ნავსი გატყდა, ყინული დაიძრა - ამერიკელმა კონგრესმენებმა უკრაინას 60-მლრდ-იანი სამხედრო დახმარება ბოლოსდაბოლოს გამოუყვეს... - კვირის პალიტრა

ნავსი გატყდა, ყინული დაიძრა - ამერიკელმა კონგრესმენებმა უკრაინას 60-მლრდ-იანი სამხედრო დახმარება ბოლოსდაბოლოს გამოუყვეს...

დასრულდა ნახევარწლიანი პოლიტიკური თამაში აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში - 20 აპრილს კონგრესის ქვედა, წარმომადგენლობათა პალატამ ბოლოსდაბოლოს დაამტკიცა კანონპოექტი, რომელიც უკრაინისთვის 60 მლრდ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.

ეს კანონპროექტი აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა კონგრესს დასამტკიცებლად ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში წარუდგინა, მაგრამ ექსპრეზიდენტ ტრამპის მომხრე კონგრესმენებმა ყველაფერი გააკეთეს მის რამდენიმე თვით დასაბლოკად...

რა დაუჯდა ამერიკული სამხედრო დახმარების ნახევარი წლით შეჩერება რუსეთთან ისედაც უთანასწორო ომში მყოფ უკრაინას, სახეზეა -ფრონტის ხაზზე რამდენიმე დასახლებული პუნქტის დაკარგვა, მსხვერპლი მებრძოლებში და უკრაინული ქალაქების სისტემატური დაუნდობელი დაბომბვა რუსული რაკეტებით...

მაგრამ, როგორც იტყვიან, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს და მაინც რას წარმოადგენს ეს სამხედრო დახმარება, რომელიც ამერიკულმა მხარემ უკრაინას უნდა მიაწოდოს?

უკრაინისთვის 60,84 მლრდ დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტიდან 11,3 მლრდ დოლარი გამოიყოფა თავად ამერიკელი სამხედროების რეგიონში მოღვაწეობისთვის (მათ შორის - უკრაინელი სამხედროების ევროპის ქვეყნების პოლიგონებზე მოსამზადებლად); 26 მლრდ დოლარი - უკრაინისთვის გაწეული დახმარების გასაკონტროლებლად; 23,2 მლრდ-ი - პენტაგონის არსენალში იმ შეიარაღების შესავსებად, რაც უკვე გაიგზავნა უკრაინის ფრონტზე და 13,8 მლრდ-ი - უკრაინის არმიისთვის ახალი შეიარაღების შესაძენად...

როგორც თავად ხედავთ, ერთი შეხედვით სოლიდურად მზირალი 60,84 მლრდ-დოლარიანი დახმარებიდან, უდიდესი ნაწილი ისევ თავად ამერიკულ ინტერესებს ხმარდება, მათ შორის - მომსახურების სახით, მაგრამ, როგორც იტყვიან, ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯებაო და უკრაინელებიც დიდად მადლობლები რჩებიან...

იმიტომ, რომ უკრაინის დამცველების მდგომარეობა ფრონტის ხაზზე კრიტიკულს მიუახლოვდა და ამერიკული სამხედრო დახმარების კიდევ ერთი-ორი თვით გაჯანჯლებას შეიძლება საერთოდ ჩამოეშალა ფრონტის ხაზი უკრაინის მხრიდან...

ახლა მთავარია, რამდენად სწრაფად მიაწოდებს პენტაგონი საარტილერიო ჭურვებსა და საზენიტო რაკეტებს, რომელთა განსაკუთრებულ დეფიციტს სწორედაც რომ განიცდის უკრაინის არმია.

ჯერ კიდევ დარჩა გასავლელი რამდენიმე საკანონმდებლო და ბიუროკრატიული ბარიერი -წარმომადგენლობათა პალატის მოწონების შემდეგ ეს კანონპროექტი ასევე უნდა დაამტკიცოს ზედა პალატამ - სენატმაც, რის შემდეგაც ის გაეგზავნება ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს.

2-kon-1713684662.png
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობათა პალატამ დასძლია პროტრამპისტი რესპუბლიკელი კონგრესმენების ნაწილის „ბლოკადა“ და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების განახლების კანონპროექტი მოიწონა...

ამ კანონპროექტს სენატი ორ დღეში განიხილავს და, დიდი ალბათობით, მოიწონებს (რადგან ჯერ კიდევ თებერვალში მან კანონპროექტის ძირითადი მუხლები მოიწონა), პრეზიდენტი ბაიდენიც იმედია, არ დაახანებს მასზე ხელმოწერას და შემდეგ უკვე პენტაგონის ლოგისტიკურ მოქნილობაზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული...

პენტაგონს არ მოუწევს საარტილერიო ჭურვების ისევ სატრანსპორტო თვითმფრინავებით ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტიდან პოლონეთამდე ზიდვა, რადგან სანამ პროტრამპისტი კონგრესმენები თვეობით ბლოკავდნენ ამ კანონპროექტს, თეთრი სახლის განკარგულებით ამერიკელმა სამხედროებმა საჭურვლის დიდი რაოდენობა გადაზიდეს ევროპაში და იქ მნიშვნელოვანი მარაგები დააგროვეს, ასე რომ, თუკი კიდევ რაიმე ახალი ბიუროკრატიული წინაღობები არ წარმოიქმნა, უკრაინის არმიამ ამერიკულ საარტილერიო ჭურვების ახალი პირველი პარტია ერთ-ორ კვირაში მაინც უნდა მიიღოს...

P.S. ამ კანონპროექტში ცალკეა გამოყოფილი უკრაინისთვის ATACMS-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის შესაძლებლობა, თუმცა შენიშვნის სახით დამატებულია, რომ თუკი პრეზიდენტი ჩათვლის, რომ ეს ეწინააღმდეგება აშშ-ის სახელმწიფო ინტერესებს, ეს არ განხორციელდება...

165 კმ-ზე მფრენი ATACMS-ის ბალისტიკური რაკეტების უკრაინის ფრონტზე გამოყენების სამმა ცნობილმა ფაქტმა, როდესაც დარტყმები მიყენებული იქნა ოკუპირებული ლუგანსკის, ბერდიანსკისა და ჯანკოის სამხედრო აეროდრომებზე, მათი ძალიან მაღალი საბრძოლო ეფექტიანობა აჩვენა და ადვილად წარმოსადგენია, სადამდე მისწვდებიან უკრაინელები, თუკი პენტაგონი მათ 300 კმ-ზე მფრენ ATACMS-ებს გადასცემს... სწორედ ამას უფრთხის აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაც - რომ უკრაინის არმიამ შორსმფრენი ამერიკული ბალისტიკური რაკეტებით უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე არ გაუნადგუროს პუტინს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები, რასაც შეიძლება კრემლის საპასუხო ქმედებები მოჰყვეს...