„ოთხთა კავშირი“, ანუ რას უქადის მსოფლიოს ახალი ალიანსი?! - კვირის პალიტრა

„ოთხთა კავშირი“, ანუ რას უქადის მსოფლიოს ახალი ალიანსი?!

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბი-ბი-სისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის,­ ჩინეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის თანამშრომლობით მსოფლიოში იქმნება "ავტორიტარული სახელმწიფოების ახალი ალიანსი", რომელიც დასავლეთის თანამეგობრობის მთავარი მოწინააღმდეგე­ გახდება.­ მისი თქმით, "რუსეთი, ირანი, ჩინეთი და ჩრდილოეთი კორეა უფრო და უფრო მჭიდრო ალიანსს ქმნიან. ჩინეთი რუსეთის ომის ეკონომიკას ეხმარება, აწვდის თავდაცვისთვის საჭირო ნაწილებს, სანაცვლოდ კი მოსკოვი თავის მომავალს პეკინს იპოთეკით ანდობს. ირანსა და ჩრდილოეთ კორეას, სამხედრო აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის სანაცვლოდ, რუსეთი ტექნოლოგიით ამარაგებდა". სტოლტენბერგის აზრით, ამ ძლიერი ალიანსის წინააღმდეგ საბრძოლველად ნატომ სხვა ქვეყნებთან ერთად უნდა იმუშაოს, როგორიცაა­ იაპონია და სამხრეთი კორეა. ნატოს მეთაური ბოლო პერიოდში ქვეყნებს უკრაინის ომში მეტი თანხის ხარჯვისკენაც მოუწოდებდა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ ყოყმანი დაიწყო,­ სტოლტენბერგი თვლის, რომ მათთან შეთანხმებას ივლისისთვის მიაღწევს. "გრძელვადიანი მხარდაჭერა ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. უკრაინას მრავალი წლის განმავლობაში უნდა დავუჭიროთ მხარი და თავდაცვის შემუშავებაში დავეხმაროთ, რათა მომავალი აგრესიისგანაც დავიცვათ... ნამდვილი მშვიდობა მაშინ იქნება მიღწეული, როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს".

როგორც საქართველოს ყოფილი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაე­რთიანებულ სამეფოში გიორგი­ ბადრიძე­ ამბობს, ამ ოთხი ქვეყნის შესაძლო ალიანსი ჰეგემონიას ვერ მოიპოვებს, მაგრამ მივიღებთ დიდი ხნის კონფლიქტების ხანას.

- ასეთი ალიანსი გამორიცხული არ არის, რადგან მის პოტენციურ მონაწილეებს­ საერთო ინტერესების წყება აკავშირებთ­ - უპირველესად ეს არის საერთაშორისო­ წესრიგის მიუღებლობა. მაგალითად, რუსეთის ამოცანაა ევროპაში ჩამოშალოს "ცივი ომის" შემდეგ ჩამოყალიბებული ახალი უსაფრთხოების არქიტექტურა. რუსეთი მიზნად ისახავს თავისი სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის აღდგენას იმ ქვეყნებზე, რომლებსაც თავის დაკარგულ ტერიტორიებად მიიჩნევს (არა მარტო პოსტსაბჭოურ ქვეყნებზე). რუსეთის ტრადიციულად აგრესიულად ექსპანსიონისტური ხელისუფლებები თავისი ძალისხმევის დიდ ნაწილს ყოველთვის გარე ექსპანსიაზე მიმართავენ, რადგან არც ერთ მათგანს არ აღმოაჩნდა უნარი ისე ემართა საკუთარი ქვეყანა, რომ განევითარებინა ეკონომიკა, სოციალური და პოლიტიკური პროცესები, რომელიც რუს საზოგადოებას მისცემდა უფრო ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას.

indian-ocean-drawing-1140x705-1713706523.jpg

რუსეთის მოტივი განსხვავებულია ჩინეთის მოტივისგან, რომელსაც არ მოსწონს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ის წამყვანი როლი (სხვათა შორის, დომინანტი­ ამერიკა არასდროს ყოფილა, მაგრამ საერთაშორისო წესრიგის შექმნაში წამყვანი როლი ჰქონდა). ამერიკულ ფასეულობებსა­ და პოლიტიკურ იდეებს ემყარებოდა ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის შემდგომ უფრო სამართლიანი წესრი­გის ჩამოყალიბების ცდები­. ვგულისხმობ პრეზიდენტ უილსონის 14 პუნქტს, რომელიც მოიცავდა ერთა თვითგამორკვევას, კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას, სახელმწიფოთა თანა­მშრომლობას მშვიდობის შენარჩუნებისთვის და ყოველივე იმას, რასაც კოლექტიური უსაფრთხოება ჰქვია. მაგრამ მაშინ ეს სისტემა ჩაიშალა, რადგან თვითონ აშშ მეორე მსოფლიო ომამდე იზოლა­ციონიზმს დაუბრუნდა. ომის შემდგომ, მათ შორის სსრკ-ის მონაწილეობით, მაგრამ აშშ-ის ლიდერობით ჩამოყალიბდა ახალი სისტემა, რომელიც ოფიციალურად აცხადებდა იმავე პრინციპებს - საზღვრების ურღვეობას, კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას და ბევრ სხვას, რასაც ქაღალდზე საბჭოეთიც ეთანხმებოდა, მაგრამ­ ყოველმხრივ ცდილობდა ამ სისტემისთვის ძირის გამოთხრას. ეს გამოიხატა შეფარულ ომში სამხრეთ კორეაში­, სამხრეთ ვიეტნამსა­ თუ ბევრ სხვა ცხელ წერტილში­. "ცივი ომის" დამთავრებამ გააჩინა შთაბეჭდილება, რომ დემოკრატიულმა სისტემამ გაიმარჯვა და ასეც მოხდა. თუ ვნახავთ, რამდენი­ ქვეყანა იყო დამოუკიდებელი, მით უმეტეს, დემოკრატიული "ცივი ომის" პერიოდში და რამდენი დაემატა მისი დასრულების შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დემოკრატიამ, სულ მცირე, აჯობა კომუნისტურ სისტემასა და გეგმურ ეკონომიკას. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აშშ გახდა ჰეგემონი, რადგან უამრავ რეგიონში აშშ-ის ინტერესები კი არა, საზოგადოდ საერთაშორისო სამართლის ნორმები არ ხორციელდებოდა. საუბედუროდ, საქართველო მოხვდა ასეთ ნაცრისფერ ზონაში - გაურკვეველ ახალ რუსეთსა და გაერთიანებულ დემოკრა­ტიულ ევროპას შორის. ეს იყო, ალბათ, ყველაზე დიდი შეცდომა, როდესაც დასავლეთში­ მაშინ ელცინის რუსეთს განიხილავდნენ როგორც პოტენციურ მოკავშირეს, რომელიც აშენებდა დემოკრატიულ სისტემებს, მაგრამ ფაქტია, ელცინის მემკვიდრეობა არის პუტინი და მისი სისტემა. მისი მოსვლის შემდეგ, პუტინის ძალისხმევა მიმართული იყო იმ პიროვნული ძალაუფლების გამყარებისკენ, რასაც ის თავად ძალაუფლების ვერტიკალის მშენებლობას უწოდებდა და მალევე საჯაროდაც განაცხადა, რომ "ცივი ომის" დასრულების შემდეგ ის არ აღიარებს ჩამოყალიბებულ ახალ ევროპულ წესრიგს, მათ შორის სსრკ-ის ყოფილი რესპუბლიკების დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. ეს ჯერ 2005 წელს ითქვა სახელმწიფო დუმაში, შემდეგ 2007 წელს მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე, 2008 წელს კი ამ იდეის ხორცშესხმა ვნახეთ საქართველოში. სამწუხაროდ, ყოველ ამ ეტაპზე დასავლეთი პასიურობდა­, რეაქცია უმეტესად იყო არაადეკვატური და შედეგად პუტინის რეჟიმმა ჩათვალა, რომ შესაძლებელი იყო უფრო აგრესიული ქმედებები... მოკლედ, განსხვავებას რომ დავუბრუნდეთ, ჩინეთის ამოცანა რუსეთის მსგავსად არ არის სხვა ქვეყნების სამხედრო გზით ოკუპაცია და ანექსია. ის არ ცდილობს ჩამოშალოს საერთაშორისო წესრიგი, არამედ გამოიყენოს თავისი ინტერესებისთვის და საერთაშორისო ასპარეზზე ამერიკის ლიდერობის შესავიწროებლად.

რაც შეეხება ირანსა და კორეას, ისინი­ უკვე მრავალი წელია ამოვარდნილი არიან საერთაშორისო წესრიგიდან. ჩრდილოეთი კორეა მრავალი­ ათწლეულია თვითიზოლაცი­აშია. მისი გროტესკული მმართველობა რეალობას ვერ აღიქვამს. რეჟიმმა ცალკე სამყარო შექმნა და ის თავის გადარჩენას მუდმივად შეიარაღების განვითარებას უკავშირებს. "ცივი ომის" დროს სსრკ-ის მშპ ანუ ეკონომი­კის ზომა 2-ჯერ აღემატებოდა ჩინეთის ეკონომიკის ზომას. დღეს ჩინეთის მშპ რუსეთისაზე ზუსტად 10-ჯერ დიდია და შესაბამისად, ამ თითქოს პოტენციურ ალიანსში, უკეთეს შემთხვევაში რუსეთი ჩინეთის უმცროსი ძმა იქნება... ამ ქვეყნებს არ გააჩნიათ საერთო­ იდეოლოგია, მეტიც, არსებობს სფეროები, სადაც მათი ინტერესები რადიკალურად დაპირისპირებულია. ჩინეთში ახსოვთ, რომ შორეული აღმოსავლეთის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი მე-18 საუკუნეში რუსეთმა­ მიიტაცა.­ მაგალითად, ბოლო წლებში ჩინეთის სახელმძღვანელოებში ამ ტერი­ტორიებზე ქალაქების სახელების ისევ ძველი ჩინური ვერსიები გამოჩნდა... მეორე რეალობა - ჩინურ კომპანიებს შორ­ეულ აღმოსავლეთში იჯარით აქვთ აღებ­ული რუსე­თის ტერიტორია, დაახლოებით იმდენი, რამდენის ოკუპაციაც შეძლო რუსეთმა უკრაინაში, და რომელიც­ რუსეთის სამართლებრივი ადმინისტრაციული კონტროლიდან, პრაქტიკულად, უკვე გასულია. იქ ვეღარ შედიან რუსული ადმინისტრაციის წარმომადგენლები იმის შესამოწმებლად, სრულდება თუ არა იჯარის პირობები. წესით, რუსეთი რომ საკუთარი ხალხის ინტერესებით მოქმედებდეს, მისი უსაფრთხოების მთავარი საკითხი დაკავშირებული იქნებოდა ჩინეთთან და არა დასავლეთთან, რომელიც რუსეთს თავს არასდროს დაესხმება.

ასევე, ირანსა და რუსეთს არა აქვთ ყველა სფეროში საერთო ინტერესები. ირანის რეჟიმი ღრმად იდეოლოგიურია, ის რადიკალური ისლამური ტერორიზმის სპონსორიც არის. რუსეთში პრობლემა აქვთ ისლამისტებთან და თუკი რაიმე­ საშინაო საფრთხეზე შეიძლება რუსეთმა იფიქროს, პირველი არის ისლამისტური რადიკალიზმი, სეპარატიზმს რომ თავი დავანებოთ.

ასე რომ, ამ "კვარტეტის" თანამშრომლობა­ რეალობაა, მაგრამ ის, რომ ეს მტკიცე ბლოკად ჩამოყალიბდება, გარანტირებული­ არ არის. ამ ოთხი ქვეყნის შესაძლო ალიანსი ჰეგემონიას ვერ მოიპოვებს, მაგრამ მივიღებთ დიდი ხნის კონფლიქტების ხანას.

დასავლეთმა და ამერიკამ ძალისხმევა­ უნდა მიმართონ იქით, რომ რუსეთსა და სხვა პოტენციურ აგრესორ სახელმწიფოებს, ან თუნდაც ექსტრემისტულ ჯგუფებს, არ შეექმნათ შთაბეჭდილება, თით­ქოს მათ დაუსჯელად შეუძლიათ თავს დაესხან დემოკრატიულ სახელმწიფოებს, ან ძალის გამოყენებით მიაღწიონ თავიანთ იდეოლოგიურ თუ პოლიტიკურ მიზნებს. დასავლეთის პასიურობას ის მოჰყვა, რომ იემენში­ ჰუსიტებმა წამოყვეს თავი, ღაზაში - "ჰამა­სმა". ეგ კი არა, ვენესუელამ რეფერენდუმით გამოაცხადა, რომ აპირებს მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის ანექსირებას და ა.შ. ეს არის პირდაპირი გამოძახილი იმისა, რომ ყველაზე უფრო რეაქციულ, ანტიდემოკრატიულ, რელიგიურ-ექსტრემისტულ ჯგუფებს ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ რაც რუსეთს გასდის, შეიძლება მათთვისაც შესაძლებლობის ფანჯარაა... რუსეთის პოტენციური გამარჯვება წაახალისებს აგრესიულ ძალებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში თავს იკავებდნენ ძალის გამოყენებისგან, მიაჩნდათ, რომ მათ ქმედებას რეაქცია მოჰყვებოდა. დიახ, აშშ იყო ყველაზე სერიოზული გარანტორი ამ სისტემის მუშაობის სტაბილურობისა - ერთი ნატოს ლიდერობით და მეორე იმით, რომ ბევრ რეგიონში ჰყავს მოკავშირეები და მათი უსაფრთხოების გარანტია. როგორც კი დაიკარგება რწმენა, რომ დემოკრატიულ ქვეყნებს გამოექომაგებიან სხვა დემოკრატიული ქვეყნები, აუცილებლად მივიღებთ კატასტროფულ ქაოსურ პერიოდს კაცობრიობის ისტორიაში...

თუკი ევროკავშირსა და აშშ-ში არ შეთანხმდებიან, რომ პუტინმა რუსეთ-უკრაინის ომში არ უნდა გაიმარჯვოს, მაშინ მათივე უსაფრთხოება ძალზე დიდი რისკის ქვეშ დადგება. რუსეთის დაშოშმინება ისევე შეუძლებელი იქნება უკრაინაში მისთვის რაღაც ტერიტორიის დათმობით, როგორც 1938 წელს გერმანია ვერ დააშოშმინეს ჩეხოსლოვაკიის ნაწილის მიცემით. პირიქით, ამან წაახალისა ჰიტლერი, დაარწმუნა, რომ დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნები მას წინააღმდეგობას ვერ გაუწევდნენ. დღეს ამის გამეორების პირდაპირი რისკი არსებობს - ყველა დათმობა უკრაინაში რუსეთს წაახალისებს ბევრად აგრესიული ქმედებებისკენ და წაახალისებს არა მარტო რუსეთს, ჩინეთს (ტაივანის მიმართ), ჩრდილოეთ კორეასა და ირანს. უამრავი სხვა ქვეყანა და რეჟიმი არსებობს, რომელთაც აქვთ ინტერესები, და ამას ჩათვლიან სანადირო სეზონის გახსნად. მოკლედ, კვანძი და ყველაფრის სათავე იქნება უკრაინაში რუსეთის გამარჯვება.