სურსათზე ფასები 2.5-დან 3.5%-ით მოიმატებს - კვირის პალიტრა

სურსათზე ფასები 2.5-დან 3.5%-ით მოიმატებს

"საქართველოში ცხოვრების დონე მსოფლიოს საშუალო სტანდარტზე დაბალია", - ასეთი შეფასება გაკეთდა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა 2011 წლის საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივის მიმოხილვისას. 2011 წლის მონაცემებით საქართველო ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებლით 181 ქვეყანას შორის 111-ე ადგილზე აღმოჩნდა. ამავე ანგარიშის თანახმად, უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველოს სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და სარესტორნო ბიზნესი ნაკლებად მიმზიდველია, ხოლო ყველაზე არამიმზიდველ სფეროებად მეტყევეობა, უძრავი ქონება, რესტორნების მშენებლობა და თევზჭერა დასახელდა.

ვლადიმერ უგულავა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი: "მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ეკონომიკისთვის 2011 წელი მძიმე იყო (ცუნამი იაპონიაში, ევროპის ეკონომიკის კრიზისი, პოლიტიკური ძვრები ახლო აღმოსავლეთში), 2011 წელი საქართველოსთვის გლობალური ფინანსური კრიზისიდან გამოსვლის წელია. თუმცა, ზრდის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა კრიზისამდელ (2007 წლამდე) პერიოდს.

2012 წლის მთავარ გამოწვევად კი საქართველოსთვის, როგორც ნავთობისა და გაზის იმპორტიორი ქვეყნისთვის, კვლავ ბიუჯეტის კონსოლიდაცია და გარე ზეწოლებისგან დაუცველობა, ასევე, ეგზოგენურ და ენდოგენურ ინფლაციურ ზეწოლასთან გამკლავება რჩება. მთავარი საფრთხე საბიუჯეტო და მიმდინარე ანგარიშის არსებული დეფიციტია, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს მომავალში გარე ზეწოლებისადმი ქვეყნის მდგრადობას.

2011 წლის საქართველოს ნომინალური მშპ-ის მოცულობა 22,945.2 მილიონ ლარს შეადგენს წინასწარი მონაცემებით, რაც 10%-იანი ზრდაა წინა წელთან შედარებით. მაგრამ რეალური წლიური ზრდა, ანუ ინფლაციის მაჩვენებლით შესწორებული, 6.8%-ს უდრის. ეს კრიზისამდე პერიოდის 10%-იან ზრდაზე დაბალი მაჩვენებელია.

ცხოვრების დონის საერთაშორისო შედარებისთვის ხშირად ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებელს (მსყიდველობითი უნარის პარიტეტი, ანუ, PPP) იყენებენ. მსყიდველობითი უნარის პარიტეტი საშუალებას იძლევა, დადგინდეს, რამდენი ფულია საჭირო ერთი და იმავე ოდენობის საქონლის შესაძენად და მომსახურების მისაღებად სხვადასხვა ქვეყანაში. ამრიგად, PPP ყველაზე ობიექტური საზომია სხვადასხვა ქვეყნის ცხოვრების სტანდარტებში განსხვავებების შესადარებლად. ქვეყნებს შორის შედარების გასაკეთებლად ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებელი ეგრეთ წოდებულ საერთაშორისო დოლარებში იზომება. 2011 წლის მდგომარეობით საქართველო, რომლის ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებელი 5,450 საერთაშორისო დოლარს შეადგენდა, 111-ე ადგილზე იყო 181 ქვეყანას შორის. ეს მაჩვენებელი ბევრად ჩამოუვარდება მსოფლიოს საშუალო მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე, რაც ამჟამად 10,700 საერთაშორისო დოლარის ტოლია. სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, საქართველოში ცხოვრების დონე მსოფლიოს საშუალო სტანდარტზე დაბალია.

2011 წლის 9 თვის მონაცემებით საქართველოში ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნები ჰოლანდია, დანია და თურქეთი არიან. პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ყველაზე არაპოპულარული სექტორები სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა და თევზჭერაა, ასევე, უძრავი ქონება, სასტუმროების, რესტორნების მშენებლობა და საზოგადოდ, სამშენებლო სექტორი.

საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი რეკორდულად მაღალია. 2011 წლის წინასწარი გაანგარიშებების მიხედვით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ 9,244 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 35%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მონაცემთან შედარებით. ვაჭრობის 75%-ს იმპორტი შეადგენს, რისი შედეგიც უარყოფითი სავაჭრო ბალანსია, რომელმაც 2011 წელს 4,865 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, - ეს ციფრი 32%-ით მეტია 2010 წლის შესაბამის მონაცემთან შედარებით.

2011 წელს საქართველოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ინფლაცია იყო. საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2011 წელს წლიური საშუალო ინფლაცია 8.5%-ს შეადგენდა. 2010 წლის მეორე ნახევრიდან ინფლაციის მაჩვენებელმა ზრდა დაიწყო და თითქმის მთელი 2011 წლის განმავლობაში ორნიშნა იყო. 2011 წლის მაისში ინფლაციამ პიკს მიაღწია 13%-იანი საშუალო მაჩვენებლით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

2012 წელს მოსალოდნელია სურსათის ფასების ინფლაციის შემცირება 2011 წლის დონეებთან შედარებით, თუმცა ეს ინფლაცია ბოლო ორი ათწლეულის საშუალო მაჩვენებელზე ოდნავ მაღალი მაინც იქნება. პროგნოზის მიხედვით, სურსათზე ფასები 2.5-დან 3.5%-ით მოიმატებს 2011 წელთან შედარებით, კერძოდ, ფასები სუპერმარკეტებში, სავარაუდოდ, 3-4%-ით მოიმატებს, ხოლო რესტორნებში 2-3%-ით. თუმცა, 2012 წელს სურსათზე ფასების დონეები მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული სხვა მაკროეკონომიკურ და პოლიტიკურ ფაქტორებზეც".

(სპეციალურად საიტისთვის)