სასიცოცხლოდ აუცილებელი კომპრომისი ანუ როგორ უნდა დავაწყნაროთ ქვეყანა?! - კვირის პალიტრა

სასიცოცხლოდ აუცილებელი კომპრომისი ანუ როგორ უნდა დავაწყნაროთ ქვეყანა?!

ზოგჯერ რჩება შთაბეჭდილება, რომ გვგონია, საქართველო რომელიღაც მიუდგომელ კუნძულზეა და გარედან არაფერი გვემუქრება. ასე არ არის - საქართველოს მეზობლად ერთი დიდი ომი მიმდინარეობს და მეორე დიდი ომის დაწყებამდე ლამის ერთი ნაბიჯია. მსოფლიოში თამაშის წესები და წესრიგი აღარ არსებობს. ყველა პოტენციურად აგრესორი მომენტს ელოდება, რომ ძველი ანგარიშები გაუსწოროს მეზობელს. შესაბამისად, დიდია იმის საფრთხე, რომ მსოფლიოში შეუქცევადი ქაოსი დაიწყოს. ამიტომაც საქართველოში შიდა სტაბილურობას და ეროვნულ თანხმობას (იმ საკითხზე, რომ რამენაირად ფიზიკურად გადავრჩეთ, სანამ პლანეტა არ დალაგდება), სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

მთავარი ეროვნული თანხმობა გვაქვს იმაში, რომ საქართველოს ევროინტეგრაციას ალტერნატივა არა აქვს. ეს არის ჩვენი კონსტიტუციის 78-ე მუხლით გარანტირებული უფლება. შესაბამისად, ნებისმიერი კანონპროექტი, ინიციატივა თუ ქმედება, რომელიც საფრთხეს უქმნის ევროინტეგრაციას, არ უნდა განხორციელდეს. ეს უნდა იყოს ყველა ქმედების ამოსავალი წერტილი. ამას ვაკეთებთ ქვეყნისა და მომავალი თაობებისთვის, რათა არასოდეს აღარ გადაიტანონ ის, რაც ჩვენ გადავიტანეთ 90-იანებში. საქართველოს შიდა სტაბილურობისთვის უმნიშვნელოვანესია, შთაბეჭდილებაც კი არ დარჩეს, რომ ევროინტეგრაციას საფრთხე ემუქრება. უახლოეს პერსპექტივაში უმნიშვნელოვანესია, რომ არსებული ვითარება სასწრაფოდ განიმუხტოს, მშვიდად მივაღწიოთ არჩევნებამდე და საარჩევნო პროცესიც ნორმალურად ჩავატაროთ.

როგორ მივაღწიოთ კომპრომისს?!

გამოუვალი სიტუაციები არ არსებობს­ - თუ გსურს, რა თქმა უნდა, გამოსავლის გამონახვა. კომპრომისის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი ის არის, რომ "მეორე მხარეს" (იმედია, როგორც საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას მოვესწარით, ისე მოვესწრებით იმასაც, რომ ქვეყანა არ იყოს დაყოფილი მხარეებად და ბანაკებად) მისცე საშუალება, სახე შეინარჩუნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს "მეორე მხარე" შეიძლება გაჯიუტდეს, რაც "წითელ ზღვრამდე" მიგვიყვანს.

2023 წლის მარტში ხელისუფლებამ ე.წ. აგენტების კანონპროექტი (რასაც დღეს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი ჰქვია) უკან რომ წაიღო, "ორივე მხარემ" შეძლო ბენეფიტების მიღება. კანონპროექტის მოწინააღმდეგეები კმაყოფილი იყვნენ - გაიმარჯვეს, ხელისუ­ფლება კი აცხადებდა, რომ არ უღირს მოქალაქეების საფრთხის ქვეშ დადგომა არც ერთ კანონპროექტად, რაც პასუხისმგებ­ლიანი და კარგი მესიჯი იყო მოსახლეობი­სთვის თუ ჩვენი უცხოელი გულშემატკივრ­ებისთვის. თუმცა დღეს კანონპროექტის უკან წაღება მმართველი გუნდისთვის პოლი­ტიკურად ძალიან მძიმე­ იქნება­ და ის, დიდი ალბათობით, აისახება არჩევნების შედეგებზე. თუმცა გამოსავალი არის - კანონპროექტის ისე შეცვლა, რომ ვნებათაღელვა საქართველოშიც ჩაცხრეს და არც დასავლეთში ჰქონდეთ კითხვები­ და ეჭვები.

პირველ რიგში, ალბათ, უნდა შეიცვალოს კანონპროექტის სათაურის ფორმულირება. ერთ-ერთ მთავარ გაღიზიანებას იწვევს ის, რომ "უცხოური ძალის გავლენის გამტარებლები" ოფიციალურად უნდა დაერქვათ იმ არასამთავრობოებს და მედიასაშუალებებს, რომლებიც დაფინანსების­ 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ. ამას აქვს თავისი მიზეზი, რადგან ერთი და იგივე ტერმინი შესაძლოა, მაგალითად, საფრანგეთში სხვა რამესთან ასოცირდებოდეს, ხოლო საქართველოში სხვა რამესთან. "უცხოური აგენტი" თუ "უცხოური ძალის გავლენის მატარებელი" საქართველოში ასოცირდება ტიპთან, რომელიც სხვა ქვეყნის სასარგებლოდ ეწევა ძირგამომთხრელ საქმიანობას. ჩვენ ის ქვეყანა ვართ, სადაც ერთმანეთის მადისკრედიტებელი მთავარი ბრალდებაა "რუსეთის აგენტი", "კრემლის აგენტი", "შემოგზავნილი" და ა.შ. დაახლოებით ისეთი რაღაცაა, კომიკოსთა რეესტრი რომ შექმნა და "ტაკიმასხარათა რეესტრი უწოდო".

ასე რომ, კანონპროექტს უბრალოდ „გამჭვირვალობის შესახებ“ რომ უწოდონ, ზემოხსენებული პრობლემა მოიხსნება. გარდა ამისა, მაქსიმალურად უნდა ჩაიდოს გარანტიები, რომ კანონპროექტი არ გამოიყენონ როგორც რეპრესიული მექანიზმი. თუ ასე მოხდა, ვნებათაღელვა ჩაცხრება.

არის მეორე გამოსავალიც, ყოველგვარი­ კანონპროექტების გარეშე. პირდაპირი დიალოგის დაწყება ხელისუფლებასა და არასამთავრობოებს/მედიებს შორის ფინანსურ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ არასამთავრობოების/მედიების ნაწილის დაფინანსება­, ხარჯები და დანიშნულება გაუმჭვირვალეა. თავის მხრივ, არასამთავრობოები/მედიები ამბობენ, რომ დაფინანსებისა და ხარჯების მოძიება ყველა დაინტერესებულ პირს მარტივად შეუძლია. ჰოდა, პირდაპირი დიალოგის შემთხვევაში იქნებ მიაღწიონ მხარე­ებმა შეთანხმებას, რათა შეიქმნას ერთიანი პორტალი, სადაც ყველა ზემოხსენებული ინფორმაცია თავს მოიყრის. შესაბამისად, ესეც ვნებათაღელვის ჩაცხრობის ერთ-ერთი გზაა.

დიახ, გამოსავალი არის. მთავარია, სურ­ვილი და პროგნოზირება, თუ რას მოუტანს საქართველოს რყევების გაგრძელება.

რა მოხდება თუ კომპრომისის მიღწევა ვერ მოხერხდა?!

როდესაც ქვეყანაში აქციები იწყება ხოლმე, ყველა ხელისუფლება მიმართავს ერთსა და იმავე ტაქტიკას - მომლოდინე­ პოზაში ჩადგომას და იმის ცქერას, თუ როდის გამოიფიტება საპროტესტო მუხტი და აქციის მონაწილეების უმრავლესობა, ბოლოს და ბოლოს, როდის წავა სახლში. თუმცა ბოლოდროინდელი აქციების სტილი განსხვავდება იმისგან, რასაც ადრე ვუყურებდით.

კერძოდ, ადრე (სააკაშვილის დროს და "ოცნების" ხელისუფლების პირველ წლებში) აქციების ტაქტიკა ასეთი იყო: მომიტინგეები იდგნენ პარლამენტის წინ, აქტიურ ქმედებებზე არ გადადიოდნენ და ეს ხელისუფლებებისთვის დისკომფორტი კი იყო, მაგრამ არც ისეთი. დღეს ასე აღარ არის - გასული წლის მარტში და სულ რამდენიმე დღის წინ ვნახეთ, რომ აქციის მონაწილეები ცდილობენ იაქტიურონ (მივიდნენ პარლამენტის იმ შესასვლელებთან, საიდანაც დეპუტატები გამოდიან, მთავრობის ადმინისტრაციასთან და ა.შ.). შესაბამისად, მათ იქ ხვდებათ პოლიცია და სპეცრაზმი... შესაბამისად, იზრდება იმის რისკი, რომ "რაღაც მოხდეს".

პროტესტის „აკუმულატორი“ არ არის რაღაც ერთჯერადი მოვლენა, რომ 2-3 დღის განმავლობაში ორთქლი გამოვიდეს და ჩვეულებრივი რეჟიმით გავაგრძელოთ ცხოვრება. ჯერ ერთი, კანონპროექტი მხოლოდ პირველი მოსმენით არის მიღებული და თუ არაფერი შეიცვალა, მაისის შუა რიცხვებში უნდა დამტკიცდეს. შემდეგ არის ზაფხული და გაგანია წინასაარჩევნო კამპანია. პარალელურად კი ველოდებით, რას იზამენ დასავლელი პარტნიორები. თუ ბრიუსელი და ვაშინგტონი კონკრეტული­ ნაბიჯების გადადგმას გადაწყვეტენ, ეს, ალბათ, უფრო შემოდგომაზეა მოსალოდნელი. შესაბამისად, ტურბულენტობის პროცესი თვეების განმავლობაში გაგრძელდება ანუ თვეების განმავლობაში შენარჩუნდება საფრთხე, რომ "რაღაც მოხდეს". პოლარიზაცია უკვე იმ დონემდე მიდის,­ რომ შუალედური და შემრიგებლური აზრის ადგილი აღარ რჩება. ასეთი პოზი­ციის დაკავებას ცდილობდა პრეზიდენტი­ სალომე ზურაბიშვილი, თუმცა მის ბოლო­დროინდელ განცხადებებს თუ გადავხედავთ, ხელისუფლების ყველაზე დაუძინებელ ოპონენტსაც შეშურდება - პრეზიდენტი­ საჯაროდ უწოდებს ხელისუფლებას პრორუსულს.

ზემოთ საგანგებოდ გამოვიყენეთ ფრაზა­ "რაღაც მოხდეს", რადგან არ გვსურს კონკრეტული ცუდი სცენარების დახატვა. თუმცა გამოვრიცხავთ, რომ რომელიღაც გარე ძალამ (მაგალითად, ჩრდილოეთიდან) ძალიან სერიოზული პროვოკაცია მოაწყოს?! კრემლს უმაღლეს დონემდე აქვს აყვანილი ცეცხლზე ნავთის დასხმისა და მღვრიე წყალში თევზაობის ხელოვნება და თან ამას ვითომდა გულშემატკივრის პოზიციით ფუთავს. 90-იანებში ქართველები­ რუსთაველზე ერთმანეთს ავტომატებით რომ ვხოცავდით, მოსკოვში ფარისევლურად­ მოთქვამდნენ და გოდებდნენ, სინამდვილეში კი, ორივე მხარეს იარა­ღს აწვდიდნენ, რათა ცეცხლი არ ჩამქრალიყო. ასე იყო აფხაზეთის ომის დროსაც, როდესაც რუსეთი ვითომდა მშვიდობის მტრედი იყო. ასეა დღესაც - ის განცხადებები, რაც მოსკოვში კეთდება, იმას ემსახურება, რომ დაპირისპირების ნაპერწკლები ხანძარში გადაიზარდოს.

ვის ან რას გულშემატკივრობენ რუსები საქართველოში?! მოსკოვი ჩვენს ქვეყანაში გულშემატკივრობს დესტაბილიზაციას, ქაოსს, სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებას და თუ მიზანს მიაღწია, ხელის განძრევაც არ დასჭირდება, რომ უკან, წარსულში შეგვათრიოს. ეს რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ გავიგოთ, შესაძლოა, ბოლოს და ბოლოს, ვისწავლოთ შვიდჯერ გაზომა და ერთხელ გაჭრა.

რაც შეეხება დასავლეთს და მისგან მოსალოდნელ კონკრეტულ ნაბიჯებს - მაგალითად, სანქციებს. ყველაფერი, ალბათ, პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ დასავლეთს სჭირდება საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მიზნებისთვის. შესაბამისად, მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლებიან თუ არა ბრიუსელსა თუ ვაშინგტონში, დამოკიდებულია იმაზე, ოფიციალურმა თბილისმა გადალახა თუ არა საბოლოოდ "წითელი ხაზები". თავი დავანებოთ სანქციებს - ძალიან ცუდი და მტკივნეული იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, თუ შემოდგომაზე საქართველოსთვის არ გაიხსნა­ ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების დაწყების ოფიციალური სივრცე. ამიტომაც კიდევ ერთხელ გავიმეორებთ - ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ევროინტეგრაციას ელემენტარული საფრთხეც არ დაემუქროს. კომპრომისი დღეს იქნება სახელმწიფოებრივი ინტერესის მთავარი გამოხატულება.

P.S. „ახალგაზრდების გულწრფელ პროტესტს დიდი ძალა აქვს და რა თქმა უნდა, მისი გამოყენება უნდათ პოლიტიკურ ძალებს. თუმცა თავად ხედავთ, როგორ ცდილობენ მათგან გამიჯვნას ახალგაზრდები და როდესაც მხოლოდ ისინი არიან პროტესტის ორგანიზატორები, ინციდენტები არ ხდება. ისიც სათქმელია, რომ თუ კომპრომისი არ მოიძებნა, პოლიტიკური ტურბულენტობა შეიძლება თვეები გაგრძელდეს. შეთანხმება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და არ უნდა მივუახლოვდეთ იმ სახიფათო ზღვარს, რასაც ჰქვია ქაოსი და დესტაბილიზაცია“.

გიორგი კვიტაშვილი