ორად გახლეჩილი ამერიკა: როგორ "უწამლავს ტვინს" პუტინი აშშ-ს მოსახლეობას - საინფორმაციო ომი და "სუპერ არჩევნების" წელი მსოფლიოში - კვირის პალიტრა

ორად გახლეჩილი ამერიკა: როგორ "უწამლავს ტვინს" პუტინი აშშ-ს მოსახლეობას - საინფორმაციო ომი და "სუპერ არჩევნების" წელი მსოფლიოში

თუ შემოდგომა სოფლად მოსავლის აღების დროა, სპეცსამსახურების „მოსავალი“ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით ფასდება: თუ კარგად იმუშავეს, სპეცსამსახურების რეზიდენტები, აგენტები და ღრმა დაშიფვრის ოფიცრები საიდუმლო ბრძანებით სამთავრობო ჯილდოებსა და ვარსკვლავებს მიიღებენ, ხოლო კონფიდენტები, სანდო პირები და ოპერატიული კონტაქტები - ფულად ჯილდოებსა და ფასიან საჩუქრებს უნდა დასჯერდნენ. მთავარია, რომ არჩევნების შედეგებით მათთვის სასურველი პოლიტიკოსი ან ხელისუფლება მოიყვანონ რომელიმე ქვეყნის სათავეში.

2024 წელს შეიძლება თამამად ვუწოდოთ „სუპერ არჩევნების წელი“ , რადგანაც მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარს საარჩევნო პროცესებში მონაწილეობა მოუწევს. წელს მსოფლიოს 70-მდე ქვეყანაში იმართება (ზოგან უკვე გაიმართა) საპრეზიდენტო ან საპარლამენტო არჩევნები. ყველაზე მეტი არჩევნები ჩატარდება ევროპაში, კერძოდ 19 ქვეყანაში. მათგან 10-ში შესაძლოა შეიცვალოს სახელმწიფოს მეთაური, 11-ში კი პარლამენტის შემადგენლობაც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპარლამენტის არჩევნები, რომელიც 6-9 ივნისს გაიმართება. უნდა აირჩიონ 720 დეპუტატი ევროკავშირის წევრი ყველა – 27 ქვეყნიდან (თითოეული ქვეყნისთვის ადგილების რაოდენობა განისაზღვრება მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით). რუსი „პროპაგანდისტები“ სასურველს რეალობად ასაღებენ და უკვე ამტკიცებენ, რომ ევროპარლამენტის არჩევნებში დიდ წარმატებას მიაღწევენ ნაციონალ–კონსერვატორები, რადიკალი მემარჯვენეები და „ევროსკეპტიკოსები“, რომლებიც მანდატების 40% მოიპოვებენო. რუსეთის ხელისუფლებისთვის ასევე ძალზე მნიშვნელოვანია საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც შემდეგ ევროპულ ქვეყნებში გაიმართება: ავსტრია, ბელგია, დიდი ბრიტანეთი, ლიეტუვა, პორტუგალია, ჩრდილოეთ მაკედონია, საქართველო, ხორვატია და ჩეხეთი. საპრეზიდენტო არჩევნები კი რუმინეთსა და მოლდოვაში (ნოემბერი), ასევე ხორვატიაში (დეკემბერი) გაიმართება.

თუმცა მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე დრამატული მოვლენა, რა თქმა უნდა, იქნება ნოემბრის არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომლის შედეგებს ჯერ ვერავინ იწინასწარმეტყველებს. თუმცა ეჭვგარეშეა „კრემლი“ საკუთარ კანდიდატზე კვლავ იზრუნებს. ჩემი აზრით დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდი ისტორიაში დარჩება, როგორც პოპულიზმის არნახული ზეიმისა და ამავე დროს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო პრესტიჟის არნახული დაცემის წლები. იმ წლებში ამერიკის მტრები სიხარულს ვერ ფარავდნენ, ხოლო მეგობრები - წუხილს. დღესაც მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს ორად გახლეჩილი აშშ. ამ პოლიტიკური კრიზისით ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა პუტინი სარგებლობს: რუსეთის სპეცსამსახურები, რომლებიც „მღვრიე წყალში თევზის დაჭერის“ ოსტატები არიან, ახლაც მაქსიმალურად შეეცდებიან ფარულად ჩაერიონ საპრეზიდენტო არჩევნებში, რათა მათთვის სასურველი კანდიდატი, დონალდ ტრამპი, კვლავ პრეზიდენტი გახდეს. არ გაინტერესებთ როგორ მივიდა, ერთ დროს მსოფლიოში პოლიტიკური სტაბილურობით სამაგალითო ქვეყანა, ამ, მეგობრებისთვის გულდასაწყვეტ მდგომარეობამდე?

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ. წლების მანძილზე (განსაკუთრებით 2015 წლიდან) ყალბი აქაუნთებიდან ათასობით პოლიტიკური რეკლამა განთავსდა მხოლოდ „ფბ“–ზე. ამ ტექსტებში არ იყო პირდაპირი პოლიტიკური მოწოდებები, რომლებიც უშუალოდ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს შეეხებოდა. რუსეთის სპეცსამსახურები უფრო “დახვეწილ” მეთოდებს იყენებენ. “ტროლების” მიერ გაგზავნილი ტექსტები ეხებოდა აშშ ყველაზე რთულ და საჭირბოროტო სოციალურ-ეკონომიკურ და ეთნო-რელიგიურ საკითხებს (ვითომდა აფროამერიკელების დისკრიმინაციას და მუდმივ ჩაგვრას; “ლგბტ”-ს უფლებებს; იარაღის ტარების უფლების გაუქმებას და ა.შ.). “ტროლები” უფრო აღვივებდნენ და ამწვავებდნენ იმ პრობლემურ თემებს, რომლებიც ამერიკის საზოგადოებაში დაპირისპირების საგნად იყო ქცეული. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ტექსტების დიდი ნაწილი აშშ-ის კონკრეტულ რეგიონებსა და მოსახლეობის კონკრეტულ სოციალურ ჯგუფებზე იყო გათვლილი.

“ტროლების” მიზანი იყო აშშ საპეზიდენტო არჩევნების წინ ამერიკის მოსახლეობის სხვადასხვა სოციალურ და ეთნორელიგიურ ჯგუფებში ურთიერთდაპირისპირების და შუღლის მაქსიმალური გაღვივება. სულ რაღაც 150 ათასი დოლარის ღირებულების პოლიტიკურ რეკლამას დაახლოებით 130 მილიონი ამერიკელი გაეცნო ანუ რუსეთიდან მართული “ტროლები” “ტვინს უწამლავდნენ” აშშ-ის მოსახლების 40%-ზე მეტს! ამის შემდეგ “ფეისბუქის” ადმინისტრაციას ისღა დარჩენოდა, რომ პირდაპირ განეცხადებინა: 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში რუსეთიდან მართულმა ორგანიზაციებმა “ფეისბუქზე” ყალბი გვარებით შექმნეს და აქტიურად აქვეყნებდნენ პოსტებს, რათა გავლენა მოეხდინათ აშშ მოქალაქეებზეო. “ფბ”-ს მენეჯერებმა ისიც აღიარეს: ჩვენდა უნებურად კრემლის პროპაგანდისტურ ოპერაციებს ვუწყობდით ხელს და სოციალური მედია გამოყენებულ იქნა, როგორც საინფორმაციო იარაღიო. რუსეთის სპეცსამსახურების ეს ოპერაციები 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში ჩარევას ისახავდა მიზნად, რაც მათ წარმატებით შეძლეს და ორად გახლიჩეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის საზოგადოება.

picture2-1713250337.jpg

პუტინის გამოხედვა: „საქათმეში შეპარულა მელა...“

სოციალური ქსელების ფარული მანიპულირების საშუალებით საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნების მიღწევის მცდელობის გამო რუსეთის ხელისუფლება კიდევ ორ სერიოზულ დანაშაულშია მხილებული: ესაა სოციალური ქსელებით ფარული ზემოქმედება დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის რეფერენდუმზე და კატალონიის ესპანეთიდან დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოყოფის მხარდასაჭერად ასევე სოციალური ქსელების გამოყენება.

2017 წლის 15 ნოემბერს ბრიტანულმა გაზეთმა „თაიმსმა“ სენსაციური ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც 2016 წლის რეფერენდუმის დროს სოციალურ ქსელ ტვიტერის რუსმა მომხმარებლებმა, სულ რაღაც 48 საათის განმავლობაში, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის მხარდამჭერი 45 ათასამდე შეტყობინება გააგზავნეს. აღმოჩნდა, რომ ტვიტერის რუსი მომხმარებლების აქტივობამ კულმინაციას მიაღწია 23 და 24 ივნისს - ანუ კენჭისყრის დღეს და რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების დღეს.

რუსი ჰაკერები კატალონიის კრიზისში ჩარევაში ესპანეთის მთავრობამ დაადანაშაულა. როგორც ესპანეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მაშინ განაცხადა, სოციალური ქსელებით გავრცელებული სეპარატისტების მხარდამჭერი გზავნილების უდიდესი ნაწილი რუსეთის ტერიტორიიდან მოდიოდა და ჰაკერების კატალონიის კრიზისში ჩარევის მიზანი, ევროკავშირის ერთიანობის დარღვევა იყო.

2021 წლის მაისის ბოლოს, სოციალურმა ქსელმა Facebook-მა 2017-2020 წლებში დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ანგარიში გამოაქვეყნა. ამ სოციალურ ქსელში ცრუ ინფორმაციის განზრახ გავრცელების რაოდენობით, როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთი აღმოჩნდა აბსოლუტური ლიდერი. "ფეისბუკმა" ოთხ წელიწადში გაანადგურა „ტროლებისა და ბოტების ფერმების“ 150-ზე მეტი ქსელი, რომლებიც შეიქმნა და გამოიყენებოდა საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების მიზნით. ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ რუსეთი გახდა ლიდერი „დეზინფორმაციული ქსელების” რაოდენობით. ამავდროულად, რუსეთთან დაკავშირებული 27 ქსელიდან, "ფეისბუკის" ანალიტიკოსების აზრით, 15 ქსელი უკავშირდებოდა ინტერნეტ-კვლევის სააგენტოს (ე.წ. ტროლების ფერმას) და სკანდალურად ცნობილი რუსი ბიზნესმენის, შემდეგ ძალზე საეჭვო ავიაკატასტროფაში დაღუპული ევგენი პრიგოჟინის ფირმებსა და ორგანიზაციებს. 4 ქსელი უკავშირდებოდა რუსეთის სპეცსამსახურებს, 2 კი - მედიაკომპანიებს. ასევე, გამოავლინეს დეზინფორმაციის გავრცელების კოორდინატორი ერთი ქსელი, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან. რუსეთის მხრიდან თავდასხმები, ძირითადად, რუსეთის მეზობელ ქვეყნებზე და ნაწილობრივ - შეერთებულ შტატებზე იყო მიმართული. ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ 2017 წლიდან 2020 წლამდე დეზინფორმაციული თავდასხმების ყველაზე პოპულარული სამიზნეები იყო შეერთებული შტატები (27), უკრაინა და დიდი ბრიტანეთი (11-11).

ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ რუსეთი კვლავ ჩაერევა სსხვადასხვა ქვეყნებში დაგეგმილ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში? „ურწმუნო თომების“ საყურადღებოდ: 2024 წლის მარტის ბოლოს ჩეხეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მათ აღმოაჩინეს რუსეთის მიერ დაფინანსებული ფარული „გავლენის ქსელი“,

petr-bystron-afd-102-original-1713250406.jpg

პეტრ ბისტრონი

რომელიც ევროპაში რუსული პროპაგანდის გავრცელებასა და ევროპელი პოლიტიკოსების მოსყიდვას ეწეოდა. ამ სქემის ნაწილად დასახელდა საინფორმაციო საიტი „Voice of Europe“, რომლის ვებგვერდი რეგულარულად აქვეყნებდა ევროპელი პოლიტიკოსების მოწოდებებს უკრაინის სამხედრო–ფინანსური დახმარების შეწყვეტის მოთხოვნით, რისთვისაც მათ სოლიდურ თანხებს (ძირითადად კრიპტოვალუტით) უხდიდნენ. საუბარია გერმანიის, ბელგიის, საფრანგეთის, უნგრეთის, ნიდერლანდების და პოლონეთის პოლიტიკოსებზე.

ერთ–ერთი, ვისაც რუსეთის მიერ დაფინანსებულ პოლიტიკოსად თვლიან გერმანიის მემარჯვენე პოპულისტური პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აქტიური წევრი პეტრ ბისტრონია, რომელიც ამ პარტიის სიის მეორე ნომერია მიმდინარე წლის 9 ივნისს დაგეგმილ ევროპარლამენტის არჩევნებში. 51 წლის პოლიტიკოსი ჩეხოსლოვაკიაში დაიბადა და ბავშვობაში მშობლებთან ერთად გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად. 2017 წლიდან ბისტრონი გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი და „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წარმომადგენელია ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში. ის ეწინააღმდეგება უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას და მკვეთრად აკრიტიკებს კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობის კურსს.

(პირველი ნაწილის დასასრული)