"ჩვენი მეორე გვარი ხომ სუხიშვილია. ილიკოს ნიჭს საზღვარი არ აქვს. მან გარდატეხა მოახდინა ქართულ ქორეოგრაფიაში" - კვირის პალიტრა

"ჩვენი მეორე გვარი ხომ სუხიშვილია. ილიკოს ნიჭს საზღვარი არ აქვს. მან გარდატეხა მოახდინა ქართულ ქორეოგრაფიაში"

„...ჩემპიონთა ლიგის ფინალს, რომელიც რომში გაიმართა, ძალიან ხშირად ვიხსენებ. ეს უბრალოდ ღონისძიება კი არა, ძალიან მასშტაბური რამ იყო. აღნიშნულმა დღემ ჩემი ცნობიერება შეცვალა, ეს გახლდათ ემოციების ზეიმი; ამას ვერ ახსნი, ვერც გამოხატავ. მახსოვს ერთი მომენტი, რომელიც ალბათ 7 წამს გაგრძელდა: როცა ვიცეკვეთ, შემოვიდნენ ფეხბურთელები და ჩვენ წინ, ხაზზე გასწორდნენ. ამ დროს ისეთი ემოციები იყო იქ მყოფი 90 000 ქომაგისგან, რომ ცაში ავიხედე და ღმერთს ვთხოვე, გული არ გამსკდომოდა..." - გვიყვება მოცეკვავე ნათია ცუცქირიძე.

- გაგრაში დავიბადე... ერთი წლის ვიყავი, როცა იძულებით მოგვიწია აფხაზეთის დატოვებამ. ჯერ მამის მშობლებთან, ჭიათურაში ვცხოვრობდით, შემდეგ თბილისში, საერთო საცხოვრებელში გადავედით. ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ, თუმცა ჩემი მშობლები ყოველთვის ცდილობდნენ, მე და ჩემს ძმას ეს ნაკლებად გვეგრძნო. მიუხედავად ყველაფრისა, დიდ სიყვარულსა და სითბოში გავიზარდეთ. მშობლები დილიდან საღამომდე მუშაობდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ჩვენ არაფერი მოგვკლებოდა. ჩემს ძმას - გიორგის დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს აღზრდაში. ყოველთვის ჩემ გვერდით იყო. ჩვენ ორივე პატარა ასაკიდან ჩართული ვიყავით სახლის საქმეებში და ვცდილობდით, ყველაფერს გავმკლავებოდით, როცა მშობლები სახლში არ იყვნენ. უსაზღვროდ მადლიერი და ამაყი ვარ ჩემი ოჯახით და იმ ადამიანებით, ვისაც ჩვენს მსგავსად, ამ რთული გზის გამოვლა მოუხდათ. თითოეული მათგანი გმირია: გადარჩენისთვის, ადამიანობისთვის, მეგობრობისთვის, უანგარო სიკეთისთვის, სიყვარულისთვის.

- ვინ და როდის აღმოაჩინა თქვენში ცეკვის ნიჭი?

- მშობლები როგორც მიყვებიან, სამი-ოთხი წლის ასაკიდან ყველგან ვცეკვავდი, სადაც მუსიკა მესმოდა. მიყვარდა ადამიანების ყურადღების ცენტრში ყოფნა, ტაშის დაკვრა და ოვაციები... 8 წლისა შემიყვანეს ცეკვაზე ნათია ჟღენტთან -"იბერიაში". ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვისთვის პირველ მასწავლებელს. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ნათიას უდიდესი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ ცეკვა ასე შემიყვარდა. კონცერტები საქართველოშიც გვქონდა, ბევრს ვმოგზაურობდით. ის ყოველთვის თბილი, ყურადღებიანი, მომთხოვნი იყო. ნათია ძალიან მიყვარდა და მისგანაც ძალიან დიდ სიყვარულს, გულწრფელობას, უანგარობას ვგრძნობდი... ჩვენი ურთიერთობა დღემდე გრძელდება, ერთმანეთის დიდი გულშემატკივრები ვართ. თუ რამე მნიშვნელოვანი ხდება ჩემს ცხოვრებაში, მას ვუზიარებ. ვიცი, ბედნიერდება ამით. როცა გაიგო, სუხიშვილების ანსამბლში მიმიღეს, საოცარი ემოცია ჰქონდა. მახსოვს რაღაც პერიოდი ვერ საუბრობდა. იმ წუთებში ძალიან ამაყი იყო ჩემით. მადლობა მას ყველაფრისთვის.

- სხვა სპეციალობაც გაქვთ...

- დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU), ბიზნესადმინისტრირება, მენეჯმენტის განხრით...

- პირველი სცენაზე გასვლა, წარმატება როგორ გახსენდებათ?

- ათი წლისამ ვიცეკვე პირველად კონცერტზე. სცენაზე გასვლის წინ ერთმანეთს ვამხნევებდით და ვცდილობდით, ნერვიულობა არ შეგვტყობოდა. იგრძნობოდა გუნდურობა და ერთიანობა. ნათია მასწავლებელი დიდი მოტივაცია იყო ჩვენთვის. გვინდოდა, მისი შრომა დაფასებულიყო. კონცერტის დასრულების შემდეგ თავს ბედნიერად ვგრძნობდი. მესიამოვნა ის, რაც კონცერტს თან ახლდა. სცენას, განათებას და ოვაციებს დიდი სიამოვნების მონიჭება შეუძლია.

- სუხიშვილების ანსამბლში როგორ აღმოჩნდით?

- 22 წლისამ გადავწყვიტე, ჩემი ცხოვრება სუხიშვილების ანსამბლთან დამეკავშირებინა. მოგეხსნებათ, მათი თითოეული მოცეკვავე ძალიან მაღალი კვალიფიკაციითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევა. ამდენად, ამ გუნდში მოხვედრა და იქ თავის დამკვიდრება დიდ შრომასთან, თავდადებასა და კომპლექსურ ფაქტორებთანაა დაკავშირებული. რაც ასევე გულისხმობს ხასიათის სიმტკიცეს, კარგ ფიზიკურ კონდიციებს და გუნდური მუშაობის უნარს. მაღალი კონკურენციიდან გამომდინარე, ამ პროცესში იღბალიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სუხიშვილებში მოხვედრას თავისი ეტაპები აქვს: დაახლოებით ერთი წელი სტუდიაში ვიყავი, შემდეგ გადავედი სტაჟიორებში და ბოლოს ძირითად ანსამბლში ცეკვის შესაძლებლობა მომეცა. ეს არის დიდი ოჯახი. ასევე, მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, იგრძნობა ჯანსაღი კონკურენცია, რაც გაიძულებს მუდმივად ტონუსში და სასურველ ფორმაში იყო.

მათთან ერთად პირველი კონცერტი ჩემთვის ძალიან ემოციური იყო. ვიაზრებდი, როგორი საპასუხისმგებლო გახლდათ ისეთი მოცეკვავეების გვერდით დგომა, რომლებმაც ეპოქა შექმნეს, მუდმივ რეჟიმში სუხიშვილების ისტორიას წერდნენ და საქართველოს ცოცხალ ძეგლებს წარმოადგენდნენ. მახსოვს მაკიაჟის გაკეთების პროცესი, ხელების კანკალი, საკუთარ თავთან ბრძოლა და ემოციების კონტროლი. პირველივე წელს ორთვიან გასტროლზე წავედით. ტური საკმაოდ დატვირთული იყო, 9 ქვეყანაში ვიმოგზაურეთ, 56 კონცერტი ჩავატარეთ. ეს გასტროლი შთამბეჭდავი იყო ჩემთვის. ძალიან დიდი თანადგომა ვიგრძენი თითოეული მოცეკვავისგან. მაყურებლის აპლოდისმენტები, ზღვა ემოციები და დიდი სიყვარული ჩვენი ხელოვნების მიმართ, საოცარ შეგრძნებას გვიტოვებდა.

- ნინო და ილიკო სუხიშვილებზე რას გვეტყვით?

- დიდი პატივი და სიამოვნებაა ისეთ ადამიანებთან მუშაობა, როგორიც ნინო და ილიკო არიან. ვფიქრობ, ილიკოს ნიჭს საზღვარი არ აქვს. მან გარდატეხა მოახდინა ქართულ ქორეოგრაფიაში, ძალიან მაღალ დონეზე აიყვანა ქართული ხელოვნება. ილიკომ ალბათ საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტს ცეკვა შეაყვარა თავისი ახალი, ინოვაციური პროგრამებით. ქალბატონი ნინო კი ძალიან კარგი მენეჯერია და ზუსტად ასეთი კარგი მმართველობის დამსახურებაა ანსამბლის დიდი წარმატება. ყველაფრის მიღმა, ის ჩვენი ქომაგი, დიდი გულშემატკივარი, მეგობარი და მშობელია. ჩვენი, მოცეკვავეების მეორე გვარი ხომ სუხიშვილია...

- 2009 წელს რომში უმნიშვნელოვანესი პროექტის მონაწილე გახდით...

