„სომხეთი არასდროს ყოფილა ასე ახლოს ევროპასთან“ - კვირის პალიტრა

„სომხეთი არასდროს ყოფილა ასე ახლოს ევროპასთან“

მიიღებს თუ არა სომხეთი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას, ეს საკითხი ჩვენს მეზობელ რესპუბლიკაში აქტიური განხილვის საგანია. სომხეთის ხელისუფლება დასავლეთისგან უფრო ღრმა თანამშრომლობისა და დახმარების მოლოდინშია. სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის აქტიური შეხვედრები ბრიუსელში დასავლელ პარტნიორებთან ძალზე აღიზიანებს მის ჩრდილოეთ მოკავშირე რუსეთს, რომელმაც კატეგორიულად დაგმო სომხეთის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პერსპექტივა. სომხეთის ევროპისკენ მიმავალ გზასა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების შესახებ სომხეთის რესპუბლიკის რეგიონული საკითხების ექსპერტს, არმენ­ პეტროსიანს ვესაუბრეთ.

- როგორ შეაფასებთ ბრიუსელში ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრას ენტონი ბლინკენსა და ურსულა ფონ დერ ლაიენთან?

- ძალიან მნიშვნელოვანი და უპრეცედე­ნტო მოვლენაა დამოუკიდებელი სომხეთის ისტორიაში. სომხეთს არასოდეს ჰქონია ასეთი თანამშრომლობა და მსგავსი ფორმატის შეხვედრები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპასთან. საუბარი წარიმართა სამი მიმართულებით - ეს იყო სომხეთისთვის დასავლეთის პოლიტიკური­ მხარდაჭერა და გაძლიერება; მეორე მიმართ­ულებაა ეკონომიკური, ფინანსური დახმარებების პაკეტი, რომელიც სომხეთმა უნდა მიიღოს. კერძოდ, 270 მილიონი ევრო ევროკავშირისგან, ხოლო 67 მილიონი დოლარი ამერიკის შეერთებული შტატებისგან. ეს ფინანსები მიმართული იქნება სომხეთის ეკონომიკის დივერსიფიკაციისთვის. სომხეთის ბიზნესსაც გაუჩნდება ახალი ბაზრები დასავლეთში. მესამეა ჰუმანიტარული მიმართულება, რომელიც მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის დახმარებას გულისხმობს, რომლებიც იძულებული შეიქნენ 2023 წლის სექტემბერში დაეტოვებინათ სამშობლო აზერბაიჯანის გენოციდური პოლიტიკის გამო.

- საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ურთიერთობა სომხეთთან ისეთი მტკიცეა, როგორც არასდროს...

- სომხეთი არასდროს ყოფილა ასე ახლოს ევროპასთან. ამ პროცესს აქვს ახსნა­ - ეს დაკავშირებულია გეოპოლიტიკურ სიტუაციასა და მსოფლიო წესრიგის შეცვლასთან, ვგულისხმობ უკრაინაში ომს. რუსეთის გავლენა სამხრეთ კავკასიაში ნელ-ნელა მინიმიზაციისკენ მიდის. რუსეთის კონკურენტები იყენებენ ამ ვითარებას და ცდილობენ საკუთარი გავლენა გაამყარონ სამხრეთ კავკასიაში. აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის დროს რუსეთის პოზიციამ სომხეთისთვის ძალიან ცუდი შედეგები მოიტანა. ამის შემდეგ ნიკოლ ფაშინიანის მთავრობამ გადაწყვიტა შეეცვალა უსაფრთხოების პოლიტიკის არსი. სომხეთი იძულებული შეიქნა გადაედგა ახალი ნაბიჯები ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, დაიწყო ურთიერთობის გაღრმავება ძველ პარტნიორებთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე, რეგიონულ პარტნიორებთან, საქართველოსა და ირანთან.

- დაიწყო საუბარი ევროკავშირთან სომხეთის უვიზო მიმოსვლის შესახებ.

- ეს საკითხი ამ ეტაპზე მოლაპარაკებების მაგიდასთან განიხილება. ყველა ოფიციალურ შეხვედრაზე ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები პოზიტიურად ხვდებიან ამ საკითხს, თუმცა ამბობენ, რომ საჭიროა დრო, რათა მხარეები მივიდნენ კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე. პოლიტიკური მოვლენები ისე სწრაფად ვითარდება, რომ შესაძლოა სომხეთის ევროპასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმთან დაკავშირებული საკითხი ამ წლის ბოლომდე გარკვეულ ეტაპამდე მივიდეს.

- რუსეთთან მრავალწლიანი პარტნიორობის­ შემდეგ, როგორ ხვდება მოსახლეობა ქვეყნის დასავლურ კურსს?

- დასავლეთთან თანამშრომლობის დიდი მოლოდინი არსებობს. რასაც ველოდით რუსეთისგან, ვერ მივიღეთ და ამას ყველაფერს ვიღებთ ევროკავშირისა და ამერიკისგან. ხალხი ამას ხედავს. გარდა ამისა, მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად აქტიურად მუშაობენ როგორც მედია, ასევე პოლიტიკური ძალები.

- სომხეთის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას რუსეთი გამოეხმაურა­ და განაცხადა, რომ ეს სომხეთის უსაფრთხოებაზე უარყოფითად იმოქმედებს. როგორ ფიქრობთ, რუსეთს ეშინია კიდევ ერთი პარტნიორის დაკარგვის?

- რა თქმა უნდა. კრემლი ხვდება, რომ ეს პროცესი აქტიურად მიდის. მისი კონკურენტი ევროპული ქვეყნები აქტიურად მუშაობენ ჩვენს ქვეყანასთან, რათა რუსული გავლენა, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, შემცირდეს, ასევე, არის დაპირებები დაკავშირებული სხვადასხვა სფერ­ოსთან, თუნდაც უსაფრთხოების საკითხზე. ბოლო დროს რუსეთი ცდილობს პოლიტიკური მეთოდებით ზიანი მიაყენოს სომხეთის ხელისუფლებას და ხელი შეუშალოს დასავლეთთან თანამშრომლობას. საფრთხეები არსებობს. რუსეთი სომხეთისთვის მთავარი­ ეკონომიკური­ პარტნიორია. სომხეთი არის "ევრაზიული კავშირის" წევ­რიც. რუსეთი ბუნებრივი აირის­ მთავარი მომწოდებელია. დამოკიდებული ვართ ელექტროენერგიის მოწოდებაზეც.

- შესაძლებელია თუ არა, რუსეთმა აზერბაიჯანი გამოიყენოს სომხეთში ახალი კონფლიქტის წამოსაწყებად?

- ვფიქრობ, რუსეთს ასეთი გავლენა­ არა აქვს აზერბაიჯანზე. პუტინი ვერ მოელაპარაკება ალიევს, რათა მან ახალი ომი დაიწყოს, პირიქით, მგონი, აზერბაიჯანიც­ ცდილობს გამოვიდეს რუსეთის გავლენიდან. ვფიქრობ, ალიევი ახლა ძალიან ფრთხილად თამაშობს, ხედავს, რა ხდება უკრაინაში და რუსეთის წინააღმდეგ მსოფლიოში, როგორი სანქციები აქვს მას დაწესებული. ალიევს არ ენდომება, რომ დასავლეთმა მსგავსი პოლიტიკა მის წინააღმდეგაც აამოქმედოს.

- საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი­ კობახიძე სომხეთში იმყოფებოდა და სომეხ კოლეგას შეხვდა. მხარეებმა ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს, ნიკოლ ფაშინიანმა ურთიერთობების ახალი ჰორიზონტიც ახსენა. არის სომხეთში ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების მოლოდინი?

- საქართველოსთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა გახდა. იანვარში საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას მოეწერა ხელი. ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი ურთიერთობა უფრო გაღრმავდება, განსაკუთრებით ეკონომიკური.

- რამდენად რეალურია საქართველოსა და სომხეთს შორის საზღვრის დემარკაციის პროცესის დაწყება?

- საქართველოსა და სომხეთს შორის საზღვრის დემარკაციის პროცესის დაწყება რეალურია და შესაძ­ლებელი. ეს დამოკიდებულია ორი ქვეყნის მთავრობების სურვილსა და მზაობაზე. სომხეთი ცდილობს­ დემარკაციის პროცესი დაიწყოს აზერბაიჯანთანაც. საქართველო და აზერბაიჯანი ჩვენი ორი მეზობელია, რომელთანაც არა გვაქვს შემოსაზღვრული საზღვარი. ასე რომ, მთავარია მონდომება, რაც სომხეთს ნამდვილად აქვს - მზაობა.

- შეუძლია თუ არა საქართველოს იყოს შუამავალი სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობაში?

- აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის გადაწყვეტას ორი მთავარი მიზეზი უშლის ხელს: პირველი - აზერბაიჯანის პოზიცია, რომელსაც ყველაფერი უნდა დათმობების გარეშე და მეორე - გავლენიანი და კარგი შუამავალი. გლობალური კრიზისი ხელს უშლის ჩვენი კონფლიქტის საკითხის გადაწყვეტას. სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულმა ქვეყნებმა პრობლემა უნდა გავიაზროთ და პასუხისმგებლობა ავიღოთ, რაც აქ ხდება. უნდა ვცდილობდეთ საკითხები ჩვენს რეგიონში გადაწყდეს და მესამე მხარე, შუამავალი არ უნდა გვჭირდებოდეს, რადგან საბოლოო ჯამში ეს არის ახალი ინტერესები და ახალი კონკურენცია. ეს არის პატარა რეგიონი და ყველა საკითხი უნდა გადაწყდეს რეგიონის ქვეყნებს შორის, უნდა იყოს მეგობრული დამოკიდებულება, რათა სამხრეთ კავკასიის ხალხებმა მშვიდად იცხოვრონ, მაგრამ ასეთი მზაობა რეგიონულ პოლიტიკურ წრეებში არ არის.

- სომხეთში ვიზიტისას ირაკლი კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში მიიწვია. გეგმავს თუ არა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ვიზიტს საქართველოში?

- რა თქმა უნდა, უახლოეს მომავალში. როცა იქნება რეალური თემები, დაკავშირებული სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებასა და დასავლეთის მიმართულებაზე. განვიხილავთ არა მარტო­ ორმხრივ შეხვედრებს, არამედ საერთო­ მიმართულებას, რომელიც დაკავშირებულია დასავლეთთან. იმედია, ჩვენს ქვეყნებს შორის უფრო ღრმა ურთიერთობა ჩამოყალიბდება.

სოფო კაჭარავა