გამაოგნებელი ამბავი: ალექსანდრე მაკედონელის შეიარაღება უკრაინის ომში - ვის გაერჭობა კალტროპი?! - კვირის პალიტრა

გამაოგნებელი ამბავი: ალექსანდრე მაკედონელის შეიარაღება უკრაინის ომში - ვის გაერჭობა კალტროპი?!

ვინმე წარმოიდგენდა, რომ ჩვენ წელთარღიცხვამდე 313 წელს ალექსანდრე მაკედონელის არმიის მიერ წარმატებულად გამოყენებული იარაღით 23 საუკუნის შემდეგ არანაკლები წარმატებით უკრაინელი მეომრები პუტინის რუს ოკუპანტებს შეებრძოლებოდნენ და დიდ თავის ტკივილს გაუჩენდნენ მათ?

მაშინ, ჩვენ წელთარღიცხვამდე მე-4 საუკუნეში, ალექსანდრე მაკედონელის არმიამ სპარსელი ცხენოსნების წინააღმდეგ იმ დროის „ნოუ-ჰაუ“ იარაღი -კალტროპი გამოიყენა...

2-kar-1713265666.png
უძველესი კალტროპის ერთ-ერთი სახეობა...

კალტროპი, ძირითადად, ოთხი ბასრი თავის მქონე ლურსმნის ან რაიმე მეტალისგან შედგება და ისეა ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ როდესაც სამი მათგანი მიწას ეხება, მეოთხე ყოველთვის აშვერილია მაღლა. კალტროპებს იყენებდნენ მოწინააღმდეგის ცხენების, აქლემების, საბრძოლო სპილოების და მეომრების წინააღმდეგ, რათა შეეზღუდათ მათი სწრაფი გადაადგილება.

როდესაც ომებში საბრძოლო ტექნიკა გამოჩნდა, კალტროპმა ნაწილობრივ დაკარგა თავის დანიშნულება, რადგან ტანკისა და ჯავშანმანქანების მუხლუხოებს ის ბევრს ვერაფერს დააკლებდა, მაგრამ ბრძოლის ველზე ხომ ბორბლებიანი სამხედრო ტექნიკაც გადაადგილდება და საბურავებისთვის კალტროპები ნამდვილ რისხვად გადაიქცნენ...

მათ იყენებდნენ პირველ და მეორე მსოფლიო ომებშიც, მაგრამ უკრაინის ფრონტზე კალტროპების დაბრუნება მაინც დიდ მტკივნეულ სიურპრიზად გადაიქცა რუსი ოკუპანტებისთვის...

3-kar-1713265619.png
თანამედროვე კალტროპი, რომლებსაც უკრაინული დრონები ფრონტის ხაზის სიღრმეში რუსი ოკუპანტების სატვირთო ავტომობილებს უფანტავენ წინ...

უკრაინელი სამხედროები, რომლებიც შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების სერიოზულ დეფიციტს განიცდიან რუს ოკუპანტებთან უთანასწორო, გახანგრძლივებულ ომში, ცდილობენ, ახალი გზები და საშუალებები გამონახონ მტრისთვის რაც შეიძლება მეტი დანაკლისის მისაყენებლად.

და სწორედ ჩვენს წელთარღიცხვამდე მოგონილი კალტროპები იქცა ასეთ გამოსავლად, ოღონდ - მათი საბრძოლო გამოყენების ახალი ტაქტიკით...

უშუალოდ ფრონტის ხაზზე კალტროპების დაყრას დიდი ეფექტი არ აქვს, რადგან ბრძოლის ველზე საკმაოდაა მიმობნეული აფეთქებული ჭურვების ათასნაირი ნამსხვრევი, რომლებიც ისედაც აზიანებენ საბურავის რეზინას - ამიტომაც უკრაინის დამცველებმა ახალ ტაქტიკას მიაგნეს: ისინი კალტროპებს ფრონტის ხაზის ზურგში, გზებზე უყრიან რუსი ოკუპანტების სატვირთო ავტომობილებსა და ჯავშანტრანსპორტიორებს და ამას... დრონებიდან აკეთებენ!

4-kar-1713265582.png
რუსი ოკუპანტების „ურალის“ დაფლეთილი მაცხენა წინა საბურავი უკრაინული დრონიდან ჩამოგდებულ კალტროპზე გადავლის შემდეგ...

მოწინააღმდეგის ზურგში მალულად შეფრენილი უკრაინული დრონი მინიბომბების ნაცვლად ასფალტირებულ გზებზე ან სულაც შარაგზებზე სიმაღლიდან „ფანტავენ“ კალტროპებს - ფრონტის სიახლოვეს, როგორც წესი, ტექნიკა დიდი სიჩქარით გადაადგილდება, რათა მოწინააღმდეგემ ადვილად ვერ ამოიღოს სამიზნეში, ამიტომაც სწრაფად მიმავალი ბორბლებიანი მანქანების მძღოლები ვერ ასწრებენ რეაგირებას, თუკი საერთოდ მოასწრეს გზაზე მიმოფანტული პატარა კალტროპების შემჩნევა...

1-kar-1713265464.png

კალტროპზე გადავლილი საბურავი გადასაგდები ხდება, მაგრამ სანამ საბურავს გამოცვლიან, ეს მანქანა უძრავად დგას და შესაბამისად, კამიკაძე-დრონის იოლი ლუკმა შეიძლება გახდეს...

კალტროპების დამზადება რთული არ არის, რუს ოკუპანტებს დრონებიც საკმაოდ მოეპოვებათ და ამიტომაც, მოსალოდნელია, რომ უკრაინელების მიერ 23 საუკუნის წინანდელი იარაღის „გაცოცხლების“ იდეას პუტინის არმიაც „მოიპარავს“...