საფრთხეების პრევენცია თუ ნადირობა კუდიანებზე?! - კვირის პალიტრა

საფრთხეების პრევენცია თუ ნადირობა კუდიანებზე?!

"ქართულმა ოცნებამ" ხელახლა დააინიცირა კანონპროექტი, რომელიც მმართველმა გუნდმა შარშან მარტში მრავალრიცხოვანი საპროტესტო დემონსტრაციების შემდეგ გაიწვია. კანონპროექტის ახალ ვერსიას მხოლოდ სახელი შეეცვალა და მასში "უცხოეთის აგენტის" ნაცვლად, "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია" ჩაიწერა. კანონპროექტი მხოლოდ იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებზე გავრცელდება, რომლებიც უცხოეთიდან­ იღებენ გრანტებს. დასავლელი პარტნიორები­ მრავალათასიანი დემონსტრაციების შედეგად ერთხელ უკვე გაწვეული ცვლილებების ხელახლა დაბრუნებას აპროტესტებენ. უკარგავს თუ არა ეს კანონპროექტი საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივას, "კვირის პალიტრასთან" ანალიტიკოსები განმარტავენ.

"მესმის, რომ ეროვნული უსაფრთხოებისთვის საჭიროა მსგავსი ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ..."

გიორგი გობრონიძე, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი: - ეს კანონპროექტი საქართველოსთვის რისკების შემცველია რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარე: 1. კანონი ამჟამინდელი დისპოზიციით არ ემსახურება გაცხადებულ ლეგიტიმურ მიზანს - ქვეყანაში შემომდინარე ფინანსური ნაკადების გამჭვირვალობის მიღწევას. კანონპროექტი წაკითხული მაქვს, ძალზე სუსტი დოკუმენტია, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი - ჩამოთვლილი ორგანიზაციები, მედიასაშუალებები და ინდივიდები აიძულონ დარეგისტრირდნენ უცხოური ძალის ინტერესის გამტარებელ ორგანიზაციებად. ქართული რეალობისთვის ამგვარი რაღაცის მოთხოვნა მათზე დიდი დარტყმაა, იმიტომ, რომ ცოტა ვინმეს თუ მოუნდება ასეთი სახელის მქონე ორგანიზაციასთან აფილირება; 2. კანონი დღევანდელი დისპოზიციით კი ამბობს, რომ არ ზღუდავს ორგანიზაციების საქმიანობას, მაგრამ უნდა გავიხსენოთ მსგავსი ტიპის პრაქტიკა - რუსეთში 2012 წლიდან დაიწყო სამოქალაქო ორგანიზაციების­, ჯგუფებისა და ინდივიდების უცხოეთის აგენტად გამოცხადება. თავიდან იქაც იყო საუბარი ზუსტად იდენტური ტექსტით, რომ მიზანია მხოლოდ გამჭვირვალობა, მაგრამ დღევანდელი სახით ეს კანონი სუნთქვის უფლებას არ უტოვებს ამ ორგანიზაციებს - უზღუდავს საჯარო პოზიციის დაფიქსირებას, საარჩევნო პროცესებში ჩართვას, არჩევნებზე დაკვირვებას, სოცქსელებით ინფორმაციის გამოყენებას, პედაგოგიურ საქმიანობას და სხვა. ისეთი ორგანიზაციები და ჯგუფები, რომლებიც ასრულებენ სამოქალაქო და დემოკრატიული კონტროლის მექანიზმის ფუნქციებს (აკვირდებიან არჩევნებს, ხშირად­ არიან საკონსტიტუციო სარჩელების ავტორები, ადამიანებს ეხმარებიან სტრატეგიულ სამართალწარმოებაში და სხვ.), შეიძლება აღმოჩნდნენ იარლიყ­მიკერებულნი, რომ არიან მოქალაქეები, რომლებიც მივიდნენ აგენტებთან. ეს კანონი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის პრობლემაა. ამ კანონპროექტზე მსჯელობა მიმდინარეობს იმის პარალელურად, როდესაც საქართველო დიდი ძალისხმევის ფასად ახერხებს დაუახლოვდეს ევროკავშირს და მასთან გაზარდოს ინტეგრაციის და თანამშრომლობის ხარისხი. ახლა ამ კანონის შემოტანა უკან გადადგმული ნაბიჯია და, რა თქმა უნდა, საფრთხეს უქმნის დასავლელ პარტნიორებთან ჩვენი თანამშრომლობის ხარისხს. დღევანდელ მოცემულობაში, როდესაც გეოპოლიტიკურად ურთულეს რეგიონში ვართ, სადაც დინამიკურად იცვლება უსაფრთხოების ლანდშაფტი, სადაც სახელმწიფოს არსებობა-არარსებობის საკითხი დგას, მიმაჩნია, რომ ამ ორგანიზაციასთან დაახლოება ჩვენთვის საგარეო პოლიტიკური იმპერატივია, გვჭირდება და მორჩა.

ხელისუფლების პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, ლაპარაკი არ არის მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მათ დაარტყეს საზოგადოების კრიტიკულად განწყობილ ნაწილს ზუსტად იმის გამო, რომ მოახდინონ ძალაუფლების ცენტრალიზაცია და კონსოლიდაცია საკუთარ ხელში. მათ არ სურთ ამ ეტაპზე წასვლა - ეს არის მნიშვნელოვანი.

თუ მაინცდამაინც უნდოდათ გამჭვირვალობის სტანდარტის ამაღლება, საგადასახადო კოდექსში შეეცვალათ ერთი მუხლი და კუდიანებზე ნადირობისა და აგენტომანიის გარეშე დაევალდებულებინათ ეს ორგანიზაციები წარედგინათ ფინანსური დეკლარაციები. მე არ მახსოვს თუნდაც დასავლურ პლატფორმაზე მყოფი ორგანიზაცია საკუთარი დონორის ვინაობას მალავდეს, პირიქით, ცდილობენ მეტად წარმოაჩინონ, რაც უფრო მეტი და გავლენიანი დონორი ჰყავთ, მათი საგრანტო ისტორიისთვის არის სასარგებლო, ფინანსურად მით უფრო სანდო პარტნიორები არიან.

საქართველოს კანონმდებლობით, უცხო ძალის ინტერესების სასარგებლოდ მუშაობა, მით უმეტეს, საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ, არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და ის ისჯება სს კანონმდებლობით. ამას უნდა იძიებდნენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სტრუქტურები, ეს არის მათი პირდაპირი მოვალეობა და ფუნქცია, თორემ აგენტები რომ მართლა გარბოდნენ და რეგისტრირდებოდნენ, მაშინ კონტრდაზვერვა საჭირო აღარ იქნებოდა. მესმის, რომ ნაციონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საჭიროა მსგავსი ნაბიჯების გადადგმა და ყველა ორგანიზაციას უნდა შეეძლოს სიმდიდრის წყაროს დასაბუთება, ყველა გადმორიცხულ თეთრზე ჰქონდეს შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტი, საიდან მიიღო და რა იყო მისი წყარო, მაგრამ აგენტია თუ არა და უქმნის თუ არა სახელმწიფოს საფრთხეს, ეს უკვე შესაბამისმა ორგანოებმა უნდა განსაზღვრონ.

არ მახსენდება შემთხვევა, უცხო ქვეყნის აგენტი ყვიროდეს, არიქა, აგენტი ვარ, ძირს გითხრით და მოდით, დამარეგისტრირეთო. ეს აბსურდია და რეალურად ემსახურება იმას, რომ ვიღაცას მიაკერონ ეს იარლიყი. არის თუ არა ეს რუსული დაკვეთა, არ ვიცი, მაგრამ რაც უფრო მეტად გადავალთ ავტორიტარულ რელსებზე და დავშორდებით დემოკრატიულ სამყაროს, მით მეტად დავუახლოვდებით რუსულ ორბიტას. ვინმეს ხომ არ ჰგონია, რომ სადმე წავიდა რუსული პოლიტიკის დღის წესრიგი, რომლის თანახმადაც საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არსებობა მიუღებელია? ის, რომ უკრაინის გამო ჩვენთვის არ სცალიათ, ხომ არ ფიქრობენ, რომ ურთიერთობის ნორმალიზება შეუძლიათ? რატომ ვერაფერს სწავლობენ წინა მთავრობებისგან? შევარდნაძე დსთ-ში შევიდა, მაგრამ დალაგდა რუსეთთან ურთიერთობა? ყველაფერი დავთმეთ რუსებისთვის, გარდა საკუთარი სულისა და ამით გაუმჯობესდა მასთან ურთიერთობა? რატომ ვერ ვსწავლობთ, რომ ასეთ ქვეყანასთან ურთიერთობა არ გამოდის? რევერანსები არ გამოასწორებს სიტუაციას, ადრე თუ გვიან, მოგვიბრუნდება და რაც უფრო მარტო და სუსტები დავრჩებით, მით უფრო ადვილად მოგვერევა. დღეს რუსეთისგან დაცვის ერთადერთი ყველაზე პრაქტიკული გზაა საქართველოს წევრობა ნატოში ან ორმხრივი თავდაცვითი ხელშეკრულება ისეთ ძალასთან, რომელსაც რუსეთი ვერ გაუწევს სამხედრო კონკურენციას. ესენი ყველაფერს საკუთარი ძალაუფლების გასახანგრძლივებლად აკეთებენ, შეიძლება პირდაპირ ასეთი განზრახვა არა აქვთ, მაგრამ მათი ეს წადილი ირიბად იწვევს რუსეთთან დაახლოებას. სამწუხარო რეალობა ისიცაა, რომ ბევრისთვის კონსერვატიული ნარატივი მუშაობს. ეს კანონი მოზაიკის პატარა ნაწილია და ძალაუფლების კონსოლიდაციას ისახავს მიზნად - ცოტა ხნით ადრე გაიზარდა ეკლესიის დაფინანსება, მერე დაინიცირდა კანონი ფსევდოლიბერალური იდეოლოგიების წინააღმდეგ, გადავიდნენ ულტრამემარჯვენე რელსებზე, სადაც თითქოს იცავენ მორალს, ზნეობას, ტრადიციებს... სამწუხაროდ, ქართველი საზოგადოების მეორე მხარეს სწორად არ აწვდიან ალტერნატიულ ინფორმაციას, რომ არავინ შენს ტრადიციას არ ერჩის და ევროკავშირს ქართული სუფრის გაქრობა არაფერში სჭირდება. შიშის მომენტს ქმნიან, აი, იმათ უნდათ ჩვენი უნიკალურობის და ქართველობის წართმევა, გვრყვნიან, იდენტობას გვიკარგავენ და სხვა. სამწუხარო რეალობაა, როცა ასეთი შოვინისტური და ნაციონალისტური ნარატივი ჩნდება პოლიტიკაში, ეს ნიშნავს, რომ იმ ძალას ბევრი შესათავაზებელი არაფერი აქვს საზოგადოებისთვის. ეს კანონი კონტრპროდუქტიულია ნაციონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

"ავტორიტარულ კონსოლიდაციას ეწირება ჩვენი ქვეყნის დასავლური პერსპექტივა"

გიორგი მელაშვილი, ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელი: - ეს მცდელობა ჩანასახშივე განწირულია იმიტომ, რომ ქართველი საზოგადოების დამოკიდებულება ამ კანონისადმი ცალსახაა.­ ფაქტობრივად, 24-საათიან რეჟიმში ვხედავთ ქართველი საზოგადოების სრულიად­ განსხვავებული, ერთმანეთთან ხშირად კონფლიქტში მყოფი პირების პოზიციებს, რომლებიც ამბობენ, რომ მათ არ სურთ რუსული­ კანონი, ჩვენი ქვეყნის არჩევანი ევროპაა. რაც შეეხება იმას, თუ რატომ შემოაგდეს ისევ ეს კანონი, ამას ბატონმა მდინარაძემ პირდაპირ გასცა პასუხი. "ქართული­ ოცნება" კარგად ხვდება, რომ სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც ვერ აკონტროლებენ, მთავარი საფრთხეა ნებისმიე­რი ავტორიტარული რეჟიმისთვის. როგორც არჩევნების პერიოდში, ასევე არჩევნებამდე და მის შემდეგ, ავტორიტარული მმართველობის მთავარი შემაკავებელი სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედიაა. რუსული კანონი მიზნად ისახავს თავისუფალი საზოგადოების დაქვემდებარება-დამორჩილება-დისკრედიტაციას, იმავდროულად, თავისუფალი მედიის გაჩუმებასა და მათი საქმიანობისთვის ყველა გზით ხელის შეშლას. ეს გასაგებიცაა იქიდან გამომდინარე, თუ რა ტრაექტორიით ვითარდება "ქართული ოცნება" მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც ძალიან სამწუხაროა. ამ ავტორიტარულ კონსოლიდაციას ეწირება ჩვენი ქვეყნის დასავლური პერსპექტივა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესაძლებლობა, რის შესახებაც ჩვენი მეგობრები პირდაპირ გვეუბნებიან. სწორედაც რუსულია ამ კანონის სულისკვეთება, მისი ტექსტი, მიზნები... იქიდან გამომდინარე, რომ ვხედავთ ქართველი საზოგადოების უმრავლესობის მკვეთრ სურვილს, გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, ეს კანონი პირდაპირ ხელს უშლის ამ მისწრაფებას. ამიტომაც ვფიქრობ, საზოგადოება თავის სიტყვას იტყვის და "ქართული ოცნება" ვერ მიიღებს ამ კანონს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო პირდაპირ მოექცევა რუსეთის გავლენის სფეროში, დავრჩებით მარტონი მის პირისპირ, რაც არაერთხელ მომხდარა საქართველოს ისტორიაში.A არჩევანი არის მარტივი - ან ჩვენ ვიქნებით ბელარუსი, რუსეთის გუბერნია, ან სუვერენული სახელმწიფო. ეს კანონპროექტი პირდაპირ გვართმევს ქართულ ეროვნულ სუვერენიტეტს და აძლიერებს რუსულ გავლენას ქვეყანაში. ფაქტობრივად, ეს არის ბელარუსიზაციისკენ გადადგმული პირდაპირი ნაბიჯი.

"ვის სჭირდება და წაადგება ეს კანონპროექტი"

ლაშა ძებისაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი: - დიდი პოტენციური პოლიტიკური ზიანის მიუხედავად, რაც ამ კანონპროექტის შემოტანამ შეიძლება მოუტანოს "ქართულ ოცნებას", მისი ხელახლა შემოჩეჩება მაფიქრებინებს, რომ არის რაღაც, რაც ხელისუფლებას აიძულებს ეს მეტად არაპოპულარული ნაბიჯი გადადგას. ამ კანონპროექტის შემოტანა პოლიტიკურ სივრცეში მოხდა სრულიად სპონტანურად, მოსამზადებელი საინფორმაციო გზავნილების გარეშე. თუ მანამდე "ოცნება" ყბადაღებულ ლგბტ თემას მიჰყვებოდა, უცებ ეს მეორე პლანზე გადადის და მოულოდნელად ჩნდება კანონპროექტის საკითხი, იმდენად მოულოდნელად, რომ ჩემი გადმოსახედიდან, "ოცნებაც" არ იყო ინფორმირებული, მსგავსი რამ რომ მზადდებოდა. ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა დირექტივა მოსულია გარედან და არ დაბადებულა "ოცნებაში". იმისათვის, რომ გავაანალიზოთ, რუსეთიდან­ არის თუ არა, უნდა დავსვათ კითხვა - ვის სჭირდება და წაადგება ეს კანონპროექტი და არის თუ არა სხვაგან პოსტსაბჭოთა სივრცეში ასეთი კანონპროექტის გატანის მცდელობა? გასაგებია, რომ ეს კანონპროექტი იმ ხელისუფლებისთვისაა საჭირო­, რომელიც­ არ აპირებს დემოკრატიის განვითარებას, პირიქით, ცდილობს ავტორიტარიზმისა და დიქტატურის გამყარებას.­ ამ ტიპის ხელისუფლებებს სჭირდებათ ასეთი კანონების შემოტანა და დამტკიცება­ ისეთ საზოგადოებაში, რომელშიც არ არის ჩამო­ყალიბებული მკაფიო დემოკრატია და სადაც საზოგადოებრივი ორგანიზაციები მართლაც დიდად არიან დამოკიდებული­ საგარეო დაფინანსებაზე. დიქტატორული და ავტორიტარული რეჟიმები ამ ორგანიზა­ციებს არ დააფინანსებენ და გასაგებია, რომ ასეთ დასავლურ სახელმწიფოებს და ორგანიზაციებს სწორედაც რომ მტრებად აღიქვამენ. რეალური დემოკრატიის მაჩვენებელია, როცა ხელისუფლებაა გამჭვირვალე საზოგადოების წინაშე და ჩვენ რეალურად შეგვიძლია გავაკონტროლოთ ხელისუფლების საქმიანობა, რაც დღეს საქართველოში დამალულია. დამალულიც კი აღარ არის, ვიცით, რომ უდიდესი კორუფციაა, მაგრამ ჩვენ სწორედაც ეს ინფორმაცია არა გვაქვს. ხელისუფლებამ ვის წინააღმდეგაც წამოიწყო შეტევა, ეს ის ორგანიზაციებია, რომლებიც საზოგადოებას გვაწვდიან ინფორმაციას, კონკრეტ­ულად სად, რამდენი და რისთვის დაიხარჯა, ­­რომელთა მეშვეობითაც ვადგენთ, რომ ვიღაცის მამა მულტიმილიონერი აღმოჩნდა, სიდედრი მილიონერი და ცოლი კი შეძლებული ოჯახიდან. ეს კანონი მიმართულია ამ ორგანიზაციების დასაბლოკად, გასაჩერებლად, რაც ხელს უწყობს ხელისუფლებას კვლავინდებურად გააგრძელოს თავისი აღვირახსნილი კორუფციული საქმიანობა, ხოლო საზოგადოებას არ ჰქონდეს ინფორმაცია, რაში იხარჯება ჩვენი გადასახადებიდან შეკრებილი ბიუჯეტი. ამ კანონს ორი პრინციპული მიზანი აქვს: შეზღუდოს საკუთარი ანგარიშვალდებულება იმ ორგანიზაციების აკრძალვითა და შეფერხებით, რომლებიც მას აკონტროლებენ, და მეორე მხრივ, გაცილებით გაურთულოს საქმე იმ ორგანიზაციებს, ანუ დაარქვას მათ აგენტები, რომლებიც აკვირდებიან, რამდენად სწორად, გამჭვირვალედ და კანონის შესაბამისად ტარდება წინასაარჩევნო პროცესი და არჩევნები. ამ ხელისუფლებისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია: 1. გაცილებით გაიმყაროს თავისი პოლიტიკური მდგომარეობა და გახდეს კონტროლგარეშე გასული ხელისუფლება, ანუ რეალურ დიქტატურად ჩამოყალიბდეს და 2. გარანტირებულად მოიგოს არჩევნები, მიუხედავად იმისა, ოდნავ სამართლიანად ჩატარდება თუ არა. ეს ორი პრინციპული ამოცანა აქვს ხელისუფლებას.

რუსული კანონის დამტკიცების ცდები პარალელურ რეჟიმში წამოიწყეს პოსტსაბჭოთა სივრცეში, როგორიცაა ყაზახეთი, ყირგიზეთი, ოკუპირებული აფხაზეთი და "ქართულმა ოცნებამ" რაც არ უნდა იძახოს, ეს კანონი არ არის რუსულიო, არავინ დაიჯერებს. ისე, ეს კანონი წელს გახდა ევროპული, თორემ შარშან ამერიკულს ეძახდნენ, ტერმინი "უცხო აგენტი" შეცვალეს "უცხოური­ ძალის ინტერესების გამტარებლით" და მათი გადმოსახედიდან ამან აქცია ამერიკული კანონი ევროპულად. პოსტსაბჭოთა სივრცეზე არის ერთგვარად კოორდინირებული მცდელობა,­ ამ კანონის დამტკიცებით შეზღუდონ დემოკრატიული სივრცეები ადგილობრივი ავტორიტარული რეჟიმების გასაძლიერებლად. ვის წისქვილზე ასხამს წყალს? მთელი ამ დემოკრატიული მოძრაობების შეზღუდვა, საზოგადოებაზე მკაცრი პოლიტიკური კონტროლის დაწესება, ავტორიტარული და დიქტატორული რეჟიმების გაძლიერება, ბუნებრივია, მიმართულია დასავლური გავლენის მაქსიმალურად შესაზღუდად და რაც უნდა იძახონ, დასავლეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორიაო, რეალურად ეს არის მათ წინააღმდეგ და ჩვენი დასავლეთისკენ სვლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. იმის გათვალისწინებით, რომ კანონის ინიცირება კოორდინირებულად ხდება პოსტსაბჭოთა სივრცეში, დიდი ალბათობაა, რომ ამ კანონის ხელახლა შემოგდებისა და ინიცირების პირველწყარო სწორედ რუსეთია იმ გეოპოლიტიკური შესაძლებლობის ფანჯრის გამო, რაც რუსეთს აქვს ახლა შექმნილი დასავლეთის გაყოფისა და სისუსტის, ასევე, აშშ-ში მიმდინარე მოვლენების გამო.

ჩვენ არ ვიცით, რა არის ხელისუფლების მოტივი - არის თუ არა ეს რუსეთის ფიზიკური შიში, თუ არ დათანხმდა, არსებობს თუ არა იქით "პოლონიუმის", აქეთ კი პირდაპირ სამხედრო ინტერვენციის თუ ხელისუფლების ჩანაცვლების საფრთხე. ასეთი ნაბიჯის გადადგმა შეიძლება განპირობებული იყოს იმის შიშითაც, რაც ჩვენი ხელისუფლების არსებობას გაქრობით ემუქრება. იუსტიციის სამინისტრომ რომ გააუქმა კონსერვატიული პარტიის რეგისტრაცია, შესაძლოა ამით "ოცნებამ" რუსეთს აჩვენა, რომ მას აქვს უნარი, იყოს ერთადერთი ძალა და არ სჭირდება არანაირი ულტრარადიკალური ალტერნატივა. ამით "ოცნება" ეუბნება რუსეთს - მე ვარ ის ერთადერთი ძალა, რომელსაც შეგიძლია დაეყრდნოო. "ქართული ოცნება" მზად არის წავიდეს მდგომარეობის უკიდურესად დაძაბვაზე და მიუხედავად უდიდესი პოლიტიკური, საინფორმაციო, მორალური ზიანისა, რაც ამ კანონის შემოტანას მოჰყვება, მზადაა ბოლომდე გაიტანოს. ამისთვის, სავარაუდოდ, გამოიყენებს ყველა რესურსს, მათ შორის ძალოვანს სახალხო პროტესტის ჩასახშობად. მაშინ ისეთივე რეაგირებას უნდა ველოდოთ, რაც მოხდა ბელარუსში. მაშინ იბადება შეკითხვა -– ძალოვნების მაქსიმალურად გამოყენების შემდეგაც თუ ვერ გატეხეს საზოგადოება, რა იქნება ესკალაციის შემდეგი ეტაპი? იმისათვის, რომ ამ ქვეყნის ერთპიროვნული ბატონ-პატრონი გახდეს, "ოცნება" არის თუ არა წამსვლელი იმაზე, რასაც ჰქვია გარე დახმარება? ეს სცენარიც არ უნდა გამოვრიცხოთ, იმიტომ, რომ როცა ისეთ არაფორმალურ ძალაუფლებაზე ვსაუბრობთ, როგორიც საქართველოშია, სადაც ხელისუფლება არ ექვემდებარება დემოკრატიულ კონტროლს, ბუნებრივია, ყველაფერი უნდა დავუშვათ.