"იმ პატარა ეტიუდმა ჩემი ცხოვრება შეცვალა... ზღვარზე ვიყავი... და სწორედ იმ დროს გამოჩნდა კიდევ ერთი ადამიანი" - კვირის პალიტრა

"იმ პატარა ეტიუდმა ჩემი ცხოვრება შეცვალა... ზღვარზე ვიყავი... და სწორედ იმ დროს გამოჩნდა კიდევ ერთი ადამიანი"

"იმ საშინელი მდგომარეობიდან გამოვედი"

მსახიობის გულახდილი ინტერვიუ

როცა მსახიობს ვხვდები, თავდაპირველად ვინტერესდები, იყო თუ არა მის ცხოვრებაში კონკრეტული სპექტაკლი, ფილმი, რომლის ნახვის შემდეგაც პროფესიული არჩევანი გააკეთა; ან შეხვედრია თუ არა ადამიანს, რომელთანაც კომუნიკაციამ ეს გადაწყვეტილება მიაღებინა? როგორც წესი, „რამე“ ან „ვინმე“ ყოველთვის არის ამ საკითხში „დამნაშავე“ და პროფესიული არჩევანიც სწორედ ასე კეთდება.

ოთო ჩიქობავა დღესდღეობით ახმეტელის თეატრის რეპერტუარის დიდ ნაწილშია დაკავებული და მსახიობთან სასაუბროდ შეხვედრაც სწორედ თეატრში დავთქვით.

- ჩემი პროფესიული არჩევანი განაპირობა ბავშვობამ და ერთმა კონკრეტულმა ადამიანმა - დავით დარსალიამ. თეატრი მან შემაყვარა და ფაქტობრივად, ჩემი ცხოვრებაც შეცვალა. სოფელ მუხურში, X კლასში ვიყავი, როცა გვითხრეს, რომ სკოლაში მოდიოდა ადამიანი, ვინც დასის შექმნას აპირებდა. ბატონი დავითი მოვიდა და ბავშვებს პატარა ეტიუდის გაკეთება გვთხოვა: ზაფხულია, ცხელა, ქუჩაში დგახარ და ამ დროს ზევიდან თავზე წყალი გადმოგასხესო. დავალება შევასრულე, რასაც ოვაციები და ტაში მოჰყვა. ასეთ რეაქციას არ ველოდი, ვერ მივხვდი, რა გავაკეთე ასეთი განსაკუთრებული, მაგრამ სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი. რეჟისორმა დასში ამიყვანა და მუშაობაც დავიწყეთ. ჩემი პირველი როლი ტერენტი გრანელის სული იყო. მას შემდეგ თეატრით „მოვიწამლე“, დღემდე ასე ვარ და მინდა ეს განცდა ბოლომდე გამყვეს. სკოლას რომ ვამთავრებდი, ბატონ დავითს პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით რჩევა კიდევ ერთხელ ვკითხე. მიპასუხა: ეს შენი საქმეა და ბოლომდე მიაწექიო. ასე რომ, იმ პატარა ეტიუდმა ჩემი ცხოვრება შეცვალა.

- ვისთან და სად ემზადებოდით?

- თეატრალურში მოსამზადებლად ისევ და ისევ ბატონ დავითთან დავდიოდი. მერე სოფლიდან მარტო წამოვედი და ყველაფრის გაკეთებამ თავად მომიწია. საბედნიეროდ, ჩემი და თბილისში იყო. ასევე დეიდა, რომლის მატერიალური მხარდაჭერის გარეშეც ვერაფერს შევძლებდი და მადლობა მას ამისთვის... რაც შეეხება თეატრალურ სფეროს, ჩემთვის აბსოლუტურად ყველა უცხო იყო. იმ დღეებიდან ერთი ქალბატონი განსაკუთრებით დამამახსოვრდა, რომელმაც ქუჩაში სკამზე ჩამომჯდარს მკითხა, მოწყენილი რატომ ხარო? - არ ვარ, უბრალოდ წელს თეატრალურში ვაბარებ, მარტო ვარ და ყველაფრის მოგვარება თავად მიწევს-მეთქი. - ო, ეს ძალიან დიდი ნაბიჯია, გისურვებ რიგითი მსახიობი არ გამოხვიდეო. მადლობა გადავუხადე და წამოვედი. ეს ფაქტი დღემდე მახსენდება. ასევე იყო კიდევ ერთი გამორჩეული მომენტი: შესარჩევი ტურის წინ ქუჩაში ვიდექი, როცა მანქანა გაჩერდა და იქიდან მაღალი კაცი გადმოვიდა. თურმე გოგი მარგველაშვილია, რექტორი, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, მაშინ არ ვიცოდი ვინ იყო. უცბად, მხარზე ხელი დამადო. გავხედე, გავუღიმე, გამიღიმა და ამით დამთავრდა. ისე მოხდა, რომ რამდენიმე დღეში ბატონ გოგისთან ჩავაბარე. ის მეორე მნიშვნელოვანი ადამიანია ჩემს ცხოვრებაში, რომელმაც მათემატიკური სიზუსტით მასწავლა ჩემი პროფესია და მადლობა ამისთვის. ჩაბარების შემდეგ ნელ-ნელა ვისწავლე ადამიანებთან ურთიერთობა. ვაღიარებ, კომუნიკაბელურობით არ გამოვირჩეოდი. ჩაკეტილი ვიყავი, ჩუმად, კუთხეში ვიჯექი, მაგრამ ნებისმიერი დავალება, რომელსაც პედაგოგი მაძლევდა, ვცდილობდი მთელი სულითა და გულით გამეკეთებინა.

- არაერთ მსახიობს უთქვამს, რომ თავდაპირველად იყო მორცხვი და არაკომუნიკაბელური, რაც გარკვეული დაბრკოლებაა ამ პროფესიაში. თქვენ როგორ დაძლიეთ ეს?

- ჰო, საინტერესოა... ნამდვილად კარგი კითხვაა... ეს ყველაფერი ეტაპობრივად მოხდა. მძიმე ბავშვობა მქონდა, მაგრამ ვფიქრობ, ამ ყველაფერმა გამაძლიერა. საერთოდ, ჩემს ბავშვობაზე საუბარი მიჭირს. მამაჩემთან კონტაქტი არ მქონია, სულ 4-5-ჯერ მყავს ნანახი, მაგრამ მას დიდ პატივს ვცემ და მადლობა, რომ მამაჩემია. ვიზრდებოდი დედასა და დეიდებთან. ბებია და ბაბუა პედაგოგები მყავდა, მათი წყალობით ოჯახში სულ წიგნს ვკითხულობდით. მიუხედავად იმისა, რომ ვზარმაცობდი, როგორც შეეძლოთ, სულ ცდილობდნენ მესწავლა და შესაბამისად, მეც ნელ-ნელ დავყევი, ვუჯერებდი და რაღაცნაირად გამოვიძერწე. რა თქმა უნდა, გარშემო მეზობლებთან, ბიჭებთან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ მაინც ჩაკეტილი ვიყავი. ხშირად ვკითხულობდი ტერენტი გრანელს და მიყვარდა პოეზია. „ვეფხისტყაოსანს“ რომ ვკითხულობდი, ვტიროდი. არ ვიცი, ეს რა „ფენომენია“, მაგრამ ახლაც რომ გამახსენდა, ასე ვარ (იღიმის). სხვების მიმართ სულ ემპათიის გრძნობა მქონდა. როცა გავიზარდე და ეს პროფესია ავირჩიე, ახლა უკვე ამ უნარის წყალობით კარგად მესმის ყველა გმირის და ვიცი, თითოეულს თავისი ცხოვრება თუ არჩევანი აქვს. ყველა პერსონაჟის ცხოვრებას ჩემსას ვუკავშირებ და ჩვენ, ანუ მე და ის გმირი მაყურებლისთვის ყველაფერს ერთად ვაკეთებთ.

- ამთავრებთ თეატრალურს და მერე რა ხდება?

- ჩემთვის ესეც საკმაოდ რთული პერიოდი იყო. ვამთავრებ თეატრალურს და როგორც ხშირად ხდება, ისმის ქება-დიდება, მეუბნებიან, რომ წინ დიდი წარმატება მელის, მაგრამ... წელიწად-ნახევარი შინ ვიყავი. ამან უდიდესი დეპრესია გამოიწვია, კატასტროფული! არ ვიცოდი რა მეკეთებინა. მივედი წიგნებთან და მივეჯაჭვე. გასაგებია, კითხვა კარგია, მაგრამ როდემდე?!

- იმ პერიოდში რას კითხულობდით?

- დოსტოევსკის.

- რომელიც კიდევ უფრო გამძიმებთ, ალბათ...

- კი, კიდევ უფრო გამძიმებს... ზღვარზე ვიყავი... და სწორედ იმ დროს გამოჩნდა კიდევ ერთი ადამიანი, რეჟისორი რევაზ შატაკიშვილი, რომელმაც მონოსპექტაკლში თამაში შემომთავაზა. ეს იყო ანჯელინა როშკას „მესაფლავე“. არც დავფიქრებულვარ, პირდაპირ დავეთანხმე. ეს მონოსპექტაკლი მარჯანიშვილის თეატრის სხვენში დაიდგა, მერე მოლდოვაში და შემდეგ უკრაინაში წავიღეთ, სადაც პიესის ავტორი, ქალბატონი ანჯელინა როშკა გავიცანი. მას ვთხოვე, რეჟისორ ირაკლი გოგიასთან ჩემთვის რეკომენდაცია გაეწია. მან ეს გააკეთა და ასე მოვხვდი ახმეტელის თეატრში. აქ ჩემი პირველი როლი შევასრულე ლაშა გოგნიაშვილის სპექტაკლში „დაბრუნებამდე“, ამას მოჰყვა ვლადიმერ უშაკოვის „თოლია“, შემდეგ ირაკლი გოგიამ „სტუმარ-მასპინძელი“ დადგა... დღესდღეობით არსებული რეპერტუარიდან დაკავებული ვარ სპექტაკლებში: „ცუდი გზები“, "ტიტუს ანდრონიკუსი“, „ჯალათები“ და „ანე ფრანკის დღიური“. ამ ოთხმა სპექტაკლმა მეც შემცვალა. რამდენიმე წლის წინ დედა გარდამეცვალა - "კოვიდმა" იმსხვერპლა. ეს ჩემთვის ძალიან მძიმე იყო და ამასაც მოჰყვა დიდი დეპრესია. იმ დროს უკვე ნამუშევარი მქონდა „ტიტუს ანდრონიკუსზე“. ვფიქრობ, ამ სპექტაკლმა დიდი გავლენა იქონია ჩემზე იმ თვალსაზრისით, რომ გავაცნობიერე, ცხოვრებაში რაც უნდა მოხდეს, შენ გზა უნდა გააგრძელო. რთულია ამის გააზრება და გაკეთება, მაგრამ ასეა. ასევეა „ანე ფრანკის დღიური“, სადაც ოტო ფრანკის როლს ვასრულებ. როგორ შეიძლება ადამიანმა დაიტიოს უზარმაზარი ტრაგედია და როგორ შეიძლება გაუძლოს იმას, რაც მას გადახდა. ჰიტლერის რეჟიმს შეწირული ოჯახიდან მხოლოდ ის გადარჩა ცოცხალი და ამ რეალური ადამიანის როლის თამაში ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.მჯერა, რომ სამყაროს ჰყავს თავისი მმართველი და შემთხვევით არაფერი ხდება. ვფიქრობ, ადამიანს ყველაფრის გადალახვა შეუძლია - მაგრამ რის ფასად, ეს ცალკე თემა. ადამიანი რკინაა, მაგრამ ამავდროულად უსუსტესი არსებაც. როცა რკინად ყოფნა გიწევს, ბრძოლასა და გზების ძიებას იწყებ, რომ გახდე უფრო ძლიერი და უკეთესი, ვიდრე ხარ.

- ცხოვრების სხვადასხვა ეტაპის სირთულეები ვახსენეთ: ბავშვობა, უმუშევრობა, დედის გარდაცვალება... რა არის ის, რასაც რთული ვითარებიდან გამოჰყავხართ: იმედი, მომავლის რწმენა, მეგობარ-ახლობლების გვერდში დგომა, თუ მხოლოდ თქვენ ხართ საკუთარი თავის „მხსნელი?“

- ადამიანები, რომლებიც როცა მიჭირდა, ჩემ გვერდით აღმოჩნდნენ. მათი ნაწილი უკვე ჩამოვთვალე: დავით დარსალია, გოგი მარგველაშვილი, რევაზ შატაკიშვილი, ანჯელინა როშკა და ირაკლი გოგია. შემდეგ კი ეს გახდა ჩემი მეუღლე ვერიკო რუხაძე... თუ გულწრფელობაა, გულწრფელობა იყოს. სასმელთან პრობლემის პერიოდი მქონდა. იმ საშინელი მდგომარეობიდან გამოვედი და ეს ჩემმა მომავალმა მეუღლემ, სიყვარულმა განაპირობა. იმ პერიოდში ვმონაწილეობდი „ჩემი ცოლის დაქალების“ რამდენიმე სერიაში. სწორედ იქ დაიწყო ჩემი და ჩემი მომავალი ულამაზესი მეუღლის ურთიერთობა. ის პროფესიით ფსიქოლოგია, სერიალში ერთ-ერთ ეპიზოდურ როლს ასრულებდა. შემდეგ დავოჯახდით და გვყავს ორი ქალიშვილი: ელენა და მართა. მიხარია, რომ სასმელს დავემშვიდობე, კარგად ვარ და თავს მშვენივრად ვგრძნობ... დიდი მადლობა, რომ მომეცით საშუალება წარსული გამეხსენებინა და ყველა იმ ადამიანისთვის მადლობა გადამეხადა, ვინც ხელი შემიწყო.

- გმადლობთ თქვენ, გულწრფელობისთვის. რეპეტიციებსა და სპექტაკლებს დიდი დრო მიაქვს, მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა, რას ეთმობა თქვენი დრო?

- ამ ეტაპზე მხოლოდ ოჯახს. ჩემი მეუღლე და შვილები ენერგიით მავსებენ. ადამიანი წლების მატებასთან ერთად, რაღაცებს მეტად აფასებს, სხვაგვარად უყურებს. 8 მარტს 33 წლის გავხდი და ჩემს პროფესიაზეც სხვაგვარად ვფიქრობ. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა თემაზეა დადგმული, გადაღებული და თითქოს ყველაფერი ნათქვამია, ალბათ შესაძლებლობა რომ მქონდეს, თეატრში ბევრს შევცვლიდი, კიდევ მეტად წავიდოდი „სიღრმეებში“.

- ბევრ მსახიობს გადაუნაცვლია რეჟისურაში. ვთქვათ, გაქვთ სცენა, გყავთ დასი. რას დადგამდით პირველად?

- კონკრეტულად არ ვიცი, არ მიფიქრია, მაგრამ ალბათ, ისევ და ისევ კლასიკას.

ანა კალანდაძე

ჟურნალი "გზა"