ზელენსკის შანსები და ჩასაფრებული პუტინი - "კითხვაზე, თუ როგორ იცავენ ფრონტს ჭურვების უკმარისობის პირობებში, ოფიცერი პასუხობს: „საკუთარი სიცოცხლის ფასად!“ - კვირის პალიტრა

ზელენსკის შანსები და ჩასაფრებული პუტინი - "კითხვაზე, თუ როგორ იცავენ ფრონტს ჭურვების უკმარისობის პირობებში, ოფიცერი პასუხობს: „საკუთარი სიცოცხლის ფასად!“

უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. კიევის არმია დაღლილ-დაქანცულია და საკმაოდ შელახულად გამოიყურება, თუმცა რუსების შეტევას მაინც წინააღმდეგობას უწევს. როგორც მოსალოდნელია, რუსული არმიის მოქმედება კიდევ უფრო მეტად ზაფხულის დასწყისში გააქტიურდება. დასუსტებულია უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებებიც, რომლებიც ძლივსღა აკავებენ რუსების საჰაერო შეტევებს - დრონების, რაკეტებისა და ტონანახევრიანი მართვადი ბომბების მოქმედებას. ფრონტის ხაზს იცავენ „ჭრელი“ ქვედანაყოფები, რომლებიც სხვადასხვა სახეობის ჯარებიდან არიან შეკრებილნი. რუსების ჯავშანსატანკო კოლონების შეჩერება მხოლოდ დრონების იმედით თუ შეიძლება, რადგან ქვემეხებისათვის ჭურვები რეზერვი თითქმის აღარ არის“, - უკრაინის არმიის ასეთი არასახარბიელო მდგომარეობის აღწერით იწყება ამერიკულ გაზეთ „უოლ-სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Journal) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „უკრაინის შანსები რუსეთის არმიის შესაჩერებლად სულ უფრო მცირდება“ (ავტორები - ჯეიმს მარსონი და დენიელ მაიკლსი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

ვლადიმერ პუტინის სტრატეგია ეყრდნობა იმის მოლოდინს, რომ უახლოეს თვეებში უკრაინისათვის დასავლური დახმარება შემცირდება და რუსეთისათვის სასურველი დრო დადგება ომში რადიკალური გარდატეხის განსახორციელებლად. მართლაცდა, უკრაინის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მასალებით უზრუნველყოფის საკითხში კრიზისულ მდგომარეობაში იმყოფებიან: დასავლეთი უკრაინას იმდენ იარაღს აღარ აძლევს, როგორც მაგალითად, 2022 წელს ან სულაც 2023-ში აწვდიდა. თვითონ უკრაინის ხელისუფლებასაც პრობლემები აქვს ჯარში გაწვევის საკითხში. მართალია, მობილიზაციის კანონი ვერხოვნა რადამ უკვე მიიღო, მაგრამ ისეთი სახით, რომლითაც საზოგადოება კმაყოფილი არ არის. კანონი არც მოქმედი არმიის ჯარისკაცებს არ მოსწონთ, რადგან მათ დემობილიზაციის უფლება არ მიეცათ.

რასაკვირველია, უკრაინა მძიმე სიტუაცის მეტ-ნაკლებად ეგუება, ადაპტაციას ცდილობს და ძალების გადანაწილებას ახორციელებს. „კიევი უკვე ადეკვატურ გადაწყვეტილებებს იღებს და უფრო კარგად მოფიქრებულ თავდაცვით პოზიციებს იკავებს“, - თვლის გადამდგარი გენერალი ფილიპ ბრედლავი, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ უკრაინის არმიისათვის სულ უფრო ძნელი ხდება რუსეთის უპირატესობის დაძლევა ცოცხალ ძალაში და ტექნიკაში.

დასავლური სამხედრო დაზვერვის ზოგიერთი წარმომადგნელები თვლიან, რომ მოცემულ მომენტში რუსეთი უფრო მეტ ყურადღებას უთმობს არა ტერიტორიული სარგებლის მიღებას, არამედ უფრო მეტად უკრაინის არმიის ბრძოლისუნარიონისათვის ძირის გამოთხრას, თანაც ისე, რომ ჯარისკაცებს შიში ჩაუნერგოს. რუსული დრონებისა და რაკეტების რაოდენობის გადიდება იმისკენაა მიმართული, რომ რუსეთმა თავისი ძალის დემონსტრაცია მოახდინოს და აჩვენოს უკრაინის დასავლელ მომხრეებს, რომ მათი მხარდაჭერა კიევისადმი უსარგებლო და უშედეგოა.

უკრაინის არმიის სარდლობა იძულებულია, რომ თავისი ყველაზე ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფები ფრონტის ერთი ხაზიდან მეორეზე გადაისროლოს. მესამე მოიერიშე ბრიგადის ბატალიონები, რომლებიც შარშან ბახმუტში იბრძოდნენ, წელს ავდეევკაში გაგზავნეს და როცა ავდეევკა დაეცა, შემდეგ კუპიანსკთან გადაისროლეს. კითხვაზე, თუ როგორ იცავენ ფრონტის ხაზს საბრძოლო მასალების უკმარისობის პირობებში, ბრიგადის ერთ-ერთი ოფიცერი პასუხობს: „საკუთარი სიცოცხლის ფასად!“.

უკრაინელი ჯარისკაცების (ახალწვეულების) ასაკი კვლავ პრობლემატურია. ჯარში ბევრი 40 წელზე მეტი ასაკის მქონე ჯარისკაცი მსახურობს. ისინი ხშირად ვერ უძლებენ დატვირთვას და წრთვნების დროს იღუოებიან. „ომს ახალგაზრდა და გამძლე ჯარისკაცები იგებენ“, - თქვა ოფიცერმა.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო