რას იწვევს მობილურში "თავჩარგულობა" მოზარდებში - კვირის პალიტრა

რას იწვევს მობილურში "თავჩარგულობა" მოზარდებში

როცა თამარი გავიცანი, 27 წლის მეგონა და მერე საუბარში გაირკვა, რომ მისი უფროსი შვილი 23 წლისაა. ალბათ ეს ის შემთხვევაა, როცა ადამიანი სწორი ფიზიკური აქტიურობითა და საინტერესო ჰობით ინარჩუნებს ახალგაზრდობას. თამარ კულუმბეგოვმა ხატვის, ცეკვის, იოგის, მასაჟისა და ასტროლოგის სინთეზით შექმნა ქალბატონების გაჯანსაღების კურსი და რჩევებს ჩვენც გვიზიარებს.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"გახლავართ მასაჟის სპეციალისტი და ტრენერი; აგრეთვე იოგის ტრენერი. ორივე სპეციალობა ჩემი ინტერესისა და სიყვარულის საგანია. მასაჟი მაგალითად, ბავშვობიდან გასდევს ჩემს ცხოვრებას. ვხედავდი, ნაინსულტარ ბებიას მასაჟისტი რას როგორ უკეთებდა და როცა ის მიდიოდა, მე ვაგრძელებდი მის გაჯანსაღებაზე ზრუნვას. წლების შემდეგ მამას დასჭირდა სისხლის მიმოქცევისა და კუნთებისათვის მასაჟი და ეს მისია ისევ მე ვიკისრე. ვხალისობდით, ვჯანსაღდებოდით!.."

"იოგა ჩემს ცხოვრებაში 90-იანებში შემოვიდა. გახსოვთ ალბათ, უშუქობის პერიოდი რომ დაიწყო. წარმოიდგინეთ სანთლით განათებული ოთახი, ელემენტებზე მომუშავე რადიო ირაკლი ჩარკვიანის სიმღერით "მე გადავცურავ ზღვას..." და იოგის გაწელვები..."

"ატლასის მალა შესაძლოა დაბადების მომენტში დაიძრას და შემდგომ გამოვლინდეს დისკომფორტით დაწყებული - მისული ხერხემლის პათოლოგიამდე. ასევე ნებისმიერ ასაკში ხელშემწყობი პირობების ფონზე. ცხოვრების წესიდან გამომდინარე, არასწორი წოლის მანერაც უწყობს ხელს. ანუ როცა ხდება თავის ან კისრის ზედმეტი გადახრა რომელიმე მხარეს, ან მხოლოდ ერთ მხარეს წოლა. მობილურში "თავჩარგულობა" არა მხოლოდ ატლასის დაძვრას, კისრის ოსტეოქონდროზსაც უწყობს ხელს. ბოლო დროს ყველაზე ხშირად მოზარდთა საყრდენმამოძრავებელი პათოლიგიების გამო მაკითხავენ. ბავშვები თავჩარგულები რომ არიან მობილურებში, ეს უკანა მიოფასციალური ჯაჭვის გაწელვასა და წინა ჯაჭვის დამოკლებას იწვევს, რაც არღვევს ჯერ ტანადობას, რომელიც შემდგომში გადაიზრდება რაიმე პათოლოგიაში..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 18 აპრილის ნომერში წაიკითხავთ.

რუსუდან გელაშვილი