"ამღვრეული" გაზაფხული ანუ სახიფათო ზონა - გზა, რომელიც სიტუაციას ჩიხიდან გამოიყვანს?! - კვირის პალიტრა

"ამღვრეული" გაზაფხული ანუ სახიფათო ზონა - გზა, რომელიც სიტუაციას ჩიხიდან გამოიყვანს?!

16-17 აპრილის აქციებმა დაგვანახა ის, რომ საკმაოდ სახიფათო ზღვარზე დავდივართ. სამწუხაროდ, საქართველოში იმის მაგივრად, რომ ვიმსჯელოთ, თუ რას იზამს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე, იმაზე „ვკითხაობთ“, მივაღწევთ თუ არა მშვიდობიანად არჩევნებამდე.

ხელისუფლებას „უცხოური გამჭვირვალობის კანონპროექტი“ ჯერ დასამტკიცებელი აქვს და შესაბამისად, ალბათ, მთავარი პროტესტი წინ არის. მმართველი გუნდი, სავარაუდოდ, იმედოვნებს, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ პროტესტი ნელ-ნელა გამოიფიტება. საქართველოს ხელისუფლებებს(ყველას) არაერთხელ გამოუყენებია ასეთი ტაქტიკა - დგება მომლოდინე პოზაში(ანუ მკვეთრ ნაბიჯებს არ დგამს) და ელოდება, როდის დაიღლებიან მომიტინგეები ქუჩაში დგომით. თუმცა ამჯერად პროტესტის „აკუმულატორი“ რამე ერთჯერადი აქტი არ არის(თუნდაც ზემოხსენებული კანონპროექტი) - წინ სავარაუდოდ გველის დასავლეთის კონკრეტული ნაბიჯები, რაც ქვეყანაში სიტუაციას კიდევ უფრო დაძაბავს. შესაბამისად, პროტესტის ჩაცხრობაზე იმედები შესაძლოა, ფუჭი იყოს.

თავის მხრივ, აქციის მონაწილეები, რა თქმა უნდა, იმედოვნებენ, რომ ხელისუფლება ბოლოს და ბოლოს უკან დაიხევს. იმის პროგნოზირებაც შეიძლება, რომ პროტესტი თანდათან შესაძლოა უფრო მწვავე გახდეს.

თუ არ გამოიძებნა სასწრაფოდ რაიმე კომპრომისი, ძნელი სათქმელია, მივაღწევთ თუ არა მშვიდობიანად არჩევნებამდე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვინმე გამორიცხავს, რომ თუნდაც გარე ძალამ(ჩრდილოეთიდან) რაიმე სერიოზული პროვოკაცია მოაწყოს?! მერე რას ვშვრებით?! სერიოზული პროვოკაციის შემთხვევაში, მოვლენები შეიძლება გახდეს უმართავი და ქვეყანა უფსკრულის პირას აღმოჩნდეს.

კომპრომისი გულისხმობს იმას, რომ ყველამ სახე შეინარჩუნოს. ზოგიერთი ექსპერტი საინტერესო მოსაზრებებს გამოთქვამს. მაგალითად, ის ურჩევს „ოცნებას“, რომ ისე გადააკეთოს კანონპროექტი, რომ ყველა შიშები და კითხვის ნიშნები მოხსნას. მაგალითად, „იარლიყის“ ჩანაწერი(„უცხოური გავლენის მატარებელი“), შეცვალოს „გამჭვირვალობით“ და ამოიღოს კანონპროექტიდან ის ჩანაწერები, რომლებიც თეორიულად რეპრესიების საფრთხეს ქმნის. კი ბატონო, შეინარჩუნოს მთავარი პრინციპი, რომლითაც, არასამთავრობოების მუშაობა ფინანსურად გამჭვირვალე უნდა იყოს. ამ „მანევრით“ უმრავლესობა კანონს მიიღებს და აღარ მოუწევს მეორედ უკან გაწვევა. თუ ასე მოხდა, სიტუაცია განიმუხტება და იმედია, ქვეყანა ბოლოს და ბოლოს ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება.