"მარმარილოს თეთრი ბუ, თურმე, სტალინის კაბინეტში იდგა. მერე, მუზეუმში მოხვდა და ბოლოს მე მისახსოვრეს" - კვირის პალიტრა

"მარმარილოს თეთრი ბუ, თურმე, სტალინის კაბინეტში იდგა. მერე, მუზეუმში მოხვდა და ბოლოს მე მისახსოვრეს"

არქივი, 2020 წელი

როგორ შეიძინეს საქართველოში შიდსის პირველი აპარატი და რა გატაცება აქვს თენგიზ ცერცვაძეს?

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი - ეს არის სრული დასახელება იმ კლინიკისა, რომელსაც ყველა ინფექციური საავადმყოფოს სახელით მოვიხსენიებთ და კორონავირუსის გამწვავების ფონზე, დაწესებულება და მისი დირექტორი - თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებისა და მედიის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა.

გთავაზობთ ჟურნალ "გზისთვის" მომზადებულ მის ინტერვიუს, რომელიც ჩაწერილია 2020 წლის მარტში, მაშინ, როცა კოვიდპანდემია ახალი დაწყებული იყო...

კლინიკის ერთ-ერთ ყველაზე სპეციფიკურ - ბოქსირებულ განყოფილებაში სტუმრობისას, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ დირექტორის კაბინეტში შესული, აბსოლუტურად სხვა სამყაროში აღმოვჩნდებოდი - ოთახში დიდი კარადის თაროებზე, მაგიდებზე, იატაკზე, ბუების კოლექციაა განთავსებული - ყველანაირი ზომისა თუ მასალის, ძვირფასი ქვებით მორთული თუ უბრალო ქსოვილით შექმნილი. სწორედ მის კოლექციაში ნახავთ მარმარილოს დიდ თეთრ ბუს, რომელიც თურმე, იოსებ ბესარიონის ძე სტალინს ეკუთვნოდა და ერთ-ერთ ფილმშიც ჩანს. მოგვიანებით, მუზეუმში ინახებოდა, შემდეგ კი მის ამჟამინდელ მეპატრონეს უსახსოვრეს.

შიდსის მიმართულებით მუშაობა მან 1980-იანი წლების დამდეგს დაიწყო, როცა პირველი შემთხვევები ჯერ მხოლოდ აშშ-ში იყო დაფიქსირებული.

ბატონი თენგიზი თავისი საქმიანობისა და ინტერესების შესახებ მოგვითხრობს:

- ჩემი ინტერესის სფერო სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარი იყო. ახალგაზრდობისას ნადირობა მომწონდა, ახლა დიდი ხანია, აღარ მინადირია. სპორტში ოფიციალურად დაკავებული არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ვთამაშობდი კალათბურთს და მაგიდის ჩოგბურთს, ჭადრაკში კი სპორტის ოსტატობის კანდიდატის ტიტული მქონდა. ახლა, როდესაც ასაკში შევედი - 70 წელს გადავცილდი, აღარც დრო მრჩება და აღარც ენერგია, რომ სპორტით დავკავდე ან ვინადირო. ახლა ჩემი ჰობი ბუების შეგროვება გახდა, 1000-ზე მეტი ეგზემპლარი მაქვს.

- რატომ მაინცდამაინც ბუ?

- გულწრფელად გითხრათ, თავისით მოხდა ასე, თუმცა, მერე რომ დავფიქრდი, ალბათ ნადირობის გავლენაა, რადგან ბუ ყველაზე კოლორიტული, განსხვავებული ფრინველია და რაღაცნაირი გამოხედვა აქვს. სხვები დღისით აქტიურები არიან, ნადირობენ, ღამე სძინავთ, ბუ კი პირიქითაა. ბევრი ლეგენდაა, რომ ბუ ბრძენი ფრინველია და ა.შ. მე რა ბუებიც მაქვს აქ, ნახევარზე მეტი წიგნზე ზის ან მაგისტრის ქუდი ახურავს, რაც სიბრძნესთან, მეცნიერებასთან ასოცირდება. უცხოეთში ხშირად მიწევს სიარული და თავიდან, რამდენიმე ბუ იქიდან ჩამოვიტანე. მერე ჩემი ამ გატაცების შესახებ მეგობრებმა და პაციენტებმა რომ გაიგეს, ისინიც მჩუქნიდნენ... ახლა დირექტორი და ხელმძღვანელი ვარ და ძირითადად, რთულ შემთხვევებში ვუწევ კონსულტაციას, მაგრამ თავის დროზე, 20-30 ათასი პაციენტი მყავს გატარებული და არასოდეს, არც ერთისგან არც ფული ამიღია, არც ფასიანი საჩუქარი. ეს იციან, მაგრამ უნდათ, რაღაცით პატივი მცენ და ერთმანეთს გადასცეს, - აი, ბუს თუ მიუტან,

უარს ვერ გეტყვისო. სხვა რამეს უკან გავატან. ამიტომ, მოაქვთ და მოაქვთ ეს ბუები. მათ შორის, უნიკალურებიცაა. მაგალითად, მარმარილოს დიდი ბუ, რომელიც თურმე, თავის დროზე სტალინის კაბინეტში იდგა. მერე, მუზეუმში მოხვდა და ბოლოს მე მისახსოვრეს. საავტორო ბუებიც მაქვს, ვენეციური შუშისგან დამზადებულიც და ა.შ. მოკლედ, აქ ნახავთ როგორც ძალზე იაფიან სუვენირებს, ისე ძვირად ღირებულ ეგზემპლარებს.

- უამრავი ჯილდოც გაქვთ მიღებული, მათ შორის, შარშან ბრწყინვალების ორდენი გადმოგეცათ, რაც ექიმებში იშვიათია.

- დიახ, ბრწყინვალების ორდენს დებულებაში უწერია, რომ განსაკუთრებული დამსახურებისთვის ენიჭებათ, ექიმებში სულ 2-3 ადამიანს აქვს. ჩემთვის მთავარი არასდროს ყოფილა ჯილდოები, მაგრამ ცხადია, დაფასება სასიამოვნოა. ჩემთვის მნიშვნელოვანი ყოველთვის იყო მუშაობა და პროფესიული წარმატება, პაციენტის გადარჩენა! სწორედ თითოეული განკურნებული პაციენტია ჩვენთვის ისეთი სიხარულის მომნიჭებელი, რომელსაც ვერც ერთი ჯილდო ან გამოქვეყნებული სტატია ვერ მოგანიჭებს. 21-ე საუკუნეში სამი მთავარი ინფექციაა - შიდსი, C ჰეპატიტი და ტუბერკულოზი. ამ სამიდან ორის შეჩერებაში მე და ჩემმა გუნდმა მივიღეთ მონაწილეობა (ამაზე წლებია უნიკალური მუშაობა მიმდინარეობს ჩვენთან), შიდსში მთლიანად, ექსკლუზიურად, C ჰეპატიტში კი სხვებთან ერთად, თუმცა, ძირითადი ტვირთი ჩვენზე გადავიდა და რაც მთავარია, საქართველო პირველი ქვეყანა იქნება 2025 წელს, რომელიც არა მხოლოდ C ჰეპატიტის ელიმინაციას, ანუ აღმოფხვრას მოახდენს, არამედ შიდსის ეპიდემიასაც დაამთავრებს!

- საინტერესოა, თავის დროზე რამ განაპირობა თქვენი დაინტერესება ამ სფეროთი?

- სკოლაში მათემატიკური საგნებით ვიყავი გატაცებული - მათემატიკა და ფიზიკა მიყვარდა. საქართველოს და საკავშირო ოლიმპიადების რამდენიმეგზის გამარჯვებული ვარ, მაგრამ ჩემი პროფესიული არჩევანი განაპირობა იმან, რომ მშობლები ექიმები იყვნენ. ცხადია, სურვილი ჰქონდათ, რომ მათ გზას გავყოლოდი და მეც ანგარიში გავუწიე - ფიზიკა-მათემატიკაზე უარი ვთქვი და ექიმი გავხდი. ექიმს ადამიანებთან აქვს კავშირი, რაც ძალიან საინტერესოა. მით უმეტეს, ისეთი მიმართულება ავირჩიე - შიდსი, რომელიც ერთგვარი დეტექტიური ჟანრია. ეს არის დეტექტივი მედიცინაში, საიდუმლოების ამოხსნის თვალსაზრისით. ჰეპატიტი შედარებით ერთფეროვანია, ერთი ვირუსია, ერთი დაავადებაა, თუმცა, ძალზე სერიოზული. აღსანიშნავია, რომ C ჰეპატიტით დაავადებული 150 ათასი ადამიანია საქართველოში.

- საქართველოში შიდსის ცენტრის ფუძემდებელი ხართ. როგორ მოხდა თქვენი პროფესიული განვითარება იმ მიმართულებით, რომლის შესახებაც მაშინ არავინ არაფერი იცოდა?

- აივ ინფექცია, შიდსის დარგში მუშაობა 1983-84 წლებში დავიწყეთ და მაშინ ნამდვილად არ იცოდნენ, ინფორმაციის დონეზეც კი, თუ რა იყო შიდსი. ძირითადად, ამერიკაში იცოდნენ, რადგან ეს დაავადება პირველად სწორედ იქ აღმოაჩინეს 1982 წელს. ჩვენ კი პირველები ვიყავით ყოფილ საბჭოთა კავშირში და ერთ-ერთი პირველები ევროპაში, ვინც მუშაობა დავიწყეთ და ლაბორატორიაც კი გავაკეთეთ, რომელიც შემდგომ გაფართოვდა და 1990 წელს, შიდსის ცენტრი ჩამოვაყალიბეთ. 2000 წელს კი შიდსის ცენტრი და ინფექციურ დაავადებათა ცენტრი გაერთიანდა.

განაგრძეთ კითხვა

თამთა დადეშელი

ჟურნალი "გზა"