პუტინის "ჩიტი" ფაფუ: ზეიმი უკრაინაში! - "ავიამზიდების მკვლელის" სიკვდილი ანუ უკრაინელებმა ქართველი სამხედროების წარმატება გაიმეორეს - კვირის პალიტრა

პუტინის "ჩიტი" ფაფუ: ზეიმი უკრაინაში! - "ავიამზიდების მკვლელის" სიკვდილი ანუ უკრაინელებმა ქართველი სამხედროების წარმატება გაიმეორეს

უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალები და სამხედრო დაზვერვა დღეს დილიდან ზეიმობს და აცხადებს, რომ მათ პირველად შეძლეს რუსული შორეული მოქმედების რაკეტმზიდ-ბომბდამშენის - Ту-22М3-ის, რომელსაც საბჭოთა პერიოდიდან ამერიკული ატომური „ავიამზიდების მკვლელსაც“ ეძახიან, ციდან ჩამოგდება!

საქმე ის არის, რომ ომის განმავლობაში უკრაინამ უკვე მოახერხა არანაკლებ ხუთი ასეთი „ავიამზიდების მკვლელის“ დაზიანება/განადგურება, ოღონდ - უშუალოდ რუსულ აეროდრომებზე.

პირველი ფაქტი ჯერ კიდევ 2022 წლის 5 დეკემბერს დიაგილევოს აეროდრომზე (რომელიც რიაზანთან მდებარეობს და უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრიდან 460 კმ-ითაა დაშორებული) მოხდა, როდესაც უკრაინულმა Ту-141 Стриж-ის უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავმა, გადაკეთებულმა კამიკაძე-დრონად, შეტევა მიიტანა და სამი Ту-22М3 სერიოზულად დააზიანა.

მეორედ კი უკრაინელმა დივერსანტებმა რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ ძალებს მისი დაბადების დღე „მიულოცეს“ და 2023 წლის 19 აგვისტოს რუსეთის ნოვგოროდის ოლქის „სოლცის“ სამხედრო აეროდრომზე საჰაერო დარტყმა იმ კვადროკოპტერი დრონებით განახორციელეს, რომლებიც უშუალოდ ამ აეროდრომის სიახლოვიდან გაუშვეს... შედეგად ორი რუსული Ту-22М3 უშუალოდ თავიანთ სადგომებზე დაიწვა და სრულად განადგურდა...

1-tu-1713520440.png
აგრესორმა რუსეთმა მორიგი Ту-22М3-ი, „ავიამზიდების მკვლელი“ დაკარგა...

და დღეს, 2024 წლის 19 აპრილს, უკრაინელი სამხედროები კიდევ ერთ რუსულ რაკეტმზიდ-ბომბდამშენს - Ту-22М3-ს იწერენ თავიანთ ანგარიშში, რაც აქამდე ისტორიაში მხოლოდ... ქართველ მეზენიტეებს ჰქონდათ ხუთიანზე შესრულებული - 2008 წლის 9 აგვისტოს საქართველოს საჰაერო თავდაცვის ძალებმა უკრაინაში შეძენილი Бук-М1 ტიპის მობილური საზენიტო-სარაკეტო დანადგარიდან ორი საზენიტო რაკეტის გაშვებით შეძლეს რუსული Ту-22М3 რაკეტმზიდი-ბომბდამშენის ჩამოგდება (რუსული „ავიამზიდების მკვლელი“ პირველმა საზენიტო რაკეტის ახლოს აფეთქებამ ფრაგმენტებად ჰაერშივე დაშალა, მეორე საზენიტო რაკეტის მიყოლება კი ერთგვარ „საკონტროლო გასროლას“ წარმოადგენდა, თუმცა მანაც თავისი ნამსხვრევებით დააზიანა უკვე აფეთქებული რუსული რაკეტმზიდის ჰაერში მოფარფატე დიდი ფრაგმენტი).

მისასალმებელია, თუკი უკრაინელმა მეზენიტეებმა გაიმეორეს ქართველი კოლეგების ეს დიდი წარმატება, მაგრამ ძალაუნებურად ჩნდება კითხვა - ტექნიკურად როგორ შეძლეს ეს მათ, თუკი ეს რუსული Ту-22М3-ი რუსეთის სტავროპოლის მხარის კრასნოგვარდეისკის ოლქში ჩამოვარდა?

საქმე ის არის, რომ სტავროპოლის მხარის კრასნოგვარდეისკის ოლქი თითქმის 400 კმ-ითაა დაშორებული უკრაინის ფრონტის ხაზიდან და უკრაინელი მეზენიტეების განკარგულებაში დღეს არსებულ არც ერთ შორსმოქმედ ამერიკულ „პეტრიოტს“ და მით უმეტეს - არც ევროპულ „მამბას“ არ შეუძლია ამ სიშორეზე მიუწიოს საზენიტო რაკეტა...

თვითმხილველთა მიერ გადაღებულ კადრებში მოჩანს, ციდან როგორ ვარდება ეს Ту-22М3, რომელსაც ძრავების ნაწილში ცეცხლი უკიდია და ის ბრტყელ შტოპორშია გადასული - შორსმოქმედი რომელიმე საზენიტო რაკეტის (რომლებსაც, როგორც წესი, ძლიერი საბრძოლო ქობინი გააჩნიათ) ახლოს აფეთქების შემთხვევაში, ეს რუსული რაკეტმზიდი, წესით, ჰაერშივე ფრაგმენტებად უნდა დაშლილიყო, თუმცა ასტონიანი საფრენი აპარატი მთელ მდგომარეობაში დაენარცხა მიწას და მისი ფრაგმენტების დეტალურად დათვალიერებისას ძალიან ადვილად შეიძლება იმის დადგენა, მოხვდა თუ არა ახლოს აფეთქებული საზენიტო რაკეტის ქობინიდან გატყორცნილი წინასწარ გამზადებული დამაზიანებელი ელემენტები...

2-tu-1713520350.png
სტავროპოლის მიწაზე დანარცხებული რუსული რაკეტმზიდ-ბომბდამშენის - Ту-22М3-ის ფრაგმენტები...

თავად უკრაინული მხარე აზუსტებს, რომ ეს რუსული Ту-22М3 ჩამოგდებული იქნა იმავე საზენიტო საშუალებებით, როგორც ეს 2024 წლის 23 თებერვალს კრასნოდარის მხარის ხუტორის ტრუდოვაია არმენიას თავზე გააკეთეს, როდესაც მეორე რუსული „ავაქსი“-А-50У ჩამოაგდეს - ამ ადგილიდან უკრაინის ფრონტის ხაზამდე დაცილება 200 კმ-ზე მეტი გახლდათ.

მაშინ გამოითქვა მოსაზრება, რომ უკრაინელმა ინჟინრებმა თითქოს მოახერხეს საბჭოთადროინდელი შორი მოქმედების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის - С-200-ის ისე მოდერნიზება, რომ ის თითქმის 300 კმ-მდეც უკვე უღწევს სამიზნეს.

ოფიციალური კიევის განცხადებით, მას შემდეგ რაც რუსულმა Ту-22М3-მა Х-22 ტიპის ზებგერითი ფრთოსანი რაკეტები გაუშვა ოდესის მიმართულებით, უკრაინელმა მეზენიტეებმა მოახერხეს მისი დაზიანება 300 კმ-ის სიშორიდან და უკვე ცეცხლწაკიდებულმა ამ „ავიამზიდების მკვლელმა“ კიდევ ასიოდე კმ-ი გაიფრინა, სანამ სტავროპოლის მხარეში დაენარცხებოდა მიწას...

თავად რუსი ოკუპანტები ირწმუნებიან, რომ მათი რაკეტმზიდი არავის ჩამოუგდია - ტექნიკურმა პრობლემამ ხანძარი გაუჩინა, რის შემდეგადაც მისი ეკიპაჟის სამმა წევრმა წარმატებული კატაპულტირება განახორციელა, მეოთხე კი - დაიღუპა.

არსებობს კიდევ ერთი ვერსია, თითქოს Х-22 ტიპის ზებგერითი ფრთოსანი რაკეტის გაშვების მომენტში რაკეტა დარჩა პილონზე და მისი ამოქმედებული მძლავრი სარაკეტო ძრავის საქშენიდან გამოტყორცნილმა ცეცხლის ალმა ხანძარი გამოიწვია უშუალოდ Ту-22М3-ის ფიუზელაჟის უკანა, ძრავების ნაკვეთურში...

ასე თუ ისე, აგრესორმა რუსეთმა კიდევ ერთი შორი მოქმედების რაკეტმზიდ-ბომბდამშენი დაკარგა, რაზეც უკრაინელებზე არანაკლებად ამერიკელი გენერლები უნდა ხარობდნენ, რადგან კრემლს ამერიკულ ატომურ საავიამზიდო ჯგუფებზე თავდასხმისთვის განკუთვნილი, ბირთვულქობინიანი ფრთოსანი რაკეტების კიდევ ერთი მატარებელი საბრძოლო თვითმფრინავი გამოაკლდა...

იხილეთ ვიდეო ლინკზე - ცეცხლწაკიდებული რუსული Ту-22М3-ის ბრტყელი შტოპორის რეჟიმში ჩამოვარდნის კადრები...