საფრთხე, რომელიც ამერიკას ემუქრება - საით მიექანება ყველასთვის საოცნებო ქვეყანა?! - კვირის პალიტრა

საფრთხე, რომელიც ამერიკას ემუქრება - საით მიექანება ყველასთვის საოცნებო ქვეყანა?!

ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) აქვეყნებს სტატიას სათაურით - „ამერიკელთა ნდობა საკუთარი სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ მცირდება. რა შედეგები მოჰყვება ამას?“, რომელშიც საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი კომპანიის - „გელაპის“ (Gallup) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებია განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებული სახით:

2006 წელს „გელაპმა“ პირველად ჩაატარა გამოკითხვა ამერიკელებს შორის, რათა გაეგო, თუ როგორი ნდობით ეკიდებიან ისინი საკვანძო სახელმწიფოებრივ ინსტიტუტებს - თეთრ სახლს, კონგრესს და ა.შ. მსგავსი გამოკითხვა ჩატარდა დიდ ბრიტანეთში და „დიდი შვიდეულის“ სხვა ქვეყნებშიც. იმდროინდელი მონაცემებით, ამერიკელებმა და ბრიტანელებმა პირველი ადგილი გაიყვეს. 2023 წელს კი ამერიკელების თვალსაზრისთა თანაფარდობა იმდენად შეიცვალა, რომ მათმა ქვეყანამ უკვე ბოლო ადგილი დაიკავა.

ახალი მონაცემები გვაჩვენებს, რომ მოსახლეობის ნდობა აშშ-ის ეროვნული ინსტიტუტების მიმართ მნიშვნელოვნად მცირდება. 20 წლის წინ ამერიკელები თავიანთი მთავრობისა და სხვა სახელისუფლებო ცენტრალური ორგანოების მიმართ მაღალი ერთგულებით იყვნენ გამსჭვალულნი, რასაც ვერანაირად ვიტყვით წლევანდელ მაჩვენებლებზე, რომლებიც ისტორიულად დაბალ დონეზეა.

თუ სხვა პარამეტრებს გადავხედავთ, ამერიკელების ნდობა შემცირებულია სასამართლო სისტემისადმი და არ ენდობიან არჩევნების პატიოსან ჩატარებას. ერთადერთი, რაც სხვა ინსიტუტებთან შედარებით ჯერ კიდევ მეტ-ნაკლებად მაღალია, ესაა ნდობა შეიარაღებული ძალებისადმი, თუმცა ამჟამად ისიც დაცემულია, ადრინდელთან შედარებით.

ასეთი მაჩვენებლები გასაკვირი არ უნდა იყოს - თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მსოფლიოს უძლიერეს ქვეყანაში პოლიტიკური გაურკვევლობა სუფევს. აქედან გამომდინარე, ამერიკელთა ნდობის მკვეთრი დაცემა შეიძლება, ბოლო წლების მოვლენებითაც აიხსნას. დამკვირვებლები მასში დონალდ ტრამპის ხელსაც ხედავენ - აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა თავისი წვლილი შეიტანა, ვთქვათ, არჩევნების „პატიოსნად ჩატარების“ საქმეში 2020 წელს.

„რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის დროს გამოვლენილმა დარღვევებმა აშშ-ის საარჩევნო სისტემის წინაშე რთული კითხვები წამოჭრა, რამაც, თავის მხრივ, თეთრი სახლის ბინადარისადმი ბრალდებები გამოიწვია“, - ამბობს ჰენრი ბრედი, პროფესორი კალიფორნიის უნივერსიტეტიდან. მისი აზრით, ყოფილი პრეზიდენტი დამნაშავეა აშშ-ის სასამართლო სისტემისადმი ნდობის შემცირებაშიც - შორს რომ წავიდეთ, სულ რაღაც რამდენიმე დღის წინათ დონალდ ტრამპმა მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს ფინანსების გარეცხვის შესახებ „საჩვენებელი კომუნისტური პროცესი“ უწოდა.

დიახ, სასამართლოსადმი მოსახლეობის ნდობის ძირის გამოთხრაში რესპუბლიკელების წვლილი ნამდვილად არის, მაგრამ ხელი არც დემოკრატებს დაუკლიათ: შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მეტად სასამართლოსადმი მოსახლეობის ნდობის შემცირება გამოიწვია 2022 წელს მიღებულმა უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმად, აშშ-ში ქალებს აბორტების გაკეთების კონსტიტუციური უფლება გაუუქმდათ. ამის შემდეგ დემოკრატების ავტორიტეტი ძალიან შეილახა.

საინტერესოა, რომ დიდ ბრიტანეთში ყველაფერი პირიქით არის: ინგლისში მოქალაქეთა ნდობა სასამართლო და საარჩევნო სისტემების მიმართ ისეთი მაღალია, როგორც არასდროს. გამოკითხულთა 70% დარწმუნებულია, რომ არჩევნები პატიოსნად ტარდება. იმავე კითხვას დადებითად პასუხობს ამერიკელთა მხოლოდ 44%.

„როგორც აშშ-ში, დიდ ბრიტანეთშიც შეიმჩნევა საკმაოდ მდგრადი ვარდნა ეროვნული მთავრობისადმი ნდობის საკითხში, მაგრამ რწმენა დემოკრატიის საფუძველებისა და ობიექტური, ღირსეული არჩევნების მიმართ ჯერ კიდევ საკმაოდ ძლიერია“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი ბენედიქტ ვიჯერსი, „გელაპის“ ინსტიტუტიდან.

მაგრამ აშშ-ის მიმართ ასე ვერ ვიტყვით: თუ ავიღებთ ამას წინათ ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს, მათი მიხედვითაც აშშ სიის ბოლოს იკავებს ადგილს და პატიოსანი არჩევნებისადმი ნდობაში წინ უსწრებს მხოლოდ უნგრეთს, თურქეთს და კოლუმბიას.

თუმცა, როგორც კალიფორნიელი პროფესორი ჰენრი ბრედი ამბობს, შემაშფოთებელია არა იმდენად ნდობის დაკარგვა მთლიანობაში, არამედ ის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მატულობს ნდობისადმი პარტიული პოლარიზაცია. ზოგიერთ ინსტიტუტს უფრო მეტად ენდობიან დემოკრატები, მაგალითად, ჟურნალისტიკას - მასმედიის საშუალებებს, უმაღლეს განათლების სასწავლო დაწესებულებებს და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს, რესპუბლიკელები კი - რელიგიას, შეიარაღებულ ძალებს და პოლიციას.

როგორც ცნობილია, ძლიერი და სანდო ინსტიტუტები ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილურობის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო გარანტებს წარმოადგენენ. ადამიანები, რომლებიც მთლიანობაში ხელისუფლებას ასე თუ ისე ენდობიან, დიდი ალბათობით, მორჩილად შეასრულებენ მთავრობის მითითებებს და მოიწონებენ მათ მოქმედებას. კორონავირუსის პანდემიის დროს იმ ქვეყნებში, სადაც ხელისუფლების ინსტიტუტებისადმი ნდობა მაღალი იყო, მოსახლეობა აცრებს იკეთებდა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სახელმწიფო ინსტიტუტების მითითებებსა და რეკომენდაციებს მორჩილად ასრულებდა კარანტინების და სხვა შეზღუდვების საკითხში. თუმცა, რა თქმა უნდა, არც ავტორიტეტისადმი ბრმა ნდობა და არც მათდამი გამოვლენილი გადაჭარბებული სკეპტიციზმი სასარგებლო არ არის. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს: როცა ამერიკა სულ უფრო მეტად ხდება უნდობლობის გამომხატველ ქვეყნად, ამაში გარკვეული საფრთხე იმალება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო