„ეს არის გრძელი, ხანგრძლივი ომი“ - კვირის პალიტრა

„ეს არის გრძელი, ხანგრძლივი ომი“

უკრაინაში აქტიური საბრძოლო მოქმედებები ისევ გრძელდება. ისევ მიდის სარაკეტო იერიშები და იბომბება უკრაინის ქალაქები. უცხოურ მედიაში წერენ, რომ ბრძოლის ველზე უპირატესობა რუსების ხელში გადავიდა. თუმცა ასე არ ფიქრობს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ კაპანაძე. მისი თქმით, ახლა მთავარია მაქსიმალურად მიაწოდონ უკრაინას შეიარაღება, რათა რუსეთის შეტევებს გაუმკლავდეს. 19 აპრილს უკრაინელებმა პირველად გაანადგურეს რუსული Ту-22М3 ტიპის ბომბდამშენი - ეს ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ გაავრცელა. შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტ ნიკოლაი ოლეშჩუკის თქმით, თვითმფრინავი X-22 ფრთოსანი რაკეტების მატარებელია, რომელსაც რუსები უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე თავდასხმისთვის იყენებენ. რუსეთის თავდაცვის უწყება არ აღიარებს ამ მარცხს და ირწმუნება, რომ კატასტროფის მიზეზი თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა იყო. რა ვითარებაა ახლა უკრაინაში, ამ და სხვა მოვლენების შეფასება ვთხოვეთ ბატონ ვახტანგ კაპანაძეს:

- რუსეთ-უკრაინის ომში ამჟამად რუსებს აქვთ ტაქტიკური ინიციატივა - შეტევაზე არიან გადასული, მაგრამ მათი წინსვლა ძალიან ნელია. უკრაინას სასწრაფოდ დახმარება სჭირდება, რადგან საბრძოლო მასალების დიდი დეფიციტი აქვს როგორც წინა ხაზზე, ასევე აკლია ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, უკრაინის სიღრმეში რუსებს ტაქტიკური წინსვლა არ ექნებათ, მიუხედავად იმისა, რომ საბრძოლო მასალის ნაკლებობა უკრაინაში დიდ ადამიანურ მსხვერპლს იწვევს. მაღელვებს მეორე საკითხიც, კერძოდ, რუსეთის სტრატეგიის ცვლილება, რომელიც მიმართულია არა საბრძოლო შესაძლებლობის, არამედ მოსახლეობის ნების გამოფიტვისკენ. მაქსიმალურად გახშირებულია დარტყმები სამოქალაქო ობიექტებზე, რაც გამოწვეულია იმით, რომ უკრაინას საკმარისი ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები არა აქვს.

- რატომ არ ეხმარებიან საჭირო რაოდენობის საბრძოლო მასალით უკრაინას?

- ამაზე უფრო კარგად პოლიტიკურ საკითხებში მომუშავე ექსპერტები ისაუბრებენ, მაგრამ, ჩემი აზრით, ერთი საკითხია ის, რომ ამერიკაში არჩევნების პერიოდია, მეორე კი ტექნიკური და სოციალური საკითხია. მე მაინც მგონია, ეს ჩავარდნა დროებითია და სანამ ამერიკა წამოეწევა დახმარებით უკრაინას, მანამდე დასავლეთი დაეხმარება.

პუტინმა ე.წ. სანიტარიული ზონის შექმნა გამოაცხადა - ესე იგი, შეიქმნება სრულიად განადგურებული ბუფერი იმ ტერიტორიაზე, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, და იმ ზოლში, რომელიც მიჰყვება ფრონტის ხაზს. რუსები ამბობენ, რომ საჰაერო დარტყმებს აყენებენ უშუალოდ უკრაინის სამხედრო დემილიტარიზაციისა და პოტენციალის განადგურებისთვის, მაგრამ ეს არ არის სწორი, ვინაიდან სამხედრო პოტენციალი ახლა უკრაინაში ნაკლებად არის. სამხედრო საშუალებების შემოტანა თუ რემონტი, ძირითადად, დასავლეთის ქვეყნებიდან ხდება, რაც არ ექვემდებარება რუსულ სარაკეტო დარტყმებს. ისინი მიმართულია მოსახლეობაზე, მის გასატეხად. Mმოსახლეობაში კი ომისგან გადაღლა უკვე იგრძნობა, მაგრამ ის, რომ ხალხმა ხელისუფლებას მოსთხოვოს მოლაპარაკება დაიწყოს რუსეთთან, დათანხმდნენ სტატუს-კვოს შენარჩუნებას, აქამდე არ არის ვითარება მისული. პუტინიც ცინიკურად ცდილობს მოიგოს დრო, მას სჯერა, რომ დრო მასზე მუშაობს.

- რეალურად შეიძლება ასე მოხდეს?

- ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება მოვლენები. რუსეთს ჰქონდა დაახლოებით 7000 საშუალო და ახლო მანძილის რაკეტა. მსხვილმასშტაბიანი იარაღის უმრავლესობა მოძველებული იყო. მაგალითად, Точка-У ამოღებული იყო ხმარებიდან და დააბრუნეს. როდესაც ომი დაიწყეს უკრაინასთან, რუსეთს ეგონა, საქმეს სწრაფად მოითავებდა და თავიდან ინტენსიურად გამოიყენა თანამედროვე შეიარაღება, "კალიბრი" და "ისკანდერები". ნაკლები ინტენსივობით გამოიყენა "კინჟალი" და Х-101, მაგრამ რაც გაირკვა, რომ ომი იქნებოდა ხანგრძლივი, იარაღი სწრაფად ელეოდათ, დაიწყეს ძველი მოდელების გამოყენება. როდესაც Точка-У-ს იყენებ, რომლის მილიდან გადახრა 250 მეტრი რადიუსია, როგორ შეიძლება ამით დარტყმები მიაყენო დასახლებულ პუნქტს? ექსპერტების აზრით, რუსეთმა დაახლოებით 3000-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა. ჩათვალეთ, რომ ნახევარი გახარჯულია და ახლა დაიწყეს შ-300 ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების გადაკეთება სახმელეთო რაკეტებად. ისე გაუჭირდათ, ძვირად ღირებული ხომალდსაწინაღმდეგო რაკეტაც გადააკეთეს სახმელეთო მიზნების საწინააღმდეგოდ. ვერ ვიტყვით, რომ რუსებს დაუმთავრდათ შეიარაღება, მით უმეტეს, დიდი მხარდამჭერები ჰყავს ირანისა და ჩრდილოეთ კორეის სახით. 2023 წლის ხელშეკრულების შედეგად, როგორც "როიტერი" წყაროზე დაყრდნობით ამბობს, 2024 წლის დასაწყისიდან რუსებმა ირანიდან მიიღეს 400 ბალისტიკური რაკეტა, რომელთა შორის არის "ფათეჰ-110"-ის ოჯახის მოკლე მანძილის საბრძოლო მასალა, როგორიცაა "ზოლფაღარი". ამ რაკეტას იერიშის მიტანა 300-700 კილომეტრით დაშორებულ სამიზნეებზე შეუძლია. მოკლე და საშუალო მანძილის რაკეტების ნაწილი საჰაერო სივრციდან მიიღეს, ნაწილი - კასპიის ზღვიდან. ასევე აღმოჩენილია ჩრდილოკორეული რაკეტების ნამსხვრევები. ჩრდილოეთი კორეა უხვად აწვდის რუსეთს მოკლედისტანციური მყარი საწვავის რაკეტა KN-23 და KN-25-ებს. რუსეთიც ახერხებს რაკეტების წარმოებას. ჩანს, სანქციები კარგად არ მუშაობს. რაკეტების ყველაზე რთული ნაწილებიდან (2433 ერთეულია რაკეტის შემადგენელი) მხოლოდ 13 ერთეულს აწარმოებენ რუსეთში, დანარჩენი 30 ქვეყნიდან შემოაქვს.

- გამოდის ორმაგი თამაშია?

- ორმაგი თამაში არ არის, მაგრამ ევროპულ ქვეყნებში დროებით დაფუძნებული კომპანიები მესამე და მეხუთე ქვეყნის გავლით აწვდიან ამ ნაწილებს რუსეთს. ასევე ცნობილია, რომ რომელიღაც ევროპულ ქვეყანაში მასობრივად დაიწყეს ქუჩის ვიდეოთვალების მოპარვა და როგორც აღმოჩნდა, კონტრაბანდულად გადიოდა რუსეთში. ამავე გზით წაიღეს უამრავი სარეცხი მანქანა შუა აზიის ქვეყნიდან საქართველოს გავლით. 60 პროცენტით გაიზარდა სარეცხი მანქანების იმპორტი. ახლა მთავარია, რამდენად ეფექტიანად შეძლებენ ამ წყაროების ჩაკეტვას.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია უკრაინას დაეხმარონ ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებით. როგორც ზელენსკიმ განაცხადა, "პეტრიოტის" 25 ბატარეაც ეყოფოდათ, თუმცა ძალიან მეეჭვება, ვინაიდან "პეტრიოტის" რადიუსი 160 კილომეტრია და 25 მთელ უკრაინას ნამდვილად არ ეყოფა, მაგრამ, ალბათ, იგულისხმებოდა სხვა საშუალებებთან ერთად. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა უნდა იყოს ფენობრივი, ეშელონირებული. მაგალითად, შ-300 ერთ-ერთი ყველაზე შორსმსროლელი რაკეტაა, მას შეუძლია 200 კმ-ზე დააზიანოს საჰაერო მიზანი, მაგრამ ვერ ხედავს 100 მეტრის ქვევით. ამ დროს რაკეტა "კალიბრის" შეუძლია 50 მეტრზე იფრინოს.

სივრცის შესავსებად საჭიროა სხვა ტიპის საშუალებებიც - თუნდაც "ბუკი", ანუ ისეთი რაკეტა, რომელიც მაქსიმალურად შეძლებს სივრცეების შევსებას. ასევე არის საშუალებები (რაც უკრაინას აქვს), რომლებიც მოქმედებს ისეთი საჰაერო მიზნების წინააღმდეგ, რომელთაც 10 000 კმ/სთ სიჩქარე აქვთ. არის რაკეტა "კინჟალიც", 14 000 კმ/სთ სიჩქარით. ასე რომ, ასეთი ჩქარი მიზნების წინააღმდეგ ყველა საშუალება ვერ იმოქმედებს. მაგალითად, ცნობილი "რკინის გუმბათი" ეფექტიანია 3000 კილომეტრ საათზე ნაკლები სიჩქარის რაკეტების წინააღმდეგ და გამოსადეგი იქნებოდა ხარკოვში, რომელიც, ძირითადად, რეაქტიური ზალპური სისტემებით იბომბება, მაგრამ ნაკლებეფექტიანი იქნება კიევში.

რამდენად მნიშვნელოვანია კარგი საჰაერო თავდაცვა, ეს ცხადი შეიქნა ირანის ბოლო დარტყმის დროს ისრაელზე. 300 დრონი და რაკეტა გაუშვეს ირანიდან ისრაელის მიმართულებით და მხოლოდ 4 დავარდა, აქედან მიზანში მხოლოდ ერთი მოხვდა. წარმოიდგინეთ, როგორი ეფექტურია საჰაერო დაცვა, რომ ვერც ბრენდირებული უპილოტოების ჰაერში გადაჯერება ვერ შველის ვერაფერს.

- უკრაინა დრონებს ამზადებს, ეს დიდი შეღავათია ამ ომში?

- უკრაინა დღეს დრონებით ავსებს სივრცეს საარტილერიო საშუალებების ნაკლებობის გამო. ამავე დროს ამზადებენ ისეთ დრონს, რომელიც ბომბავს მოსკოვს. ამ მხრივ უკრაინელების პოტენციალი დიდია, მაგრამ რუსებმაც შეძლეს გარდაქმნის შეტანა სამხედრო პოტენციალში. მაგალითად, "შაჰედების" მაგივრად უშვებენ "გერანს", რომელსაც 50 კილოგრამამდე ასაფეთქებელი ნივთიერება გადააქვს. რამდენად ეფექტიანია კარგი საჰაერო თავდაცვა და რამდენად მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, რაც აჩვენეს ბრიტანეთმა და ამერიკელებმა, როცა ჰაერში ჩამოაყარეს ისრაელისკენ გაშვებული რაკეტები, მსოფლიომ დაინახა.

F-16 უკრაინისთვის ძალიან დიდი საშუალება იქნება, რადგან ის ძალიან ეფექტურია ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ, როცა სიჩქარე არ არის ისეთი მაღალი, როგორიც ბალისტიკური რაკეტების.

- როგორც ამბობენ, მოსალოდნელია ივლისში რუსეთმა მასშტაბური შეტევა დაიწყოს ლუგანსკისა და დონეცსკის მიმართულებით მთელი ტერიტორიების დაკავების მიზნით.

- კი, რუსეთს სურს დონბასის საზღვარზე გასვლა, ეს ფაქტია, მაგრამ ამ ტემპით ძალიან გაუჭირდება. კარგა ხანს მოუწევს ბრძოლა. მეეჭვება, ერთი წლის განმავლობაში ეს გამოუვიდეს, თუ საერთოდ გასვლა შეძლო. ავდეევკას, პატარა დაბას, რამდენ ხანს იღებდნენ, ვნახეთ. ბახმუტს 7 თვე იღებდნენ და რა ფასად, ეს ცალკე თემაა. ასე რომ, უკრაინელები არ დათმობენ და მზად არიან დიდი ომისთვის. სულ რომ წააგონ, ავღანეთი ექნება რუსეთს - ამაში დარწმუნებული ვარ. ახლა ყველაზე მთავარია მსოფლიო დაეხმაროს უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებით.

- რა უნდა გააკეთოს უკრაინამ, რომ გაძლიერდეს მათი დახმარება?

- ესეც პოლიტიკური ნაწილია. სიტყვიერად გამოდიან, შოლციც გამოდის, მაგრამ ის ფაქტორიც არის, რომ ყველა ქვეყანას გააჩნია კრიტიკული მინიმუმი - დაცვისთვის აუცილებელი საშუალების ქონა. ორი წელი მაინც დასჭირდება სამხედრო ინდუსტრიის ამოქმედებას. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაფერი იყიდება. სხვათა შორის, თანხები, რომელთაც ამერიკა აძლევს, იმის 75 პროცენტზე მეტი ამერიკაშივე რჩება, ვინაიდან შესყიდვები ისევ ამერიკას უბრუნდება.

რამდენიმე კვირის წინ რუსებმა 24 საათში ისროლეს რაკეტები, რომელთა საერთო ღირებულება 350 მილიონ დოლარს შეადგენს. ამას პერიოდულად აკეთებენ, რადგან მათაც სჭირდებათ თანხების აკუმულირება. მაგალითად, საარტილერიო ჭურვები ახლა არის 6 ერთთან შეფარდებით, როცა იყო 12 ერთთან. წმინდა მათემატიკური გათვლებით, 2025 წლისთვის რუსეთს უნდა დაეტყოს სამხედრო სამრეწველო შიმშილი, თუმცა ეს იმაზეც არის დამოკიდებული, რას მიიღებს ირანიდან და კორეიდან, მაგრამ არა მგონია, ახლა ირანს ეცალოს რუსეთისთვის.

- ირანის და ისრაელის ომი იმოქმედებს უკრაინის დახმარებაზეც?

- იმოქმედებს. ამ ამბავს ორი მხარე აქვს: ერთი ის, რომ ირანი ისე აქტიურად ვერ დაეხმარება რუსეთს, და მეორე - მთელი მსოფლიოს ყურადღება უფრო ისრაელისკენ იქნება მიმართული.

- ფიქრობთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდება?

- რუსეთი ტაქტიკურ დონეზე ურტყამს ქალაქებს, მათი განადგურება აქვს მიზნად. ასევე მოსახლეობაზე ზემოქმედება.ეს არის გრძელი, ხანგრძლივი ომი. 2025 წელს რაღაც კონტურები გამოიკვეთება და ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები.