დასავლეთისგან "ნახევრად მიტოვებულ“ უკრაინაზე პუტინი გენერალური შეტევისთვის ემზადება...
ზუსტად შარშან იმაზე ვბჭობდით, თუ 2023 წლის გაზაფხულ-ზაფხულის მიჯნაზე როდის გადავიდოდა უკრაინის არმია მთავარ კონტრშეტევაზე, რომელ მიმართულებას აირჩევდა პრიორიტეტად და რამხელა ტერიტორიას გაათავისუფლებდა რუსი ოკუპანტებისგან.
მართალია, მაშინ დაიწყო უკრაინელების კონტრშეტევა, მაგრამ დაგვიანებით, მცირე ძალებითა და როგორღაც უნიათოდ, რამაც კიდევაც განსაზღვრა შედეგი - რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ადრევე აგებული თავდაცვითი ზღუდეების საშუალებით შედარებით ადვილად მოიგერიეს უკრაინელთა კონტრიერიშები და მალე თავად დაეუფლნენ საბრძოლო ინიციატივას ფრონტის მთელ ხაზზე, რომელსაც დღესაც ინარჩუნებენ და ლოკალურად გადადიან შეტევაზე უკრაინის ახალ-ახალი დასახლებული პუნქტების დასაპყრობად.
უკრაინის კონტრშეტევების, რომელთა წარმატების დიდი იმედი იყო, ჩაშლამ, არა მარტო საბრძოლო ინიციატივა ჩააგდებინა ხელში რუსეთის საოკუპაციო ძალებს, უარესიც - უკრაინის მხარდამჭერ დასავლეთში, მათ შორის ნატოს წევრი რიგი ქვეყნების მმართველ პოლიტიკურ წრეებში გაძლიერდა მოსაზრება, რომ უკრაინა არათუ ვერ შეძლებს ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას, არამედ ახალ მიწებსაც დაკარგავს; რომ უკრაინის ომი "უძირო ჭაობია", რომელშიც უკვალოდ ქრება დასავლეთის სამხედრო დახმარება და იქნებ აჯობებს, რომ "ომი გაიყინოს" იმ საზღვრებში, სადაც დღეს ფრონტის ხაზი გადის.
ამის შესახებ გავლენიანი დასავლელი პოლიტიკოსები ოფიციალურად არ საუბრობენ, მაგრამ კულუარებში უკვე თათბირობენ, რისი შედეგიცაა აშშ-ის კონგრესმენების ნაწილის მიერ უკრაინისთვის 60-მლრდიანი სამხედრო დახმარების გამოყოფის ნახევარი წლით სპეციალურად დაბლოკვა ან ნატოს წევრი რიგი ევროპული ქვეყნების მთავრობების პასიურობა უკრაინისთვის ასეთ კრიტიკულ დროს უფრო დიდი სამხედრო დახმარების აღმოჩენის საქმეში.
მეორე უდიდესი პრობლემა, რაც რუს ოკუპანტებთან უთანასწორო ომში მესამე წელია უკრაინის დამცველებს გაუჩნდათ, ის არის, რომ ქვეყანამ დღემდე ვერ მიიღო კანონი "მობილიზაციის შესახებ" (იმედია, ამ კვირაში მაინც დაამტკიცებენ უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატები, მაგრამ საკითხავია, როგორ და როდის ამოქმედდება კანონი). შესაბამისად, ფრონტის ხაზზე უკრაინული საბრძოლო დანაყოფები პირადი შემადგენლობის დიდ ნაკლებობას განიცდიან. ამის გამო, მნიშვნელოვნად ეცემა მათი საბრძოლო შესაძლებლობები - თვეობით ტალახით გავსებულ სანგარში, მუდმივ დაბომბვებში, შეუცვლელად მჯდომ სამხედროს დიდ საბრძოლო სულისკვეთებას ვეღარ მოსთხოვ, მით უმეტეს, იმავე დროს ფრონტის ზურგში უკრაინულ ქალაქებში რესტორნებსა და დისკოთეკებზე მათი თანატოლები "გულაობას" არ იკლებენ (ცალკე საკითხია უკრაინის მოქალაქე ის მამაკაცები, რომლებმაც ომის დასაწყისშივე მოასწრეს ქვეყნის დატოვება და ახლა ევროპასა თუ საქართველოშიც მშვიდობიანი ცხოვრებით ტკბებიან) და თანაც ემალებიან სამხედრო კომისარიატების ჯარში გასაწვევ უწყებებს.
მოკლედ, რუსეთ-უკრაინის ომის მესამე წლის დასაწყისში შეიქმნა ისეთი კრიტიკული სიტუაცია, რომ შეუძლებელია ამით არ ისარგებლოს კრემლმა და გადამწყვეტ შეტევაზე არ გადაიყვანოს თავისი ჯარი უკრაინის ტერიტორიის კიდევ უფრო დიდ სიღრმეში შესაჭრელად.
წლევანდელი გაზაფხული უკრაინაში არ ჩანს ძალიან წვიმიანი (განსხვავებით წინა წლისგან, როდესაც ატალახებულმა გრუნტის გზებმა ძალიან შეაფერხა უკრაინის არმიის კონტრშეტევების დროულად დაწყება), რამაც შეიძლება დააჩქაროს კიდეც რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევაზე გადასვლა.
შეტევების დაწყების შემთხვევაში რუსი ოკუპანტების პროგრამა-მინიმუმი იქნება აღმოსავლეთ ფრონტის ხაზზე ჩასივ-იარის დაპყრობა, გასვლა კონსტანტინოვკაზე და სამხრეთიდან საავტომობილო გზით შეტევა ჯერ კრამატორსკზე, შემდეგ კი სლოვიანსკზე, რომლის პარალელურად ოკუპირებული სოლედარის მხრიდან დასავლეთით შეტევის წამოწყება იმავე სლოვიანსკზე, რათა უკრაინული დაჯგუფება როგორმე "ტომარაში" მოაქციონ. კრამატორსკისა და სლოვიანსკის, ოკუპირებული დონეცკის ოლქის ბოლო დიდი ქალაქების აღებას, კრემლი გააპიარებს როგორც "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" სრულ "გათავისუფლებას"...
სამხრეთ ფრონტზე რუსი ოკუპანტები შეეცდებიან ხელახლა დაიპყრონ რობოტინო და ის სხვა მცირე ტერიტორია, რომლის გათავისუფლება გასულ წელს უკრაინელებმა დიდი წვალებით შეძლეს.
ფრონტის სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებაზე ისევ მდინარე დნეპრის გადალახვა და ხერსონის ხელახლა დაპყრობა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ამ ეტაპზე ძნელად წარმოსადგენია, თუმცა ხარკოვზე, რომელიც 30-ოდე კმ-ში მდებარეობს აგრესორი რუსეთის საზღვრიდან, ხელახლა სახმელეთო შეტევების დაწყება შესაძლებელია. თუმცა მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ კრამატორსკი და სლოვიანსკი არცთუ პატარა ქალაქებია, რომ აღარაფერი ვთქვათ თვით ხარკოვზე, და მათ ასაღებად რუსეთის საოკუპაციო ძალებს აუცილებლად დასჭირდებათ ბევრად მეტი ცოცხალი ძალა და შეიარაღება.
ამისთვის კი რუსეთმა უნდა დაიწყოს ფართომასშტაბიანი მობილიზაცია არანაკლებ ნახევარი მილიონი კაცის არმიაში გასაწვევად, რომელთა გადამზადებას არანაკლებ სამი თვე მაინც დასჭირდება, რაც უფრო რეალურს ხდის, რომ რუსეთის გენერალური შეტევა უკრაინის ფრონტზე არა ზაფხულში, არამედ შემოდგომაზე დაიწყოს.
თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი და ძალზე საშიში ნიუანსი უკრაინელებისთვის - თუკი კიდევ ასე გაგრძელდა და უკრაინის არმია კვლავ ამერიკული დიდი სამხედრო დახმარების გარეშე დარჩა, ევროპელებმაც წაუყრუეს, ხოლო უკრაინული მობილიზაციაც ჩაიშალა, მაშინ არსებობს ძალიან დიდი რისკი... ფრონტის ხაზის ჩამოშლის.
ეს იქნება უდიდესი ტრაგედია უკრაინელებისთვის (აფხაზეთის ომში სოხუმის დაცემამ, ფაქტობრივად, ჩამოშალა ფრონტის ხაზი და რამდენიმე დღეში დავტოვეთ კიდეც ქალაქი), რადგან ერთიანი ფრონტის ხაზის ჩამოშლის შემთხვევაში მოწინააღმდეგეს საშუალება ეძლევა ფრონტის ხაზის სიღრმეში შეიჭრას, ფლანგებიდან მოუაროს და ალყაში მოაქციოს მთელი შენაერთები.
ფრონტის ხაზის ჩამოშლის შემთხვევაში შესაძლებელი გახდება, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკვე წელსვე მიაღწიონ ბუნებრივ ზღუდემდე - მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპირომდე, ქალაქ დნიპრომდე, რაც სერიოზულ მარცხად აღიქმება მთლიანად უკრაინისთვის.
მაგრამ ვინ იცის, იქნებ დასავლეთში ზოგიერთი გავლენიანი პოლიტიკური ძალა, რომლებიც "გადაღალა" ამ ომმა, სწორედ ამას ელოდება, რომ დაუძლურებული უკრაინა აგრესორ რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან ასეთ "დაჩაჩანაკებულ" მდგომარეობაში დასვას, რათა ოფიციალური კიევი იქით იხვეწებოდეს "ომის გაყინვას", როგორმე რუსი ოკუპანტების ფართომასშტაბიანი შეტევების დროებით შესაჩერებლად მაინც?
ყოველ შემთხვევაში, აშშ-ის ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მომხრე ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენების ნაწილში სწორედ ამის დიდი სურვილი გამოსჭვივის - პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ამ ომს 24 საათში შევაჩერებო, ამაყად აცხადებს ტრამპი, მისი მომხრეები კი ამატებენ, რუსეთს დავუკანონებდით უკრაინის იმ ტერიტორიებს, რომლებიც აქამდე დაიპყრო და კმაყოფილი პუტინიც შეწყვეტდა ამ ომსო.
გასაგებია, რომ ტრამპი კვლავ პრეზიდენტად არჩევისთვის სამკვდრო-სასიცოცხლოდ იბრძვის და მიზნის მისაღწევად ამისთვის ყველაფერზე წამსვლელია, მაგრამ ვინ დაასაბუთა, რომ პუტინის კრემლი დაკმაყოფილდება მხოლოდ ყირიმით, დონბასითა და ხერსონ-ზაპოროჟიეს ნაწილით და დროებითი ზავის შემდეგ, როდესაც ძალას ისევ მოიკრებს, დანარჩენი უკრაინის "ჩაყლაპვასაც" არ მოინდომებს?!
შექმნილი რთული რეალობა შემდეგნაირია: მიუხედავად დიდი თავგანწირვისა, უკრაინის დამცველები ნახევარმილიონიანი მობილიზაციისა და დასავლეთის (პირველ რიგში კი აშშ-ის) დიდი სამხედრო დახმარების გარეშე ამ უთანასწორო ფართომასშტაბიან და გახანგრძლივებულ ომში აგრესორ რუსეთთან არათუ დაიბრუნებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს, არამედ ახალს დაკარგავენ. ამასთან, გაჩნდება ფრონტის ხაზის ჩამოშლის უდიდესი საფრთხე, რასაც შეიძლება უფრო კატასტროფული შედეგი და თანაც ძალიან სწრაფად მოჰყვეს უკრაინისთვის, როგორც ერთიანი სახელმწიფოსთვის.