თეატრი როგორც პოლიტიკური ტრიბუნა?
გასულ კვირას ვ. აბაშიძის სახელობის მუსკომედიის თეატრში "მეფე ლირის" დასრულების შემდეგ მსახიობმა დავით ბეშიტაიშვილმა მაყურებელს მიმართა: "საშინელი საშიშროების წინაშე ვართ აბსოლუტურად ყველა იმის გამო, რომ ერთმა კაცმა და მისმა ქვეშევრდომებმა კმაყოფილება ნახონ - არა რუსულ კანონს!"მომდევნო დღეს ამის გამო ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძემ დავით ბეშიტაიშვილი გააკრიტიკა და პოსტი მიუძღვნა: "სახელმწიფო თეატრი ერთი პოლიტიკური მოსაზრების ან ჯგუფის მოქმედების არეალი როგორ გახადე, ძამი. ჩვენც გვაქვს ჩვენი აზრი და ჩვენც ვართ სამხატვრო ხელმძღვანელები და არ ვფიქრობთ, რომ "გამჭვირვალობა დაუშვებელია". სასაცილოდაც კი ჟღერს ასეთი რამის თქმა დღეს, თანაც თქვენ ჩემზე უმცროსები ხართ და ჩემზე მეტი ხომ უნდა გესმოდეთ, ამჟამინდელ მსოფლიოში რამხელა გამოწვევები აქვს ჩვენს ქვეყანას. ნუ ავიგდებთ თავს მასხრად. ჩვენ ჩვენს საქმეს მივხედოთ"."კვირის პალიტრა" ცნობილ ხელოვნების მუშაკებს დაუკავშირდა და დაინტერესდა, ვინ რას ფიქრობს ამ საკითხზე.
"თეატრის ტრიბუნიდან უნდა ისმოდეს მართალი სიტყვა"
კახა გოგიძე, მსახიობი: - ის, რომ თეატრები აპროტესტებენ, ჯანსაღი, ნორმალური და სახელმწიფოებრივი მოვლენაა. ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ქვეყანას ართმევს ოკუპანტის დასმული და მისი აგენტი მთავრობა, ვალდებულია ეს გააპროტესტოს. მსახიობები მოიქცნენ ძალიან პროფესიონალურად, როდესაც სპექტაკლის დამთავრების შემდეგ დააფიქსირეს პოზიცია. ვინც ამას ეწინააღმდეგება, ის ოკუპანტის მხარეს არის, მოღალატეა, ის ადამიანია, ვინც 1937-იან წლებში ჩვენს მწერლებს, მსახიობებს, რეჟისორებს უშვებდა დასახვრეტად. ვიღაცას მსახიობის ყურით გამოთრევა რომ უნდა სცენიდან, ძალიან მაგრად ეშლება. მაგათ თავისი სახლის ორღობე ხომ არ ჰგონიათ სახელმწიფო თეატრი?! რას ჰქვია, ყურით გამოათრევენ?! თვითონ გაეთრიონ ყურით ქართული თეატრიდან. ქართულ თეატრს ღუპავენ ასეთი უნიჭო ადამიანები.
თეატრი ტრიბუნაა. დიახ! იმიტომ არის ის ამაღლებული, რომ იქიდან უნდა ისმოდეს მართალი სიტყვა. აბსოლუტურად სოლიდარული ვარ ახალი თეატრის, დავით ბეშიტაიშვილის და ყველა იმ მსახიობისა და რეჟისორის, ვინც ამ კანონს აპროტესტებს.
"გაჩუმების დრო აღარ გვაქვს"
თეა დარჩია, ქორეოგრაფი: - ჩვენ თუ შევთანხმდებით იმაზე, რომ სცენა და თეატრი, ხელოვნება და კულტურა არის ანარეკლი რეალობის, რომ სცენიდან უნდა ითქვას მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა, მაშინ მთელი არსებით და ორივე ხელით ვეთანხმები იმ აზრს, რომ აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს აზრი, მით უმეტეს, ისეთ კრიტიკულ შემთხვევაში, როცა უკანდასახევი არა გვაქვს, როცა უფსკრულის პირას ვდგავართ, როცა საშიშროება გვაქვს ისევ რკინის ფარდის ჩამოშვების, იზოლაციის ცივილიზებული სამყაროსგან, კომუნისტურ ტოტალიტარულ მარწუხებში მოქცევის. რა თქმა უნდა, ყველა მსახიობის, ხელოვანის, საღად მოაზროვნე ადამიანის მოვალეობაა, რომ თქვას სიმართლე ზუსტად თეატრიდან, სცენიდან, კულტურის ნებისმიერი დარგიდან. აუცილებლად ყველამ უნდა დააფიქსიროს, რასაც ფიქრობს. ჩვენ დავკარგეთ მთელი ცხოვრება, ბავშვობა, წლები, სისხლი დავღვარეთ, ხალხი შევწირეთ, ოჯახები გაუბედურდნენ და საიდან, თუ არა სცენიდან, უნდა ითქვას სიმართლე და გაპროტესტდეს ის, რაც ჩვენს თავს ხდება. ეს კანონი გააპროტესტმა ლაზარემ და ამისთვის ციხეში ჩასვეს... ახლა მეორედ შემოაბრუნეს. გაჩუმების დრო აღარ გვაქვს. თუ ახლა თავისი გაიტანეს, მომავალი აღარ გვაქვს არც ჩვენ, არც ჩვენს შვილებს, არც შვილიშვილებს, დამთავრებულია ჩვენი ამბავი. დაიწყება ერთმანეთის დასმენა, "ანონიმკების" წერა, ის საზიზღრობა, რაშიც მე გავიზარდე და საიდანაც ძლივს გამოვაღწიეთ სისხლის ფასად. ჩუმად ყოფნა ახლა სამშობლოს ღალატის ტოლფასია.
"ხომ უნდა ვიცოდეთ ვის რისთვის აფინანსებენ?"
ასმათ ტყაბლაძე, მსახიობი: - თეატრი არ უნდა იყოს მხარე, თეატრი ქვეყნისთვის უნდა იყოს. მსახიობს შეიძლება ჰქონდეს თავისი აზრი, მაგრამ სცენის გამოყენება ამის გასახმოვანებლად სწორად არ მიმაჩნია.
კანონთან დაკავშირებით გეტყვით, რომ არა მარტო არასამთავრობოები, უნდა ვიცოდეთ მთავრობაც რას აკეთებს, საიდან რა შემოსავალი აქვს. ჩემი პოზიცია ასეთია. ვინ ვისგან ფინანსდება, რისთვის შეიძლება ვინმეს "ალ-ჯაზირა" აფინანსებდეს ან სხვა ვიღაც, ხომ უნდა ვიცოდეთ?
„ტრიბუნის გამოყენება რამდენად მოსაწონია, შეფასებისგან თავს შევიკავებ“
ირმა სოხაძე, მომღერალი: - მე, როგორც ყველა ქართველი, რა თქმა უნდა, მომხრე ვარ ყველაფრის, რაც დაგვეხმარება ევროპისკენ სავალ გზაზე და ვეწინააღმდეგები ყველაფერს, რაც ამ გზაზე ხელს შეგვიშლის. რაც შეეხება ტრიბუნის გამოყენებას, ეს რამდენად მოსაწონია ჩემთვის, შეფასებისგან თავს შევიკავებ. დღეს იმდენად დემოკრატიულია ჩვენი ქვეყანაც, საზოგადოებაც, რომ თავის პირად პლატფორმას ყველა ისე იყენებს, როგორც საჭიროდ მიაჩნია. მე რაც შემეხება, მაქვს ჩემი პირადი სივრცე და შემიძლია იქ დავწერო ყველაფერი, არავინ მიშლის. ამით ძალიან ბედნიერი ვარ და არ მინდა მომავალში რამემ და ვინმემ ამაში ხელი შემიშალოს.
