"ვისურვებდი, მამაჩემს სტალინის გზა გაეგრძელებინა" - რას ჰყვება თამთა კოსტავა მშობლებზე, ეროვნული მოძრაობის ლიდერებზე, ჯაბა იოსელიანსა და მიხეილ სააკაშვილზე - კვირის პალიტრა

"ვისურვებდი, მამაჩემს სტალინის გზა გაეგრძელებინა" - რას ჰყვება თამთა კოსტავა მშობლებზე, ეროვნული მოძრაობის ლიდერებზე, ჯაბა იოსელიანსა და მიხეილ სააკაშვილზე

წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად გაზეთში "კვირის პალიტრა" N16 ან ონლაინ - თამთა კოსტავა: „მე სტალინისტი უფრო ვარ იდეით, ვიდრე ზვიადისა და მერაბის მიმდევარი“

"ჩემი სამშობლო ზეცაა თავად, მერე ეს მიწა და საქართველო!" - "საქართველოს სინდისისა" და ეროვნული მოძრაობის გამორჩეული ლიდერის მერაბ კოსტავას ქალიშვილი - თამთა­ კოსტავა თავისი საქმიანობის, მამისა და მისი მეგობრების, მათთან დაპირისპირებული ფიგურების შესახებ გვესაუბრება და ამ საკითხებზე სრულიად განსხვავებული, მისეული ხედვები აქვს. პროფესიით მხატვარია, მოზარდობისას 18 წელი აშშ-ში გაატარა, განათლება მიიღო და სამშობლოში დაბრუნებულმა თავისი არაორდინარული ნამუშევრების სამი პერსონალური გამოფენა გამართა. ამჟამად თამთა მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში მუშაობს და მამის დანატოვარ "წერილობით განძს" პატრონობს.

- ბავშვობიდან ვხატავდი და 11-13 წლის ასაკში ჯიბსონ ხუნდაძესთან ვემზადებოდი, აკადემიაში ჩაბარება მინდოდა. პერსონალური გამოფენებიც მქონდა, მათ შორის სისაურების გალერეაში. 53-ე საშუალო სკოლაში სწავლის დროს ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში მიმიღეს, მაგრამ იმ წელს აშშ-ში გავემგზავრეთ და სწავლა იქ განვაგრძე. ჩვენი წასვლის მიზეზი ედუარდ შევარდნაძის საქართველოში ჩამოსვლა იყო. მოგეხსენებათ, მან მამაჩემი ციმბირში გადაასახლა და გვეშინოდა, არასასიამოვნო სიტუაცია არ შექმნილიყო, ამიტომაც გავერიდეთ. აშშ-ში გამგზავრებაში მე და დედას ჯაბა იოსელიანი დაგვეხმარა, რომელთანაც ჩვენს ოჯახს ახლო მეგობრობა აკავშირებდა. მან გია მეფისაშვილთან გაგვიშვა, რომელსაც, თავის დროზე, აქ "მაშველთა კორპუსი" ჰქონდა - "მხედრიონი" და "მაშველთა კორპუსი" ერთი ორგანიზაცია იყო. მე მხედრიონელი გახლდით - ჯერ კიდევ ბავშვი საპატიო წევრად მიმიღეს. ჯაბა იოსელიანისთვისაც თავსატეხი ვიყავი, რადგან იმ ჩარჩოებში ვერ ვჯდებოდი - ედუარდსა და ზვიადს შორის დაპირისპირება იყო და მე, როგორც მერაბ კოსტავას შვილს, არ მინდოდა ვინმეს მხარეს ვყოფილიყავი - ზვიადი ჩემთვის ბიძა იყო, ფაქტობრივად, ჯაბა იოსელიანი კი ჩვენი ახლობელი და მინდოდა ყველასთან კარგად ვყოფილიყავი. ჩემგან ითხოვდნენ, რომელიმე მხარე დამეჭირა, მე კი ეს არ მინდოდა. ამიტომაც გადაწყდა, რომ აშშ-ში წავსულიყავით და ასეთი არჩევანის გაკეთება არც დამჭირვებია.აშშ-ში ჯერ ჰაი-სქულში ვსწავლობდი, მერე - პრატ-ინსტიტუტში, ოთხწლიანი სამხატვრო სასწავლებელი დავამთავრე - გრაფიკოსი და დაზგური ხელოვნების ოსტატი ვარ. გარდა ამისა, ტუროკოლეჯში 3 წელი ფსიქოლოგიას ვსწავლობდი, რადგან მინდოდა ხელოვნების თერაპია შემესწავლა - ადამიანების მკურნალობა ხელოვნებით. აშშ-ში ცხოვრება ძალიან მომწონდა და აქ დაბრუნებაზე არც ვფიქრობდი.

- ჯაბა იოსელიანს როგორ დაუახლოვდით?

- ჯაბა იოსელიანთან გია მეფისაშვილმა წამიყვანა, როცა 9-10 წლის ვიყავი, მას კუჭის წყლული აწუხებდა, გია კი ექსტრასენსი იყო და მკურნალობდა. მაშინ ჯაბა ჯერ ასე ცნობილი არ იყო. მერე, როცა ასპარეზზე აქტიურად გამოჩნდა და "მხედრიონი" ჩამოაყალიბა, გიას და ჯაბას ვთხოვე, სამხედრო ჟურნალისტი მინდა ვიყო, ბრძოლის ველიდან სიუჟეტები გავაკეთო და თქვენთან მიმიღეთ-მეთქი. ჯაბამ მითხრა, ბრძოლის ველზე ვერ გაგიყვან, საპატიო წევრად კი მიგიღებო. საპატიო წევრი გადაწყვეტილებებს არ იღებს, უბრალოდ, სიმბოლო ვიყავი, როგორც მერაბ კოსტავას შვილი.

- ბევრს უკვირს, როცა თქვენგან ჯაბა იოსელიანის ქებას ისმენენ. ბატონ მერაბს როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მის მიმართ?

- არ ვიცი, რადგან მამაჩემისთვის ეს არასდროს მიკითხავს, დედის მხრიდან კი შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა. ვიცი, რომ ჯაბა მამაჩემის მიმართ დადებითად იყო განწყობილი, ნამდვილად ძალიან უყვარდა და სწორედ აქედან გამომდინარე გვიპატრონა, საქართველოშიც ძალიან ზრუნავდა ჩვენზე და აშშ-შიც.

- ედუარდ შევარდნაძეზე რას იტყვით?

- მე შევარდნაძეს, როგორც მტერს, ისე განვიხილავდი, აშშ-ში მის წინააღმდეგ საჩივარიც შევიტანეთ, მაგრამ ეს ყველაფერი გადავლახე და მოვახერხე, რომ ეს კაცი შემეყვარებინა. რამდენი მიფიქრია მასზე, მის ოჯახზე, რანაირად არ მივუდექი ჩემს აზროვნებაში, გონებაში, ვცდილობდი იმ კონდიციამდე მივსულიყავი, რომ არ მძულებოდა. ეს არ შეიძლებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი, ზვიადი და ედუარდი სხვადასხვა ბანაკში იყვნენ. წარსულს ვერ შეცვლი, მაგრამ მაშინ ჩემი სურვილი იყო მათ ურთიერთობა რამენაირად მოეგვარებინათ და ეს დაპირისპირება სამოქალაქო ომამდე არ მისულიყო. სამწუხაროდ, ეს მაინც მოხდა... ჩემი შესაფასებელი არ არის ედუარდ შევარდნაძე. ის ერთი ფეხშიშველა გურული ბიჭი იყო, რომელიც მერე კრემლში მოხვდა და ძალიან მაგარია, რომ მოახერხა ეს - რამდენად მაგრები ვართ ქართველები. ამიტომ ედუარდი ცუდი კი არ არის, მაგარია იმის გამო, რომ კრემლში მოხვდა.

2010 წელს საქართველოში რომ დავბრუნდი, ედუარდი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ერთხელ მყავს ნანახი, იმელის შენობაში, ჯაბა იოსელიანმა მის კაბინეტში შემიყვანა, სადაც მამაჩემის სურათი ეკიდა კედელზე, მან გამაცნო და ხელი ჩამოვართვი. თუმცა იქ არაფერზე გვისაუბრია, ჯაბა და ედუარდი საუბრობდნენ.

- ზვიად გამსახურდია ვინ იყო თქვენთვის?

- ზვიადი მაშინ გავიცანი, როცა მამაჩემი საქართველოში, ქსნის ციხეში გადმოიყვანეს, სწორედ მან წაგვიყვანა მე და დედა მამას სანახავად. მერე მიტინგებზე ვხედავდი. გამსახურდიების ოჯახში ყველაზე ახლოს მანანა დეიდასთან ვიყავი.

წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად გაზეთში "კვირის პალიტრა" N16 ან ონლაინ - თამთა კოსტავა: „მე სტალინისტი უფრო ვარ იდეით, ვიდრე ზვიადისა და მერაბის მიმდევარი“