მეხსიერების პრობლემები და ნუტრიციოლოგის ძალიან სასარგებლო რჩევები - რომელი პროდუქტები ეხმარება თავის ტვინის აქტიურობას და მასალის ათვისების უნარს
21-ე საუკუნის საქართველოში მეხსიერების გაუარესება არავის უკვირს. ეს პრობლემა განსაკუთრებით აწუხებს მათ, ვინც კოვიდ-19 და სხვა ვირუსული დაავადებები გადაიტანა.
როგორ გავიუმჯობესოთ მეხსიერება? - ამ შეკითხვით მივმართეთ ნუტრიციოლოგთა საზოგადოების ერთ-ერთ დამფუძნებელს, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს - ბელა ყურაშვილს:
- ადამიანის ტვინში უფრო მეტი უჯრედია, ვიდრე ცაზე - ვარსკვლავები. დადგენილია, რომ ზრდასრული ადამიანის ტვინი 80 მილიონამდე ნეირონს შეიცავს, მაგრამ ის 18 წლის შემდეგ აღარ იზრდება. ასაკთან ერთად, ტვინის შესაძლებლობები მცირდება და ვითარდება დემენცია, რომელსაც ვერაფერს უზამ, თუმცა, ყველა ვიცნობთ ადამიანებს, რომლებიც 90 წლის ასაკშიც მშვენივრად აზროვნებენ და 20-25 წლის ახალგაზრდის მეხსიერება აქვთ.
- რა არის ამის მიზეზი?
- პირველ ყოვლისა, აქტიური ცხოვრების წესი - ის საშუალებას გვაძლევს, რომ გონებრივი შესაძლებლობები დიდხანს შევინარჩუნოთ. ყველაზე დიდხანს და სრულფასოვნად ის ხალხი ცხოვრობს, რომელიც აქტიურ ცხოვრებას ეწევა, პენსიაზე გასვლის შემდეგაც აზროვნებს, მოგზაურობს, წიგნებს წერს, ლექციებს კითხულობს... ამ ადამიანებს გაცილებით უკეთესი მეხსიერება აქვთ, რადგან ტვინს გამუდმებით ავარჯიშებენ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ძილს: 7-8-საათიანი ძილი აუცილებელია, რადგან უძილობა ტვინის უჯრედების მოქმედებას მნიშვნელოვნად აფერხებს.
- ჩვენი ყოველდღიური რაციონიდან რა უწყობს ხელს მეხსიერების გაუმჯობესებას?
- ორიგინალური არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ ყავა ყველაზე მეტად ეხმარება თავის ტვინის აქტიურობას, ის მეხსიერებასაც აუმჯობესებს და სტრესსაც ხსნის, მაგრამ ზომიერება არ უნდა დავივიწყოთ - დიდი რაოდენობით ყავამ შეიძლება პირიქით, ზიანი მოგვაყენოს. არ არის სასურველი შაქრიანი ყავის სმაც, რადგან შაქარი სისხლძარღვებში ბაქტერიების გამრავლებას იწვევს. განსაკუთრებით სასარგებლო საკვებია შოკოლადი, რომელიც მეხსიერებას და მასალის ათვისების უნარს აძლიერებს, ოღონდ, ეს ნამდვილი, მწარე შოკოლადი უნდა იყოს.
აუცილებლად უნდა შევეხოთ სელენს - ამ უმნიშვნელოვანეს მიკროელემენტს: მრავალი კვლევით დადგინდა, რომ ყველა, ვისაც სელენის დეფიციტი აქვს, ალც-ჰაიმერის, გაფანტული სკლეროზის და სხვა დაავადებების რისკის ქვეშ იმყოფება. სელენის შემცველი საკვები მეხსიერებას და ინტელექტს აუმჯობესებს, ხოლო ამ მიკროელემენტის დეფიციტი ურთულეს დაავადებებს იწვევს, რომელიც ადამიანის მეხსიერებას და აზროვნებას თანდათან ანადგურებს. სელენი ხელს უწყობს სეროტონინის გამოყოფას და კარგ განწყობას. ის გვხდება ნიგოზში, კიბორჩხალასა და ხამანწკებში, ფრინველის ხორცში, მას საკმაო რაოდენობით შეიცავს კვერცხი, ყველი, იოგურტი, კარტოფილი, ბურღულეული და ა.შ...
- ქალბატონო ბელა, მეხსიერების გაუარესებას უჩივის თითქმის ყველა, ვინც კოვიდ-19 გადაიტანა. მათ რას ურჩევთ?
- კოვიდ 19-ის შედეგად გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემები ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე შესწავლილი, თუმცა პოსტკოვიდური სინდრომი მილიონობით ადამიანს აქვს. კლინიკურ ნიშნებს შორის, ყველაზე გავრცელებული სწორედ მეხსიერების დაზიანებაა. ამ შემთხვევაშიც, ჯანსაღი კვება ძალიან დიდ როლს ასრულებს. ყოველდღიური რაციონი დაბალანსებული უნდა იყოს, რომ ადამიანმა ვირუსის შედეგად დაკარგული უნარები აღიდგინოს. ამ დროს აუცილებელია A, C და D ვიტამინის შემცველი საკვების მიღება. დადგენილია, რომ წითელას ეპიდემიის დროს გარდაცვლილი ბავშვების უმრავლესობას, სწორედ ამ ვიტამინების ნაკლებობა ჰქონდა ისევე, როგორც კოვიდით გარდაცვლილებს. იმისათვის, რომ ვიტამინების დეფიციტი არ გქონდეთ და ამან თქვენი ჯანმრთელობა არ დააზიანოს, აუცილებლად უნდა მიირთვათ თევზის ქონი, კვერცხი, ნაღების კარაქი, ცხიმიანი ხაჭო, რძე და რძის პროდუქტები. ასევე, ყველი, საქონლის ხორცი, ღვიძლი. D ვიტამინის შემცველი პროდუქტებია: ვირთევზას ღვიძლი, მარცვლოვანი ხიზილალა, ნაღების კარაქი, კვერცხი, არაჟანი, ნაღები, თევზი და ა.შ...
- რას ეტყოდით ვეგანებს და ვეგეტარიანელებს, ან მათ, ვინც დიეტის დაცვის მიზნით, ცხიმიან საკვებს ერიდება?
- იმ ხალხს, ვინც ხორცს და ცხიმიან საკვებს არ იღებს, ცხიმში ხსნადი ვიტამინების ნაკლებობა უვითარდება, მათ შორისაა A ვიტამინი, რომელიც ცენტრალურ-ნერვული სისტემის მუშაობას უწყობს ხელს. თუ ძალიან ცხიმიანი საკვების მიღება არ გსურთ, საშუალო ცხიმიანობის ხორცი უნდა შეიძინოთ. ძალიან სასარგებლოა ღორის ხორცი და ლორი, რომელზეც წლების განმავლობაში ამტკიცებდნენ, ქოლესტერინის რაოდენობას ზრდისო... ახლა კი, გამოირკვა, რომ ღორის ქონში არის ცხიმოვანი მჟავა ოლეინი, რომელიც ათეროსკლეროზის განვითარებას აფერხებს. ასე რომ, ცხიმის მიღებაც აუცილებელია, ოღონდ, ზომიერად.
- რა რაოდენობით უნდა მიიღოს ადამიანმა ძალიან სასარგებლო ნივთიერება ომეგა 3?
- ომეგა-3 ისევე სასარგებლოა, როგორც ომეგა-6, ან ომეგა- 9. ეს ნივთიერება განსაკუთრებულ როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებასა და მეხსიერების გაუმჯობესებაში. სულაც არ არის აუცილებელი, რომ ის პრეპარატის სახით მიიღოთ, შეიძლება უბრალოდ, ისეთი საკვები მიირთვათ, რომელიც ომეგა 3-ს შეიცავს, კერძოდ: სელის ზეთი, ნიგოზი, სოიას და ზეითუნის ზეთი, ასევე - ბროკოლი. რაც შეეხება ცხოველური წარმოშობის პროდუქტს, ომეგა 3-ს ყველაზე დიდი რაოდენობით, თევზეული შეიცავს, კერძოდ: ქაშაყი, ორაგული, კალმახი, ვირთევზა, ასევე - ხამანწკები და კიბორჩხალები.
- კიდევ რომელი პროდუქტი უნდა მიიღოს ადამიანმა, რომელსაც მეხსიერების პრობლემები აქვს?
- შესაძლოა, ბევრმა არ იცოდეს, მაგრამ მეხსიერებისთვის საუკეთესოა სიმინდი, რომელიც ტვინის მუშაობას აძლიერებს. ასევე, ძალიან კარგია ღივი, რადგან ის ტვინის კოგნიტიურ ფუნქციებს და მეხსიერებას აძლიერებს. ძველად, ჯეჯილს რომ დათესავდნენ და გაღივდებოდა, ამ ღივს გამოაშრობდნენ და მისგან ფხვნილს ამზადებდნენ. მიღებულ ფხვნილს საკვებს მოაყრიდნენ და ისე ჭამდნენ. ამის გაკეთება ყოველთვის სასურველია. ძალიან კარგია ჯანჯაფილი, იგივე კოჭა, რომელიც არა მარტო ვირუსებისგან გვიცავს, არამედ მეხსიერებასაც აუმჯობესებს. ამიტომ, მას კერძებსა და სალათებში ჩაახეხავენ ხოლმე. არანაკლებ სასარგებლოა ჯანჯაფილის ჩაი, მაგრამ მარტო მცენარეული საკვები ვერ გვიშველის, ცხოველური პროდუქტი იმიტომ არის აუცილებელი, რომ ის ბიოლოგიურად სრულფასოვან ცილას შეიცავს. სულაც არ არის საჭირო დიდი რაოდენობა:
მოზრდილმა ადამიანმა, ყოველდღიურად, 170 გრამი ხორცი უნდა მიიღოს, ხოლო მოზარდმა - 50-60 გრამი, რადგან ცილა სამშენებლო მასალაა ორგანიზმისთვის.
- დავუშვათ, მშობლებს არა აქვთ საშუალება, რომ ხორცი შეიძინონ, ამ შემთხვევაში რა უნდა იღონონ?
- მაშინ, მოზარდის რაციონი კვერცხით უნდა შეავსონ, რომელიც უნიკალური საკვებია: ის აუცილებელ ცილის ნორმას და ამინომჟავებს შეიცავს. კარგა ხანს კვერცხზეც ამბობდნენ, დიდი რაოდენობით ქოლესტერინი აქვსო, მაგრამ ეს არასწორია: ერთი კვერცხი ყოველდღე უნდა მივიღოთ. მართალია, კვერცხში ქოლესტერინი საკმაოდ მაღალია, მაგრამ 7-ჯერ მეტია ლეციტინი, რომელიც ამ უკანასკნელს აბათილებს. მოზარდებისთვის, და არა მხოლოდ მათთვის, ძალიან კარგია კარაქი. ქოლესტერინის მომატებას მასაც "აბრალებენ", მაგრამ კარაქი ძალიან სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის. ჯანმრთელმა ადამიანმა დღეში 20-25 გრამი ნამდვილი, სუფთა კარაქი უნდა მიიღოს - ეს ბევრი სულაც არ არის - პურზე ერთი გადასმაა.
თუ ჩვენი მკითხველი ამ ყველაფერს გაითვალისწინებს და ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრებს, ნერვულ სისტემასაც მოიწესრიგებს და მეხსიერების პრობლემა ადრეულ ასაკში აღარ შეაწუხებს.
ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)