"შოშია", რომელიც 100-კილოზე მეტს იწონიდა, აღტაცებული წამოხტა, უკუმალაყი გააკეთა და იატაკზე დაეცა. მეზობელი შემოვარდა: მიწისძვრაა, თავს ვუშველოთო" - რატომ არ წავიდა მოსკოვში დავით ქლიბაძე თბილისის "დინამოს" თამაშზე - კვირის პალიტრა

"შოშია", რომელიც 100-კილოზე მეტს იწონიდა, აღტაცებული წამოხტა, უკუმალაყი გააკეთა და იატაკზე დაეცა. მეზობელი შემოვარდა: მიწისძვრაა, თავს ვუშველოთო" - რატომ არ წავიდა მოსკოვში დავით ქლიბაძე თბილისის "დინამოს" თამაშზე

დავით ქლიბაძის ღვაწლის წარმოსაჩენად ორი ფაქტის მოყვანაც საკმარისია, მის სხვა ჯილდოებზე რომ არაფერი ვთქვათ.

2001 წლის მარტში ფილარმონიაში შეჯამდა განვლილი საუკუნის საფეხბურთო მიღწევები და ლაურეატების: ბორის პაიჭაძის, სერგო კოტრიკაძის, მურთაზ ხურცილავას, დავით ყიფიანის, მიხეილ მესხისა და ალექსანდრე ჩივაძის გვერდით საუკუნის საუკეთესო რადიოკომენტატორად დაასახელეს ეროსი მანჯგალაძე, ტელეკომენტატორად - კოტე მახარაძე, საუკუნის საუკეთესო სატელევიზიო საფეხბურთო მიმომხილველად - დავით ქლიბაძე. 2023 წელს საქართველოს ოლიმპიურმა ეროვნულმა კომიტეტმა, ქართულ სპორტულ ჟურნალისტიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ბატონი დავითი დააჯილდოვა სპეციალური პრიზით. ის გახლდათ აკრედიტებული მსოფლიოს 11 და ევროპის 10 ჩემპიონატის ფინალურ ტურნირებზე. მასთან საუბარი დავიწყე საქართველოს ნაკრების 26 მარტის ისტორიული გამარჯვებით.

- ვულოცავ ყველას ამ დიდ წარმატებას, რადგან პირველად გამოვჩნდებით ასეთი მაღალი რანგის, პრესტიჟულ ტურნირზე. ემოციებზე მკითხეთ და თუ ჩვენი გუნდი იგებს, ბუნებრივია, ძალიან ვხარობ ისევე, როგორც იმ მართლაც ღირსშესანიშნავ დღეს გავიხარე. საერთოდ კი, ფეხბურთი იმიტომ მიყვარს, რომ მისგან ესთეტიკურ სიამოვნებას ველოდები, მატჩის სანახაობრივი მხარე მაინტერესებს. ამიტომ იყო ჩემი მეგობარი მიხეილ მესხი.

- მესხი იყო პირველი ფეხბურთელი, ვისაც დაუახლოვდით?

- პირველი ზაურ კალოევი იყო. როცა რადიოში დავიწყე მუშაობა, ზაური მაშინ გავიცანი და მალე დავმეგობრდით. მან გამაცნო შოთა იამანიძე, რომელიც გახლდათ არაჩვეულებრივი პიროვნება, კარგი ოჯახის შვილი, განათლებული. მიშა მესხი კი, ჩემს ცნობიერებაში შემოვიდა მაშინვე, როგორც კი გამოჩნდა "დინამოში", თუმცა, "მესხისტად" 1959 წელს ჩამოვყალიბდი. დიდხანს ვერიდებოდი მიშას გაცნობას. მეუბნებოდნენ, პირქუში კაციაო, მაგრამ აბსოლუტურად სხვა პიროვნება აღმოვაჩინე. ის იყო გულახდილი, სტუმართმოყვარე, რომელიც მზად გახლდათ ნებისმიერ დროს მოესმინა მეგობრისთვის. მიშას ყველაფერი შეეძლო, ისევე, როგორც შოთას. ისინი იმდენად პოპულარულები იყვნენ, რომ წინ ვერავინ დაუდგებოდათ. ალბათ დაგაინტერესებთ ფეხბურთის გულშემატკივრების ხუმრობა: იმ პერიოდში დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ აშშ-სა და საბჭოთა კავშირს. "მესხისტები" კი ამბობდნენ: ნუ გეშინიათ, არაფერი გვაქვს სანერვიულო. მიშამ თქვა, ომი არ იქნებაო. მე კი არც ერთ ფეხბურთელზე იმდენი გადაცემა არ მომიმზადებია, რამდენიც მიხეილ მესხს მივუძღვენი.

- საინტერესო ფოტოები გაქვთ, მათ შესახებ მიამბეთ.

- ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ინსტიტუტმა იჩქარა და ფეხბურთის 100 წლისთავი ერთი წლით ადრე, 1999 წლის 11 იანვარს, გერმანიის ქალაქ როტენბურგში გადაიხადა. ყველა ჩამოვიდა მთელი მსოფლიოდან პელესა და მარადონას გარდა. იქ შევხვდი და ვესაუბრე ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფეხბურთელ ფერენც პუშკაშს, რომელმაც კატეგორიულად მითხრა: დი სტეფანო განუმეორებელიაო. სწორედ ეს შეხვედრაა ასახული ამ ფოტოზე. 2010 წლის მსოფლიოს პირველობაზე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ყოფნისას, იქაურმა მეგობარმა წამიყვანა ქალაქ დურბანში, გზად ნაკრძალი მოვინახულეთ. ლომის ბოკვრებთან რომ შევედი, ფოტოები მაშინ გადამიღეს, ეს კი 2014 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალური მატჩის დაწყებამდე, მარაკანას სტადიონზე გადაღებული ფოტოა.

- ალბათ, არაერთი მეგობარი გყავთ სხვადასხვა ქვეყნიდან, გაგვაცანით ისინი.

- ერთ-ერთი პირველი გავიცანი ესპანეთის ტელევიზიის კომენტატორი ხოსე ანხელ დე ლა კასა, ერთმანეთს ესპანეთში შევხვდით, სადაც რამდენჯერმე ვიყავი, მერე ის თბილისშიც ჩამოვიდა. გულითადი მეგობრობა მაკავშირებდა ქართველი ემიგრანტების შთამომავალთან, საფრანგეთის „რადიო ლუქსემბურგის“ უაღრესად პოპულარულ კომენტატორ გი (ზურაბ) კედიასთან. მჭიდრო კონტაქტები მქონდა არგენტინელ, მექსიკელ და სხვა ქვეყნების ჟურნალისტებთან. ერთი მათგანი იყო ჟურნალისტი ბუენოს-აირესიდან ჰექტორ კალივადინო, რომელსაც სხვადასხვა ჩემპიონატზე ვხვდებოდი. უნდა აღვნიშნო, რომ ტელევიზიაში საქმიანობის პერიოდში ყველა მოსკოველი კოლეგა ჩემი მეგობარი იყო. დღემდე ახლო ურთიერთობა მაქვს გენადი ორლოვთან, ლენინგრადის „დინამოს“ ყოფილ ფეხბურთელთან, რომელიც კომენტატორი გახდა. არგენტინაში გავიცანით ერთმანეთი და შემდეგ უკვე ერთად დავდიოდით ჩემპიონატებზე. ცოტა ხნის წინ დაბადების დღე მივულოცე, შარშან კი მან მომილოცა 85 წელი.

- ფეხბურთის გარდა, სპორტის რომელი სახეობა გიტაცებთ?

- კალათბურთი, ჭიდაობა, მძლეოსნობა, წყალბურთი... ყველა სახეობის სპორტსმენთან მქონდა ურთიერთობა, გამორჩეულად კი ველომრბოლელ ომარ ფხაკაძესთან ვმეგობრობდი. ის პირველი ქართველი იყო, რომელიც საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს. ეს მოხდა 1965 წელს, სან-სებასტიანში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ.

- 1981 წლის 13 მაისის მატჩს გერმანიაში ესწრებოდით?

- რასაკვირველია, ტელერადიოკომიტეტში მუშაობა დავიწყე 1959 წელს და მას მერე არაფერი გამიცდენია. ერთადერთი შემთხვევა იყო, არ დავესწარი თბილისის „დინამოს“ მატჩს მოსკოვის „დინამოსთან“, როცა ჩვენებმა გაიმარჯვეს პენალტების საშუალებით. ოთარ გაბელიამ შესანიშნავად ითამაშა. საბჭოთა კავშირის თასი მაშინ მეორედ მოვიგეთ. არ წავედი თამაშზე ჩემი მეგობრის, ცნობილი ბათუმელი დრამატურგის - ალექსანდრე (შოშია) ჩხაიძის დაჟინებული თხოვნით, რომლის დაბადების 100 წლის იუბილე სულ ცოტა ხნის წინ მის მშობლიურ ქალაქში, საზეიმოდ აღნიშნეს. მან დამირეკა და მითხრა: ამდენს დაწანწალებ და მოდი, ერთად ვუყუროთ ამ თამაშს ბათუმშიო. მის ოჯახში სტუმარი კი არა, ოჯახის წევრივით ვიყავი. ჩავედი, ფეხბურთს ერთად ვუყურებდით 6-7 კაცი. დასრულდა მატჩი და აღტაცებული შოშია, რომელიც ას კილოზე ბევრად მეტს იწონიდა, წამოხტა, უკუმალაყი გააკეთა და იატაკზე დაეცა. ზეზე წამოვაყენეთ და მეზობელიც შემოვარდა: შოშია, მიწისძვრაა, სახლი შეზანზარდა, თავს ვუშველოთო...

- ბევრს ახსოვს თქვენი გადაცემები: „ევროპის სტადიონებზე“, „სპორტული კალეიდოსკოპი“, „45 წუთი", „დრიბლინგი“, სადაც არა მარტო წამყვანი, მუსიკალური გამფორმებელიც იყავით. უცხოური საფეხბურთო სიუჟეტების მოძიება რთული იყო? ან მუსიკის შერჩევა?

- გადაცემებს სახელებს და უმნიშვნელოდ - პროფილსაც ვუცვლიდი. აქცენტს ქართულ სპორტზე, უმეტესად, ფეხბურთზე ვაკეთებდი. უნდა გითხრათ, რომ საქართველო იყო საბჭოთა კავშირის ერთადერთი რესპუბლიკა, სადაც ტელემაყურებლები უცხოურ ფეხბურთსაც უყურებდნენ. ეს რასაკვირველია, იყო მოსკოველ კოლეგებთან საქმიანი და მეგობრული ურთიერთობის შედეგი. მათ გამაცნეს ბრაზილიაში, მექსიკაში, ესპანეთში, იაპონიაში, დასავლეთ გერმანიასა და სხვა ქვეყნებში ცენტრალური ტელევიზიისა და საკავშირო რადიოს კორესპონდენტები. სწორედ ისინი, ჩემი უშუალო თხოვნით მიმზადებდნენ ტელესიუჟეტებს გადაცემებისათვის, იმ პერიოდის ყველაზე აქტუალურ საფეხბურთო მოვლენებზე. რაც შეეხება მუსიკალურ გაფორმებას, შესაფერის მელოდიებს თავად ვირჩევდი, მაგრამ არ მავიწყდება ჩემი ურთიერთობა რადიოს მუსიკალური რედაქციის რედაქტორებთან. ერთ-ერთი პირველი გადაცემა ქალბატონ გულიკო კაცელაშვილის რჩევით, ედვარდ გრიგის ნაწარმოების ფრაგმენტით გავაფორმე.

- გაიხსენეთ მატჩი, რომელმაც გასაოცარი, უზომოდ დიდი სიხარული მოგანიჭათ?

- თამაშზე ცრემლები არასოდეს მომსვლია. ერთადერთი შემთხვევა მოხდა 1997 წელს საფრანგეთში, როცა ჩატარდა „ტურნუა დე ფრანს“ 4 ქვეყნის ეროვნული ნაკრები გუნდების მონაწილეობით. პირველი ტაიმის შემდეგ, იტალია უგებდა ბრაზილიას ანგარიშით 3:1. მეორე ტაიმში რონალდომ და რომარიომ გაქვითეს ანგარიში - შეუდარებელი ოსტატობისა და კომბინაციების წყალობით. დამთავრდა მატჩი და ვგრძნობ, სახე სველი მაქვს. სიხარულის ცრემლები თავისთავად წამომივიდა იმის გამო, რისი მოწმეც გავხდი. ჩემ გვერდით ჟურნალისტთა ლოჟაში ინგლისელები ისხდნენ, შევხედე მათ და სამივეს გაგვეცინა, იმ ორსაც ცრემლები მოსდიოდა. ფეხბურთელების ორივე კომბინაცია ნამდვილი შედევრი იყო.

- თუ ყოფილა შემთხვევა, როცა ვინმე გააკრიტიკეთ ან შენიშვნა მიეცით?

- არასოდეს და გეტყვით რატომ. 60-იან წლებში კოტე მახარაძეს მიჰყავდა ერთსაათიანი სტუდიური გადაცემა, სადაც იწვევდნენ სხვადასხვა პროფესიის ცნობილ პიროვნებებს. გადაცემის რედაქტორი გახლდათ არაჩვეულებრივი პიროვნება ავთანდილ გაჩეჩილაძე, რომელიც მართლაც შემომიჩნდა, ტელეეკრანზე უნდა გამოჩნდეო. 1964 წლის 30 მაისი იყო, ჩემი გამოსვლის დროც მოვიდა და ასეთი აზრი გამოვთქვი: მგონია, რომ თბილისის "დინამოს" ნახევარმცველებმა შოთა იამანიძემ და გიორგი სიჭინავამ უფრო ხშირად უნდა მისცენ ბურთი გარემარბებს - სლავა მეტრეველს და მიხეილ მესხს. ჩემი აზრით, ხანდახან პასს აყოვნებენ-მეთქი. მეორე დღეს, დიღმის ბაზაზე შოთა იამანიძე სიცილით მეუბნება: გუშინ ყველანი ერთად ვიყავით სლავა მეტრეველის დაბადების დღეზე და როცა შენ დაგინახეთ ტელეეკრანზე, გავჩუმდით და მოგისმინეთ. შენი ნათქვამი კაჩალინს რომ გადავუთარგმნეთ, მან ასე თქვა: ამ ახალგაზრდამ უმაღლესი საფეხბურთო სკოლა დაამთავრაო? ეს დავიმახსოვრე და სიტყვა „შენიშვნა“ საერთოდ ამოვიღე ჩემი ლექსიკონიდან.

- რეორგანიზაციის მერე, ტელევიზიიდან სად წახვედით სამუშაოდ?

- პირველ არხზე 45 წელი ვიმუშავე. 2004 წელს ევროპის ჩემპიონატზე ვიყავი პორტუგალიაში და როცა ჩამოვედი, რედაქცია პრაქტიკულად დაშლილი დამხვდა, ე.წ. რეორგანიზაციის შედეგად. შემომთავაზეს „მოამბეში“ მთავარი რედაქტორის მოადგილედ გადასვლა, მაგრამ უარი ვთქვი: დიდი მადლობა, მაგრამ პირველ სექტემბერს ტელევიზიიდან ისედაც მივდივარ-მეთქი. გადაწყვეტილი მქონდა, რომ ედნარ გიორგობიანთან მივიდოდი ახალ ტელევიზიაში, რომელმაც ჯერ კიდევ პორტუგალიაში წასვლამდე შემომთავაზა მასთან მუშაობა. პრაქტიკულად, ახალი არხი შეიქმნა, საცდელი გადაცემებიც ჰქონდათ, მაგრამ ძალიან მოკლე ხანში არხი უსაფუძვლოდ დაიხურა მთავრობის გადაწყვეტილებით. მერე იყო აჭარის ტელევიზია, პერიოდულად „იმედი“, რადიო "თავისუფლება" და სხვა.

- რა ბედი ეწია ფილმს „ეპიზოდები ქართული ფეხბურთის ისტორიიდან“, რომელზეც მუშაობდით და როგორც ვიცი, ვერ დაასრულეთ.

- აჭარის ტელევიზიაში ვმუშაობ და 2006 წელს მირეკავს საშა ჩივაძე, სოსო ხარებოვმა გიკითხა, 6 სექტემბერს პურმარილს იხდის საკავშირო თასის მოგების 30 წლის აღსანიშნავად და გეპატიჟებაო. სოსო არის თბილისელი, პლეხანოველი, ყოფილი წყალბურთელი, ბიზნესმენი, არაჩვეულებრივი პიროვნება, რომელმაც გასაჭირში მყოფ ვეტერან ფეხბურთელებს ფინანსური დახმარება დაუნიშნა. თბილისში შეხვედრისას სოსომ მითხრა, რომ სურვილი ჰქონდა, შემექმნა ქართული ფეხბურთის მატიანე. პროექტი მანვე დააფინანსა და მეც მუშაობას შევუდექი. ორი წელი მასალის შერჩევასა და გაცნობას მოვანდომე. პირველ ეტაპზე არქივის სახე მივეცი, თუმცა საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანე. სოსოს სხვა ბევრი კარგი იდეაც ჰქონდა, უდიდეს საქმეებს აკეთებდა, მაგრამ სააკაშვილის პერიოდში აქედან გააქციეს.

- თქვენთვის ვინ არის განსაკუთრებით დასაფასებელი პიროვნება ქართული ფეხბურთის ისტორიაში?

- ბორის პაიჭაძე და ეროსი მანჯგალაძე. პაიჭაძემ ქართულ ფეხბურთს პოპულარობა და საყოველთაო აღიარება მოუტანა იმ დიდ ქვეყანაში. ეროსი მანჯგალაძემ კი თავისი რადიორეპორტაჟებით ფეხბურთი, თბილისის „დინამო“ და ჩვენი გამოჩენილი ფეხბურთელები სამუდამოდ შეაყვარა საქართველოს.

ნანული ზოტიკიშვილი

ჟურნალი "გზა"