"თეატრს თავის ადგილი აქვს, პოლიტიკას - თავისი"
ზურა ყიფშიძე, მსახიობი: - თუ რამე გინდა ვინმეს გააგებინო, საქმით უნდა გააგებინო და თუ გამოვედი სპექტაკლის მერე და ყვირილი დავიწყე, მაყურებელი ხომ გამიგიჟდება, სპექტაკლზე მოვედი თუ მიტინგზეო?... თეატრს თავის ადგილი აქვს, პოლიტიკას - თავისი.
„სწორ დროს სწორად ნათქვამი სიტყვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“
თეონა დოლენჯაშვილი, მწერალი: - როდესაც ქვეყანაში კრიტიკული სიტუაციაა, გადამწყვეტი, გარდამტეხი ეტაპი, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პოზიციის დაფიქსირება. ვფიქრობ, პროფესიას მნიშვნელობა არა აქვს. პირველ რიგში ხარ ქვეყნის მოქალაქე... ყველაფერი პოლიტიკაა, მით უმეტეს, პოლიტიკაა ხელოვნება. ძალიან მიყვარს ეს სიტყვები: "პოლიტიკა ვერ განსაზღვრავს კულტურას, მაგრამ კულტურა ყოველთვის განსაზღვრავს პოლიტიკას".“ გადავავლოთ თვალი, ვინ ქმნიდა საქართველოში ყველაზე სწორ და ეროვნულ პოლიტიკას? ხელოვანები, მწერლები, ილია ჭავჭავაძით შეგვიძლია დავიწყოთ. როგორ შეიძლება გაიმიჯნოს დღევანდელი ცხოვრება, მით უმეტეს, შემოქმედება და პოლიტიკა ერთმანეთისგან. უნდა ჩავიკეტოთ ჩვენს კაბინეტებში, ვწეროთ ვარდ-ბულბულებზე მაშინ, როცა ქვეყანა თავზე გვენგრევა?! ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის ხმა. ეს იყო ერთგვარი დემარში, სახელოვნებო აქცია და მივესალმები. არ ვამბობ, რომ ყველა სპექტაკლზე ასე უნდა ხდებოდეს, მაგრამ სწორ დროს სწორად ნათქვამი სიტყვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა კარგად გაგვააზრებინოს ერის საჭიროებები და უპირველესად ის თავისუფლება, რომელიც გვაქვს - სიტყვის თავისუფლება, რომელიც უნდა ისმოდეს წიგნიდანაც, სცენიდანაც, მუსიკიდანაც და მივიდეს აუდიტორიამდე.
„იქნებ მითხრათ, კანონში რომელი პუნქტია რუსული?“
დათო ოქიტაშვილი, კულტურის პალატის პრეზიდენტი: - ყველას აქვს თავისი აზრის დაფიქსირების უფლება, მაგრამ არ შეიძლება ილაპარაკო იმაზე, რაშიც კარგად არა ხარ გათვითცნობიერებული. არ მინდა სახელებით ვილაპარაკო. როგორ შეიძლება, კანონი წაკითხული არა გაქვს და მასზე საუბრობ?! არც მე მინდა რუსული კანონის მიღება. მე მინდა ევროპაში. როგორ შეიძლება დღეს ნორმალურ ადამიანს რუსეთთან კავშირი უნდოდეს, ოკუპანტთან, რომელმაც დაგვიხოცა გმირი ბიჭები... იქნებ მითხარით, რომელი პუნქტია რუსული? თუ ამიხსნით, რომ ეს კანონი რუსულია, პროტესტის ნიშნად უარეს რაღაცებს ვიზამ. ყველას აქვს აზრის გამოთქმის უფლება, მაგრამ მანამდე კანონი კარგად წაიკითხონ.
"არავითარი რუსული კანონი ეს არ არის"
ქეთი დოლიძე, რეჟისორი: - პირადად მე მომხრე ვარ ამ კანონის. მთელ მსოფლიოში არის და აქ რატომ არ უნდა იყოს?! კოლეგებზე კომენტარს ნუ გამაკეთებინებთ. ყველას თავისი აზრი აქვს. ერთ რამეს გეტყვით: როცა სჭირდებათ, მაშინ იყენებენ თეატრს პოლიტიკურ ტრიბუნად. ასე იყო კომუნისტების დროს, ასე იყო მიშას დროს. თეატრი არ არის გაყოფილი ცხოვრებისგან. ამიტომ რომელი მსახიობი რას იტყვის, მისი პირადი საქმეა.
მიმაჩნია, რომ თუ რაიმე ორგანიზაცია არსებობს, რომელიც რომელიმე ორგანიზაციისგან იღებს ფულს, უნდა იცოდეს ქვეყანამ, რისთვის იღებს. სხვათა შორის, მაგ გრანტებით დაინგრა ბევრი ქვეყანა. მე ხომ მაქვს ფესტივალი "საჩუქარი", სახელმწიფო ხომ მაფინანსებს, კულტურის სამინისტრო, მერია. მე როგორ გავბედავ ან ვინ მომცემს უფლებას, რომ ამ სამინისტროს ან მერიას ყოველ კაპიკზე არ გავცე პასუხი, თუ რაში დავხარჯე?! ყოველ კაპიკზე პასუხს ვაგებ, აბა როგორ შეიძლება სხვანაირად?! სხვათა შორის, არავითარი რუსული კანონი ეს არ არის. ეს არის ამერიკული კანონი, რომელიც გადმოიტანეს რუსებმა, ნებისმიერ ქვეყანაში მოქმედებს ეს კანონი და რაღა მაინცდამაინც რუსეთს ჩავაცივდით. მიდით ბრიტანეთში და "გაგულავდით" ისე, რომ არავინ იცოდეს, ვის ფულს ხარჯავთ. ასე რომ, არ უნდა ამდენი ჭიჭინი. ილაპარაკონ და იყვნენ, მერე რა.
"სათქმელი თუ არ ითქვა, მაშინ ფუჭია სცენაზე დგომა"
თამრიკო ჭოხონელიძე, მომღერალი: - ჩემთვის ერთ-ერთი არასწორი და არამართალი ფრაზაა: მე არა ვარ პოლიტიკური. დასაფიქრებელია, რამდენად ადეკვატურია ადამიანი, როდესაც ამას ამბობს. ჩემთვის სიტყვა "აპოლიტიკური" სინონიმურია სიტყვებისა "ჩირგვებში ჯდომა". დღეს ძალიან ბევრი ზის ჩირგვებში და იქიდან გადიდებული თვალებით იყურება, როგორ დამთავრდება ეს ამბავი. მთელი ცხოვრება და აბსოლუტურად ყველაფერი პოლიტიკაა და ჩვენი საქმეც პოლიტიკასთანაა მჭიდროდ მიბმული. სათქმელი თუ არ ითქვა, მაშინ ფუჭია სცენაზე დგომა. სცენიდან არაერთხელ თქმულა სათქმელი და არაერთხელ გაკეთებულა ბევრი კარგი საქმე. მინდა მოვუწოდო ბევრ ხელოვანს, რომლებიც დღეს ჩუმად არიან - ახლა არ არის გაჩუმების დრო. როდესაც თქვენი კოლეგები ცეცხლს ენთებიან, კეთილინებეთ და თქვენც მის გვერდით დადექით. ნუ ჩავუგდებთ ჩვენს შვილებს ხახაში სიმახინჯეს - ამ კანონპროექტს.