„დღევანდელი გადასახედიდან არც აფხაზები და არც ოსები ჩვენთან დაახლოებაზე წამომსვლელები არ არიან“ - კვირის პალიტრა

„დღევანდელი გადასახედიდან არც აფხაზები და არც ოსები ჩვენთან დაახლოებაზე წამომსვლელები არ არიან“

"აფხაზეთი საქართველოა! სამაჩაბლო საქართველოა!... ჩვენ უნდა დავიბრუნოთ არა ტერიტორიები, არამედ ხალხი...“ აფხაზები და ოსები ჩვენი ძმები არიან..." - თბილისიდან დროდადრო მსგავსი გზავნილები ისმის და ამას ოკუპირებულ საქართველოში ისმენენ. რას ფიქრობენ აფხაზები და ოსები თბილისიდან გაჟღერებულ ამ ფრაზებზე, აინტერესებთ თუ არა, რა ხდება არაოკუპირებულ საქართველოში, რა დამოკიდებულება აქვთ ქართველების მიმართ, რას ხედავენ თბილისში სამკურნალოდ ჩამოსულები და რას ამბობენ უკან, სოხუმსა თუ ცხინვალში დაბრუნების შემდეგ?

აფხაზები სოციალურ ქსელებში აქტიურობით გამოირჩევიან, ოსები - არა, თუმცა აფხაზები ინტერნეტში და ოსები ინტერნეტის მიღმა ერთმანეთში ქართულ ამბებს მუდმივად განიხილავენ. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საქართველოში მიმდინარე ყველა პროცესი და გზავნილი ყოველთვის იწვევს რეაქციას. იყო გამოხმაურებები სკანდალური კანონის“შესახებ თბილისში არსებული პროტესტის გამო, ცოტა ხნით ადრე კი განხილვები მოჰყვა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ზეიმზე ფეხბურთელების შეძახილებს "აფხაზეთი საქართველოა! სამაჩაბლო საქართველოა!"

"ქართველებთან ერთად ცხოვრებას არ ვაპირებთ"

26 მარტს საქართველოს ნაკრების გამარჯვების შემდეგ სოციალურ ქსელებში აფხაზები ქართველების წარმატებას განიხილავდნენ. დიდი და მწვავე დისკუსია გაიმართა აფხაზი ჟურნალისტის, როინ აგრბას ფეისბუკპოსტების ქვეშ.

"თქვენ არასდროს ყოფილხართ და არც არასდროს იქნებით ჩვენი კეთილისმსურველები. მხოლოდ ტერიტორია გჭირდებათ, ნებისმიერ წუთს მზად ხართ გაგვანადგუროთ ან უკეთეს შემთხვევაში, ასიმილირება მოახდინოთ, როგორც მეგრელებსა და სვანებთან... ჩვენ, აფხაზეთის ნაკრები, შეიძლება კიდევ 100 წელი ვერ მოვხვდეთ ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ თქვენთან ერთად ერთ სახელმწიფოში ცხოვრებას მაინც არ ვაპირებთ. ვცხოვრობდით საქართველოს სსრ-ის ფარგლებში, აფხაზურ ენაზე ლაპარაკის უფლება არ გვქონდა, იყო ომი და გენოციდი. კარგი არაფერი გვინახავს",“ - თემურ ნადარაია, გალის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი.

"ჩვენ ქართველებთან რა გვესაქმება? მით უმეტეს, თამაშის შემდეგ სტადიონზე­ მთელმა გუნდმა დაიწყო შეძახილები: "აფხაზეთი საქართველოა, სამაჩაბლო საქართველოა", სტადიონზე ისტერიკა იყო. სანამ მათ ტვინებში და პოლიტიკაში ეს შეძახილებია, არ მაინტერესებს მათი წარმატება არც სპორტში და არც სხვა სფეროებში",­“- თემურ მიშელია.

"თავიდან ვიფიქრე, ყოჩაღ, ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ, მეზობლურად მინდო­და მიმელოცა, მაგრამ აფხაზეთსა და ოსეთზე რომ დაიწყეს სკანდირება, ეს სურვილი გამიქრა",“- საიდა­ ლეიბა.

„...ეს აფხაზეთს კარგს არაფერს უქადის“

აფხაზეთში გამოხმაურება სკანდალური კანონის გამო თბილისში არსებულმა პროტესტმაც გამოიწვია. სოხუმში აზრი გაყოფილია, არასამთავრობოები და ოპოზიციის ნაწილი ამბობენ, რომ მსგავსი ბრძოლა მათაც გასავლელი აქვთ, ხოლო "ფეისბუკზე" ის ნაწილი აქტიურობს, რომელიც თვლის, რომ ამ დაპირისპირებაში საქართველოს ხელისუფლების გამარჯვება აფხაზეთისთვის ბევრად სასურველია.

ბლოგერმა ასტამურ კაკალიამ "ფეისბუკზე" დაწერა, რომ რაც საქართველოს პარლამენტში ხდება, არის მცდელობა, უკიდურესად ველური ფორმით დაიცვან ფინა­ნსური ნაკადები, რაც კვებავს ქართულ ოპოზიციას.

"ქართული ოპოზიცია ცდილობს ვითარების დესტაბილიზაციას და ამ გზით შეეცდებიან ხელისუფლებაში მოსვლას, ეს კი აფხაზეთს კარგს არაფერს უქადის. საკუთარი დაფინანსების გასამართლებლად ჩვენს საზღვარზე სიტუაციის გამწვავებაზე წავლენ. ასე რომ, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ამ დაპირისპირებაში საქართველოს ხელისუფლების გამარჯვება აფხაზეთისთვის ბევრად სასურველია", - წერს ასტამურ­ კაკალია.

როგორც კომენტარებში წერენ, რევანშისტები (ოპოზიცია) დასავლურ ფულს ანტირუსული კამპანიისთვის იყენებენ:”"აქ ზოგიერთი ჩვენგანი ამართლებს ოპოზიციას. ეს კანონი არ ახდენს გავლენას მათ სახელმწიფოებრივ მთლიანობაზე, მაგრამ ე.წ. მშვიდობის პარტიის შეცვლა ომის პარტიით მაშინვე გამოიწვევს სამხედრო ესკალაციას ჩვენთან"; "ერთნი კანონს იყენებენ ძალაუფლების გასაძლიერებლად, სხვები სიტუაციის ასარევად. ერთნიც და მეორენიც დაკვეთას ასრულებენ!"“

„ქართველებს მხოლოდ ტერიტორიები უნდათ“

ცხინვალელების აზრით, "ამ კანონის მიღება სწორია, რადგან ყველა ენჯეო სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობს, უცხოელები მათ სახელმწიფოს წინააღმდეგ აფინანსებენ, თანაც, საქართველოში დასავლური ფონდები და ორგანიზაციები ქართველებს ოსების წინააღმდეგ ამხედრებდნენ მეორე ფრონტის გახსნისთვის, ამიტომ კარგია, რომ დაამტკიცეს. აქაც იყო რამდენიმე ენჯეო. ახლა მხოლოდ "წითელი ჯვარი" მუშაობს, სხვა არც ერთი დასავლური ორგანიზაცია არ არის. ჩვენთან საერთაშორისოების დაშვების გაგონებაც არ უნდათ, არც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის. ძალიან ცუდი გამოცდილება გვაქვს, ომის დროს ეუთო ჩვენზე ინფორმაციას ქართულ სპეცსამსახურებს აწვდიდა", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" ცხინვალის მკვიდრი:

- ცხინვალში ქართველებიც ცხოვრობენ და, ალბათ, მათ გაუხარდათ ფეხბურთელების გამარჯვება, მაგრამ ოსებს - არა. რატომ ამბობთ სამაჩაბლოს, ჩვენს ტერიტორიას სამხრეთი ოსეთი ერქვა საქართველოს შემადგენლობაში არსებობის დროსაც, აფხაზეთს ხომ ეძახით აფხაზეთს და ჩვენ რატომ გვაკნინებთ ასე?

- სხვა გზავნილებიც ხომ კეთდება თბილისიდან, მაგალითად, ის, რომ ტერიტორიების დაბრუნება კი არ არის მთავარი, არამედ ხალხის.

- მსგავსი ფრაზები მხოლოდ სატყუარაა. ვის სჯერა ამის?! ქართველები ტერიტორიად განგვიხილავენ და არა ადამიანებად. თუკი ოსი ხალხი გადარდებთ, რატომ გვბლოკავთ ყველა საერთაშორისო ფესტივალზე, ბავშვებს ჯიბრში რატომ უდგებით? თუკი ძმებად გვთვლით, მოგვეცით ნორმალურად ცხოვრების საშუალება, რატომ გწყინთ ჩვენი წარმატება?!

- სამკურნალოდ თბილისში ხშირად დადიან­ ცხინვალიდან და აქ ყოფნის შემდეგ ქართველების მიმართ რა დამოკიდებულებაა, რას ამბობენ?

- ცხინვალში უხარისხო სამედიცინო მომსახურებაა, ამიტომ ყველა ვლადიკავკაზში მიდის, თუ იქ რამე ვერ მოახერხეს, თბილისში უშვებენ. ვინც თბილისში დადის, ამბობენ, რა კარგი ხალხია, თბილი, კეთილი. როცა ქუჩაში ეკითხები რამეს, გადაგყვებიან და მიგასწავლიანო. თუმცა ეუცხოებათ, რომ ბევრი რუსულად არ ელაპარაკება, ინგლისურზე გადადიან.

მუდმივად შიში გვაქვს, რომ ქართველები ომს დაიწყებენ დასავლეთის მხარდაჭერით. ამიტომაც გვინდა რუსეთი, ის ჩვენი უსაფრთხოების გარანტიაა. ის, რომ საქართველომ შეიძლება რაღაც დივიდენდები შესთავაზოს სამხრეთ ოსეთს, თუნდაც კონფედერაცია, არავის სჯერა ამის. ოსებს ეშინიათ, რომ შეიძლება რუსეთმა დაუთმოს საქართველოს სამხრეთი ოსეთი და შემდეგ განმეორდება არცახი (მთიანი ყარაბაღი) - ქართველები შურს იძიებენ, როგორც აზერბაიჯანმა გააკეთა. ბევრ ოსს დაატოვებინებენ სახლს, იმათ, ვინც სახელმწიფო სამსახურებში მუშაობს, ვინც სამხედროა, ვინც იბრძოდა, ასეთები კი ბევრნი არიან. თუმცა ახალგაზრდები უფრო ლოიალურები არიან, ამბობენ, რომ წყენა უნდა გადავხარშოთ და ვიმეზობლოთ ქართველებთან.

"ოსებთან დიალოგი უფრო შესაძლებელია, ვიდრე აფხაზებთან"

გიორგი შაიშმელაშვილი, "სამოქალაქო იდეის"“ანალიტიკოსი: - ოსები საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში ბევრად ინტეგრირებული იყვნენ, ვიდრე აფხაზები. შერეული ოჯახი ოსებთან ბევრად მეტია, თან უკან ერთი გვირაბი და ჩრდილო კავკასია აქვთ, რომელიც მაინცდამაინც მეგობრული არ არის. რომ არა საოკუპაციო ხაზი, ოსები თბილისში დღესაც ივლიდნენ. ეს მავთულხლართები უპირველესად ოსების წინააღმდეგაა, რომ ჩვენთან არ იარონ. აფხაზები დანარჩენ საქართველოსთან უფრო მოშორებით არიან და მათ იქითა მხარეს სოჭი აქვთ. ოსები ადამიანურად, საშუალოსტატისტიკურ დონეზე ქართველებთან უფრო ახლოს გრძნობენ თავს, ვიდრე აფხაზები, მაგრამ ამ ჩაკეტილობის გამო ეს კავშირები ოსებთანაც ისპობა. ამასთან, პროპაგანდა მუშაობს, ოფიციალური თბილისის მშვიდობიანი შეთავაზებები იბლოკება, მხოლოდ რადიკალური განცხადებები ითარგმნება. ასეა ოსეთშიც და აფხაზეთშიც.

პრობლემაა ისიც, რომ თბილისიდან საქმიანი წინადადებები არც ისმის. აფხაზებს სურთ თბილისიდან უფრო დამაჯერებელი მესიჯები მოისმინონ იმის თაობაზე, თუ როგორ დარეგულირდეს კონფლიქტები, იმიტომ, რომ რუსეთი, როგორც საფრთხე, გაიზარდა. თუმცა ქართველ საზოგადოებაში ამ თემაზე სერიოზული დისკუსიები არ მიდის. აფხაზები ჯერ უწევენ რუსებს წინააღმდეგობას, რაც შეეხება ოსებს, იქ ყველაფერს რუსები აკონტროლებენ და პრობლემა ესეცაა, ვის უნდა დაველაპარაკოთ? ოსებისა და აფხაზების დე ფაქტო ხელისუფლებები რუსების ინტერესების გამტარებლები არიან.

- რადგან ოსებს ბევრად მეტი აკავშირებს ქართველებთან, მათი ქართულ სივრცეში დაბრუნება რამდენად შესაძლებელია?

- კავკასიონის იქითა და აქეთა ქედზე­ ორი ოსეთის არსებობა ისტორიული ნონსენსია, რასაც, ადრე თუ გვიან, წერტილი დაესმება. ოსურ ე.წ. სახელმწიფოს პერსპექ­ტივა არა აქვს, თან ოსებთან ადამიანურ დონეზე პოტენციალი უფრო მეტია და მათ ყველა ვარიანტში მოუწევთ რაღაც ფორმით­ ამ ქვეყანაში ინტეგრირება. თავადაც არ ითხოვენ დამოუკიდებლობას, რუსეთთან გაერთიანება სურთ.

აფხაზებთან მოლაპარაკება ბევრად რთული იქნება. ოსებთან ორი ფაქტორი მოქმედებს: ძველი წყენა, რომლის გადალახვაც შეიძლება, და მეორე - პრაგმატული, სოციალური პაკეტი. მაგალითად, რუსული პენსია ურჩევნიათ ქართულს. როცა საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი და ჩვენი პენსია გაასწრებს რუსულს, მაშინ მეტი პერსპექტივა გვექნება. ასევე, მთავარი ფაქტორია რუსეთის საოკუპაციო ძალები და მათი შიში. როგორც კი რუსეთი დასუსტებას დაიწყებს, აუცილებლად გაუჩნდებათ ჩვენთან ინტეგრაციის სურვილი. გეოგრაფია გადაწყვეტს ამას. ოსებს სხვა შანსი არა აქვთ.

მამუკა არეშიძე, სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი: - ქართველებისა და აფხაზების გახლეჩას რუსები XX საუკუნის დამდეგიდანვე ამზადებდნენ და გამოუვიდათ კიდეც. აფხაზები ხელსაყრელ მომენტს ელოდებოდნენ. ოსების დიდი ნაწილისთვის კი მოულოდნელი იყო ცხინვალში მაშინ განვითარებული მოვლენები. ოსებსა და ქართველებს შორის ქორწინების მაღალი პროცენტი იყო, ოსები მთელი საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ და ძალიან ინტეგრირებული იყვნენ ქართველ საზოგადოებაში. გარდა ამისა, დღეს კარგად ჩანს, რომ აფხაზები მართლა დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ, ოსებში ასეთი დამოკიდებულება არ არის. აფხაზი საზოგადოება ბევრად პოლიტიზებულია, ვიდრე ოსები.­ ოსები პოლიტიკაზე თავს არ იკლავენ. კი, აფხაზებივით ისინიც ამბობენ, რომ ქართველებთან არ ვიქნებითო, მაგრამ აგრესია, რაც აფხაზური საიტებიდან მოდის, არ არის. აფხაზებისგან განსხვავებით, ცხინვალის მოსახლეობა ერთეულად ვერ ჩამოყალიბდა. მუდმივად შიშში არიან, რომ რუსეთისთვის ოსეთი სავაჭრო მონეტა იქნება. ამას ჩრდილოეთ ოსეთიც უწყობს ხელს, ისინი სამხრეთ ოსეთის პრობლემით დაიღალნენ. ეუბნებიან, თქვენ არა ხართ ნამდვილი ოსებიო.

- ანტიქართული პროპაგანდის მიუხედავად, რამდენად შესაძლებელია ოსების ჩვენკენ შემობრუნება და დიალოგის დაწყება?

- ამ დონეზე ლაპარაკი არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ არა გვაქვს სისტემური დამოკიდებულება, არ ვიყენებთ რბილი ძალის პრინციპს, სოციალურ ქსელებს პროპაგანდისთვის. ამასთან, დღეს ე.წ. სამხრეთ ოსეთში მარიონეტული მთავრობაა, გარშემო დიდი სამხედრო ბაზაა, რომელშიც დასაქმებულია ცხინვალის რეგიონის მოსა­ხლეობის დიდი ნაწილი. ცხინვალელი ოსებისთვის რუსეთთან შეერთება გადარჩენის საშუალებაა. კულუარებში ამბობენ, თუკი რუსეთის შემადგენლობაში ვიქნებით, გადავრჩებით, თუ არადა, რუსეთმა შეიძლება საქართველოსთან სავაჭროდ გამოგვიყენოს და ქართველები გენოციდს მოგვიწყობენო.

დღევანდელი გადასახედიდან არც აფხაზები და არც ოსები ჩვენთან დაახლოებაზე წამომსვლელები არ არიან, მაგრამ თუ მოსკოვში მოინდომეს, ოსები ბევრად მარტივად წამოვლენ. წამოვლენ იმიტომ, რომ დღეს ოსები ორიენტირებული არიან ფიზიკურ გადარჩენასა და ქონების შენარჩუნებაზე, აფხაზები კი თავის გადარჩენას „სახელმწიფოებრიობის“ შენარჩუნებაში ხედავენ.

ეკატერინე ბასილაია