ჩინელის სენსაციური წინასწარმეტყველება:"პუტინი ომს წააგებს!" - "რუსეთის პრეზიდენტს წინ მრავალი "შავი გედი" ანუ მოულოდნელი უსიამოვნება ელის" - კვირის პალიტრა

ჩინელის სენსაციური წინასწარმეტყველება:"პუტინი ომს წააგებს!" - "რუსეთის პრეზიდენტს წინ მრავალი "შავი გედი" ანუ მოულოდნელი უსიამოვნება ელის"

დიდი ბრიტანეთის პოპულარულ ყოველკვირეულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „რუსეთი, სავარაუდოდ, უკრაინასთან ომში დამარცხდება“ (ავტორი - ფენგ იუიძინი, პეკინის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი). პუბლიკაციაში გაანალიზებულია რუსეთ-უკრაინის ომის პერსპექტივა: ჩინელი მეცნიერ-პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ ომს კრემლი წააგებს.

თუ რატომ და რა მიზეზებით მოხდება მოსკოვის მარცხი, რა ფაქტორები მოახდენს გავლენას კრემლის კრახზე, ამას პუბლიკაციაში გაეცნობით, რომელსაც აქვე გთავაზობთ:

რუსეთ-უკრაინის ომი ორივე ქვეყნისათვის კატასტროფას წარმოადგენს, იმდენად, რამდენადაც არც ერთ მხარეს არ აქვს ჭარბი უპირატესობა და მათი პოლიტიკური პოზიციები დაზავების საკითხში დიამეტრალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან, საომარი მოქმედებები ახლო მომავალში არ შეწყდება. მაგრამ ერთი რამ აქედანვე ნათელია: ეს ომი გარდამტეხ მომენტს წარმოადგენს ცივი ომის დასრულების შემდეგ, რომელსაც ღრმა და გრძელვადიანი გლობალური შედეგები ექნება.

რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობაზე გავლენას ახდენს ოთხი ძირითადი ფაქტორი:

პირველი - უკრაინელთა წინააღმდეგობა და ეროვნული ერთიანობა, რომელიც ბოლო დრომდე უპრეცედენტოა;

მეორე - საერთაშორისო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რომელიც, მართალია, ბოლო დროს კიევის მოლოდინს არ ამართლებს, მაგრამ მაინც ფართო რჩება;

მესამე - თანამედროვე ომის ხასიათი, რომელშიც გამოიხატება ეკონომიკური ძლიერების, სარდლობის, კონტროლის, კავშირგაბმულობისა და დაზვერვის ურთიერთშეთავსებაში. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ დამარცხდება რუსეთი უკრაინასთან ომში, არის ის, რომ კრემლი ჯერ კიდევ ვერ გამოსულა დეინდუსტრიალიზაციის ეტაპიდან, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლამ გამოიწვია. და თუ ეკონომიკის დონე, დასავლეთთან შედარებით, ბევრად დაბალია, ეს გარემოება განაპირობებს რუსეთის სისუსტეს სხვა მახასიათებლებშიც.

მეოთხე - ინფორმაციის ფაქტორი. როცა საქმე გადაწყვეტილების მიღებამდე მიდის, ვლადიმერ პუტინი საინფორმაციო ხაფანგშია მოქცეული - პრეზიდენტი იმდენ ხანს არის ხელისუფლებაში, რომ მას მხოლოდ მისთვის სასურველ ინფორმაციებს აწვდიან. რუსეთის ლიდერს და მის გუნდს ეროვნული უშიშროების საკითხებში ხშირად ნამდვილი და ობიექტური სადაზვერვო ინფორმაცია არ გააჩნიათ. იმ სისტემაში, რომელსაც ისინი ხელმძღვანელობენ, არ არსებობს შეცდომების გამოსწორების ეფექტიანი მექანიზმი. ამ მხრივ მათი უკრაინელი კოლეგები უფრო მოქნილები და ეფექტიანები არიან.

ამ ოთხი ფაქტორის ერთობლიობა გარდაუვლად გამოიწვევს რუსეთის საბოლოო დამარცხებას. დროთა განმავლობაში კრემლი იძულებული გახდება, გავიდეს უკრაინის ყველა იმ ტერიტორიიდან, რომელიც მას აქვს ოკუპირებული, ყირიმის ჩათვლით. რუსეთის ბირთვული პოტენციალი წარმატების გარანტიად არ ჩაითვლება. აბა, გავიხსენოთ: განა ამერიკის შეერთებული შტატები, რომელსაც ბირთვული იარაღი აქვს, არ გავიდა კორეიდან, ვიეტნამიდან და ახლახან - ავღანეთიდან?

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას ომი ძალიან ძვირად უჯდება, უკრაინელი ხალხის ერთიანობამ და მტრის წინააღმდეგ გაწეულმა წინააღმდეგობამ გაფანტა მითები რუსეთის დაუმარცხებლობისა და სამხედრო ძლევამოსილების შესახებ. უკრაინას ჯერ კიდევ შეუძლია ფერფლისაგან აღდგომა: როცა ომი დასრულდება, კიევს შესაძლებლობა ექნება, რომ ევროკავშირში და ნატოში გაწევრდეს.

ომი რუსეთისათვის „შემობრუნების მომენტი“ გახდა. ომმა ვლადიმერ პუტინის რეჟიმის ფართო საერთაშორისო იზოლაცია გამოიწვია, კრემლი გარიყული აღმოჩნდა. ომის გამო რუსეთის ხელისუფლება შიდაპოლიტიკურ პრობლემებს წააწყდა - „ვაგნერის“ კერძო სამხედრო დაჯგუფების ამბოხება (პლუს ბელგოროდის ოლქში „რუსული ნაციონალისტური ლეგიონის“ მოქმედება) და ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში შექმნილი ეთნიკური დაძაბულობა, ტერორისტული აქტი მოსკოვში და ა.შ. - ეს ფაქტები იმას მოწმობენ, რომ რუსეთში პოლიტიკური რისკები ძალზე მაღალია. მართალია, ვლადიმერ პუტინი ამას წინათ ისევ იქნა არჩეული ქვეყნის პრეზიდენტად, მაგრამ სავარაუდოდ, მას წინ მრავალი „შავი გედი“ (ანუ მოულოდნელი უსიამოვნებები) ელოდება.

დამატებით იმ რისკებთან ერთად, რომლებიც ვლადიმერ პუტინის წინაშე დადგებიან (დგანან), უკრაინის მაგალითი თვალსაჩინოებას წარმოადგენს ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისათვის, რომ რუსეთის იმპერიული ამბიციები მათ დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობასაც ემუქრება. რაც დრო გადის, ისინი სულ უფრო მეტად აცნობიერებენ, რომ რუსეთის გამარჯვება საეჭვოა, ამიტომაც რუსეთის ორბიტას შორდებიან - სხვადასხვანაირი ტემპით და სახით, მაგრამ მაინც: ზოგი ეკონომიკურად, ზოგი კი საგარეო პოლიტიკის დაბალანსებით. რა თქმა უნდა, ასეთ ვითარებაში ის ევრაზიული ინტეგრაცია, რომელიც მოსკოვის გეგმებშია, სულ უფრო გაურკვეველი და ბუნდოვანი ხდება.

ამასობაში კი ომმა ევროპას ის უდიდესი საფრთხე აგრძნობინა და გააცნობიერებინა, რომელსაც რუსეთის აგრესია წარმოადგენს კონტინენტის უსაფრთხოებისა და საერთაშორისო წესრიგისათვის და რომელმაც ბოლო დაუდო ევროკავშირსა და რუსეთს შორის განმუხტვას ცივი ომის შემდეგ. დღეს ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ დაინახა და ნათლად გაიაზრა, თუ რა ილუზიები ჰქონდათ ვლადიმერ პუტინის რუსეთის მიმართ.

იმავდროულად, რუსეთ-უკრაინის ომმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსიც გამოიყვანა „ლეთარგიული ძილიდან“ და „ჩიხური სიტუაციიდან“, გაუცოცხლა „მკვდარი ტვინი“ - როგორც მასზე ორიოდე წლის წინათ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამბობდა. დღეს ნატოს თითქმის ყველა წევრი ქვეყანა თავის სამხედრო ბიუჯეტს ზრდის, ალიანსის სამხედრო ყოფნა აღმოსავლეთ ევროპაში ფართოვდება და ძლიერდება. შვედეთისა და ფინეთის ნატოს წევრებად მიღება ხაზს უსვამს ვლადიმერ პუტინის უუნარობას ალიანსის გაფართოების თავიდან აცილებაში.

ომი გაეროს უშიშროების საბჭოს სტრუქტურის ცვლილებაზეც მოახდენს გავლენას. ეს ორგანო საკმაოდ მოუქნელი და არაფექტიანია მსოფლიოში მშვიდობის დაცვის ძალისხმევის დროს - იმიტომ, რომ მისი ზოგიერთი მუდმივი წევრი ბოროტად სარგებლობს ვეტოს უფლებით და მათთვის არასასიამოვნო და არასასურველი მოვლენის (პრობლემის) განხილვას თავს არიდებს. ეს გარემობები საერთაშორისო საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევს და უშიშროების საბჭოს რეფორმის დაჩქარების შანსს ზრდის. მისი მუდმივი წევრები, ალბათ, გახდებიან გერმანია, იაპონია, ინდოეთი და სხვა ძლიერი სახელმწიფოები, ხოლო ხუთ დღევანდელ მუდმივ წევრს, სავარაუდოდ, ვეტოს უფლება აღარ ექნება. თუ რეფორმა არ განხორციელდება, უშიშროების საბჭოს პარალიზებული მდგომარეობა მსოფლიოს კიდევ უფრო სახიფათო მდგომარეობამდე მიიყვანს.

რაც შეეხება ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის ასპექტებს:

პეკინის მოსკოვთან დამოკიდებულებას სტაბილურად ვერ ჩავთვლით, რადგან მათზე ბოლო ორი წლის მოვლენებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს. მართალია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ახლახან პეკინში იმყოფებოდა და თავის კოლეგასთან შეხვედრისას ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობას, მაგრამ... ეს ვიზიტი უფრო იმის დიპლომატიური მცდელობა იყო, რომ კრემლს დასავლეთისათვის ეჩვენებინა - რუსეთი მარტო არ არის და რომ ორივე მხარეს ერთმანეთთან გულწრფელი მეგობრობა აკავშირებთ. გამჭრიახი დამკვირვებლები ხედავენ, რომ ჩინეთის პოზიცია რუსეთის მიმართ შეიცვალა - „საზღვრების არარსებობიდან“ (რომელიც ომამდე, 2022 წელს არსებობდა) „ტრადიციული პრინციპების“ დაფიქსირებამდე, რომლებიც გამოიხატება მიუმხრობლობით, არაკონფრონტაციულობითა და მესამე მხარისადმი მუქარის არარსებობით“.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ოფიციალურად არ მიერთებია დასავლეთის მიერ გამოცხადებულ ანტირუსულ სანქციებს (ემბარგოს), პეკინი პრაქტიკულად აღნიშნული ემბარგოს პირობებს მეტ-ნაკლებად მაინც იცავს. მართალია, ჩინეთმა 2023 წელს 100 მილიონ ტონაზე მეტი რუსული ნავთობის იმპორტი განახორციელა, მაგრამ ეს რაოდენობა იმაზე ოდნავ მეტია, რასაც პეკინი ომამდე ახდენდა. ჩინეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვა დასავლეთისათვის სასარგებლოცაა - თუ „ცისქვეშეთი“ რუსული ენერგოშემცველების იმპორტს შეწყვეტს და მის ნაცვლად ნავთობს სხვა ქვეყნებში შეისყიდის, ამ ფაქტს, რასაკვირველია, მსოფლიო ფასების ზრდა მოჰყვება, რაც მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას მოახდენს მსოფლიო ეკონომიკაზე. ცხადია, ასეთი პერსპექტივა დასავლეთისათვის მიუღებელია.

ჩინეთმა ომის დაწყებიდან დიპლომატიური შუამავლობის ორი რაუნდი განახორციელა, რომელთა წარმატება, თითქოსდა, შეუმჩნეველი აღმოჩნდა, მაგრამ მსოფლიოში არავინ ეჭვობს იმას, რომ ჩინეთს მართლაც სურს ამ წყეული ომის დასრულება მოლაპარაკების გზით. პეკინის ასეთი სურვილი იმას მოწმობს, რომ ჩინეთი და რუსეთი ერთმანეთისაგან ძალზე განსხვავებულ ქვეყნებს წარმოადგენენ: რუსეთი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს საერთაშორისო და რეგიონულ უსაფრთხოებას, ჩინეთი კი ისწრაფვის ომის შეწყვეტას მოლაპარაკების გზით.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთი კვლავ აგრძელებს უკრაინის „კრიტიკული ინფრასტრუქტურის“ განადგურებას და, როგორც ჩანს, მზადაა ომის შემდგომი ესკალაციისთვის, კორეული სტილით მოლაპარაკებისა და ომის შეწყვეტის შანსი ნაკლებად სავარაუდოა. რუსეთის პოლიტიკურ სისტემასა და იდეოლოგიაში ფუნდამენტური ცვლილებების არარსებობის ფონზე კონფლიქტი შეიძლება, მხოლოდ დროებით „გაიყინოს“. მაგრამ ომის „გაყინვა“ რუსეთისათვის იმას ნიშნავს, რომ კრემლი საომარი მოქმედებების ახალი ძალით გასაგრძელებლად „სულის მოთქმის“ შესაძლებლობას მიიღებს, რაც მსოფლიოსათვის კიდევ უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო