მძიმე სამშაბათი - ე.წ. წიწაკის სპრეი, "ალყაში" მოქცეული დეპუტატები და სალომე ზურაბიშვილის დემარში - კვირის პალიტრა

მძიმე სამშაბათი - ე.წ. წიწაკის სპრეი, "ალყაში" მოქცეული დეპუტატები და სალომე ზურაბიშვილის დემარში

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო მუხტი არ წყდება. მეორე დღეა ქვეყნის მთავარ გამზარზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ ათასობით ადამიანი გამოდის არასამთავრობო ორგნიზაციებთან და ოპოზიციურ პარტიებთან ერთად.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, 16 აპრილის აქციაზე სამართალდამცველების მიერ კანონდარღვევისათვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 11 პირი.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ფიზიკური დაპირისპირების აღსაკვეთადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა სპეციალური საშუალება - ე.წ. წიწაკის სპრეი.

„ რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის დროს, მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან არაერთი მოწოდებისა აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ, პროტესტი გამოეხატათ კანონით დადგენილ ფორმებში და არ განეხორციელებინათ ძალადობრივი ქმედებები, აქციის წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პოლიციელებს და მათი მიმართულებით ისროლეს სხვადასხვა ბლაგვი საგანი, მათ შორის, ქვები და ბოთლები.

აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი რომელიც გადაყვანილია კავკასიის მედიცინის ცენტრში. ასევე, დაზიანებულია სამინისტროს კუთვნილი ავტომობილი. ფიზიკური დაპირისპირების აღსაკვეთადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა სპეციალური საშუალება - ე.წ. წიწაკის სპრეი.

აღსანიშნავია, რომ აქციის მსვლელობისას პარლამენტის უკანა შესასვლელთან სიტუაცია არაერთხელ დაიძაბა მაშინ, როცა ჩიტაძის ქუჩაზე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა განლაგდა და აქციის მონაწილეები სპეცრაზმელებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.

სახალხო პროტესტის პარალელურად საქართველოს პრეზიდენტი მკვეთრად გამოხატავს თავის პოზიციას და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მიმართავს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის.

ხელისუფლების დაჟინება, რომ გაიტანოს ეს კანონი მოსახლეობის სურვილის საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, პირდაპირი პროვოკაციაა,- ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შექმნილ ვითარებას.

დეპუტატებმა საქართველოს პარლამენტის შენობა სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ გაკეთებული კორიდორის საშუალებით დატოვეს.დეპუტატების გამოსვლამდე სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებისგან გზა გაათავისუფლა.უმრავლესობის დეპუტატებს აქციის მონაწილეები შეძახილებით და სტვენით შეხვდნენ.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა 17 აპრილს გაგრძელდება.