"მარტო ჩრდილოეთ კორეაშია აკრძალული მოქალაქეების პოლიტიკაში ჩარევა" - არის თუ არა პოლიტიკა ხელოვანებისა და სპორტსმენების საქმე? - კვირის პალიტრა

"მარტო ჩრდილოეთ კორეაშია აკრძალული მოქალაქეების პოლიტიკაში ჩარევა" - არის თუ არა პოლიტიკა ხელოვანებისა და სპორტსმენების საქმე?

არის თუ არა პოლიტიკა სპორტსმენების, მსახიობების, პოეტების ან მხატვრების საქმე? - ეს შეკითხვა ბოლო ხანებში ხშირად ისმის და აქტუალურია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქართველმა ხელოვანებმა და სპორტსმენებმა ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ კრიტიკული აზრი გამოთქვეს. ჩვენი საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს, რომ პოლიტიკა პოლიტიკოსების საქმეა...

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

ქეთი მატაბელი, მხატვარი:

"მე არ მახსენდება მხატვარი, რომელიც პოლიტიკოსი გახდა და ამ სფეროში წარმატებას მიაღწია, რადგან ამას ძალიან დიდი ცოდნა და განსაკუთრებული თვისებები სჭირდება. მხატვრები ცოტა თავისებური ხალხი ვართ: ბოლომდე დედამიწაზე არ ვდგავართ და დავფრინავთ, რაც პოლიტიკაში მიუღებელი თვისებაა - მას სულ სხვა ნებისყოფის და ლოგიკის მქონე ადამიანები სჭირდება. საქართველომ ბევრი განსაცდელი გამოიარა და უკეთესი ხვალინდელი დღის იმედს რა მაძლევს? - ის, რომ ძალიან საინტერესო ახალგაზრდობა მოდის..."

მზია გეწაძე, მომღერალი:

თუ არა ხარ გარკვეული, უნდა გაჩუმდე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანმა აზრი გამოთქვას და ყველა ერთად მიესიოს, მას ასე სჯერა, ასე სწამს და ამბობს, ამის სრული უფლება აქვს. მეც, როგორც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, მინდა მშვიდობიან და ბედნიერ ქვეყანაში ვიცხოვრო; მინდა, რომ ნორმალური შემოსავალი მქონდეს და ქუჩაში არ ვიდგე ლუკმაპურისთვის. ქართველებს დღეს უამრავი ყოფითი პრობლემა გვაქვს..."

ლევან ბერძენიშვილი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი:

"განვითარებულ, მოწინავე ქვეყნებში ასეთი შეკითხვის დასმა თავში არავის მოუვა, რადგან მოქალაქე არის ყველა - რა მნიშვნელობა აქვს, ხელოვანია ის თუ სპორტსმენი, არჩევნებში ხომ მიდის და ხმას აძლევს? ამიტომ, მოქალაქეები პოლიტიკაში ყოველთვის ერეოდნენ და მომავალშიც აუცილებლად ჩაერევიან. მოქალაქეების პოლიტიკაში ჩარევა მარტო ჩრდილოეთ კორეაშია აკრძალული..."

ნინო დარასელი, ჟურნალისტი:

"მეც ისე ვფიქრობ, როგორც ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა: ადამიანი, სპორტსმენია ის, მომღერალი, მოცეკვავე თუ მხატვარი, პირველ ყოვლისა, საქართველოს მოქალაქე და ამ ქვეყნის შვილია. შესაბამისად, ვერ ვხვდები, ეს საკითხი სადავო და საკამათო რატომ გახდა..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 18 აპრილის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე