"ხელისუფლებას ურჩევნია პარლამენტში ისეთი ხალხი ჰყავდეს, რომელიც პრობლემებზე ხმას არ ამოიღებს. დღევანდელი საქართველო 10-12 წლის წინანდელ რუსეთს მაგონებს!" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებას ურჩევნია პარლამენტში ისეთი ხალხი ჰყავდეს, რომელიც პრობლემებზე ხმას არ ამოიღებს. დღევანდელი საქართველო 10-12 წლის წინანდელ რუსეთს მაგონებს!"

"რა აუცილებელი იყო ქალთა კვოტირების გაუქმება ან ამ კანონის დაბრუნება? - ამის თაობაზე ლოგიკური პასუხი ჯერ ვერ მოვისმინე"

ბოლო კვირები, საქართველოში, მნიშვნელოვანი სიახლეებით იყო დატვირთული - ბევრი რამ მოხდა, რასაც არც ერთი ჩვენთაგანი არ ელოდა. მიმდინარე მოვლენებზე "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დამფუძნებელი უჩა ნანუაშვილი გვესაუბრა.

- ბატონო უჩა, საინტერესოა, რომელ ქვეყანას მოგაგონებთ დღევანდელი საქართველო?

- თუ ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს ვიგულისხმებთ, ყველაზე მეტად რუსეთს: სწორედ ასეთი პროცესები დაიწყო რუსეთში 10-12 წლის წინ, რასაც ვლადიმირ პუტინის ძალაუფლების გაძლიერება მოჰყვა. იგივე პროცესები ხორციელდება ჩვენთან - პოლიტიკური პროცესები აქაც რუსული ხელწერით მიმდინარეობს. ამ დასკვნამდე როგორ მივედი? - გავიხსენოთ, რა ხდებოდა 2000 წელს, როცა ხელისუფლების სათავეში პუტინი მოვიდა: რუსეთში არსებობდა დამოუკიდებელი მედია, ასევე, დამოუკიდებელი ორგანიზაციები და გაცილებით მეტი თავისუფლება იყო. ამ ორგანიზაციების კონტროლი და შეზღუდვა ხელისუფლებამ თანდათან შეძლო. მარტო გადაცემები კი არა, ტელევიზიებიც დახურა და ოპოზიციონერების, ბიზნესმენების, ოლიგარქების მკაცრი კონტროლი დაიწყო. ამის შედეგად, ბევრი ოპოზიციონერი ქვეყნიდან გაიქცა. პუტინმა "წარმატებით" შეძლო ქვეყნის ჩაკეტვა და ამის შემდეგ გადაწყვიტა უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღება, რომელიც 2012 წელს მიიღეს. ამ კანონმა კიდევ უფრო შეზღუდა დამოუკიდებელი ორგანიზაციების საქმიანობა და დასავლეთიდან მიღებული დაფინანსებაც - ყველა წყარო, რომელიც ადამიანთა უფლებების დაცვას უწყობდა ხელს, გადაიკეტა. თანდათან, ეს კანონი ფიზიკურ პირებზეც გავრცელდა და დღეს, თავისუფლების ბოლო წერტილები, რომელიც რუსეთში არსებობდა, უკვე აღარ არსებობს. ყველა, ვინც ამ პროცესს ეწინააღმდეგებოდა ან დაკავებულია, ან - ქვეყნიდან გაქცეული, ცხადია, პუტინის ხელისუფლების დახმარებით...

- შეიძლება ითქვას, რომ საქართველოშიც იგივე მეორდება?

- გავიხსენოთ, რომ "ქართული ოცნების" მმართველობის პირველ ნახევარში ჩვენთანაც ტარდებოდა გარკვეული რეფორმები, თითქოს, პროგრესიც გვქონდა, მაგრამ მეორე ნახევარში, ხელისუფლებამ დაიწყო ზეწოლა ოპოზიციაზე, ოპოზიციონერების და მედიამენეჯერების დაკავება, ჟურნალისტებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებზე თავდასხმა... ყველას გვახსოვს "გავრილოვის ღამე" და მსგავსი მოვლენები. "ქართული ოცნება" ქვეყნის სათავეში უკვე 12 წელია და შარშან დაიწყო დისკუსია უცხოეთის აგენტების შესახებ კანონზე. ეს ჩვენი ქვეყნის მაქსიმალური იზოლაციისკენ მიმართული ნაბიჯია - ამიტომაც ვადარებ ბოლო ათწლეულებში, რუსეთში მიმდინარე მოვლენებს. კიდევ კარგი, ჩვენს საზოგადოებაში სულ სხვა სიტუაციაა და გასულ წელს, მმართველ პარტიას ამ კანონის მიღება არ გამოუვიდა. სამწუხაროდ, წელს ეს კანონი ისევ დააბრუნეს და ამ თემაზე ლაპარაკი ისევ დაიწყეს.

- თუმცა ამტკიცებენ, რომ ეს რუსული კი არა, ამერიკული კანონია, რომელიც სხვა ქვეყნებმაც მიიღეს. რას უპასუხებთ ამ არგუმენტებს?

- მაშინ საკითხი ასე დავსვათ: რა რეაქცია მოჰყვა ამ კანონის შემობრუნებას? - ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის ევროკავშირი, ევროპარლამენტი, ნატო და სხვა ორგანიზაციები ერთხმად აკეთებენ განცხადებას, რომ ამ კანონს შეუძლია შეაჩეროს საქართველოს მიღება ევროკავშირში. მის მიღებას მხოლოდ ერთი ქვეყანა მიესალმება - რუსეთი! პუტინის პრესმდივანი პესკოვი გამოვიდა და ჩვენი ხელისუფლება მხოლოდ მან შეაქო... რაც შეეხება ამერიკულ კანონს, ის მხოლოდ ლობიზმის გამოვლენას ემსახურება და არ მოითხოვს, რომ ყველა ამერიკული ორგანიზაცია იუსტიციის სამინისტროში დარეგისტრირდეს, როგორც უცხო ძალის გამტარებელი, როგორც აგენტი. ამერიკული კანონმდებლობა მხოლოდ იმ ორგანიზაციებს ეხება, რომლებიც ლობისტურ საქმიანობას ეწევიან. საქართველოში ეს კანონი მიმართული იქნება იქითკენ, რომ დამოუკიდებელი ორგანიზაციების საქმიანობა დაბლოკოს და ჩაახშოს. მნიშვნელოვანია დროც, რომელიც საეჭვოდ ემთხვევა მსგავსი კანონის მიღებას იმ ქვეყნებში, სადაც რუსეთის გავლენა დიდია. მაგალითად: გასულ წელს ე.წ. აგენტების შესახებ კანონი მიიღეს ბოსნია-ჰერცეგოვინაში, სერბეთის მხარეში; იყო მცდელობა, რომ ის ყირგიზეთსაც მიეღო; საქართველოში ამ კანონის მიღება მოსახლეობის მწვავე პროტესტის შედეგად შეჩერდა. სხვათა შორის, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებაზეც კარგა ხანია მიმდინარეობს რუსეთის ზეწოლა, რომ მსგავსი კანონი მიიღონ, დე-ფაქტო პარლამენტმა 7 თებერვალს დაარეგისტრირა კანონი უცხოეთის აგენტების შესახებ, თუმცა აფხაზები თავს იკავებენ - მათ არ სურთ, აფხაზეთი იზოლაციაში მოექცეს და რუსეთის წინაშე მარტო დარჩეს. ახლა ეს საკითხი ყირგიზეთშიც გააქტიურდა და სლოვაკეთშიც - მოკლედ, ისეთ ქვეყნებში, სადაც რუსული გავლენა მკაფიოდაა გამოკვეთილი.

- შარშან, ამ საკითხის გამო, მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა და მრავალათასიანი აქცია მოაწყო. როგორ ფიქრობთ, რატომ მიუბრუნდნენ ამ კანონს ერთი წლის შემდეგ?

- შარშან ახალგაზრდობის მწვავე პროტესტმა შედეგი გამოიღო, თუმცა, ირაკლი კობახიძემ და სხვებმაც თქვეს, რომ მის მიღებამდე, სათანადო საინფორმაციო კამპანია არ ჩატარებულა, რომ ახალგაზრდებთან მეტი მუშაობაა საჭირო. ასეც მოხდა: კანონის გაწვევის შემდეგ, მიზანმიმართული შეტევა მიდიოდა დასავლეთის წინააღმდეგ, ასევე - სამოქალაქო საზოგადოებასა და უცხოურ ორგანიზაციებზე. ვიმეორებ: მსგავსი რამ სწორედ იმ ქვეყნებში ხდება, სადაც რუსეთის გავლენა აშკარაა. რა სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ინტერესების დამცველად გადაიქცა, რომ ის ყველანაირად იცავს ინსტრუქციებს, რომელსაც პუტინისგან იღებს!

- მაინც, რატომ ხდება ეს ყველაფერი?

