„სამწუხაროდ, შუა უკვე გაკრეფილია, ამიტომ...“ - არის თუ არა კომპრომისის შანსი?! - კვირის პალიტრა

„სამწუხაროდ, შუა უკვე გაკრეფილია, ამიტომ...“ - არის თუ არა კომპრომისის შანსი?!

მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის მიუხედავად, პარლამენტმა 17 აპრილს 83 ხმით პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელსაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი "რუსულ კანონად" მიიჩნევს. პროტესტი ქვეყნის მასშტაბით არ წყდება. 15 აპრილიდან მოყოლებული პარლამენტის შენობის წინ იმართება საპროტესტო აქციები, რომლის მამოძრავებელი ძალა ახალგაზრდობაა. საპროტესტოდ ქუჩაში გამოდიან ქვეყნის სხვა ქალაქებშიც. უპრეცედენტოა ჩვენი დასავლელი პარტნიორების ნეგატიური გამოხმაურება, თუმცა, "ქართულ ოცნებას" არაფრის გაგონება არ სურს და ჯიუტად აცხადებს, რომ კანონის ევროინტეგრაციას ხელს არ შეუშლის. თუმცა ევროკავშირის ლიდერები პირდაპირ აცხადებენ, რომ ის აუცილებლად იქცევა სერიო­ზულ პრობლემად ქვეყნისთვის. ამის საპასუხოდ პრემიერი კობახიძე საქართველოში აკრედიტებულ კორპუსს ამ თემაზე საჯარო დებატებზე ეპატიჟება. მორიგი განცხადება ამ საკითხზე გააკეთა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა: "მინდა ნათლად ვთქვა: კანონპროექტი, რომელსაც კენჭს უყრიან პარლამენტში, არ დააახლოებს საქართველოს ევროკავშირთან. იმედგაცრუებული ვართ, რომ ამ მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მიიღო". მიმდინარე პროცესებს ვაფასებთ ჯიპა-ს პროფესორთან, საერთაშორისო საკითხთა სპეციალისტ გიორგი კობერიძესთან:

koberidze-1665316274.jpg

- თავდაპირველად, მინდა აუცილებლად ვთქვა, რომ მსოფლიოში არ გაგონილა მსგავსი რამ, რომ დიპლომატები დებატებში გამოიწვიო. ელჩები დებატებზე არავისთან სხდებიან. კობახიძის ეს შეთავაზება სასაცილო, ყოვლად მიუღებელი ამბავია. ელჩს აქვს პოზიცია, რომელსაც გამოხატავს მისი სახელმწიფო, მათი პოზიცია შენთვის ან მისაღებია, ან არა.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ითქვას, მსგავსი კანონის გამოცდილება არსებობს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთში და ლაპარაკი, რომ ასეთივე კანონი მუშაობს ამერიკაში, სიცრუეა. აშშ-ში მოქმედი კანონი, რომელიც 1938 წელს შეიქმნა, პირდაპირ მიმართული იყო მოწინააღმდეგე ქვეყანაზე დამოკიდებული ორგანიზაციების საქმიანობის გასაკონტროლებლად, იმჟამად ფაშიზმი მძვინვარებდა და მიმართული იყო სწორედ ფაშიზმის წინააღმდეგ. ეს კანონი იმჟამად სრულიად სხვა რეალობას პასუხობდა და თუ თავდაპირველად ფაშიზმის წინააღმდეგ იყო მიმართული, შემდეგ იქცა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან ლობიზმის გაკონტროლების საფუძვლად და დღესაც ასეა, ხოლო მოცემული კანონპროექტი, რასაც "ქართული ოცნება" წარმოადგენს, ლობიზმის კონტროლს კი არ ემსახურება და მტერზე მომუშავე ლობისტურ ორგანიზაციებს კი არ გულისხმობს, არამედ მიზნად აქვს თავისუფალი საზოგადოებრივი ორგანიზაციების (ჩვენში ძველი ტერმინი "არასამთავრობო ორგანიზაციები" შემორჩა) აკრძალვა. ხელისუფლება ამ კანონპროექტის მიღებით ცდილობს სწორედ ამ ორგანიზაციების საქმიანობისა და მედიის შეზღუდვას.

