"წითელი ბულბული": ევროპარლამენტარი, რომელსაც ქართველები ეჯავრებოდა - რატომ გვიწოდებდა ბარბაროსებს და აფხაზებისა და ოსების გაწყვეტაში გვადანაშაულებდა?! - კვირის პალიტრა

"წითელი ბულბული": ევროპარლამენტარი, რომელსაც ქართველები ეჯავრებოდა - რატომ გვიწოდებდა ბარბაროსებს და აფხაზებისა და ოსების გაწყვეტაში გვადანაშაულებდა?!

აარჩევნო პროცესში ფარული ჩარევით რუსეთის სპეცსამსახურები ძირითადად ორ მიზანს ისახავენ: ხელისუფლების სათავეში „კრემლის“ ინტერესების აშკარა ან შეფარულად გამტარებელი პოლიტიკური პარტიის მოყვანას და პოლიტიკურ ასპარეზზე, მათ მიერ უკვე „დამუშავებული“ ცალკეული პოლიტიკოსების შემოყვანას და მათთვის გზის „გასუფთავებას“.

მშიერი მგლისა არ იყოს, ამ მიზნების მისაღწევად რუსეთის სპეცსამსახურები არ თაკილობენ არანაირ „ნადავლს“: ადგილობრივი და მუნიციპალური დონის დეპუტატებიდან დაწყებული და ევროპარლამენტარებით დასრულებული. მათ გადაბირება–გამოზრდას შეიძლება წლები დასჭირდეს, თუმცა მოსკოვისთვის „ჩიტი ბრდღვნად ღირს“.

ბევრი „გავლენის აგენტი“ რუსეთის სპეცსამსახურებმა კა–გე–ბე/გე–ერ–უსგან „მემკვიდრეობით მიიღეს“. დღეს ჩემი საუბრის თემა იტალიელი ჟურნალისტის, ყოფილი ევროპარლამენტარის, ჯულიეტო კიეზას (1940-2020) გასაოცარი ანტიქართული, ანტიუკრაინული და ანტიესტონური მოღვაწეობა იქნება.

2008 წლის 11 აგვისტოდან დღე არ გავიდოდა, რომ ევროდეპუტატ კიეზას სტატია არ გამოქვეყნებინა ან ინტერვიუ არ მიეცა, სადაც საქართველო და ქართველები მოძალადეებად და ბარბაროსებად ვიყავით წარმოჩენილი. კიეზას ისე, სხვათაშორის მაინც რომ ეთქვა: აი თურმე ქართული სოფლებიც სერიოზულად დაზიანებულა, ათი ათასობით გამოძევებულია და მშვიდობიანი მოსახლეობაც დახოცილაო, კაცს შეიძლება კიდევ ეფიქრა - ობიქტურობას ცდილობს ეს ძველი ნაკომუნისტარ-ევროდეპუტატიო. თუმცა მისი სტატიები და ინტერვიუები „შემთხვევით“ ზუსტად იმეორებდა იმ ბრალდებებს, რასაც საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ხელისუფლება უკვე 2008 წლის 8 აგვისტოდან დღემდე „ამღერებს“.

დიდხანს ვეძებდი ამგვარი დამოკიდებულების მიზეზს, მაგრამ ისეთს ვერაფერს მივაგენი, რაც ჩვენს მიმართ კიეზას ამგვარ სიძულვილს ახსნიდა. დაილოცოს ინტერნეტი! ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ ჯულიეტო კიეზას ბიოგრაფიის ცნობილი ფაქტების, თუ მივიწყებული წვრილმან–დეტალების გაცნობის შემდეგ მოეფინა ბევრ რამეს ნათელი.

მცირე დოსიე: ჯულიეტო კიეზა დაიბადა 1940 წლის 4 სექტემბერს იტალიის პატარა პროვინციულ ქალაქ აქვი–ტერმეში. ახალგაზრდობიდანვე გაიტაცა მარქსისტულმა იდეოლოგიამ, სტუდენტთა ბევრ საპროტესტო დემონსტრაციას გაუწია ორგანიზება და სავარაუდოდ მაშინ მოხვდა „კომპეტენტური საბჭოთა ორგანოების“ (ამ შემთხვევაში კა–გე–ბეს) თვალთვახედვის არეში. კიეზა 1960-იან წლებში იტალიის ახალგაზრდა კომუნისტთა ფედერაციის (საბჭოთა კომკავშირის იტალიური ანალოგის) ხელმძღვანელი იყო, ხოლო 1970-1979 წლებში უკვე „დიდ“ კომუნისტებს ხელმძღვანელობდა გენუაში. 1980-1990 წლებში კიეზა იტალიის კომუნისტთა მთავარი გაზეთის, „უნიტას“ კორესპოდენტია რუსეთში. 1990-2000 წლებში კი ასევე იტალიური გაზეთის „ლა სტამპას“ მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელია. ის კარგად საუბრობდა რუსულ ენაზე. საერთო ჯამში კიეზამ ოცი წელი გაატარა მოსკოვში. ჩანს, რომ ძალზე „შედეგიანად“. კიეზას მონდომება დაუფასეს და რუსეთის სპეცსამსახურების დახმარებით ის 2004 წელს გახდა ევროპარლამენტის წევრი იტალიის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან. საბჭოთა და რუსეთის ხელისუფლებისადმი აღტაცებას ჯულიეტა არასდროს არ მალავდა და ამ „სასიყვარული“ თემაზე ათამდე წიგნი და ასეულობით სტატია გამოაქვეყნა. განსაკუთრებით აღფრთოვანებული იყო ის პუტინის ხელისუფლებით და ამას არც მალავდა: მას პუტინი რუსეთის გადამრჩენად და აშშ-ის დამსამარებლად ესახებოდა. 2000 წლიდან კიეზა პუტინის აზრებს ახმოვანებდა, ისევე, როგორც მანამდე ბრეჟნევის, ანდროპოვის და გორბაჩოვის „წითელი ბულბული“ იყო. კიეზას პათოლოგიურად სძულდა აშშ და მისი ყველა სტრატეგიული მოკავშირე. იქამდეც კი მივიდა, რომ განაცხადა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი . . . თავად ამერიკელებმა მოაწყვესო. მას შემდეგ, რაც კიეზა ევროდეპუტატი გახდა, ძალზე გააქტიურდა. მას ევროპარლამენტში რამდენიმე საკმაოდ სერიოზული პოსტი ეკავა: იყო საერთაშორისო ვაჭრობის კომისიის ვიცე-პრეზიდენტი, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომისიის წევრი, ევროკავშირი-რუსეთის საპარლამენტო კომისიის წევრი და სხვ. კიეზა ჟურნალისტურ მოღვაწეობასაც ასწრებდა: მისი “სენსაციური” სტატიების მთავარი სამიზნე აშშ-ი, ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი იყო.

აგვისტოს ომი ჯერ კიდევ არ იყო შეწყვეტილი, რომ კიეზამ უკვე “ყველაფერი იცოდა”. მთელ ევროპაში რუსეთის ხელისუფლების გარდა, კიეზა ერთადერთი ევროპელი პოლიტიკოსი იყო, ვინც უკვე 11 აგვისტოს საქართველოს ასახელებდა აგრესორად. დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება დავასკვნათ: კიეზა პირველი, არარუსი უცხოელი პოლიტიკოსი იყო რომელმაც დაიწყო რუსეთის “პროპაგანდისტული მანქანის” მიერ შემუშავებული ანტიქართული დეზინფორმაციის გავრცელება. მაშინ, სამოცდაათ წელს მიტანებული ევროპარლამენტარი, ერთი დღე ლატვიაში რომ იყო, მეორე დღეს მოსკოვში აძლევდა ინტერვიუებს, მესამე დღეს კი უკვე ცხინვალში იყო და კოკოითს ეხუტებოდა. შემდეგ მორიგ პროვოკაციულ “ფოტო-გამოფენას” ხსნიდა რომში, აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის ტრაგიკულ დღეებთან დაკავშირებით. ჯანმრთელობის გარდ, ა ამ ვოიაჟებს გვარიანი ფულიც რომ სჭირდება, ესეც ხომ საკითხავია. ვითომ საკუთარ ევროპარლამენტარის ხელფასს იმეტებდა კომუნისტი კიეზა ამ “გულისამაჩუყებელი” ვიზიტების დასაფინანსებლად? არა, ის ძველებურად კვლავ მოსკოვის კმაყოფაზე იყო! ამიტომაც კიეზა, რუსეთის ხელისუფლების დავალებით, 2008 წლის აგვისტოდან მოყოლებული უსახლკაროსავით დადიოდა ქვეყნიდან-ქვეყანაში, ინტერვიუს გულუხვად არიგებდა და ცდილობდა, რომ მსოფლიოსთვის დაუმტკიცებინა, თუ რა მოძალადეები და ბარბაროსები არიან ქართველები და როგორ „მუხანათურად გაწყვიტეს“ საცოდავი აფხაზები და ოსებიო.

2008 წლის 25 ნოემბერს ჯულიეტა ლატვიის დედაქალაქ რიგაში იქაური რუსი ეროვნების პოლიტიკოსებს შეხვდა. ამერიკა და ნატო რომ მოთხარა, მერე საქართველოს მიუბრუნდა და განაცხადა: რაზე უნდა დაელაპარაკოს საქართველოს ხელისუფლება ოსებს, ისინი ხომ 15 წლის მანძილზე კლავდნენ და ანადგურებდნენ ოსებსო. შემდეგ კი კიეზა საბოლოოდ გაიშიფრა, როდესაც განაცხადა:

მე საქართველოში არაერთხელ ვარ ნამყოფი. ადრე პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან ჩავწერე ინტერვიუ. მაშინ დავრწმუნდი, რომ ეს ადამიანი გიჟი იყო. მან პირდაპირ მითხრა: ოსები აქ იცხოვრებენ თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც ეს საქართველოს მიწებიაო. საინტერესოა რა დაინახა კიეზამ ამ სიტყვებში არასწორი? თუმცა ეს კითხვაც მხოლოდ რიტორიკა და ფუჭი წყლის ნაყვაა, რადგანაც კიეზა მაშინაც დეზინფორმაციული დავალების შესასრულებლად იყო მოსკოვიდან გამოგზავნილი და შემდეგ წლებშიც იმავე პატრონების ნებას ასრულებდა.

giulietto-chiesa-1713509798.jpg

ჯულიეტო კიეზა

2008 წლის 27 ნოემბერს, ესტონეთში ვიზიტისას, სადაც კიეზამ ახლი “შედევრი”, სახელად “ზერო” (ამ წიგნში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების ორგანიზებას ის აშშ-ის ადმინისტრაციას აბრალებდა) წარუდგინა ესტონეთის მოსახლეობის რუსულენოვან ნაწილს. ისინიც აღფრთოვანებული შეხვდნენ ევროდეპუტატის მორიგ ოპუსს ამერიკის წინააღმდეგ. სხვადასხვა გამოსვლებსა და პრესკონფერენციებზე კიეზამ კბილი ესტონეთსაც გაჰკრა და აღშფოთება გამოთქვა ესტონეთში “ფაშისტური იდეების” აღორძინების გამო. 2010 წელს კიეზამ იტალიაში დააარსა სოციალურ-პოლიტიკური მოძრაობა „ალტერნატივა ევროპისთვის“. ამგვარი „ალტერნატივები“ სოკოსავით მოედო ევროპას და ისინი რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის პროპაგანდისტები გახდნენ.

უკრაინაში რუსეთის ღია აგრესია ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო და ეს იმდენად აშკარაა იყო, რომ მხოლოდ უცხოპლანეტელებს თუ გაუჩნდებათ რუსეთის ხელისუფლების მოქმედებების გამართლებისა და მხარდაჭერის სურვილი. თუმცა არა, უკვე მაშინ „საინფორმაციო ფრონტზე” გამოჩნდნენ პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და ექსპერტები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის აგრესიის ახსნას „ობიექტური“ ისტორიულ-ეთნიკური მიზეზებით ცდილობდნენ.

უკრაინაში აგრესიის „გამპრავებელთა“ ძველ, ნაცად, „ნაფტალინიდან“ ამოღებულ „გავლენის აგენტებს“ შორის აღმოჩნდა კა-გე-ბეს მიერ დაფენილ ათას ნაბადზე გადამხტარი, უკვე ხანში შესული ჯულიეტო კიეზაც.