- ყველაფერი იმას ემსახურება, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყებაზე უარი თქვას და ჩვენი ქვეყანა ევროპული ოჯახის წევრი არ გახდეს. ამიტომ, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს პროცესი შეეფერხებინა, მათ შორისაა აგენტების შესახებ კანონი, რომელიც ევროკავშირს არასდროს მოსწონდა. სწორედ ამიტომ წამოიწყო ჩვენმა ხელისუფლებამ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა და ჟურნალისტებზე ზეწოლა - მოკლედ, ყველაფერი გააკეთა, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. მიუხედავად ამისა, ევროკავშირმა საქართველოს სტატუსი მაინც მიანიჭა, რადგან მას ჩვენი ხალხი და ქვეყანა იმსახურებდა. ბუნებრივია, ამით უკმაყოფილოა რუსეთი, რომელსაც სურს, საქართველო რუსულ ორბიტაზე დატოვოს. ამ მიზნით, რუსეთი სხვა ნაბიჯებსაც გადადგამს: ალბათ შემოგვთავაზებს, რომ თითქოს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას აპირებს. ეს ქვეყანა მიზნის მისაღწევად ყველა გზას და საშუალებას გამოიყენებს.

- გამოდის, რომ ეს კანონი ევროკავშირს გვაშორებს?

- გვაშორებს კი არა, ეს კანონი ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის მოსპობას გამოიწვევს. რატომ? - ის ეწინააღმდეგება დათქმებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს, რათა ევროკავშირში შესვლაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.

- ნიშანდობლივია, რომ შარშანდელ კანონში მხოლოდ სიტყვა "აგენტი" შეცვალეს და "უცხოური ძალის გავლენის გამტარებელი პირი" ჩაწერეს, ამით რა იცვლება?

- ალბათ იმიტომ შეცვალეს, რომ სიტყვა "აგენტი" ბევრს არ მოსწონს, მიუხედავად იმისა, რომ ის არანაირ ნეგატივს არ შეიცავს. ხომ არსებობს დაზღვევის აგენტი, საბანკო აგენტი და ა.შ... სწორედ ამ არგუმენტებს იყენებდა ვლადიმირ პუტინი 2012 წელს, როცა "უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ" კანონი მიიღო. ამ შინაარსის მქონე არაერთი გამოსვლა მეც მახსოვს. საქართველოში, "აგენტის" ნაცვლად ჩაწერეს "უცხოური ძალის გავლენის გამტარებელი პირი" - მე მგონი, ეს უფრო შეურაცხმყოფელია. ამ ორ ცნებას შორის, მე განსხვავებას ვერ ვხედავ. რატომ უნდა თქვან ორგანიზაციაზე, რომ ის უცხოური ძალის გავლენის გამტარებელია? - მხოლოდ იმიტომ, რომ დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს? ამ ლოგიკით, ყველაზე დიდ გრანტებს სამინისტროები, სიპ-ები და აიპ-ები იღებენ. სწორედ მათთან მიდის ყველაზე დიდი დაფინანსება უცხოეთიდან - ევროკავშირიდან, მსოფლიო ბანკიდან თუ სხვა ორგანიზაციებიდან. თუ მათთვის შეიძლება ამ თანხების მიღება, რატომ არ შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ან მედიისთვის? რატომ არიან ისინი უცხოური ძალის გავლენის აგენტები მაშინ, როცა სახელმწიფო სტრუქტურები უფრო დიდ თანხას იღებენ უცხოეთიდან? - მოკლედ, ამ თემაზე ლაპარაკი სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. თუ უცხოურ ძალებზეა საუბარი, მაშინ "ალტ-ინფოთი" დაიწყონ, რომელიც პრორუსული ორგანიზაციაა და დაფინანსებას რუსეთიდან იღებს. რატომ არ არის ამგვარი ორგანიზაციების წინააღმდეგ პროცესი დაწყებული? ბოლო წლებში ერთი უცხოელი აგენტიც არ გამოვლენილა და ახლა რატომ დადგა ამის საჭიროება? იმ ორგანიზაციების და იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ქართულ სახელმწიფოს მართლა ძირს უთხრიან, არანაირ ღონისძიებას არ ატარებენ, ასე რატომ იქცევიან? - ალბათ უნდათ, რომ წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ველი მოსუფთავდეს, არჩევნებს არავინ დააკვირდეს და არავინ გადაიღოს, რომ არ იყოს საუბარი დარღვევებზე და ხელისუფლებამ ფორმალური არჩევნები ჩაატაროს. როგორც ჩანს, ხელისუფლების მიზანი სწორედ ეს არის და ყველაფერი სწორედ აქეთკენ მიდის.

- ქალთა კვოტირებას რატომ დაუპირისპირდნენ?

