"ბრძოლა ბალიშებით"?! - სენსაციური ვერსია: რატომ გააფრთხილა ირანმა ამერიკა 72 საათით ადრე, რომ ისრაელს დაარტყამდა - კვირის პალიტრა

"ბრძოლა ბალიშებით"?! - სენსაციური ვერსია: რატომ გააფრთხილა ირანმა ამერიკა 72 საათით ადრე, რომ ისრაელს დაარტყამდა

ირანმა ისრაელზე ამ საუკუნეში ყველაზე მასიური ერთჯერადი საჰაერო შეტევა განახორციელა, რომელიც, ასევე, ყველაზე არაეფექტიანი აღმოჩნდა წმინდა საბრძოლო თვალსაზრისით, რადგან ისრაელს თითქმის არავითარი სერიოზული დანაკლისი არ განუცდია...

13-14 აპრილის ღამეს ირანმა თავისი ტერიტორიიდან და ჰუსიტებმა - იემენიდან ისრაელის მიმართულებით არანაკლებ 320 კამიკაძე-დრონი და რაკეტა გაუშვეს, რომელთა შორის 170 „შაჰიდი“, 30 ფრთოსანი და 120 ბალისტიკური რაკეტა იყო. მათგან ისრაელის ტერიტორიაზე დადასტურებულად აფეთქდდა მხოლოდ ცხრა ბალისტიკური რაკეტა, რაც, ფაქტობრივად, ირანის ამ შურისმაძიებელი სამხედრო ოპერაციის სრულ კრახს ნიშნავს...

მაგრამ რამ გამოიწვია ასეთი შედეგი, ნუთუ მხოლოდ ისრაელის ძლიერმა საჰაერო თავდაცვის სისტემის მაღალეფექტიანმა მოქმედებამ?

გამოიკვეთა არანაკლებ ოთხი ფაქტორი, რამაც ირანის მიერ გაშვებული 300-ზე მეტი დრონისა და რაკეტის დასახულ მიზნამდე მიუღწევლობა განაპირობა.

1-rake-1713171333.png
მკვდარ ზღვასთან ჩამოგდებული ირანის ბალისტიკური რაკეტის დიდი ფრაგმენტი...

პირველი - დასავლეთის საჰაერო და კოსმოსურმა დაზვერვამ უკვე დაადასტურა, რომ ირანის ტერიტორიიდან სტარტაღებული რაკეტებისა და კამიკაძე-დრონების დიდმა ნაწილმა ავარია განიცადა და ჩამოვარდა უშუალოდ სტარტის დროს ან ჯერ კიდევ ირანის საჰაერო სივრცეში...

მეორე - ირანიდან ისრაელამდე ამ რაკეტებსა და დრონებს ათას კმ-ზე მეტი მანძილი უნდა გადაელახათ, რომლის დროსაც ერაყის, სირიისა და იორდანიის საჰაერო სივრცეებში მათზე „ნადირობა“ დაიწყეს აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა (მათი საბორტე ვიდეოკამერებიდან გადაღებულ ვიდეოკადრებში მოჩანს, თუ როგორ აგდებენ „ჰაერი-ჰაერის“ კლასის მართვადი რაკეტებით ირანულ „შაჰიდებს“), ასევე, წითელ ზღვაში მოდრეიფე ამერიკულმა და ფრანგულმა სამხედრო ხომალდებმა, საზენიტო რაკეტებით. ამერიკელი სამხედროები ამაყობენ, რომ არანაკლებ 80 ირანული დრონი და ექვსი ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს.

გარდა ამისა, საუდის არაბეთის საჰაერო თავდაცვამ იემენელი ჰუსიტების მიერ გაშვებული კამიკაძე-დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების ჩამოგდებაშიც იაქტიურა, ისევე, როგორც, იორდანიის გამანადგურებელი თვითმფრინავების პილოტებმაც, მაგრამ ამ ქვეყნების ხელისუფალნი ფაქტებს არ ასაჯაროებენ, მით უმეტეს, რომ თეირანი დაემუქრა ყველას, ვინც ისრაელს დაეხმარა მისი საჰაერო შეტევის მოგერიებაში.

2-rake-1713171521.png
ირანის ბალისტიკური რაკეტების ზალპი ისრაელისკენ...

მესამე - რა თქმა უნდა, გადამწყვეტი სიტყვა თქვა თავად ისრაელის ეშელონირებულმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ, თავისი სამი თავდაცვის ზღუდით - ჯერ კიდევ სირიისა და იორდანიის საჰაერო სივრცეებში, მაღალ სიმაღლეებზე, ირანის ბალისტიკურ რაკეტებს „ცხელ შეხვედრას“ უწყობდნენ ისრაელის ანტისარაკეტო სისტემები David's Sling, Arrow-2 და Arrow-3, შემდეგ საქმეში „პეტრიოტების“ საზენიტო-სარაკეტო ბატარეებიც ერთვებოდნენ, ხოლო „ბოლო სიტყვას“ ახლო მანძილზე მოქმედი „რკინის გუმბათი“ ამბობდა... თუმცა არანაკლებ ცხრა ირანული ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება მაინც ვერ მოხერხდა...

მეოთხე - ეს ძალზე უცნაური, მაგრამ ძალიან ბევრის მეტყველი გარემოებაა: ირანმა თურქეთის პირით აშშ-ს ჯერ კიდევ 72 სთ-ით ადრე აუწყა ამ საჰაერო შეტევის შესახებ და, სავარაუდოდ, ისრაელის ის სამიზნეებიც გაუმხილა, რომლებზეც ძირითადად იქნებოდა მიმართული ირანული დრონები და რაკეტები...

ხომ წარმოუდგენლად ჟღერს - აპირებდე შენს მოსისხლე მტერზე ასეთი მასშტაბური თავდასხმის განხორციელებას და წინასწარ აცნობო მის მოკავშირეს დაგეგმილი საჰაერო დარტყმების დაწყების დრო და სამიზნეების კოორდინატებიც?

მაგრამ დიდ პოლიტიკაში ყველაფერი ხდება - მიუხედავად დაუნდობელი რიტორიკისა, როდესაც თეირანი ისრაელს, როგორც სახელმწიფოს, ხმელთაშუა ზღვაში „ჩაძირვას“ უპირებს, ირანს ნამდვილად არ სურს დიდი და რეალური ომის დაწყება ბირთვული იარაღის მქონე ისრაელთან, თუმცა ასევე არ შეეძლო ეპატიებინა სირიის დედაქალაქში ისრაელის მიერ ირანის საკონსულოს აფეთქება და ორი ირანელი გენერლის მკვლელობაც, ამიტომაც პოლიტიკური სახის შესანარჩუნებლად (როგორც მსოფლიოს , ისე ირანის მოსახლეობისა და მუსლიმანური სამყაროს დასანახად) მან შურისძიების ეს დარტყმა მაინც განახორციელა, მაგრამ არ იყო დაინტერესბული ირანულ რაკეტებს დიდი მსხვერპლი და ნგრევა მიეყენებინა ისრაელისთვის, რომ უფრო საშინელი, მათ შორის - ბირთვული პასუხის პასუხი არ მიეღო...

თეირანმა, სავარუდოდ, გაითვალისწინა 7 ოქტომბრის გაკვეთილები - „ჰამასის“ დივერსიულ-ტერორიტული თავდასხმა ისრაელის კიბუცებზე ასე შემზარავი და დაუნდობელი რომ არ ყოფილიყო, ისრაელიც კიდევ უფრო დაუნდობლად მიწასთან არ გაასწორებდა ღაზის სექტორის პალესტინურ ქალაქებს...

3-rake-1713171453.png
ისრაელის ანტისარაკეტო სისტემამ David's Sling-მა ირანის ბალისტიკური რაკეტების „ჩამოხსნა“ ჯერ კიდევ სირიისა და იორდანიის თავზე დაიწყო...

ისრაელის ეშელონირებული საჰაერო თავდაცვის სისტემის გადამლახველი ცხრა ირანული ბალისტიკური რაკეტიდან ხუთი „ნევატიმის“ საჰაერო ბაზაზე აფეთქდა, ნეგევის უდაბნოში.

ეს სწორედ ის ბაზაა, საიდანაც აფრენილმა ისრაელის კუთვნილმა მეხუთე თაობის ამერიკულმა F-35I Adir-მა 1 აპრილს მართვადი რაკეტით ააფეთქა ირანის საკონსულოს შენობა სირიის დამასკოში...

შურისძიება გარკვეული სახით კი შედგა, მაგრამ „ნევატიმის“ ბაზას დიდი ნგრევა არ განუცდია, დაზიანდა ორიდან ერთ-ერთი ბეტონირებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი (რაც ირანის ბალისტიკური რაკეტის ქობინის დიდ სიზუსტეზე მეტყველებს), რომელიც მალევე შეაკეთეს.

4-rake-1713171409.png
თანამგზავრულ ფოტოზე მოჩანს ირანული ბალისტიკური რაკეტის ზუსტი მოხვედრა ისრაელის „ნევატიმის“ საჰაერო ბაზის ორი ასაფრენ-დასაფრენი ზოლიდან ერთ-ერთზე...

ახლა ყველა ელოდება, განახორციელებს თუ არა ისრაელი შურისძიების შურისძიებას - პოლიტიკური სახის შესანარჩუნებლად, ისრაელი, რა თქმა უნდა, ამას გააკეთებს, მაგრამ ისევე, როგორც ირანის მოქმედების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ისრაელიც ეცდება, რომ მისმა საჰაერო შეტევამ არ გამოიწვიოს მსხვერპლი ირანის ტერიტორიაზე - ისედაც უკიდურესად დაძაბული მდგომარეობის კიდევ უფრო ესკალაცია არც თელ-ავივში სურთ და მით უმეტეს - ეს არანაირად არ აწყობს ისრაელის მთავარი სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-ის დღევანდელ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, რომელსაც რამდენიმე თვეში მართლაც სამკვდრო-სასიცოცხლო პოლიტიკური ორთაბრძოლა ექნება ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე...