"ბატონო კობა, ტირით?" - რამ აატირა კობა ხაბაზი 9 აპრილზე საუბრისას და რას გრძნობს როცა ესმის - "მადლობა თავისუფლებისთვის"! - კვირის პალიტრა

"ბატონო კობა, ტირით?" - რამ აატირა კობა ხაბაზი 9 აპრილზე საუბრისას და რას გრძნობს როცა ესმის - "მადლობა თავისუფლებისთვის"!

"დღემდე თვალებში მიდგას როგორ მისდევდა სამხედრო მანქანას კოჭლობით, საქართველოს გატეხილტარიანი დროშის ფრიალით"

35 წლის წინ, 9 აპრილს საქართველოს დედაქალაქში, დამოუკიდებლობის მოთხოვნით რუსთაველის გამზირზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა...

"დღეს დიდი თუ პატარა, მოხუცი თუ ახალგაზრდა, ნებისმიერი თაობის, ნებისმიერი თანამდებობის, ნებისმიერი მიმართულების ადამიანი მხოლოდ ერთზე ფიქრობს - საქართველომ უნდა მოიპოვოს დამოუკიდებლობა! საქართველო ღირსია სრული თავისუფლების! საქართველო ღირსია იმის, რასაც მიაღწიეს მსოფლიოში ყველაზე განვითარებულმა, ყველაზე დემოკრატიულმა და ჰუმანურმა ერებმა! მეგობრებო, ჩვენს ყველა მიტინგსა და დემონსტრაციაზე ამ დღის შემდეგ პირველ მოთხოვნად ვაქცევთ საქართველოს სრული დამოუკიდებლობის და საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლის მოთხოვნას!" - ამ სიტყვებით მიმართა მერაბ კოსტავამ მთავრობის სასახლის წინ შეკრებილ ადამიანებს.

მერე იყო რუსული, ორლესული მახვილი, ქართველების სისხლი და მოუშუშებელი იარები... მშვიდობიანი აქცია საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა დაარბიეს. თავისუფლების მოთხოვნით შეკრებილებს, დილის 4 საათზე, კრემლის მითითებით დაესხნენ თავს. საბჭოთა ჯარისკაცებმა მშვიდობიან მომიტინგეებს გზა მძიმე ტექნიკით, ტანკებით ჩაუხერგეს, შემდეგ კი დემონსტრანტებს ნიჩბებითა და მხუთავი აირით გაუსწორდნენ. კრემლის მითითებით მიტინგი დაარბიეს ტელევიზიასთანაც, სადაც ეროვნული მოძრაობის ლიდერთა ერთ ნაწილთან ერთად მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ შეკრებილები.

435073926-388133437532572-7240889093874074882-n-copy-1713164534-1713255841.jpg

9 აპრილის აქციის დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა: აქედან 17 ქალი და 4 მამაკაცი. გარდაცვლილებს შორის იყვნენ არასრულწლოვნებიც. 4 ათასზე მეტი დემონსტრანტი სხვადასხვა ტრავმით საავადმყოფოში მოათავსეს. დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე მოქალაქე.

ზუსტად ერთი წლის თავზე ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტმა ვაცლავ ჰაველმა ამ სიტყვით გადაუხადა მადლობა ქართველ ხალხს: "9 აპრილის მოვლენებმა საქართველოში დააჩქარა იმპერიის დაშლა, ხელი შეუწყო არა მარტო სსრკ-ის შემადგენლობაში მყოფი რესპუბლიკების გათავისუფლებას, არამედ აღმოსავლეთ ევროპას, რის შემდგომ კრემლს უჭირდა გადაწყვეტა, გამოეყენებინა თუ არა ძალა ანალოგიურ შემთხვევაში, ხედავდა რა მსოფლიო საზოგადოების უკიდურესად მწვავე რეაქციას".

ამ ტრაგიკულ და ამავდროულად, გამარჯვების დღესთან დაკავშირებით საკუთარ მოგონებებსა და დამოკიდებულებებს გვიზიარებენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ფიქრია ჩიხრაძე და უკრაინაში მებრძოლი ქართველი პოლიტიკოსი კობა ხაბაზი.

