რა მოხდება აქციებზე?! - როგორ უნდა ავიცილით თავიდან ყველაზე ცუდი სცენარი - კვირის პალიტრა

რა მოხდება აქციებზე?! - როგორ უნდა ავიცილით თავიდან ყველაზე ცუდი სცენარი

საქართველოში აქციები გრძელდება. გუშინ სიტუაცია დაიძაბა მას შემდეგ, რაც მომიტინგეებმა პარლამენტისთვის წრის დარტყმა სცადეს. დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელიდან გამოდიან ხოლმე და შესაბამისად, სპეცრაზმის რეაგირებამაც არ დააყოვნა. მათ მომიტინგეები არ აუშვეს უკანა შესასვლელთან და ცოტაღა დააკლდა, რომ მდგომარეობა უკიდურესად არ გამწვავებულიყო.

აქციები დღესაც არის დაგეგმილი. თან პარალელურად, პარლამენტში პლენალური სხდომა ჩატარდება. დაიძაბება თუ არა სიტუაცია დღესაც? ეს ორივე მხარეზეა დამოკიდებული. აქციის ორგანიზატორები უნდა ეცადნონ, რომ სამართალდამცველები „ჩიხში“ არ შეიყვანონ. ვგულისხმობთ იმას, რომ თუ ვინმე გადაწყვეტს საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირებას მაშინ, როდესაც იქ დეპუტატები არიან, შესაძლოა, სპეცრაზმმა ძალა გამოიყენოს. ოპოზიციის ლიდერებს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ.

თავის მხრივ, სამართალდამცველები უნდა შეეცადნონ, რომ არ გააღიზიანონ აქციის მონაწილეები. არ უნდა დაავიწყდეთ, რომ აქციაზე მშობლებს ბავშვებიც ჰყავთ მიყვანილი. შესაბამისად, პოლიცია მაქსიმალურად კორექტური და მომთმენი უნდა იყოს. შესაბამისად, ამ მხრივ პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომელმაც ზუსტი მითითები უნდა მისცეს სამართალდამცველებს.

სიტუაცია ჰგავს ორთქლით სავსე ქვაბს, რომელიც არასწორი მოპყრობის შემთხვევაში აფეთქდება. გასული წლის მარტის მოვლენებისას გადავრჩით და ბედი აღარ უნდა გამოვცადოთ.

კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რასაც ბევრჯელ ვწერდით. რუსეთი თავისი სპეცსამსახურებისა თუ მეხუთე კოლონის­ გამოყენებით აუცილებლად შეეცდება, რომ საქართველოში არსებული პოლარიზაცია, ბოლოს და ბოლოს, გადაიზარდოს უმართავ თუ მართვად ქაოსში. სიტუაცია თუ დაიძაბება, მათი მიზანი იქნება, რომ სისხლი დაიღვაროს და შემდეგ დომინოს პრინციპით აირიოს ქვეყანა. მერე უკვე პუტინი შემოვა აქ სიტუაციის "დასალაგებლად. ეს კი ნიშნავს, რომ ერთი ორმოცდაათი წლით მაინც უნდა გამოვემშვიდობოთ ევროინტეგრაციას. აი, ეს იქნება რუსეთში თავით ფეხებამდე დაბრუნება.

ამ საფრთხის თავიდან აცილების მთავარი "წამალია" არჩევნებამდე მშვიდობიანად მიღწევა და მისი ისე ჩატარება, რომ საზოგადოების უმრავლესობას არ გაუჩნდეს კითხვები მისი სამართლიანობის შესახებ. "ორთქლი" არჩევნებზე უნდა გამოვიდეს. მთავარი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას აკისრია.