"ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს, რომელსაც ვისმენდით მაშინაც, როდესაც ელჩი იყო - ეს ძალიან მძიმე და შემაშფოთებელია" - კახა კალაძე კელი დეგნანზე - კვირის პალიტრა

"ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს, რომელსაც ვისმენდით მაშინაც, როდესაც ელჩი იყო - ეს ძალიან მძიმე და შემაშფოთებელია" - კახა კალაძე კელი დეგნანზე

ს ადამიანი აგრძელებს იმ ცილისმწამებლურ განცხადებებს, რომელსაც ჩვენ ვისმენდით მაშინაც, როდესაც ელჩი იყო, - ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის კელი დეგნანის განცხადება, რომლის თქმით, ხელისუფლებას რუსული სტილის კანონი "ძალით გააქვს" და არ გაუკვირდება, თუ პროცესი ბოლომდე მივა.

კახა კალაძის თქმით, კელი დეგნანის განცხადებები ცდენილია ყველანაირ დიპლომატიურ ურთიერთობას.

"ყოფილი ელჩის დამოკიდებულება როგორი იყო, გვახსოვს ყველას. ის აგრძელებს თავის განცხადებებს, რომელიც ყველაფერს არის აცდენილი. რაც შეეხება კანონპროექტს, ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, რომ მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა. ერთადერთი, რასაც მოითხოვს აღნიშნული კანონპროექტი, კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ექნებათ ვალდებულება, რომ წელიწადში ერთხელ წარადგინონ ფინანსური დეკლარაცია, თუ ვისგან იღებენ თანხებს და რაში იხარჯება ეს ყველაფერი. შესაბამისად, ეს ყველაფერი ვერ იქნება დემოკრატიის წინააღმდეგ. პირიქით, გამჭვირვალობა ყოველთვის ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას, ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას და ასე შემდეგ. ეს ადამიანი აგრძელებს იმ ცილისმწამებლურ განცხადებებს, რომელსაც ჩვენ ვისმენდით მაშინაც, როდესაც ელჩი იყო. როდესაც დიპლომატი ხარ, პოლიტიკაში ერევი და აკეთებ იმ ტიპის განცხადებებს, რასაც კელი დეგნანი აკეთებდა, ძალიან მძიმე და შემაშფოთებელია", - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობით არის არჩეული.

"როდესაც გადაწყვეტილებების მიღება ხდება, პირველ რიგში, ჩვენ გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან. გამოვდივართ იქიდან, რომ გავაძლიეროთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი. ეს არის ყველაზე მთავარი, პრინციპული და მნიშვნელოვანი. შემდეგ უკვე სხვა ყველაფერი დანარჩენი. ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც ხელისუფლებაში ვართ, ყოველთვის ხაზს ვუსვამთ იმას, რომ ჩვენი მთავარი საზრუნავი არის პირველ რიგში, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გაძლიერება, რომ მაგრად ვიყოთ. ასეთი ძლიერი სახელმწიფოდ გვინდა ევროპული მომავალი. ევროინტეგრაციის გზაზე ყველა წარმატება დაკავშირებული არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან. ის, რომ კონსტიტუციაში ჩაიწერა ევროპული მომავალი, ეს არის იმ გუნდის დამსახურება, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია“, - განაცხადა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"