ფიქრია ჩიხრაძე:

- თქვენ იცით, რომ 9 აპრილის პროტესტს წინ უძღოდა გართულებები აფხაზეთში, ე.წ. ლიხნის შეკრება - აფხაზების ერთმა ჯგუფმა შეადგინა პეტიცია და საბჭოთა კავშირის ცენტრალურ კომიტეტს მიმართა, რომ აფხაზეთი გამოეყოთ საქართველოსგან და მიეერთებინათ რუსეთისთვის. ამან, რა თქმა უნდა, აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს შორის ვნებათაღელვა გამოიწვია, შესაბამისად - დაიწყო პროტესტი. თბილისიდან ჩავიდნენ ეროვნული მოძრაობის ლიდერები: მერაბ კოსტავა, ირაკლი წერეთელი... აქციაზე სიტყვით გამოდიოდა ადგილობრივი ლიდერი, "ჭავჭავაძის საზოგადოების" წარმომადგენელი ვოვა ვეკუა (რომელიც შემდეგ მოკლეს). მოთხოვნა იყო, აფხაზეთის მაშინდელი ხელისუფლება და ე.წ. ლიხნის შეკრების მოთავეები დასჯილიყვნენ. 3 აპრილს სოხუმში შეწყდა დიდი აქცია და ვნებათაღელვა თბილისში დაიწყო, გამოითქვა განსხვავებული მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებული პროტესტი საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნაში გადაზრდილიყო. შეკრებები იყო სხვადასხვა უნივერსიტეტში, აუდიტორიაში და საბოლოოდ გადაწყდა, რომ აქციები საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გაგრძელებულიყო. მთავრობის სასახლის პარალელურად, აქციები იმართებოდა სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ, ასევე სამედიცინო უნივერსიტეტთან, ტელევიზიასთან... ისეთი განცდა იყო, თითქოს საპროტესტო მუხტმა მთელი ქალაქი მოიცვა. ასე გრძელდებოდა 5, 6, 7 აპრილის განმავლობაში. ბევრი ცნობილი ადამიანი ტელეეკრანიდან სიფრთხილისკენ მოგვიწოდებდა.

434538579-1069882420760276-8693513416827348623-n-copy-1713164517-1713255820.jpg

- როდის და რა ვითარებაში გაიგეთ, რომ დედაქალაქში რუსული სადამსჯელო რაზმი ჩამოიყვანეს?

- 5-6 აპრილს უკვე გავრცელდა ხმა, რომ სადღაც რუსული არმიის ტექნიკა იყო მობილიზებული. 7 აპრილის საღამოს, სანაპიროზე ტანკები გამოჩნდა. გადაწყდა, რომ ყველა ერთად, რუსთაველის გამზირზე შევკრებილიყავით და თუ რამე მოხდებოდა, განსაცდელს გაერთიანებული ძალებით დავხვედროდით. უნივერსიტეტის სტუდენტებს, კინო "რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორია გვერგო. 7 აპრილის ღამე მშვიდად გავათენეთ და 8 აპრილის დილას ისევ ჩვენს ადგილს დავუბრუნდით, უნივერსიტეტის კიბეს, იმ განზრახვით, რომ საღამოს ისევ რუსთაველზე დავბრუნდებოდით. საღამოს უნივერსიტეტში ზურა ჭავჭავაძე და მერაბ კოსტავა მოვიდნენ. მერაბს, როგორც სჩვეოდა, შეფიქრიანებული და მტკიცე სახე ჰქონდა. აბა, ახალგაზრდებო, ხომ არ გეშინიათო? - მოგვმართა. მის სიტყვებს საოცარი ძალა ჰქონდა. იყო მოლოდინი, რომ რაღაც მოხდებოდა, მაგრამ ასეთ დიდ უბედურებას არ ველოდით. 8-ში საღამოს, ჩვენი გოგო-ბიჭები რუსთაველისკენ რომ დაიძვრნენ, მე და ჩემმა მეგობარმა დამლაგებლებს ცოცხები გამოვართვით და კიბე დავგავეთ იმ განცდით, რომ დილით დავბრუნდებოდით და იქაურობა დასუფთავებული დაგვხვდებოდა, მერე კი რუსთაველზე წავედით. მე და თეა ბერძენიშვილი მის სახლში, იქვე ახლოს, სოლოლაკში მივდიოდით და მოვდიოდით, მომიტინგეებისთვის ყავა მიგვქონდა. ამასობაში თავისუფლების მოედანზე, ინგოროყვას ქუჩის მხრიდან შეჯავშნული ავტობუსები გამოჩნდა. ცხადად დავინახეთ, რომ ამ ავტობუსებში შეიარაღებული ადამიანები ისხდნენ, მაგრამ რატომღაც არ შეგვეშინდა. შუაღამე რომ გადავიდა, დაახლოებით 3 საათიდან ხალხმა შეთხელება დაიწყო. როცა მივიჩნიეთ, რომ საფრთხე უკვე გადავლილი იყო, სწორედ მაშინ გამოჩნდნენ ტანკები...

- თქვენ როგორ გამოაღწიეთ?

- ხმაური და პანიკა რომ დაიწყო, - მოდიანო, ყველა სადღაც დავიფანტეთ, ერთმანეთს ვეღარ ვპოულობდით. დილის 7 საათამდე გაგრძელდა ეს ქაოსი... მერე შინ მივირბინე, ჩემები დავამშვიდე, რომ ცოცხალი ვიყავი და უნივერსიტეტისკენ წავედი. უკვე იქაც ტანკები დამხდა, გადაჭედილი იყო იქაურობა, უნივერსიტეტთან ახლოსაც აღარ მიგვიშვეს. იმის მერე, ჩემს მეგობრებს სულ ვეკითხები, მართლა ისეთი ბნელი დღე იყო 9 აპრილი თუ მხოლოდ ჩემს მეხსიერებას შემორჩა ასეთად-მეთქი? დღემდე მაქვს განცდა, რომ იმ დღეს ქალაქს შავი ღრუბელი ადგა თავს.

- თუ იყო ისეთი კონკრეტული მომენტი, რამაც თქვენზე განსაკუთრებული გავლენა იქონია?

- დიახ, უნივერსიტეტთან რომ აღარ მიგვიშვეს, კეკელიძის ქუჩის კუთხესთან დავიწყეთ შეკრება, სპონტანურად მოდიოდა იქ ხალხი... მხოლოდ ის ვიცოდით, რომ ბევრი ადამიანი დაიღუპა, მაგრამ წარმოდგენა არ გვქონდა, ვინ იყვნენ გარდაცვლილები ან ვინ გადარჩა... იქვე ახლოს დათო ტურაშვილი იდგა, კოჭლობდა და ხელში საქართველოს გატეხილტარიანი დროშა ეჭირა... მელიქიშვილის მხრიდან სამხედრო, საბარგო მანქანა ამოვიდა და ვარაზის ხევისკენ ჩაუხვია. ამ მანქანის ძარიდან რუსმა სამხედროებმა დამცინავად გადმოგვხედეს და უცებ დათო ადგილს მოსწყდა, დღემდე თვალებში მიდგას როგორ მისდევდა სამხედრო მანქანას კოჭლობით, საქართველოს გატეხილტარიანი დროშის ფრიალით. ალბათ სიცოცხლის ბოლომდე არ დამავიწყდება განწირული მისი ეს ქმედება. მერე იყო გადაბმული კოშმარი... მოდიოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ათასობით ადამიანი დაიხოცა, რომ ვიღაცები მორგში იყვნენ და ოჯახებს არ აჩვენებდნენ; რომ ვიღაცები მტკვარში გადაყარეს და ა.შ. რაც ყველაზე უცნაური იყო, ვრცელდებოდა ინფორმაცია კონკრეტული ადამიანების სახელით, გვარებითა და მისამართებით. რამდენიმე ჯგუფად ვიყავით გაყოფილი, დავდიოდით მისამართებზე და ვამოწმებდით, რამდენად შეესაბამებოდა ინფორმაცია სინამდვილეს. გვარ-სახელები და მისამართები ერთმანეთს ემთხვეოდა, მაგრამ უცნაური ის იყო, რომ ეს ადამიანები უმთავრესად პატიმრები ან ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტები იყვნენ. მე და ჩემი მეგობრები დღემდე ვფიქრობთ, რომ ეს მიზანმიმართული ქმედება იყო პანიკის დასათესად, ხალხის დასათრგუნად... დღემდე ვერ მოვიშორე ის საშინელი განცდა, რაც იმ კოშმარულ დღეებში გამიჩნდა. ყოველ 8 აპრილს, განსაკუთრებით საღამოს გული მიმძიმდება და ყველა ის ტკივილი, შიშისა თუ ბრაზის განცდა მიახლდება, რაც 9 აპრილს და მის შემდგომ დღეებში გამოვიარე.

koba-xabazi-1663593432.jpg

კობა ხაბაზი:

- 35 წლის მანძილზე წელს პირველად ვერ მოვახერხე 9 აპრილის მემორიალთან გავსულიყავი, ჩემს მეგობრებთან ერთად. ჩემს გულში, ჩემს ფიქრებში ბოდიშს ვუხდი დაღუპულ გმირებს: ჩემს მეგობრებს, თანატოლებს, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ, რომ მე უკრაინიდან ვაგრძელებ ზუსტად იმ იდეისთვის ბრძოლას, რასაც ისინი შეეწირნენ. ვინც დღემდე ვერ ხვდება, მათთვის კიდევ ერთხელ ვიტყვი, - ჩვენ აქ არ ვიბრძვით მხოლოდ უკრაინის დასაცავად, ჩვენ აქ საქართველოს მომავლისთვის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთო მტრის, ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ ვიბრძვით. 9 აპრილმა სათავე დაუდო საბჭოთა კავშირის ნგრევას, ამ დღეს გაითავისეს ადამიანებმა თავისუფლების ფასი და რა თქმა უნდა, ეს დღე მთელი საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენთვის, 9 აპრილის მონაწილეებისთვის კიდევ უფრო დიდი და ამაღლებულია. ჩვენ დიადი მერაბის ფერხთით ვისხედით, მიტინგების წამყვანები ვიყავით, სიტყვით გამოვდიოდით, ჯავშანტრანსპორტიორს ბორბლებში ვუვარდებოდით, ვმღეროდით, ვცეკვავდით... შემდეგ იყო ტყვიები, მომწამვლელი გაზი, ნიჩბები და შიში იმისა, ხომ არ გატყდა საქართველო? შემდეგ სისხლით შეძრწუნებული მზის ამოსვლა და თბილისის ქუჩები, აივნებიდან, ფანჯრებიდან გადმოფენილი შავი დროშები ნიშნად არდამარცხებისა, ნიშნად დაღუპული გმირების პატივისცემისა და ბრძოლის გაგრძელებისა... ჩემთვის 9 აპრილი ბრძოლის ჰიმნია. ჰიმნი ხომ ზოგადად სიტყვებით იქმნება, მაგრამ ჩემთვის 9 აპრილი ქართველების ბრძოლით შექმნილი ჰიმნია. ასეთი ერთიანი, ერთ მუშტად შეკრული ქართველი ერი არც მანამდე და არც მერე არ მინახავს. როგორც მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა რომან გვენცაძემ თქვა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი პოლიცია რუსთაველსა და თავისუფლების მოედანზე იყო მობილიზებული, იმ დღეებში თბილისში დანაშაული არ მომხდარა.

- შემდეგ იყო მცდელობა, რომ ეროვნული ლიდერები მიტინგიდან გაქცევაში დაედანაშაულებინათ.

- ეს იყო უდიდესი ცინიზმი და უნამუსობა. სხვაზე არაფერს ვიტყვი, მერაბ კოსტავა და გაქცევა?! ამ ადამიანმა წინააღმდეგობის მოძრაობის ეპოპეა შექმნა. იცით, უკრაინაში როგორ აფასებენ?! ერთხელ ლეგენდარულ დისიდენტთან, მუსტაფა ჯამილევთან (ოთხჯერ იყო პოლიტპატიმარი კომუნისტების დროს) საუბრისას ვთქვი, რომ მერაბ კოსტავამ თავის შვილობილად მაღიარა და ეს კაცი მუხლებზე დამიდგა. კიევში, მაიდნის მოვლენების დროს გავიცანი და უკვე პარლამენტის წევრი იყო. ევროპელი პრეზიდენტები მერაბს რკინის კაცად მოიხსენიებდნენ. ამაზე რატომღაც საქართველოში თითქმის არ ლაპარაკობენ.

- თქვენი თვალით დანახული 9 აპრილის ღამე როგორი იყო? პირადად თქვენ სად იყავით და როგორ დააღწიეთ თავი რუსულ ორლესულ ნიჩბებს?

- რა დღიდანაც დაიწყო საპროტესტო აქციები, იმ დღიდან იქ ვიყავი, 7 აპრილს ტექნიკური უნივერსიტეტის მიტინგი მიმყავდა, 8 აპრილს მთავრობის სახლის წინ გამოვედი სიტყვით და ღამეც იქ დავრჩი. ჩემი თვალით ვნახე, რა ჯოჯოხეთიც დაატრიალეს რუსებმა. ეს არ იყო მიტინგის დაშლა, ეს იყო ქართველების ჩეხა რუსული ნიჩბებით. წინადღეს, როდესაც რუსული ჯავშანტექნიკა შემოიყვანეს თბილისში, რამდენიმე სტუდენტი ბორბლებში ჩავუწექით ტანკებს. მეორე დღეს ყველაფერი უფრო მობილიზებული და გათვლილი ჰქონდათ. სოლისებურად შემოიჭრნენ მომიტინგეებში. იყო მცდელობა, მთავრობის სახლისკენ მიედენათ აქციის მონაწილეები და მერე იქ შეჭრა დაებრალებინათ. ქართულმა პოლიციამ იყოჩაღა, პარლამენტის შენობის შესასვლელები ჩახერგა და ასე აგვარიდა თავიდან ერთი დიდი პროვოკაცია. მომიტინგეების ერთი ნაწილი, მათ შორის მეც, ჯერ რუსთაველის მიმართულებით გადავედით, მერე ფილარმონიასთან შევჩერდით. ცოტა ხანს დავყოვნდით, მაგრამ მალე იქაც მოაღწიეს რუსმა ჯალათებმა და ჩვენ უნივერსიტეტისკენ გავიქეცით. ერთხანს შენობაში შევედით, მერე მე, ირაკლი წერეთელი და აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე ვარაზის ხევით ზოოპარკში ჩავედით. საბოლოოდ ჩუღურეთში მივედით, რომ იქ დაგვეგეგმა შემდგომი პროტესტი. ვეღარ მოვასწარით, დაგვაკავეს.

download-25-copy-1713164476-1713255868.jpg

- ვინ დაგაკავათ, ქართული პოლიცია იყო?

- კი, ქართული უშიშროებიდან იყვნენ. სულ ოთხი კაცი დაგვაკავეს: მე, ირაკლი და აქციის კიდევ ორი მონაწილე. დაგვაცალკევეს და ოთხივე სხვადასხვა მიმართულებით წაგვიყვანეს. კლასიკური მეთოდით დამკითხეს, - ცუდმა და კარგმა პოლიციელმა. მეცინებოდა... სხვათა შორის, ხუთი წლის წინ ჩემი ერთ-ერთი ნათესავის ქორწილში, ასაკოვანმა თამადამ ჩემი სადღეგრძელო დალია. გაოცებულმა ვიკითხე, რა ხდება-მეთქი? ამ კაცმა მითხრა, - საქართველოში ჩემზე კარგად შენ არავინ გიცნობსო. ბოლოს გამიმხილა, ძველი უშიშროების თანამშრომელი ვარ, 9 აპრილს რომ დაგაკავეს, მეც იქ ვიყავი და დღემდე კარგად მახსოვს, როგორ პასუხობდი კითხვებს, როგორი შემართება გქონდა. შენ რომ გისმენდი, მივხვდი, რომ საქართველო მართლა მალე გახდებოდა დამოუკიდებელი ქვეყანა. მეც მალევე დავწერე პატაკი და წამოვედი იქიდანო. მაშინაც ცრემლები მომადგა და ახლაც გული ამიჩუყდა ამის გახსენებაზე...

ბევრი რამის გახსენება შეიძლება 9 აპრილსა და შემდგომ დღეებთან დაკავშირებით, მაგრამ როგორ გინდა ის ემოცია და სულისკვეთება გადმოსცე, რაც მაშინ ადგილზე ტრიალებდა?! როგორ გადმოგცეთ ის, რაც მაშინ ვიგრძენი, როდესაც ქალბატონები სიმღერას - "დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს..." მღეროდნენ (ხმის ტონალობაზე მივხვდი, რომ კობა ხაბაზი ტიროდა. - ავტ.)?!

- ბატონო კობა, ტირით?

- ერთ მუშტად შეკრული საქართველო მიყვარს და მენატრება... 9 აპრილის მონაწილეებს ხშირად მოგვისმენია: "მადლობა თავისუფლებისთვის"! ვაღიარებ, სასიამოვნო განცდაა ამ სიტყვების მოსმენა, მაგრამ ამას სჯობს, ყველა, როგორც ერთი გამოხვიდეთ და იბრძოლოთ თავისუფლებისთვის, იბრძოლოთ საქართველოსთვის! მე კი ჩემი მხრიდან პირობას ვდებ, ოკუპანტებს აქ ბლომად ნაღმს გავუგზავნი!

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი "გზა"