პოლარიზაციის მეორე ტალღა, „გარადიკალებული“ ყოფილი პრეზიდენტები და სახიფათო გეოპოლიტიკური გარემო - კვირის პალიტრა

პოლარიზაციის მეორე ტალღა, „გარადიკალებული“ ყოფილი პრეზიდენტები და სახიფათო გეოპოლიტიკური გარემო

როგორ შეიძლება შევაფასოთ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი? პირველ რიგში, იმით, რომ ყველაზე მთავარი უნდა გამოვყოთ შედარებით მეორეხარისხოვანი თემებისგან. ეს რომ მხოლოდ ქვეყნის შიდა პოლიტიკას ეხებოდეს, დეტალურად ვიმსჯელებდით ორივე მხარის არგუმენტებზე (ხელისუფლება ვს არასამთავრობოები). ვიტყოდით, რომ თუ ხელისუფლება მართალია და არასამთავრობოების გავლით მართლაც ფინანსდებიან პოლიტიკური პარტიები, ეს მიუღებელია. ასევე, ვიტყოდით, რომ თუ ხელისუფლება მართლაც ცდილობს გამოიყენოს კანონპროექტი რეპრესიულ იარაღად, ესეც კატეგორიულად მიუღებელია. თუმცა მთავარი საკითხი სულ სხვა რამეა.კერძოდ, ჩვენ ვხედავთ აშშ-ისა და ევროკავშირის ოფიციალური პირების მკვეთრ რეაქციას. მათი განცხადებებიდან გამომდინარე, შესაძლოა საქართველოს ევროინტეგრაციას პრობლემები შეექმნას (შემოდგომაზე უნდა გადაწყდეს, დაიწყებს თუ არა ბრიუსელი­ საქართველოსთან მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრების შესახებ). ევროინტეგრაცია კი ჩვენი ეროვნული ამოცანაა - ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა ალტერნატივა არა გვაქვს. შესაბამისად, უნდა ამოვიდეთ (ყველა და პირველ რიგში, ხელისუფლება) ამ ეროვნული ამოცანიდან. სახელმწიფო ინტერესი უპირველეს ყოვლისა. ამ ფონზე მტყუან-მართლის გარჩევა მეორეხარისხოვანია.კიდევ ერთიც - რატომღაც კვლავ საკამათო გახდა ის საკითხი, სპორტსმენმა ან ხელოვანმა უნდა დააფიქსიროს თუ არა თავისი პოლიტიკური პოზიცია. კი მაგრამ, ინჟინერს ან იურისტს თუ აქვს ამის უფლება, სპორტსმენი და ხელოვანი რა, სხვა კასტას მიეკუთვნებიან?! უბრალოდ, პოლიტიკოსებმა არ უნდა გამოიყენონ ისინი თავიანთი ინტერესებისთვის და პოლიტიკური პოზიციის გამო არ უნდა დააბულინგონ (ვგულისხმობთ ყველას, ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც).

მძიმე არჩევნების მოლოდინში

რა ბედიც არ უნდა ეწიოს ზემოხსენებულ კანონპროექტს, ფაქტი ერთია - პოლარიზაცია გაძლიერდა. იქნება აქცი­ები, სიტუაცია თანდათან გამწვავდება, რაც კულმინაციას ოქტომბერში, საარჩევნოდ მიაღწევს. ალბათ, თითოეულ პოლიტიკოსს თუ საზოგადოების წარმომადგენელს გათავისებული უნდა ჰქონდეს, თუ რა საფრთხეს შეიცავს ჩვენი ქვეყნისთვის პოლარიზაცია. როცა პოლარიზაციის საფრთხეზე ვსაუბრობთ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თითქოს ვინმემ პროტესტი არ უნდა გამოთქვას. პირიქით, ეს არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება. ვგულისხმობთ იმას, რომ არ უნდა მივცეთ საშუალება რუსეთის სპეცსამსახურებს ამ პოლარიზაციით ბოლოს და ბოლოს მიაღწიონ თავიანთ მიზანს. ერთხელ მათ უკვე "შეგვისრულეს" 90-იან წლებში - მაშინ უმრავლესობას გულწრფელად სჯეროდა, რომ სწორედ ისინი იცავდნენ სამშობლოს და მათი მოწინააღმდეგე მტერს ემსახურებოდა. რუსეთი თავისი სპეცსამსახურებისა თუ მეხუთე კოლონის­ გამოყენებით აუცილებლად შეეცდება, რომ საქართველოში არსებული პოლარიზაცია, ბოლოს და ბოლოს, გადაიზარდოს უმართავ თუ მართვად ქაოსში. სიტუაცია თუ დაიძაბება, მათი მიზანი იქნება, რომ სისხლი დაიღვაროს და შემდეგ დომინოს პრინციპით აირიოს ქვეყანა. მერე უკვე პუტინი შემოვა აქ სიტუაციის "დასალაგებლად. ეს კი ნიშნავს, რომ ერთი ორმოცდაათი წლით მაინც უნდა გამოვემშვიდობოთ ევროინტეგრაციას. აი, ეს იქნება რუსეთში თავით ფეხებამდე დაბრუნება.

ამ საფრთხის თავიდან აცილების მთავარი "წამალია" არჩევნების ისე ჩატარება, რომ საზოგადოების უმრავლესობას არ გაუჩნდეს კითხვები მისი სამართლიანობის შესახებ. "ორთქლი" არჩევნებზე უნდა გამოვიდეს. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი წამალია ისიც, რომ აქციებმა და ზოგადად, პროტესტმა არ მიიღოს უმართავი ხასიათი. პასუხისმგებლობა ეკისრებათ ხელისუფლებასაც და აქციების ორგანიზატორებსაც.

როგორ იქცევიან ყოფილი პრეზიდენტები

როდესაც ქვეყანაში სიტუაცია იძაბება ხოლმე, როგორც წესი, ყოფილი პრეზიდენტები ცდილობენ გარკვეულწილად მოდერატორების როლი ითამაშონ ან საზოგადოება მოსალოდნელ საფრთხეებზე გააფრთხილონ. საქართველოში ზოგიერთს ძალიან უყვარს უკრაინის მაგალითის მოყვანა. რუსეთთან ომამდე არც უკრაინა გამოირჩეოდა სტაბილური პოლიტიკური­ სიტუაციით - ბოლოს და ბოლოს, 10 წელიწადში იქ ორი რევოლუცია მოხდა:­ ერთი უსისხლო (2004 წელი), მეორე სისხლიანი (2014 წელი). ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტები, კუჩმა, კრავჩუკი თუ იუშჩენკო, დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლის ფუნქციის შესრულებას ცდილობდნენ. საქართველოში ყველაფერი პირიქით ხდება.

2013 წელს, როდესაც "ოცნების" მეცადინეობით პრეზიდენტად გიორგი მარგველაშვილი აირჩიეს, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ის თერთმეტი წლის შემ­დეგ "ოცნების" ხელისუფლების წინააღმდეგ­ განცხადებებით ლამის სააკაშვილსაც გადაუსწრებდა. სააკაშვილის ამბავი გასაგებია­ - მან ოღონდ ხელისუფლება დაიბრუნოს, არ ადარდებს, ეს რა გზებით მოხდება. მას შემდეგ, რაც საქართველოში დაბრუნდა და ციხეში აღმოჩნდა, მუდმივად მოუწოდებს თანამებრძოლებს დაუმორჩილებლობისა და სხვა რევოლუციური სცენარებისკენ.

გიორგი მარგველაშვილიც არ ჩამორჩა.­ კერძოდ, მან რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ოპოზიცია უნდა გავიდეს ქუჩაში, მოახდინოს მოვლენების რადიკალიზაცია და არ დაუჯეროს უცხოელ ელჩებს, რომლებიც მოუწოდებენ, რომ ეს არ გააკეთონ. საინტერესოა, რას გულისხმობს მარგველაშვილი რადიკალიზაციაში? რა თქმა უნდა, ქვეყნის ყოფილმა პირველმა პირმა აუცილებლად უნდა დააფიქსიროს თავისი აზრი (მათ შორის ძალიან მწვავეც) უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, თუმცა, ამავე დროს, გააფრთხილოს მოსახლეობა, თუ რა შეიძლება მოიტანოს სწორედ მოვლენების რადიკალიზაციამ. მაგრამ მოწოდება რადიკალიზაციისკენ? უცნაურია.

პრეზიდენტის "სიურპრიზი"

სალომე ზურაბიშვილი, სამხედრო ტერმინს თუ გამოვიყენებთ, სანგრებიდან ამოვიდა. კერძოდ, მან შეიწყალა ლაზარე გრიგორიადისი და ინტერვიუში ისეთი განცხადებები გააკეთა, სააკაშვილსაც კი შეშურდებოდა. საინტერესოა, ამას წარმოიდგენდა თუ არა 2018 წელს, როდესაც "ოცნებამ" კბილებით გაიყვანა პრეზიდენტად. თუმცა ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მარგველაშვილისგან და სააკაშვილისგან განსხვავებით, მან თქვა, რომ ყველაფერი 26 ოქტომბერს, არჩევნების დღეს უნდა გადაწყდეს, რადგან დესტაბილიზაცია და ჯანჯღარი რუსეთს აწყობს.

რა იქნება შემდეგი ნაბიჯი - გადადგომა და საარჩევნო კამპანიაში ოპოზიციის ნაწილთან ერთად ღიად ჩაბმა, თუ პრეზიდენტის სკამიდან ზემოხსენებული სტილის განცხადებებით არჩევნებზე ზემოქმედების მცდელობა?! ეს კითხვა კვლავ უპასუხოდ რჩება. ასევე, მიუხედავად სალომე ზურაბიშვილის განცხადებებისა, კვლავ ღიად რჩება სააკაშვილის შეწყალების საკითხიც.

როგორ შეიცვლება პოლიტიკური გარემო?!

ზემოხსენებული კანონპროექტის უკან შემობრუნება "ოცნებას" დარტყმას მიაყენებს, უნდათ თუ არა ამის დანახვა მმართველი პარტიის ლიდერებს. ჯერ ყველაფერი წინ არის (კანონპროექტის პარლამენტში განხილვა და მისი თანმდევი­ პროცესები - აქციები,­ კიდევ უფრო მწვავე განცხადებები დასავლე­თიდან და ა.შ.). თუმცა, მეორე მხრივ, "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნება საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია. შესაბამისად, არსებულ სიტუაციაში ახალი შანსები უნდა მოძებნონ იმ ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებსაც არა აქვთ სააკაშვილისეული­ წარსული. მაგალითად, "ლელომ" და გახარიას პარტიამ.

პირველ რიგში, ისინი არ უნდა "აიზილონ" "ნაცმოძ­რაო­ბაში". მაგალითად, უარი თქვან თუნდაც ერთობლივ საპროტესტო აქციებზე. მაქსიმალურად გაემიჯნონ სააკაშვილის პარტიას. ამომრჩეველს მაქსიმალურად ნათლად უნდა აუხსნან, რომ ე.წ. მესამე პარტიებისთვის ხმის მიცემა არის შანსი, რომ ორპოლუსიანობა დამთავრდეს და პოლიტიკური სიტუაცია მეტ-ნაკლებად დასტაბილურდეს. შეგახსენებთ, რომ არსად წასულა ის საფრთხე, რომ ახალი მოწვევის პარლამენტი ორპარტიული იყოს.

სახიფათო გეოპოლიტიკური გარემო

ისიც უნდა გავითვა­ლისწინოთ, რომ მოვ­ლენების­ მძიმე სცენარით განვითარების შემთხვევაში, დღეს აღარ არის 2022 წლამდე არსებ­ული სიტუაცია. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ მსოფლიო წესრიგი ამოყირავდა, აღარ არსებობს, და ჩვენს გადასარჩენად ან ჩვენი შეცდომების გამოსასწორებლად აღარავის ეცლება.

ყველა იმ მთავარ მოთამაშეს, საიდანაც ჩვენ კრიტიკული სიტუაციისას სერიოზულ დახმარებას ვიღებდით ხოლმე, თავისი პრობლემები აქვს. მაგალითად, ევროპულ სერიოზულ გამოცემებში ინტენსიურად იწერება სტატიები, რომ ევროპული ქვეყნები რუსეთთან ომისთვის ემზადებიან (ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია), ეს კი კოლოსალურ ფინანსურ, ეკონომიკურ თუ სამხედრო პროცესებთან არის დაკავშირებული. ამერიკაში ტრამპის დაბრუნებას ელოდებიან და დონალდმა შეიძლება თავისი გადაწყვეტილებებით კიდევ ერთხელ შეაჯანჯღაროს პლანეტა.

უკრაინის ფრონტზე სამხედრო ინიციატივა რუსეთმა იგდო ხელთ (კიდევ ერთხელ ვუსურვებთ უკრაინას გამარჯვებას ამ ბარბაროსულ სახელმწიფოზე) და ზაფხულში პუტინის ჯარების დიდ შეტევას ელოდებიან. უკრაინის არმიის სრულფასოვნად მომარაგებას არ დაადგა საშველი და მცირე რესურსებიც იწურება. რაც ყველაზე საგანგაშოა - დასავლურ პრესაში კვლავ გააქტიურდა ვერსია, რომ მთავარია მშვიდობის მიღწევა და უკრაინა რუსეთთან კომპრომისზე უნდა წავიდეს (ანუ ტერიტორიები დაუთმოს). თუმცა იმ ვერსიას რატომღაც არ განიხილავენ, თუ ვის მიადგება გამარჯვებული პუტინი.

ცნობილი პოლიტოლოგები წინასწარმეტყველებენ, რომ იკვრება "ავტორიტარული სახელმწიფოების ალიანსი"- რუსეთი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და ნატოსთან კონფრონტაცია ახალ ფაზაში შევა. უფრო ლოკალურად, აგერ ირანსა და ისრაელს შორის ვითარება ისე დაიძაბა, რომ შესაძლოა აქვე, ყურისძირში, ახალი ომი მივიღოთ.

შესაბამისად, თუ შეცდომას დავუშვებთ,­ ჩვენს მეგობრებს არ ეცლებათ, რომ პატარა ბავშვივით ხელი მოგვკიდონ და გამოგ­ვასწორებინონ. ამიტომაც შეცდომის უფლება არა გვაქვს. თორემ, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, ამით იხეირებს მხოლოდ და მხოლოდ მოსკოვი, კრემლი, პუტინი.

გიორგი კვიტაშვილი