რუსეთმა ყარაბაღიდან თავისი ე.წ. სამშვიდობო ძალების გაყვანა დაიწყო... - კვირის პალიტრა

რუსეთმა ყარაბაღიდან თავისი ე.წ. სამშვიდობო ძალების გაყვანა დაიწყო...

კრემლი ადასტურებს,რომ ყარაბაღის რეგიონიდან რუსი „ცისფერჩაფხუტიანების“ გაყვანის პროცესი მართლაც დაიწყო...

დილით ამაზე გაკვრით წერდა აზერბაიჯანის მასმედია, უფრო მეტ ინფორმაციას ავრცელებდა სომხეთის პრესა, ინტერნეტსივრცეში კი ვრცელდებოდა ვიდეოკადრები - ყარაბაღში, გზაზე ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებული ოცამდე БТР-82А-სი, სწორედ ასეთები ჰყავთ შეიარაღებაში რუს „ცისფერჩაფხუტიანებს“ და ეტყობა კოლონა ჩამოაყალიბეს სამარშო გადასვლისთვის.

სომხური წყაროების თანახმად, რუსმა „ცისფერჩაფხუტიანებმა“ უკვე დატოვეს დადივანკის სამონასტრო კომპლექსი და ისინი დაღესტნისკენ დაიძრნენ...

საერთოდ, როგორ მოხვდნენ რუსი სამხედროები აზერბაიჯანში, თუკი მათ ეს პოსტსაბჭოთა ქვეყანა მთლიანად დატოვეს 1992 წლისთვის?

1-rus-1713357837.png
რუსი ე.წ. სამშვიდობო კონტინგენტის ჯავშანტექნიკა ტოვებს ყარაბაღს და მთლიანად აზერბაიჯანის ტერიტორიას...

2020 წლის ყარაბაღის მეორე ომში ცეცხლის შეწყვეტის 10 ნოემბრის რუსეთ-აზერბაიჯან-სომხეთის ერთობლივი შეთანხმების თანახმად, ყარაბაღის რეგიონში დროებით უნდა ჩამდგარიყო რუსული „სამშვიდობო კონტინგენტი“ 1 960 სამხედრო მოსამსახურის, 90 ჯავშანტრანსპორტიორის, 380 ავტომობილის, 4 შვეულმფრენისა და 7 სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატის შემადგენლობით.

მართლაც, რუსეთის სატრანსპორტო ავიაციამ ოპერატიულად, სამ დღეში გადაისროლა ერევნის აეროპორტ ერებუნში რუსი მედესანტეების დანაყოფები სამხედრო ტექნიკასთან ერთად, რის შემდეგაც, მათ 300 კმ-იანი სახმელეთო მარში განახორციელეს აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში გადასასვლელად, რომელშიც რიგი დასახლებული პუნქტები და მათ შორის სტეპანაკერტი/ჰანკენდი ჯერ კიდევ რჩებოდა ადგილობრივი სომხების კონტროლის ქვეშ.

2023 წლის ნოემბრის 24 სთ-იან ომში აზერბაიჯანმა საბოლოო გამარჯვება მოიპოვა და სრულ კონტროლზე აიყვანა მთელი ყარაბაღის რეგიონიც, რის შემდეგაც იქ რუსული ე.წ. სამშვიდობო ძალების დარჩენამ სრულად დაკარგა აზრი, რადგან ყარაბაღი თითქმის მთლიანად დატოვა სომეხი ეროვნების მოსახლეობამ.

2-rus-1713358020.png

აზერბაიჯანელმა ეკოაქტივისტებმა ბაქოს დავალებით გადაკეტეს სომხეთიდან ყარაბაღის სტეპანაკერტისკენ მიმავალი ლაჩინის დერეფანი, რომლის გახნა რუსმა „ცისფერჩაფხუტიანებმა“ ვერ ან არ შეძლეს, რამაც ხელი შეუწყო ყარაბაღის ბოლო ერთ დღე-ღამიან ომში აზერბაიჯანის არმიის გამარჯვებას...

საგულისხმოა, რომ ამ ერთ დღე-ღამიანი ომის დროს, აზერბაიჯანის სპეცრაზმელებმა ჩაცხრილეს გზაზე მიმავალი რუსი „ცისფერჩაფხუტიანების“ „პატრიოტის“ ჯიპი, რასაც ექვსი რუსი სამხედროს დაღუპვა მოჰყვა, მათ შორის, თვით ამ „სამშვიდობო ძალების“ სარდლის მოადგილის, რაზეც კრემლის საპასუხო რეაქცია ძალზე თავშეკავებული იყო.

2020 წლის 44 დღიან ყარაბაღის მეორე ომში დამარცხების შემდეგ სომხურ მხარეს გარკვეული იმედი რჩებოდა, რომ ყარაბაღის რეგიონში ჩაყენებული რუსი „ცისფერჩაფხუტიანები“ უზრუნველყოფდნენ ლაჩინის დერეფნის უპრობლემო ფუნქციონირებას, რომ უშუალოდ სომხეთის ტერიტორიიდან ლაჩინის დერეფნის გავლით, ყარაბაღის სტეპანაკერტთან მიმოსვლა ჰქონოდათ.

თუმცა ბაქომ საკმაოდ ეშმაკურ ხერხს მიმართა და ეკოლოგიური უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნის საბაბით აზერბაიჯულ არასამთავრებო ორგანიზაციებს გადააკეტინა ლაჩინის დერეფანი, რისი გახსნაც რუსმა „ცისფერჩაფხუტიანებმა“ ვეღარ შეძლეს ან არ მოინდომეს, კრემლიდან წამოსული ბრძანების თანახმად...

3-russ-1713357959.png
აზერბაიჯანელი სპეცრაზმელების მიერ ყარაბაღის გზაზე ჩაცხრილული რუსი „ცისფერჩაფხუტიანების“ „პატრიოტის“ მოდელის არაშეჯავშნული ჯიპი, რასაც ექვსი რუსი „ცისფერჩაფხუტიანის“ დაღუპვა მოჰყვა, მათ შორის, მათი სარდლის მოადგილისაც...

შესაბამისად, აზერბაიჯანმა მთლიანად აღიდგინა ტერიტორიული მთლიანობა და აქტუალური გახდა ყარაბაღში რუსული „სამშვიდო ძალების“ დარჩენა-არ დარჩენის საკითხი.

2020 წლის სამმხრივი ხელშეკრულება ითვალისწინებდა ყარაბაღის რეგიონში რუსული „სამშვიდობო ძალების“ 5 წლის ვადით ყოფნას და კიდევ 5 წლით ამ ვადის ავტომატურ რეჟიმში გახანგრძლივებას, თუკი რომელიმე მხარე ამ ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე უარს არ იტყოდა შეთანხმების გაგრძელებაზე.

2025 წლის ბოლომდე, მართალია, კიდევ რჩება რვა თვეზე მეტი, მაგრამ ეტყობა, კრემლშიც მიხვდნენ, რომ სომეხი ეროვნების მოსახლეობისგან თითქმის მთლიანად დაცლილ ყარაბაღში რუს „ცისფერჩაფხუტიანებს“ აღარავინ დარჩათ „დასაცველი“ და მათმა იქ ყოფნამ ყოველგვარი აზრი დაკარგა.

გარდა ამისა, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ყველანაირად ეცდებოდა დაეყოლიებინა პუტინი რუსი „ცისფერჩაფხუტიანების“ გაყვანაზე - ასე რომ, ჩვენმა მეზობელმა აზერბაიჯანმა საბოლოო ჯამში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაც აღიდგინა და არც ე.წ. რუსი სამშვიდობოები დაიტოვა თავის მიწაზა...