2017 წლის 19 სექტემბერს ევროპარლამენტის ყოფილი დეპუტატი და ჟურნალისტი, უკვე კარგად მობერებული ჯულიეტო კიეზა ცხინვალში, თავისი ჭკუის იტალიელთა დელეგაციასთან ერთად ჩავიდა და დაპირებები დაარიგა:

picture2-1713509798.jpg

ჯულიეტო კიეზა ცხინვალში

შევეცდები სამხრეთ ოსეთის ”პრეზიდენტი” ანატოლი ბიბილოვი ბრიუსელში ჩავიყვანო, რათა ის ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდეს და მოუყვეს ევროდეპუტატებს ”რესპუბლიკის”, მისი ისტორიისა და ხალხის შესახებო.

თუმცა გაქექილი პოლიტიკოს–ჟურნალისტი კიეზა, რომელიც „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ ევროპარლამენტში ლობირებას უანგაროდ არ ახდენდა, უკანდასახევ გზასაც იტოვებდა: ჩემი მიზნის მიღწევა რთულია უახლოეს თვეებში. ეს იქნება ფუნდამენტური მომენტი, რაც, რა თქმა უნდა, დიდ სკანდალს გამოიწვევს, თუკი წარმატებას მიაღწია. არის რამდენიმე დეპუტატი, რომლებიც მზად არიან მხარი დაგვიჭირონ. ევროპარლამენტის დეპუტატს უფლება აქვს მოაწყოს გარკვეული ღონისძიებები, ამიტომ ჩვენ შევკრებთ დეპუტატების ჯგუფს, რომელიც მოიწვევს პრეზიდენტს და თუ ეს არ გამოვა, მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრს, ძალიან მოხარული ვიქნები, თუ ამას მოვახერხებთო.

picture1-1713509798.jpg

„მინისტრი“ მედოევი, ეფ–ეს–ბეს აგენტი (თან ევროდეპუტატი) ჟდანოკი და „დიპლომატი ფუხაევი. ბრიუსელი 2017 წლის 3 დეკემბერი.

მართლაც, რუსეთის სპეცსამსახურების ძალისხმევით, 2017 წლის 3-4 დეკემბერს „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ დიმიტრი მედოევმა მონაწილეობა მიიღო ევროპის მეთერთმეტე რუსულ ფორუმში, სახელწოდებით „ევროკავშირი 2017 წელს და 1917 წლის რუსეთის რევოლუცია: დაუსწავლელი გაკვეთილები“. ბრიუსელში მედოევი ევროპარლამენტის წევრის, ევროპის რუსეთის ალიანსის თავმჯდომარის, ტატიანა ჟდანოკის მიწვევით ჩავიდა. არ გაინტერესებთ ვინ არის ქალბატონი ჟდანოკი?

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, რომელიც The Insider-ის, Delfi-სა და Re:Baltica-ს ჟურნალისტებმა ჩაატარეს, ტატიანა ჟდანოკი სულ მცირე 2004 წლიდან თანამშრომლობს რუსეთის ეფ–ეს–ბესთან: ის კოორდინაციას უწევდა ამ სპეცსამსახურის აგენტებთან პრორუსულ პოლიტიკურ საქმიანობას ლატვიაში, ასევე ლობირებს რუსეთის ინტერესებს ევროპარლამენტში. ამავე დროს ის ფარულად ეხმარებოდა ეფ–ეს–ბეს თანამშრომლებსა და აგენტებს ევროპარლამენტის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებაში . კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: 2008 წლის შემოდგომაზე ევროდეპუტატი და პარალელურად ეფ–ეს–ბეს აგენტი ტატიანა ჟდანოკი ცხინვალში ჩავიდა, მას თან ახლდა ასევე ევროპარლამეტარი ჯულიეტო კიეზა. რა თქმა უნდა „უხილავი ფრონტის მებრძოლი“ ევროდეპუტატები კვლავ რუსეთის სპეცსამსახურების დავალებას ასრულებდნენ.

„წითელი ბულბული“ ჯულიეტო კიეზა 2020 წლის 26 აპრილს აღესრულა. მას კიდევ ბევრი ცუდი საქმის გაკეთება აღარ აცალა ღმერთმა.

(მეორე ნაწილის დასასრული)