- 2009 წელს ქართველ მოცეკვავეებს წილად გვხვდა ბედნიერება, ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაგვეხსნა, რეჟისორ ლაშა ონიანის ხელმძღვანელობით. მასში 66 ქართველი მოცეკვავე ვმონაწილეობდით. 3 თვის მანძილზე, მთელი დღეები სტადიონზე რეპეტიციები გვქონდა, ზოგჯერ გაუსაძლის პირობებშიც. ხშირად ძლიერი წვიმის დროსაც არ გავჩერებულვართ. ასეთ მასშტაბურ ღონისძიებაში ქართველებს არასდროს მიგვიღია მონაწილეობა, ეს კი ლაშა ონიანის დამსახურებაა.

2009 წლის მაისიდან დღემდე, ჩემპიონთა ლიგის ფინალს, რომელიც რომში გაიმართა, ხშირად ვიხსენებ. ეს არ იყო უბრალოდ ღონისძიება, აღნიშნულმა დღემ ჩემი ცნობიერება შეცვალა, ეს იყო ემოციების ზეიმი... უეფას წარმომადგენლებისგან დიდი მოწონება დაიმსახურა ჩვენმა პერფორმანსმა.

- სად უფრო კარგად გრძნობთ თავს, ძველ, კლასიკურ პროგრამაში თუ ახალ ცეკვებში?

- ვიტყოდი, რომ ორივე თანაბრად მნიშვნელოვანი და კომფორტულია. რა თქმა უნდა, კლასიკური ფორმატი ფუნდამენტია იმ ყველაფრის, რაც დღეს გვაქვს. თუმცა, ახალი და ინოვაციური ელემენტები ქართულ ცეკვაში ძალიან სწორი, დროული და გონივრული ინიციატივაა ილიკოს მხრიდან. ახალი პროგრამები გვაძლევს შესაძლებლობას, ვიყოთ დინამიკურები, ინოვატორები, თანამედროვეები ისე, რომ შევინარჩუნოთ ძველი და შევქმნათ ახალი, რაც ყველასია, რაც ბევრისთვის მარტივად ასათვისებელი და გასამეორებელია. ჩვენ სახალხო, საყოველთაო ცეკვებს ვთავაზობთ თანამედროვე საზოგადოებას, რომ მარტივად ასატაცებელი, გასამეორებელი და დასამახსოვრებელი იყოს მაყურებლისთვის.

- გარდა ცეკვისა, თქვენი ყოველდღიური ცხოვრება როგორია?

- დაახლოებით 2 წლის წინ დავოჯახდი. ჩემი ყოველდღიურობა ჩემს მეუღლეს და საქმეს ეთმობა. ასევე იმ ადამიანებს, ვინც ძალიან ძვირფასია. მყავს სამი საოცარი ძმისშვილი: დათა, ელენე, სოფია... მათმა დაბადებამ ჩემი ცხოვრება შეცვალა. ძალიან გამიმართლა ყველა იმ ადამიანში, ვინც ჩემ გვერდითაა. ვფიქრობ, საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება მაქვს. დაინტერესებული ვარ კულინარიით. მიტაცებს ბიზნესის კეთება და სავარაუდოდ, სამომავლოდ ამ ამპლუაშიც მიხილავთ.

- თუ გყავთ მოწაფეები?

- დიახ, ვარ სუხიშვილების ბავშვთა ასაკობრივი ჯგუფების პედაგოგი. კერძოდ, დიდი დიღმის ფილიალში. ბავშვებთან ურთიერთობა მაბედნიერებს. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სტიქიაა, თუმცა საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო საქმეა. ძალიან პოპულარული და ტრენდული გახდა ქართული ცეკვა ახალგაზრდებში. ასევე გვყავს მოყვარულებიც, სადაც ასაკი შეუზღუდავია. ჩემს ძმისშვილს, რომელიც სულ რაღაც სამი წლისაა, უზომოდ უყვარს სუხიშვილები. მისი დიდი სურვილიდან გამომდინარე, ვცდილობ ვასწავლო ცეკვა. ძალიან მონდომებული და ბედნიერია.

- როგორ ახერხებთ იდეალური ფორმის შენარჩუნებას?

- ვცდილობ ჯანსაღად ვიკვებო. ძალიან მიყვარს ტიბეტური მედიცინა, ჰომეოპათია და ბუნებრივი საშუალებები. დილას ვიწყებ ვაშლის ძმრის და თაფლის ნარევით, პოზიტიური მუსიკითა და მცირე ფიზიკური აქტივობით. რაც მთავარია, საკუთარ თავს ვუღიმი, პოზიტიურ განწყობას ვიქმნი.

- როგორია თქვენი გეგმები?

- აპრილის დასაწყისში მივემგზავრებით სამკვირიან ევროტურზე, სადაც ხუთ ქვეყანაში და ათამდე ქალაქში გავმართავთ კონცერტებს. მერე კი ტრადიციულად, ფილარმონიაში შევხვდებით ქართველ მაყურებელს.

მანანა გაბრიჭიძე

ჟურნალი "გზა"