- ყველა ხედავდა, რომ ქალი პარლამენტარები უმრავლესობას ღირსეულ წინააღმდეგობას უწევდნენ და ეს არ მოსწონდათ. მათთვის ნებისმიერი აქტიური ძალა მიუღებელია. მე კი მიმაჩნია, რომ ქალთა კვოტირება აუცილებელია და ამის მიღწევას ბევრი მუშაობა დასჭირდა. სამუშაო პროცესში მეც ვმონაწილეობდი, როცა სახალხო დამცველი ვიყავი. კვოტირება აუცილებელია, როდესაც ხედავ, რომ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის სერიოზული პრობლემა დგას, როცა ქვეყანაში ქალებზე ძალადობის საკითხი საკმაოდ მწვავეა, როცა გასულ წელს 24 ქალი მოკლეს! როდესაც ქვეყანაში ასეთი ფაქტები ხდება, საჭიროა დამატებითი მექანიზმები, რომ ქალთა პოლიტიკაში ჩართვას და მათ რეალიზაციას ხელი შევუწყოთ. როგორც ჩანს, მმართველი ძალა უკმაყოფილოა იმით, რომ პარლამენტარი ქალები ძალიან აქტიურები არიან. მას სურს, ყველას აკონტროლებდეს, ამიტომ, ქალთა კვოტირების გაუქმებაც ევროკავშირის წინააღმდეგ არის მიმართული - 12 რეკომენდაციიდან, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ევროკავშირისგან შარშან მიიღო, ერთ-ერთი სწორედ გენდერული თანასწორობის დაცვა იყო. მაშინ ეს პუნქტი საქართველომ გარკვეულწილად შეასრულა და 9 დათქმაში ის უკვე აღარ არის. გამოდის, რომ კიდევ ერთ ვალდებულებაზე ვთქვით უარი იმის გამო, რომ მმართველ გუნდს ურჩევნია პარლამენტში მდიდარი და მორჩილი ბიზნესმენები ჰყავდეს?!

- ესე იგი, მმართველ გუნდს არ მოსწონს ქალები, რომლებიც ინიციატივას იჩენენ და პარლამენტის ტრიბუნას მტკივნეულ თემებზე საკამათოდ იყენებენ?

- დიახ, ხელისუფლებას ურჩევნია პარლამენტში ისეთი ხალხი ჰყავდეს, რომელიც პრობლემებზე გაჩუმდება და ხმას არ ამოიღებს. მდიდარი, მაგრამ მორჩილი დეპუტატები მარტო თავიანთი ქონების დაცვაზე და უფრო მეტად გამდიდრებაზე იზრუნებენ. სამწუხაროა, რომ ჩვენს საკანონმდებლო ორგანოშიც იგივე ხდება, რაც პუტინის რუსეთში. როგორ მიმართავენ და როგორ ექცევიან ქალებს, ეს უკვე ადამიანობის, ზრდილობისა და კულტურის კრიზისზე მიუთითებს. თანაც, თავს იმართლებენ - სახლში ვის არ შეუგინებიაო! კი მაგრამ, სახლია პარლამენტი? საჯარო და პირად სივრცეს ერთმანეთისგან ვერ ასხვავებენ?! - მით უმეტეს, რომ ოჯახშიც არ არის ნორმალური ასეთი საქციელი და ამგვარი სიტყვების გამოყენება.

- ამბობენ, რომ ამ სიტუაციაში გამოსავალი ნორმალური, სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა. რამდენად მაღალია რისკი, რომ მომავალი არჩევნები გაყალბდეს?

- დიახ, ამ სიტუაციაში სამართლიანი არჩევნების ჩატარება მარტივი არ არის, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი ხმა არ დაიკარგოს. თავისი პოზიცია თითოეულმა ადამიანმა უნდა გამოხატოს, რადგან ოქტომბერში გადაწყდება, სად იქნება მომავალში საქართველო - რუსეთის ერთ-ერთ გუბერნიად გადაიქცევა თუ ისეთ სახელმწიფოდ, რომლისთვისაც ევროკავშირის წევრობა შორეული პერსპექტივა აღარ იქნება. თუკი მოვინდომებთ, ელექტრონული არჩევნების შედეგებსაც დავიცავთ და საქართველოდან გასული ათასობით მოქალაქის ხმასაც, რადგან ემიგრანტების მონაწილეობა ამ არჩევნებში უმნიშვნელოვანესია. არჩევნებში ჩვენი ახალგაზრდობაც აქტიურად უნდა ჩაერთოს. როცა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზეა საუბარი, ყველა რესურსი უნდა გამოვიყენოთ - ამ პროცესში თითოეული ადამიანის მონაწილეობა შეუფასებელია!

ხათუნა ჩიგოგიძე

ჟურნალი "გზა"