ირანმა დაარტყა, ახლა ისრაელის ჯერია - შეშინებული მსოფლიო პასუხის პასუხის მოლოდინში... - კვირის პალიტრა

ირანმა დაარტყა, ახლა ისრაელის ჯერია - შეშინებული მსოფლიო პასუხის პასუხის მოლოდინში...

დღეს მსოფლიო უდიდესი საფრთხის წინაშეა, რადგან ისტორიაში პირველად დაიწყო სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებულ ორ არამეზობელ ქვეყანას - ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და ისრაელს შორის პირდაპირი საბრძოლო მოქმედებები; იმ ქვეყნებს შორის, რომელთაგან ერთს აქვს ბირთვული იარაღი, მაგრამ ამას ოფიციალურად არ აღიარებს, ხოლო მეორეს ორიოდე ნაბიჯიღა აკლია ბირთვული ქობინების შექმნამდე.13-14 აპრილის ღამეს მოხდა ის, რასაც მთელი მსოფლიო შიშით ელოდა და რაც გარდაუვალი ჩანდა - 1-ლ აპრილს დამასკოში ირანის საკონსულოზე სარაკეტო დარტყმისა და ორი ირანელი გენერლის ლიკვიდაციის საპასუხოდ ირანმა ორი კვირის თავზე XXI საუკუნეში ყველაზე მასირებული საჰაერო დარტყმა მიაყენა ისრაელს.

170 კამიკაძე-დრონი, 30 ფრთოსანი რაკეტა და 120 ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს ისრაელის მიმართულებით როგორც ირანიდან, ასევე ჰუსიტების იემენიდან, პროირანული ძალების მიერ სირიიდან და სამხრეთ ლიბანიდან "ჰესბოლამ".ამდენი კამიკაძე-დრონი, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა თვით აგრესორ რუსეთსაც არ გამოუყენებია ერთდროულად ერთი კომბინირებული საჰაერო შეტევის დროს უკრაინის წინააღმდეგ.ირანის მოქმედების ტაქტიკა, საჰაერო­ შეტევები, ძალიან ჰგავს მის მეგობარ რუსეთისას, მაგრამ ისრაელის ეშელონირებული საჰაერო თავდაცვის სისტემა ბევრად აღემატება უკრაინისას და შესაბამისად, მოახერხეს ირანიდან გამოშვებული რაკეტებისა და დრონების უდიდესი ნაწილის გაუვნებლება. ამაში ისრაელს ორი მნიშვნელოვანი ფაქტორიც დაეხმარა:

პირველი - ირანისა და ისრაელის საზღვრებს შორის არანაკლებ ათასი კმ მანძილია, რომლის დასაფარადაც ირანულ ბალისტიკურ რაკეტებს ათი წუთი სჭირდებოდათ, ფრთოსან რაკეტებს თითქმის ორ საათამდე, ხოლო კამიკაძე-დრონებს - 7 სთ-ზე მეტი.

შესაბამისად, ირანი იძულებული იყო ჯერ კამიკაძე-დრონები აეფრინა ცაში, რამდენიმე საათის შემდეგ ფრთოსანი რაკეტები გაეშვა და სულ ბოლოს ბალისტიკური რაკეტები მიეყოლებინა, რათა საჰაერო თავდასხმის ეს სამივე საშუალება თითქმის ერთდროულად შეჭრილიყო ისრაელის საჰაერო სივრცეში.

მაგრამ კამიკაძე-დრონების რამდენიმე­ საათით ადრე გაშვებამ ისრაელის საჰაერო თავდაცვა ადრეულად მოიყვანა­ სრულ საბრძოლო მზადყოფნაში და ირანმა დაკარგა საჰაერო თავდასხმის მოულოდნელობის ეფექტი;

მეორე - ისრაელის საჰაერო თავდაცვას სერიოზულად დაეხმარნენ ერაყისა და იორდანიის ტერიტორიებზე განთავსებული ამერიკელი სამხედროები, რომელთა გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა და საზენიტო საშუალებებმა ირანული კამიკაძე-დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების ნაწილი ჯერ კიდევ გზაში, ისრაელის საჰაერო სივრცემდე ჩამოყარეს.

ირანი აცხადებს, რომ ამ საჰაერო დარტყმით მან შური იძია ისრაელზე და გაუნადგურა ნეგევის უდაბნოში მდებარე ნევატიმის ის სამხედრო აეროდრომი, რომლიდანაც აფრენილმა ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავმა 1-ლ აპრილს სარაკეტო დარტყმა მიაყენა დამასკოში ირანის საკონსულოს, რითაც თეირანი კმაყოფილია და აჩერებს დარტყმებს ისრაელზე, მაგრამ თუკი ისრაელი გაბედავს პასუხის გაცემას, მაშინ ირანის სარაკეტო დარტყმები ახალი ძალით განახლდება.

ისრაელის მხარე ირწმუნება, რომ თითქმის ყველა ირანული დრონი და რაკეტა ჩამოაგდო, თუმცა აღიარებს ნეგევის უდაბნოში მის საჰაერო ბაზაზე სარაკეტო დარტყმას, მაგრამ აცხადებს, რომ ამას მხოლოდ უმნიშვნელო ნგრევა მოჰყვა.

თუ როგორ განვითარდება მოვლენები, არათუ დღეების, არამედ შეიძლება საათების შემდეგ გაირკვეს, რადგან ისრაელი აუცილებლად უპასუხებს და დიდი ალბათობით ძლიერ სარაკეტო დარტყმებს მიაყენებს ირანს მისივე ტერიტორიაზე.

P.S. ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ კი მოიგერია ირანის მასირებული კომბინირებული საჰაერო დარტყმა, მაგრამ ამისთვის დიდი რაოდენობით საზენიტო რაკეტა გახარჯა, რომლის მარაგის შევსება და დამატებაც სასწრაფოდ სჭირდება, თუკი ირანსა და მის მოკავშირე ძალებთან შეიარაღებული დაპირისპირება გამწვავდა.

ძირითადი წყარო, საიდანაც შეიძლება უმოკლეს პერიოდში ისრაელის მეზენიტეებმა მიიღონ დამატებითი საზენიტო რაკეტები, მათ შორის "პეტრიოტებისთვის", არის აშშ - ანუ ისრაელი კვლავ ერთგვარად კონკურენტი ხდება უკრაინის (აქამდე ეს 155 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვების გამო მოხდა, როდესაც ისრაელის ტერიტორიაზე შენახული ამ ჭურვების მარაგი პენტაგონმა ევროპაში გაიტანა და უკრაინისთვის მიწოდებას აპირებდა, მაგრამ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ისევ ისრაელში დააბრუნა, რითაც უკრაინის არმია ძალზე დაზარალდა), რომელიც რუსი აგრესორების რაკეტების მოსაგერიებლად დასავლეთს დიდი ხანია სწორედ „პეტრიოტების დამატებითი საზენიტო რაკეტების გადაცემას ეხვეწება.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენები დაუყოვნებლივ გააქტიურდნენ და ისრაელს უკვე ამ კვირის დასაწყისშივე აღუთქვეს სამხედრო დახმარების აღმოჩენისთვის შესაბამისი კანონის მიღება, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ამერიკელი კანონმდებლების ორმაგ სტანდარტსა და ძლიერ ებრაულ ლობიზე აშშ-ის კონგრესში - ეს სწორედ ის რესპუბლიკელი პროტრამპისტი კონგრესმენები არიან, რომლებიც ნახევარი წლის განმავლობაში სპეციალურად აჭიანურებენ უკრაინისთვის 60-მილიარდიანი სამხედრო დახმარების გამოყოფას და რამდენჯერმე არდადეგებზეც წავიდნენ, რომ რაც შეიძლება გაეჯანჯლებინათ კონგრესის წარმომადგენლობათა პალატაში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კანონპროექტის განხილვა.

P.P.S. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდებს, რომ ისრაელის საპასუხო ქმედებამ ირანის წინააღმდეგ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიწვიოს ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობის უფრო გამწვავება.

საინტერესოა, რომ მაინცდამაინც არც ირანის ხელისუფლებას სურს ბირთვულიარაღიან ისრაელთან დიდი ომის დაწყება, მაგრამ დამასკოში მის საკონსულოზე სარაკეტო თავდასხმის შემდეგ თეირანს ღირსების დაცვა სჭირდებოდა და ამიტომაც გასცა ისრაელს სარაკეტო პასუხი, თუმცა ახლა ისრაელის ჯერია...