სენსაციური სტატია: "რუსეთ-უკრაინის ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა" - როგორ დასრულდება ყველაზე დიდი კონფლიქტი მსოფლიოში - კვირის პალიტრა

სენსაციური სტატია: "რუსეთ-უკრაინის ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა" - როგორ დასრულდება ყველაზე დიდი კონფლიქტი მსოფლიოში

„რუსეთ-უკრაინის ომი შეიძლებოდა, მოლაპარაკების გზით თავიდან აცილებულიყო", - წერს აშშ-ის გაზეთ The Hill-ში ექსპრეზიდენტ ჯორჯ ბუში-უმცროსის ყოფილი მრჩეველი რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში, თომას გრემი, - "მაგრამ ვაშინგტონმა უსაფრთხოების სფეროში მოსკოვის ინტერესების სრული იგნორირება მოახდინა“. სტატია გამოქვეყნებულია სათაურით - „უკრაინის ომის უაზრობა და უპერსპექტივობა სულ უფრო აშკარა ხდება“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

რუსეთ-უკრაინის ომის უდიდესი ტრაგედია იმაში გამოიხატება, რომ ის, საბოლოო ჯამში, უაზრობა აღმოჩნდება. ომის ყველაზე სავარაუდო დასასრული ისეთი იქნება, როგორიც რუსეთს სურს: კიევი მოსკოვს ტერიტორიებს დაუთმობს, უკრაინა კი უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს. მაგრამ სრულიად შესაძლებელი იყო ამ ყველაფერზე მხარეები ომის დაწყებამდე მოლაპარაკებულიყვნენ, ლიდერებს უკეთესად სცოდნოდათ და გაეაზრებინათ ძალთა რეალური შეფარდება და პოლიტიკური გაბედულება გამოევლინათ. დიპლომატიური შეცდომების ფასი ყველასათვის ცნობილია: ასეულობით ათასი ადამიანის სიცოცხლე და ასობით მილიარდი დოლარის მატერიალური ზარალი. უკრაინის ეკონომიკა, ფაქტობრივად, განადგურებულია.

არსებობს მრავალი მიზეზი იმისა, თუ რატომ აღმოჩნდა დიპლომატია წარუმატებელი და რატომ არავინ ცდილობს, მოლაპარაკებების რეალურად აღდგენა-გაგრძელებას.

პირველი - საკუთარი და რუსული ისტორიული მესიანური მისიით დაბრმავებულმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უარი თქვა კომპრომისულ დიპლომატიაზე და უპირატესობა მიანიჭა რუსეთის ძლიერების ეფექტიან დემონტრაციას, უკრაინის დასავლური ორიენტაციის შესაცვლელად.

მეორე - იგი დარწმუნებული იყო, რომ ომი დიდხანს არ გაგრძელდებოდა. მას უკრაინის ხელმძღვანელობისადმი არავითარი სხვა გრძნობა არ ჰქონდა, სიძულვილისა და ზიზღის გარდა. იგი ფიქრობდა, რომ რუსულენოვანი უკრაინელები ტაშითა და ოვაციით შეხვდებოდნენ რუსეთის არმიას, როგორც გამათავისუფლებელს. ვლადიმერ პუტინმა ვერ (ან არ) გაითვალისწინა დასავლეთის პრინციპულობა. მან ძლიერ გადააფასა თავისი არმიის ბრძოლისუნარიანობა. იყო მომენტი, როცა ვლადიმერ პუტინმა წაიტრაბახა, რომ „კიევს ორ კვირაში ავიღებო“, მაგრამ მის მიერ წარმოსახული „ბლიცკრიგი“ უკვე მესამე წელია, რაც გრძელდება. ვლადიმერ პუტინს პასუხისმგებლობა აწევს მხრებზე (მორალურად და სამართლებრივად) ამ დამანგრეველი და სრულიად უმაქნისი შეიარაღებული კონფლიქტის გაჩაღების გამო.

მესამე - თავის მხრივ, ვაშინგტონიც შეცდომით თვლიდა, რომ შეძლებდა ვლადიმერ პუტინის შეკავებას - მისი გეგმების თანდათანობითი გამჟღავნების მეშვეობით, რომლებიც ამერიკულ დაზვერვას ჰქონდა მოპოვებული. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვარაუდობდა, რომ თუ რუსეთის აგრესია მართლაც დაიწყებოდა, იგი დასავლეთის მობილიზებას მოახდენდა, რუსეთს რკინის სანქციებს გამოუცხადებდა, რასაც კრემლი ვერ გადაიტანდა და კაპიტულაციას გამოაცხადებდა. მაგრამ თეთრი სახლი ჯიუტად უარს ამბობდა ერთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვაზე, რომელსაც შეეძლო კრემლის ანგარიშების შეცვლა და კარგი შანსი მიეცა დიპლომატიისთვის - კომპრომისი უკრაინის ნატოში გაწევრების მიმართ. „ეს პრინციპის საქმეაო“, - გამოაცხადა ვაშინგტონმა, - "ნატოს „ღია კარის პოლიტიკის“ კომპრომენტირებას ვერ მოვახდენთ, რადგან ყოველ ევროპულ დემოკრატიულ ქვეყანას ალიანსში შესვლის უფლება აქვს“. თეთრი სახლი ამ მხრივ კომპრომისს არ აპირებდა და არ აუქმებდა ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაში ჩაწერილ დაპირებას, რომლის თანახმად, „ოდესღაც უკრაინა ნატოს წევრი გახდებოდა“. მაგრამ ამ დროს არც ვაშინგტონი და არც მისი ალიანსელი მოკავშირეები ახლო მომავალში უკრაინის მიღებას არ აპირებდნენ...

საშინელი სისხლისღვრა უკვე მესამე წელია, გრძელდება და მას ბოლო არ უჩანს. დასავლეთს და უკრაინას სამომავლო მოქმედების სტრატეგია არ აქვთ. დასავლურმა სანქციებმა რუსეთის ეკონომიკას, პრინციპში, დიდი ვერაფერი დააკლო - პირიქით, მისი წარმოების ტემპები, გასული წლის შედეგებით, უფრო მეტად გაიზარდა და, პროგნოზების მიხედვით, ზრდა მიმდინარე წლის ბოლომდე შენარჩუნდება. რუსეთმა თავისი ეკონომიკა გარდაქმნა და სავაჭრო ურთიერთობების ორიენტაცია შეცვალა - დასავლეთის ნაცვლად აღმოსავლეთი აზია და „გლობალური სამხრეთი“ - ჩინეთი, ინდოეთი, აფრიკა. მოსკოვმა დასავლეთზე თავისი დამოკიდებულება მინიმუმამდე შეამცირა, იგივე განახორციელა დოლარით სარგებლობის საკითხშიც - ვაჭრობაში ამერიკული ვალუტის ადგილი ნელ-ნელა რუსულმა რუბლმა და ჩინურმა იუანმა დაიკავა.

ასეთ სიტუაციაში სანქციების გამკაცრებამ, რასაც უკრაინის მხარდამჭერები ითხოვენ, საეჭვოა, რომ რუსეთი მუხლებზე დააჩოქოს. ასევე, ვერ გახდება რუსეთის შეჩერებაში გადამწყვეტ ფაქტორად უკრაინისათვის უფრო თანამედროვე ტიპის დასავლური ავიაგამანადგურებლების - „ფალკონების“ (F-16-ების) ან ტანკების - „აბრამსებისა“ და „ჩელენჯერ-ლეოპარდების“ მიწოდება, რომლებმაც შარშან რუსეთის არმიის გამაგრებული პოზიციები ვერ გადალახეს.

რუსეთის პრეზიდენტი ოპტიმისტურად უყურებს მოვლენებს - იგი თავისი ქვეყნის მყარი ეკონომიკითა და არმიით ამაყობს. როცა რუსეთის არმიამ უკრაინის კონტრშეტევა ჩაშალა და შემდეგ პირიქით, რამდენიმე ქალაქიც დაიკავა, დასავლეთი დაიბნა და აწრიალდა. ამას დაემატა უკრაინის ენერგოობიექტების დაბომბვაც...

მაგრამ დიდი ძალისხმევის მიუხედავად, რუსეთმა მაინც უმნიშვნელო წარმატებებს მიაღწია, დაღუპულთა რაოდენობა 200 ათასზე მეტს აღწევს და მუდმივად იზრდება. თუ ამერიკის კონგრესი მოახერხებს და უკრაინისათვის დახმარებას დაამტკიცებს, 60 მილიარდი დოლარის ოდენობით, რაც ამჟამად საკმაოდ სავარაუდოა, მაშინ უკრაინა შეძლებს რუსეთის შეტევის შეჩერებას უახლოესი თვეების განმავლობაში მაინც.

აშკარაა, რომ სამხედრო მოქმედებები ჩიხში შევიდა, ზარალი და ცოცხალი ძალის დანაკარგები განუწყვეტლივ მატულობს. სამწუხაროდ, დიპლომატია გვერდზეა გადადებული. არც ერთს სურს გაჩერება და მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა. ორივე მხარეს მიაჩნია, რომ მათი ჯარისკაცები და მოსახლეობა თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის, სამშობლოს ძლიერების სახელით იღუპებიან. ორივე მხარე ამ მხრივ ფსონებს ზრდის. კრემლის მტკიცებით, მისი „სპეცოპერაცია“ დასავლეთის წინააღმდეგ ისტორიულ ომში გადაიზარდა. ბევრ დასავლელ ლიდერს მიაჩნია, რომ თუ რუსეთს უკრაინელები ვერ მოთოკავენ, მაშინ თვითონ დასავლეთს მოუწევს კრემლთან ბრძოლა. უკრაინის განცხადებით კი, თუ კიევი მოსკოვზე სრულად ვერ გაიმარჯვებს (ანუ ტერიტორიის დაბრუნებითა და რეპარაციების გადახდით), მაშინ უკრაინისათვის ასეთი „გამარჯვება“ კატასტროფა იქნება.

ამიტომაც სამხედრო მოქმედებები გარძელდება - მანამდე, სანამ რომელიმე ერთ-ერთი მხარე (ალბათ, უკრაინა) ან ორივე ერთად, არ ამოწურავენ თავიანთ ძალებს ან არ მივლენ დასკვნამდე, რომ ომით ისინი უკვე ვერაფერს ვეღარ მიაღწევენ. და როცა მოლაპარაკებები დაიწყება, დღის წესრიგში, სხვებთან ერთად, ორი მთავარი საკითხი იქნება: უსაფრთხოების გარანტიები - სამხედრო მოქმედებების განახლების მუქარის შემცირების მიზნით და რუსეთის არმიის მიერ დაკავებული ტერიტორიების სტატუსი. სხვათა შორის, სწორედ ეს ორი საკითხი იყო მოლაპარაკების დღის წესრიგში მანამდე, სანამ რუსეთი 2022 წლის თებერვალში ომს დაიწყებდა.

რა თქმა უნდა, სამომავლო დარეგულირების დეტალები განსხვავებული იქნება იმათგან, რომელთა განხილვა ომის დაწყებამდე შეიძლებოდა. მაგალითად, ახლა უკრაინა უფრო მეტ ტერიტორიას დაკარგავს, ვიდრე 2022 წლამდე დაკარგავდა, როცა რუსეთს მხოლოდ ყირიმი და დონბასის ნაწილი ჰქონდა დაკავებული. მაგრამ რამდენად იქნება ეს განსხვავება ისეთი დიდი, რომ მან გაამართლოს ომის გამოწვეული უზარმაზარი მსხვერპლი?

ცნობისათვის: თომას გრემი ამჟამად არის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს - „ემერიტუსის“ წევრი. იგი მუშაობდა რუსეთის მიმართულების ხელმძღვანელად აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში პრეზიდენტ ჯორჯ ბუში-უმცროსის დროს. მაღალ დონზე ფლობს რუსულ ენას. თომას გრემი დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას რუსეთში ელჩად დანიშვნის ერთ-ერთ კანდიდატს წარმოადგენდა.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო