
ნახეთ, რა ხდება: მე თუ დაფინანსებული ვარ საზღვარგარეთიდან, ვექვემდებარები ამ კანონს, წარვადგენ ჩემს ფინანსურ დეკლარაციას და როდესაც დასჭირდებათ, დაიწყებენ ლაპარაკს, რომ თურმე უცხოეთიდან ვფინანსდები და უცხო ქვეყნის აგენტი ვარ, მაგრამ თუ მაქვს არასამთავრობო ორგანიზაცია და მაფინანსებს ბიძინა ივანიშვილი, ამ კანონს არ ვექვემდებარები, ჩემი შემოსავლები და ხარჯები არ არის გამჭვირვალე. უპირველესად ეს კანონი რუსულია იმის გამო, რომ ასე ყოფს ერთი ტიპის ორგანიზაციებს. რუსეთი პეტრე პირველიდან მოყოლებული ცდილობს ერთსა და იმავე სივრცეში მოქმედ აქტორებს სხვადასხვა პირობა შეუქმნას. პირობითად, მეფესთან დაახლოებულ პირებს კარტ-ბლანში მისცეს, დანარჩენებს კი წინააღმდეგობები შეუქმნას. აი, ამიტომაც არის ეს კანონპროექტი რუსული. რაც მთავარია, ის ჩვენი კონსტიტუციის მთავარ არსს ეწინააღმდეგება - თავისუფლებასა და თანასწორუფლებიანობას.
როდესაც პუტინმა ეს კანონი შემოიღო, იმთავითვე გადაწყვიტა, რომ მასთან დაახლოებული არასამთავრობო ორგანიზაციები კარგად ყოფილიყვნენ, დანარჩენები კი გამოეცხადებინა აგენტებად. ეს კანონპროექტი საქართველოშიც სათავეშივე ყოფს არასამთავრობო ორგანიზაციებს "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულად და სხვებად.
- იმის გათვალისწინებით, ამ კანონპროექტს შარშან რამხელა წინააღმდეგობა და საპროტესტო აქციები მოჰყვა, როგორ ფიქრობთ, რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ მისი ხელახლა ინიცირება?
- შეიძლება ვცდები, მაგრამ არა მგონია, ამას ჰქონდეს ლოგიკურ-პრაგმატული მიზეზები. ჩემი დაკვირვებით, თავის დროზე ბიძინა ივანიშვილს სურდა ამ კანონის გატანა, არ გამოუვიდა და ახლა გადაწყვიტა თავისი მაინც გაიტანოს. ჩემი აზრით, აქ უნდა ვეძებოთ არა პრაგმატული, არამედ პიროვნული მიზეზები, რაც არანაირ რაციონალურობას არ ეფუძნება. აქამდეც არაერთხელ მითქვამს, რომ ხელისუფლებაში ორი ვადის მეტად არ უნდა დარჩეს ესა თუ ის პოლიტიკური ძალა. ორი ვადის შემდეგ იწყება მისი დეგრადაცია, სამწუხაროდ, ახლა სწორედ "ქართული ოცნების" დეგრადაციას ვადევნებთ თვალს. ამასთანავე, ივანიშვილს სურს ყველა გამოაცხადოს აგენტად და თვითონ ვისაც აფინანსებს, ის ხალხი დატოვოს ასპარეზზე. თუმცა ეს კანონი რომც გავიდეს, არაფერი გამოუვათ. საქართველოში ვერ იმუშავებს ისე, როგორც რუსეთში, ქართველები ამას არ შეეგუებიან და ივანიშვილიც ვეღარ არის ისეთი ძლიერი ფიგურა, რომ ეს მოახერხოს.
- ფიქრობთ, რომ ამ გადაწყვეტილებით "ქართულმა ოცნებამ" დიდი დარტყმა მიაყენა საკუთარ თავს? ვხედავთ, რამხელა პროტესტია ქვეყანაში, აღარაფერს ვამბობ საერთაშორისო გამოხმაურების მასშტაბზე. ისინიც კი ალაპარაკდნენ, ვისაც შარშან პროტესტი არ გამოუთქვამთ.
- დარტყმა მართლაც დიდი მიადგათ, შეხედეთ, კაცი არ დარჩათ, ვინც მათ პოზიციას დაიცავს. ხელისუფლებასთან აფილირებულ ტელევიზიებში გაურკვეველი ხალხი ცდილობს ამ კანონპროექტის სიკეთეში დაგვარწმუნოს. მე ტელევიზიებს არ ვუყურებ, თუმცა ჩემმა ქალიშვილმა რაღაც ჩანაწერი მანახა, ერთ-ერთ არხზე ქალები ისხდნენ და ყველას უბინძურესი ენით ლანძღავდნენ, მხოლოდ 3 წუთი შევძელი მეყურებინა. ვფიქრობ, ამ კანონპროექტის შემობრუნება მათთვის პოლიტიკური ჰარაკირის ტოლფასია. ბოლო ხანს სულ ვამბობდი, რომ მათ არჩევნები მოგებული ჰქონდათ, ვფიქრობდი, რომ 50%-ს თუ ვერ აიღებდნენ, პირველ ადგილზე დიდი მხარდაჭერით გავიდოდნენ, მაგრამ ამის შემდეგ რა იქნება, ნამდვილად არ ვიცი. ვნახოთ, ამიერიდან როგორ იმოქმედებდნენ. შეიძლება კანონპროექტი უკან გაიწვიონ, მაგრამ ესეც ძალიან დამაზიანებელი იქნება მათთვის. შეიძლება ითქვას, "ქართული ოცნების" ქმედებები ლოგიკას აღარ ექვემდებარება. ვიმეორებ - მათ რაც გააკეთეს, პოლიტიკური ჰარაკირია. სწორად თქვა გია ხუხაშვილმა, დაამტკიცებენ თუ უკან გაიწვევენ, მმართველი პარტიისთვის თითქმის ერთნაირი უბედურებააო. ცუგცვანგში არიან. თუ ძალიან დიდი პროტესტი და დემონსტრაციები იქნება, ბოლოს ისევ შარშანდელივით იტყვიან ალბათ, ქართველი ხალხის ნებას ვითვალისწინებთ და უკან მიგვაქვსო. არაპროგნოზირებადი ვითარებაა. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში დაზიანდა ქვეყნის იმიჯიც.
აქვე მინდა ერთ თემას შევეხო. ბევრს ლაპარაკობენ, მათ შორის მმართველი პარტიის წევრები, დეპოლარიზაციის აუცილებლობაზე, რომ ერთიანობაა საჭირო. ასეთი ერთიანობის საფუძვლად გვექცა ფეხბურთელების გამარჯვება და ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვება, მაგრამ რა ქნეს პოლიტიკოსებმა? გადაწყვიტეს, რომ ჩვენი წარმატებული ფეხბურთელებიც კი პოლიტიკური ნიშნით დაყონ, რაც სრულიად ამორალურია. შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. ახლა ცდილობს თითქოს კახი კალაძე თავისი იდიოტური ნათქვამის გამოსწორებას, მაგრამ სიტყვას უკან ვეღარ დააბრუნებ, ამიტომ ვურჩევ, ჯერ იფიქრონ და მერე ილაპარაკონ.
- როგორ ფიქრობთ, ეს დიდი საპროტესტო მუხტი, რაც ხელისუფლების წყალობით გაჩნდა, როგორ უნდა გარდაქმნას ოპოზიციამ საკუთარ მხარდაჭერაში?
- აქაც დიდი პრობლემები გვაქვს. ჩემი აზრით, დროა რადიკალურ რიტორიკაზე უარი თქვან და საქმეს მოჰკიდონ ხელი. ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა შესთავაზონ ამომრჩეველს პოლიტიკური დღის წესრიგი, კარგად გაწერილი გეგმა, თუ რას გააკეთებენ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. პოზიტიური დღის წესრიგია საჭირო.
"ქართულ ოცნებას" რეგიონების იმედი აქვს და სწორედ ქართველ გლეხს უნდა შესთავაზონ პოზიტიური დღის წესრიგი. ჩემი აზრით, "ქართულ ოცნებას" თბილისი უკვე წაგებული აქვს, ქუთაისი და ბათუმიც. შეიძლება თელავიც. აქამდე ჩვენ ხმას ვაძლევდით მუდმივად ვიღაცის წინააღმდეგ, მოვიდა დრო, ხმა მივცეთ ვიღაცის სასარგებლოდ.
ბევრს ლაპარაკობენ, რომ წვრილი პარტიები, რომლებიც არ არიან "ნაციონალურ მოძრაობასთან" აფილირებული, უნდა გაერთიანდნენ, მაგრამ მე ისეთ პარტიებს ნაკლებად ვხედავ, რომელთა ერთიანობაც დიდ სინერგიას მოგვცემს. არ ვიცი, არჩევნებამდე კიდევ დროა, ვნახოთ. პირადად მე დღევანდელი მოცემულობით არ ვიცი, ვის შეიძლება მივცე ხმა. ჩემთვის საიმედო პოლიტიკური ძალა ჯერ არ ჩანს, რაღა დაგიმალოთ და, აღარ მინდა კიდევ ერთხელ მოვტყუვდე და შემდეგ ვინანო, როგორც "ქართული ოცნების" შემთხვევაში დაგვემართა მე და ბევრ ჩემნაირს.
ერთი პოზიტიური რამ მინდა აღვნიშნო - არავინ მიაქცია ამას დიდი ყურადღება, მაგრამ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი რამ მოხდა - საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პირველად შექმნა ოქროს რეზერვი - 700 ტონა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო გადაწყვეტილება. ოქროს რეზერვი უმნიშვნელოვანესი საბანკო ეკონომიკური მანქანაა, რაც ჩვენს სახელმწიფოს სჭირდებოდა და ამას ძალიან დადებითად ვაფასებ.
- დასასრულ მინდა საერთაშორისო ვითარებასაც მოკლედ შევეხოთ. მეტად რთულ ეპოქაში გვიწევს ცხოვრება, რომელიც გაჯერებულია დიდი კონფლიქტებით. არის საშიშროება, რომ კიდევ ერთი სამხედრო დაპირისპირების მოწმენი გავხდეთ, რაც ჩვენი რეგიონიდან შორს სულაც არ იქნება. ვრცელდება შემაშფოთებელი ინფორმაცია, რომ ირანი შეიძლება თავს დაესხას ისრაელს.
- ძალიან სახიფათო ვითარებაა, რაც კიდევ მეტად შეიძლება დამძიმდეს აშშ-ში არჩევნების შემდეგ, თუ ტრამპი ისევ მოვიდა ხელისუფლებაში. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა მართლაც მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს.
რაც შეეხება ირან-ისრაელის საკითხს, მოგეხსენებათ, გასულ წელს "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ მე თანავუგრძნობდი და მხარს ვუჭერდი ისრაელს, მაგრამ ახლა რასაც აკეთებენ, ეს უკვე მიუღებელია. როგორ შეიძლებოდა დამასკოში, სუვერენულ სახელმწიფოში, ირანის საელჩოზე თავდასხმა? ასეთი ქმედებით კიდევ უფრო მეტ ქარს მოიმკიან, თანაც ამაზე მსოფლიოს რეაქცია ძალიან სუსტი იყო. ირანის პოზიციასაც შევხედოთ, თავს დაესხნენ საელჩოს, მოუკლეს გენერალი და არაფერს გააკეთებენ?.. ირანის ხელისუფლება იძულებულიც კი არის პასუხი გასცეს, თუმცა იმედია, ეს პასუხი არ იქნება მასშტაბური და ახალი ომის მაპროვოცირებელი. მდგომარეობა ძალიან სახიფათოა, ფაქტობრივად, ბეწვზე ვკიდივართ. შეიძლება ძალიან რთული პროცესები დაიწყოს.
მე-20 საუკუნე ტოტალიტარიზმზე გამარჯვების საუკუნე იყო, აი, 21-ე კი, ჯერჯერობით, განხეთქილებისა და კონფლიქტების საუკუნეა.