კარგად ვიცით, როგორ იმუშავა ამ კანონმა რუსეთში. თავდაპირველად, როდესაც მიიღეს, თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა, იქაც იმავეს ამბობდნენ, აგერ ამერიკაში აქვთ და იქიდან გადმოვიღეთო. მოგვიანებით ან კანონს დაემატა, ან კანონქვემდებარე აქტებად გამოიცა სხვა შემზღუდავი მუხლები, რომელთა თანახმად, პირს, რომელსაც გავლენის აგენტად გამოაცხადებენ, არ შეუძლია პოლიტიკურ არჩევნებში მონაწილეობა, სოციალურ ქსელში პოსტის დაწერაც კი, თუ არ მიაწერა, რომ გავლენის აგენტია. სახელმწიფოს შეუძლია მას ფარულად უთვალთვალოს და მიაყურადოს, შეამოწმოს, როდესაც მასზე ვინმე "დანოსს" დაწერს. ეს არის კანონი, რომელიც სახელმწიფოს ტერორის საშუალებას აძლევს. საბოლოოდ, ეს დასრულდა იმით, რომ რუსული პოლიცია და მასთან დაახლოებული რაზმები თავს ესხმიან ადამიანებს, სცემენ. აიძულებენ დატოვონ ქვეყანა, ამასთანავე, რუსეთში გაქრა თავისუფალი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ისევე როგორც დამოუკიდებელი მედია. ეს ყველაფერი ხდებოდა ეტაპობრივად და ვითარება მივიდა იქამდე, რაც დღეს ხდება რუსეთში, კვლევითი ინსტიტუტებიც კი დაიხურა, რადგან ამ კანონის საფუძველზე აეკრძალათ ანალიტიკური სტატიების გამოქვეყნება სახელმწიფო სამეცნიერო ჟურნალებში.

ამ კანონპროექტის მიღება იქნება ტოტალიტარული სახელმწიფოსკენ გადადგმული სახიფათო სამართლებრივი ნაბიჯი, რომელსაც შეიძლება შემდგომ მიებას ნებისმიერი სხვა რამ. საგანგებოდ არ ვახსენე ავტოკრატიული, ვთქვი ტოტალიტარული, რადგან რუსეთი დროთა განმავლობაში ავტოკრატიულიდან სწორედ ტოტალიტარულ სახელმწიფოდ გარდაიქმნა. თითოეული ასეთი კანონი განსაკუთრებით სახიფათოა ისეთ ჰიბრიდულ წყობაში, როგორიც საქართველოშია - ჯერ არც დემოკრატია გვაქვს და არც ავტოკრატია. პროცესი შეიძლება ისეთი მძიმე გამოდგეს, რომ მის შემობრუნებას წლები დასჭირდეს.

- არ დარჩა დასავლური ორგანიზაცია თუ ქვეყანა, რომელთაც უარყოფითი დამოკიდებულება არ გამოეხატათ ამ კანონპროექტის მიმართ. პრემიერ კობახიძეს გერმანიის კანცლერმა საჯაროდ უთხრა: "ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას". ევროკავშირის ლიდერები პირდაპირ გვაფრთხილებენ, რომ ეს იქნება შემაფერხებელი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, თუმცა მმართველი ძალა ჯიუტად ცდილობს დაარწმუნოს ქვეყნის მოსახლეობა, რომ ამ კანონპროექტს დასავლური გამოცდილების გათვალისწინებით იღებს, მისი გზა კი კვლავ ევროპულია.

- მოსახლეობის ნაწილმა, რომელიც პროევროპულ პოზიციაზე დგას, შეუძლებელია დაიჯეროს, რომ ეს კანონპროექტი ევროპულია და ევროკავშირთან გვაახლოებს. ეს არ სჯერათ, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ფსევდოევროპულად განწყობილ მომხრეებსაც. ეს ხალხი დინებას მიჰყვება და მედროვედ არის გადაქცეული. "ქართული ოცნების" ამომრჩევლის ბაზას, ძირითადად, წარმოადგენენ ადმინისტრაციულ ვერტიკალში მყოფი პირები, მათი ახლობლები და სანაცნობო წრე, რომლებიც საკუთარი მდგომარეობიდან გამომდინარე აფასებენ ვითარებას და ფიქრობენ, რომ დინებას თუ არ გაჰყვებიან, კეთილდღეობას დაკარგავენ. შესაბამისად, "ქართულმა ოცნებამ" რაც არ უნდა გააკეთოს, ისინი ყველაფერს მოიწონებენ. ისინი არიან პროევროპელები იმდენად, რამდენად ამას ზემოდან ეუბნებიან, თუ ეტყვიან, რომ მათ პოზიცია უნდა შეცვალონ, მყისვე შეცვლიან. ამ ხალხის დიდი ნაწილი თავის დროზე გამსახურდიას მხარდამჭერი იყო, შემდგომ შევარდნაძის, შემდგომ სააკაშვილის და ახლა ივანიშვილის მომხრეა. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ სახელისუფლებო პარტიის ამომრჩევლის პატარა ნაწილი არის კიდევაც პროევროპულად განწყობილი. შესაბამისად, მათთვის თვალსაჩინო უნდა იყოს, რომ დღეს "ქართული ოცნების" რიტორიკა დასავლურ ორიენტაციაზე ფარსია.

დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებაშიც კარგად ესმით, თუ გინდა რომელიმე ორგანიზაციაში შეხვიდე, უნდა გაითვალისწინო მისი წესები. რაღაცის დათმობა ყველას უწევს. მაგალითად, როდესაც სტუმარი მოდის შენთან და ეუბნები, რომ სახლში ფეხსაცმლით არ შედიხარ, მას მოუწევს გაითვალისწინოს ეს წესი, სხვა შემთხვევაში, თუ ტალახიანი ფეხით დააპირებს შემოსვლას და გეტყვით, მე ღირსებით მსურს შემოვიდეო, მას, უბრალოდ, არ შემოუშვებ და ასე დასრულდება მისი სტუმრობა.

ერთი მხრივ, ევროპას ყოველდღე აგინებდე და მეორე მხრივ, ამტკიცებდე, ევროპაში მივდივარო, ასე არ ხდება. ამიტომაც "ქართული ოცნება" ვერავის მოატყუებს. მისი ამომრჩეველი კი არ ტყუვდება, არამედ მზად არის საკუთარი კეთილდღეობისთვის ყველაფერი დაიჯეროს, რადგან ეს ამომრჩეველი პრინციპულობით არ გამოირჩევა. დღეს საქართველოს სუვერენიტეტი ევროპულ ღირებულებებზე გადის. აქსიომაა, რაც უფრო შორს ხარ ევროპისგან, საზოგადოდ, დასავლეთისგან, მით უფრო უახლოვდები რუსეთს. ევროპაზე უარი პირდაპირ ნიშნავს პრორუსულობას. არა აქვს მნიშვნელობა, ეს გაუაზრებლად ხდება თუ გააზრებულად. მაინც მგონია, რომ ჩვენი ხელისუფლება ასე გააზრებულად იქცევა, რადგან არ მჯერა, ვინმეს არ ესმოდეს, რომ 21-ე საუკუნის იმ გეოპოლიტიკურ სივრცეში, როდესაც სამხრეთ კავკასიაში ჩვენ ყველა მეზობელი ამა თუ იმ ფორმით კონფლიქტურ ვითარებაშია, რაოდენ მნიშვნელოვანია დასავლეთის მხარდაჭერა. კონფლიქტი რუსეთთან წლებია გრძელდება - მცოცავი ანექსია, ლამის ყოველდღიურად ადამიანების გატაცება, წამება, მოკვლა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქართველი მოსახლეობის განდევნა. ამ ყველაფერს თუ ვერ ვამჩნევთ, ბრმები და ყრუები ვყოფილვართ. ამ გეოპოლიტიკურ ჭიდილში შენ უნდა იყო მტერი რუსეთისგან რაც შეიძლება შორს და ერთადერთი გზა ევროპისკენ გაქვს. მეორე გზა ირანისა და ჩინეთისკენ მიდის, მაგრამ ეს არანაკლებ დამაზარალებელი იქნება ქვეყნისთვის.

თუ გვსურს გავყვეთ ევროპულ გზას, უნდა დავსვათ შეკითხვა, რა გვიშლის ხელს ამ გზაზე სიარულში და რა არის ის მექანიზმები, რაც დაგვეხმარება. დამერწმუნეთ, მსგავსი კანონები ამ გზაზე მხოლოდ ხელს შეგვიშლის და ამას ყოველდღე გვეუბნებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები. თუ ამის გაგება არ სურს ვიღაცას, ეს არის, მსუბუქად რომ ვთქვათ, მავნებლობა, თუმცა უფრო ღრმად თუ ჩავყვებით საკითხს, ეს შეიძლება შეფასდეს როგორც ქვეყნის ევროპული რელსებიდან გადაგდებისა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის რელსებზე გადაყვანის მიზანმიმართული ცდა. მოკლედ, უკეთეს შემთხვევაში საქმე გვაქვს წინდაუხედავ, უგუნურ ადამიანებთან, უარეს შემთხვევაში კი ანტიდასავლური და პრორუსული პოლიტიკის გამტარებელ ჯგუფთან.

დარწმუნებული ვარ, "ქართული ოცნების" ელიტაში მშვენივრად აქვთ გააზრებული, რომ ეს გზა არ მიიყვანთ ევროპაში. ეს გზა მხოლოდ ქვეყანაში კონფლიქტამდე მიგვიყვანს, რომლის დროსაც ადამიანები ერთმანეთის დასმენასა და დევნას დაიწყებენ. საქართველოში ოპოზიცია ამ კანონპროექტზე ლაპარაკისას მხოლოდ საგარეო კურსის პრობლემებზე ლაპარაკობს, მაგრამ ის არანაკლებ უარყოფითად აისახება ქვეყანაში ვითარებაზე. თუ ე.წ. აგენტების კანონპროექტი კანონად იქცა, ის ყოველი ადამიანის პიროვნულ დამოუკიდებლობასა და ეკონომიკურ თავისუფლებას ისე შეარყევს, ქვეყანა შესაძლოა დიდ უფსკრულში გადაიჩეხოს.

- "როგორც კი მოვიქცევით ევროპულად, ჩვენც ევროპულად მოგვექცევიან" - ილია ჭავჭავაძე ლამის სახედ ჰყავს გამოცხადებული გარკვეულ კასტას. "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს" - რას ნიშნავს, საერთოდ აცნობიერებენ?" - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

- ჯერ ერთი, ილია ჭავჭავაძემ ეს თქვა იმ შინაარსით, რუსეთისგან დამოუკიდებელი უნდა ვიყოთო. მეორე - მან თავის "შინაურ მიმოხილვაში" გარკვევით თქვა, საქართველომ უნდა მიჰბაძოს ისეთ ქვეყნებს, როგორიც ინგლისი, საფრანგეთი და გერმანიააო. ილია პირდაპირ წერს, საქართველომ სწორება სწორედ ევროპულ წამყვან ქვეყნებზე უნდა აიღოსო. ამასთანავე, ჩვენი თავი ჩვენვე რომ გვეყუდნოდეს, სულ ცოტა, დამოუკიდებელი უნდა ვიყოთ იმ ძალისგან, რომელსაც ჩვენი რუკიდან გაქრობა უნდა. ეს კი სურთ არა ევროპასა და ამერიკას, არამედ ოკუპანტ რუსეთს, რომელიც მიზანმიმართულად ახორციელებს ქართველი მოსახლეობის ეთნიკურ წმენდას, გენოციდს. აქედან გამომდინარე, თუ დამოუკიდებლობა გინდა, უპირველესად დამოუკიდებელი უნდა იყო მტრისგან, მტრისგან თავდასაცავად კი აუცილებლად გჭირდება მოკავშირეები. ილიას არ უგულისხმია მოკავშირეებისა და პარტნიორებისგან დამოუკიდებლობა, რა დროსაც მოგვიწევს მტერთან პირისპირ დარჩენა.

- "ქართულმა ოცნებამ" ეკონომიკური სარგებლის მიღების მოტივით დაჩქარებული წესით შეიტანა საგადასახადო კოდექსში ცვლილებები - ოფშორული ზონებიდან ბიზნესის საქართველოში გადმოტანაზე საგადასახადო შეღავათი გავრცელდება. ამ თემაზე საუბრისას ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა: "ხელისუფლების რეალური მიზანი გახლდათ საქართველოს რუსულ ოფშორად გადაქცევა, ყველა აქედან გამომდინარე შედეგით. იმისათვის, რომ ეს თემა ნაკლები ხმაურით გაეძვრინათ, სცენარისტების ენაზე რომ ვთქვათ, საჭირო იყო ე.წ. «Операция прикрытия», რისი როლიც "აგენტების კანონმა" ითამაშა და დღემდე თამაშობს. ისე, ოფშორების თემა ბევრად დამანგრეველი შედეგების მომტანია ქვეყნის მომავლისთვის, ვიდრე "აგენტების კანონი". როგორც კი კანონი ამოიქოქება, ერთ მშვენიერ დღეს ჩვენ, უბრალოდ, რუსეთში გავიღვიძებთ".

- მესმის, ბატონი გიას შიშის... ცნობილია ამ ოფშორულ ზონებთან დაკავშირებული არაერთი სკანდალი, თუნდაც პანამის სკანდალური დოკუმენტები გავიხსენოთ. შესაბამისად, ამ ყველაფრის შედეგად ძალიან ზარალდება იმ ქვეყნების სანდოობა, სადაც მსგავსი ინციდენტები ხდება. ოფშორი ხშირად არის ფულის გათეთრებისა და არალეგალური საქმიანობის საშუალება და ეს, ბუნებრივია, ბევრ ეჭვს აჩენს. საქართველოსთვის ეს კარგის მომტანი ნამდვილად არ იქნება. ეს კანონიც, ჩემი აზრით, აშორებს საქართველოს ევროპისგან.

რაც შეეხება მისი ე.წ. აგენტების კანონპროექტით გადაფარვის თემას, ამაზე პასუხი არა მაქვს, უფრო სწორად, უფრო არა მგონია, ასე იყოს. უფრო ლოგიკური მგონია, ხელისუფლება ამ ორი კანონის კომბინაციაში ამუშავებას გეგმავს, თანაც ვეჭვობ, მოსახლეობის დიდ ნაწილს ჰქონოდა ასეთი მძაფრი რეაქცია ამ კანონზე, როგორიც აგენტების კანონზე აქვს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აგენტების კანონის რუსეთთან კავშირი აშკარად თვალსაჩინოა.

- ორიოდე სიტყვით შევეხოთ იმ მასშტაბური პროტესტის ხასიათს, რასაც ბოლო დღეებში ვხედავთ. აქციებზე მყოფთა დიდი ნაწილი ახალგაზრდაა, შესაბამისად, აშკარად დიდი ენერგეტიკა აქვს პროტესტს. როგორ შეიძლება მოახერხოს ოპოზიციამ, რომ ეს პროტესტი საკუთარ მხარდაჭერად აქციოს, მოგეხსენებათ, საპარლამენტო არჩევნები კარს არის მომდგარი.

- გააჩნია, როგორ მოიქცევა ხელისუფლება. თუ "ქართულმა ოცნებამ" კანონი მიიღო, რაც იქნება საქართველოს ევროპული მომავლისთვის საფრთხე, ახალგაზრდები შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის ძიებას დაიწყებენ და მოკლე ვადაში ასეთი გამოსავალი იქნება სწორედ არჩევნები. შესაბამისად, ამომრჩევლის ახალგაზრდული ნაწილის პროტესტის ოპოზიციის მხარდაჭერაში გადათარგმნა რთული არ იქნება. ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში ახალგაზრდების არჩევნებზე გამოცხადების პროცენტიც ძალიან მაღალი იქნება და ისინი ხმას აუცილებლად ხელისუფლების წინააღმდეგ მისცემენ. თუ ჩააგდო ხელისუფლებამ ეს კანონპროექტი, მაშინ შეიძლება სხვაგვარად განვითარდეს მოვლენები. დღეს ახალგაზრდები ქუჩაში გამოსული არიან ერთი მიზნით - საქართველოს ევროპული გზის დასაცავად. მათ არა აქვთ ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნა. მათ თუ დღეს მიაღწიეს მიზანს და კანონი არ იქნა მიღებული, შესაძლოა მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ეს საკმარისი აღმოჩნდეს და არჩევნებზე არც წავიდეს. თუმცა ნაწილი აუცილებლად წავა და ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციური ძალების ყულაბაში წავა მათი ხმები. ისე, დღეს რასაც ვხედავთ, პროტესტი მიმდინარეობს ოპოზიციისგან დამოუკიდებლად. სულ განსხვავებული პოლიტიკური პროცესია, რომლის დროსაც ინიციატივა მოდის არა ზემოდან ქვემოთ, არამედ ქვემოდან ზემოთ.

- შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რამდენად შესაძლებლად მიიჩნევთ კომპრომისსა და შეთანხმებას?

- ამის შანსი, ჩემი აზრით, ნულოვანია. შეიძლება ითქვას, ამ საკითხის გარშემო შუა გაკრეფილია - ერთ მხარეს არიან ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი და დასავლელი მოკავშირეები, მეორე მხარეს კი "ქართული ოცნება" და პრორუსულად განწყობილი მოქალაქეები თავიანთი ტროლ-ბოტებით. ამ პოლუსების გათვალისწინებით, შეთანხმების შანსს მე ვერ ვხედავ.

ამ პოლიტიკური პროცესის მთელი უცნაურობა კი ის არის, რომ ხელისუფლებამ ამ პროცესით ძალიან დაიზარალა თავი. ერთი თვის წინ რომ გეკითხათ ჩემთვის, არჩევნებში ვინ გაიმარჯვებსო, აუცილებლად ვიტყოდი, დიდი ალბათობით, "ქართული ოცნება"-მეთქი, მაგრამ ამ ყველაფრის მერე ასე აღარ ვფიქრობ. იბადება ლოგიკური კითხვა, რატომ რისკავს ხელისუფლება და რატომ აპირებს ისეთი კანონის მიღებას, რომელიც მმართველ პარტიას არჩევნების მოგებაში ხელს მნიშვნელოვნად შეუშლის?