ფერმერი მხატვარი ქალის იმერული ოდასახლები - კვირის პალიტრა

ფერმერი მხატვარი ქალის იმერული ოდასახლები

ქეთევან მეფარიშვილი მხატვარ-დეკორატორია, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთის კულტურის ცენტრში საქმიანობს პროფესიით. ძირითადად, ხეზე მუშაობს, მასალად ასევე იყენებს ვაზის ლერწებსა და ფესვებს. ხით ქმნის იმერული ოდების მინიატიურებს, მაკეტებს, ვაზის ლერწებისგან შანდლებს, ხის ფესვებისგან კი - სხვადასხვა ნივთს. დამთვალიერებლებს ძალიან მოსწონთ მისი ნამუშევრები, განსაკუთრებით ვაზის ლერწებისგან გაკეთებული შანდლები და ხის საყოფაცხოვრებო ნივთები. ქალბატონი ქეთევანის სურვილია, თავისი საქმიანობა გააფართოოს და ტურისტებს, ვისაც შემოქმედება აინტერესებს, უმასპინძლოს. ქეთევან მეფარიშვილი ფერმერიცაა და საოჯახო მეურნეობას უძღვება.

- 23 წელიწადს საშუალო სკოლაში ვმუშაობდი მხატვრად, მერე სხვა საქმეზე გადავერთე, ახლა კულტურის სახლში მხატვარ-დეკორატორი გახლავართ. 8 წლის განმავლობაში საქონელი მყავდა, მერე მეფრინველეობა გადავწყვიტე. საქონელი გავყიდე და ეზოში საფრინველე გავაკეთე. ეს საქმე ჩემთვის მეტად სარფიანი აღმოჩნდა, თან ისეთი შრომატევადი არ არის, როგორც მესაქონლეობა. 6 წელიწადია, წიწილებს ვზრდი. მყავს ქათმები, 10 დღის იხვებს ვყიდი. ქათმებსაც. კონკრეტული ჯიში გამომყავს და ძირითადად, ერთდღიან წიწილებს ვყიდი.

- სულ რამდენი ფრთა გამოგყავთ?

- 10 ათასზე მეტი. თებერვალ-მარტიდან წიწილებზე მუშაობას ვიწყებ. აპრილში 5 ათასი გამომყავს, მერე თანდათან იკლებს - 3 ათასი, 2 ათასი, აგვისტოში - ათასი და ოქტომბერში - 500... საოჯახო მეურნეობაში მთელი ოჯახი ვართ ჩართული, - მე, მეუღლე, შვილი და რძალი.

f086fc3f-851e-44e8-a785-8979e1ebda35-1713370568.jpg

- საფრინველე საკვებურებით, წყლის სისტემით არის მოწყობილი?

- კი, როგორც ფაბრიკებშია ეს სისტემა აწყობილი, ისეა ჩვენთანაც. ვათბობ ღუმლითა და გაზით, თუმცა მინდა გათბობის სისტემა უკეთესად მოვაწესრიგო. ამჟამად ღუმელში საწვავად თხილის ნაჭუჭს ვიყენებ, მეტი სითბო აქვს.

- წიწილებს რითი კვებავთ?

- ამდენ წიწილას, ცხადია, კვება უნდა, ამიტომ თვითონ ვთესავთ 5 ჰექტარზე სიმინდს. ყვითელი აბაშის სიმინდია, ჰიბრიდი, მაგრამ კარგია ფრინველისთვის. მყავს ღორებიც (დიუროკის ჯიში, წითელი ღორი). ძირითადად, გოჭებს ვყიდი, თუმცა მათი რაოდენობის შეკვეცას ვფიქრობ. ახლა 7 ღორი მყავს.

6e19480d-6605-4b58-9ee8-b441873bb2c4-2-1713370211.jpg

- რატომ გინდათ შემცირება?

- ღორს თავისებური სუნი აქვს, რომ ვრეცხავთ, წყალი იღვრება, გასასვლელი არა აქვს და სუნი დგება. მოკლედ, ღორი ჩემი საქმე არ არის. სარფიანი საქმეა, მაგრამ ადგილმდებარეობა ხელს უნდა გიწყობდეს.

- შუამთა დიდი სოფელია?

- რაიონში სიდიდით პირველი თუ არა, მეორე მაინც არის. დაახლოებით 1000 კომლზე მეტი იქნება. როგორც სხვა სოფლებიდან, აქედანაც არიან წასული, მაგრამ ოჯახებში ყველგან შუქი ანთია.

ჩვენი ოჯახის მამაკაცები საზამთროსა და ნესვის ბაღს უვლიან. ორივე ერთად 3 ჰექტარზეა გაშენებული. საზამთროსა და ნესვს აქვე ვყიდით.

- საქმეებს მხოლოდ ოჯახის წევრები აუდიხართ?

- ჯერჯერობით ავუდივართ, როცაგავფართოვდებით, დამხმარე დაგვჭირდება.

ამ ყველაფრის იდეის ავტორი, მუშაც და მენეჯერიც მე ვარ, თუმცა ყველანი შეთანხმებულად ვმუშაობთ და ერთმანეთის აზრებს ვითვალისწინებთ.

- იმერული ოდასახლის მინიატიურული ვერსიების შექმნის იდეა როდის გაგიჩნდათ და საერთოდ, ერთდროულად ამდენ საქმეს როგორ ასწრებთ?

- ჩემი სპეციალობა ეგ არის. ერთხელაც მომივიდა ასეთი იდეა და შევქმენი. აუდიტი გვამოწმებდა, რაღაც ნამუშევარი უნდა გაგვეკეთებინა და მომინდა იმერული სახლის მაკეტის შექმნა. ასეთი ოდასახლი ადრე ჩვენს ოჯახს ჰქონდა, სანამ საძმო ოჯახს გამოვეყოფოდით. ჰოდა, ზუსტად ისეთი გავაკეთე. ერთს რომ შექმნი, გამოცდილება და იდეები იმატებს, იცვლება გემოვნება. მეც მივყევი და მივყევი.

galaktionis-saxli-2-1713370211.jpg

- რისგან აკეთებთ მინიატიურებს და რას ითვალისწინებთ მუშაობისას?

- ეს ხის მასალაა. სხვათა შორის, ლურსმანი არასდროს გამომიყენებია. ძველად როგორც აშენებდნენ ამ სახლებს, ისეა გაკეთებული. მაშინ ყელს ისე ჭრიდნენ, რომ ფიცრები ერთმანეთში ჯდებოდა. ასე მაგრდებოდა. მე არ მახსოვს, მაგრამ გადმოცემით ვიცი, რომ ძველად ასეთი დაწნული ღობეები ჰქონდათ. სად იყო მაშინ რკინის ბადე-ღობეები, ბლოკი, მავთული, წნელისგან იწნებოდა ხოლმე. რადგან ძველებურ ოდასახლებს ვქმნი, ღობის თემასაც ასე მივყევი. ამ წნელით ადრე ვენახს ახვევდნენ - კაპიჭს ეძახდნენ. მისი გამოყენება მაშინაა სასურველი, როცა ნედლია, სანამ დრეკადია. მერე ღობეები გავაფერადე და სიძველის ეფექტი მივეცი. შემიძლია კვირაში ერთი ასეთი კომპოზიცია შევქმნა.

- მუშაობისას რა ემოციები გეუფლებათ?

- დაღლილობას ვერ ვგრძნობ, ნერვებს მიმშვიდებს. საკმაოდ ბევრი მაქვს უკვე შექმნილი - მათ შორის გაჩუქებული და გაყიდულიც.

გალაკტიონობას გალაკტიონის სახლი გავაკეთე და მის მუზეუმს ვაჩუქე ჭყვიშში. ზუსტად მერე ჩემმა უფროსმა მთხოვა, ერთი ჩვენც გვქონდესო და ჩვენი ცენტრისთვისაც დავამზადე.

go0c3ajv-1713373062.jpeg

- ხისგან კიდევ რას აკეთებთ?

- ღომის ამოსაზელ ჩოგნებს, ხის კოვზებს. ნამუშევრები საქართველოში თითქმის ყველგან მქონდა გამოფენილი და ჩემი სახლები ძალიან მოსწონთ.

- მასალას ყიდულობთ?

- 5 წლის წინ ამ სახლების შექმნისთვის გრანტი მოვიგე. მომცეს ელექტროშალაშინი, სხვა ხელსაწყოები, მასალა, წებო, საღებავები, ფუნჯები, ყველაფერი, რაც ამ საქმისთვის მჭირდებოდა. მეც ვიდექი და ვაკეთებდი. ერთი გრანტიც სათბურისთვის მოვიგე. ასე რომ, მაქვს სათბურიც, სადაც პამიდორი და კიტრი მომყავს, ზამთარში კი მწვანილი. ყველა შრომობს და ფუსფუსებს ჩვენს ოჯახში. თითოეულს თავისი საქმე აქვს, საქმე განაწილებულია და ყველა მასზეა პასუხისმგებელი. შვილიშვილები, მართალია, პატარები არიან, მაგრამ როგორც შეუძლიათ გვეხმარებიან. ახლა მეორე საწიწილე მინდა გავაკეთო, გავფართოვდეთ.

- რა არის თქვენთვის იმერეთი და კონკრეტულად თქვენი რეგიონი - ვანი?

- ჩემთვის ყველაფერია. ვანში რომ შემოვდივარ, ასე მგონია, ხელახლა ვიბადები. აქ თითქოს სხვანაირად ვსუნთქავ.