ისრაელმა ირანს საპასუხოდ დაარტყა, ოღონდ... ერაყში - კვირის პალიტრა

ისრაელმა ირანს საპასუხოდ დაარტყა, ოღონდ... ერაყში

მსოფლიოში ბევრი მოელოდა ისრაელის „პასუხის პასუხს“ ირანთან მიმართებაში, 13-14 აპრილის მასიური კომბინირებული საჰაერო შეტევის შემდეგ, რომელსაც თავის მხრივ უსწრებდა 1 აპრილს ირანის საკონსულოზე სარაკეტო დარტყმა და ეს „პასუხის პასუხიც“ შედგა, ოღონდ ძალზე უცნაურად... ისრაელის კამიკაძე-დრონებმა ირანს დარტყმა ერაყის ტერიტორიაზე მიაყენეს!

საქმე ის არის, რომ ერაყის დედაქალაქ ბაღდადის სამხრეთით 50 კმ-ში განთავსებულია სამხედრო ბაზა „კალსუ“, რომელზეც 2011 წლამდე აშშ-ის სამხედრო კონტინგენტი იყო დისლოცირებული, შემდეგ ის ერაყის შეიარაღებულ ძალებს დაუბრუნეს და იქ ბინა დაიდო ერაყის „სახალხო მობილიზაციის ძალების“ (PMF) შენაერთმა.

PMF-ი შიიტური დაჯგუფებაა და მასზე დიდი გავლენა აქვს ირანის ისლამური რესპუბლიკის გუშაგთა კორპუსის სარდლობას, რაც იმაშიც გამოიხატება, რომ ამ ბაზიდან არაერთხელ განხორცილებულა სარაკეტო დარტყმები იმ ამერიკულ მინი-ბაზებზე, რომლებიც ერაყის ტერიტორიაზე დღემდე ფუნქციონირებენ.

2-gush-1713599458.png
PMF-ის პროირანულ დაჯგუფებას არაერთხელ განუხორციელებია სარაკეტო დარტყმები ერაყში განთავსებულ ამერიკულ მინი-ბაზებზე...

ისრაელის საპასუხო შეტევა ერაყში პროირანული ძალების სამხედრო ბაზაზე შეზღუდული მასშტაბების, მაგრამ საკმაოდ მაღალშედეგიანი გამოდგა, რაზეც მეტყველებს თვითმხილველების მიერ გადაღებული ღამისეული ვიდეოკადრები, რომლებშიც ცეცხლის ალში გახვეული ეს ბაზა მოჩანს-წინასწარი მონაცემებით ერთი სამხედრო დაიღუპა, ექვსი დაიჭრა.

ჩვენ შევასრულეთ ის, რასაც დაგპირდით! - განუცხადა ისრაელელ ჟურნალისტებს ამ ქვეყნის ინკოგნიტო რესპონდენტმა სამთავრობო წრეებიდან, რაც იმაზე უნდა მიანიშნებდეს, რომ ისრაელის ხელისუფლება „პასუხის პასუხს“ შემდგარად თვლის და ამით ასრულებს ირანის ობიექტებზე თავდასხმას...

საგულისხმოა, რომ ამ დარტყმამდე ერთი დღით ადრე ასევე განხორციელდა საჰაერო შეტევა უშუალოდ ირანის ტერიტორიაზე, ქალაქ ისფაჰანის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე, სადაც ირანის საჰაერო თავდაცვის ნაწილია დისლოცირებული.

3-gush-1713599458.png
პროირანული დაჯგუფების სამხედრო ბაზა „კალსუს“ ეტყობა საკმაოდ ძლიერი „საჰაერო სტუმარი“ ჰყავდა,რაც აფეთქებისას წარმოქმნილი ღრმულიდანაც მტკიცდება...

სამი აფეთქების შედეგად განადგურებულია რადიოლოკაციური სადგური და С-200 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის სასტარტო პოზიცია, თუმცა ისრაელს თავის თავზე არ აუღია ამ საჰაერო დარტყმის ავტორობა.

უფრო მეტიც, თეირანმაც ეცადა მიეფუჩეჩებინა ამ აფეთქებების ფაქტი-ისრაელი საერთოდ არ უხსენებია შესაძლო თავდამსხმელის როლში და უფრო იმას ამტკიცებდა, რომ ეს იყო დივერსიული აქტი განხორციელებული თავად ირანის ტერიტორიიდან...

თუკი ამ ყველფრით ისრაელმაც და ირანმაც ანგარიში „გაათანაბრეს“, პოლიტიკური სახე შეინარჩუნეს და აღარ აპირებენ „პასუხის პასუხზე“ კიდევ პასუხის გაცემას, ამას რა ჯობს-იქნებ სამხედრო-პოლიტიკურმა დაძაბულობამ ახლო აღმოსავლეთში მცირედიდთ მაინც დაიკლოს...