"ეს იყო გარინდულობა ხმაურის ფონზე"
ნიაზ დიასამიძის ინტერვიუზე დათანხმება რთული საქმეა. თუმცა საქართველოს ნაკრების წარმატება ამაშიც დაგვეხმარა - საფეხბურთო თემაზე საუბარზე უარის თქმა აღარ გამოდისო. ჰოდა, ვილაპარაკეთ კიდეც: მუსიკაზე, ფეხბურთზე, მუსიკისა და სპორტის კავშირზე, 26 მარტის ემოციებსა და ჩვენი ნაკრების ევროპულ პერსპექტივებზე... დარწმუნებულია, რომ წინ კიდევ არაერთი გამარჯვებაა და საქართველოს ნაკრები აუცილებლად გავა ჯგუფიდან! ნიაზთან ექსკლუზიური ინტერვიუ ქვეყანაში განვითარებული მოვლენებით დავიწყეთ:
- სამწუხაროდ, დღესაც - 35 წლის შემდეგ, ისევ გვიწევს რუსეთსა და მის გავლენაზე ლაპარაკი. ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ვერ აცნობიერებენ, რომ საქართველო ვერ იქნება დამოუკიდებელი სახელმწიფო, თუ ბოლომდე არ მოსწყდება რუსულ გავლენას. რუსეთისკენ ჩვენი მიბრუნების ამ გაუთავებელი მცდელობების მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომ ახალ თაობასთან ეს აღარ გამოვა. ეს ახალგაზრდები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არიან დაბადებული, ბოლომდე აცნობიერებენ თავისუფლების ფასს და ვერც ხვდებიან, რატომ უნდა ისწრაფოდნენ რუსეთისკენ, საერთოდ რა დაგვრჩენია იქ?! საქართველოს გზა არის ევროპაში, საქართველო არის ევროპა და აღარასდროს უნდა დაბრუნდეს არც ერთ რუსულ ნარატივში! გვყავს ახალი, ბოლომდე თავისუფალი თაობა, რომელმაც სამუდამოდ უნდა დაასრულოს რუსეთის მიმართ ეს ერთგვარად ნოსტალგიური“ განწყობა.
- სიმბოლურია, რომ სწორედ ასეთ მნიშვნელოვან დღეებში უნდა ვილაპარაკოთ ქართველი ფეხბურთელების ძალიან ემოციურ გამარჯვებაზე. 26 მარტს მოგებული მატჩი ხომ მხოლოდ სპორტული წარმატება არ ყოფილა: ემოციების ზღვა იყო და იმის ნათელი მაგალითი - რა ძალა აქვს ერთობას!
- 9 აპრილი თავისუფლებას და თავისუფლებისთვის თავგანწირვას ნიშნავს! მადლობა ყველას, ვინც რუსთაველის პროსპექტზე იყო 1989 წლის აპრილში. მადლობა მათ, ვინც სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შესწირა თავი... რამდენი წელიც უნდა გავიდეს, საქართველოში არასდროს დაავიწყდებათ ეს დღე და მისი მნიშვნელობა.
რაც შეეხება 26 მარტს, ეს იყო უდიდესი სიხარულის დღე, რომელიც გასცდა საფეხბურთო მოედნის ფარგლებს, ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ სპორტის სახეობაში მოპოვებული გამარჯვება. განსაკუთრებული მადლობა ნაკრების ფეხბურთელებს, რომლებმაც თავდაუზოგავი ბრძოლით მოიპოვეს ეს გამარჯვება, მაგრამ ამავე დროს არ დაგვავიწყდეს ის ერთიანობა და მუხტი, რაც მოედანზე, ტრიბუნებზე, მთელ ქვეყანაში იგრძნობოდა. ამ ენერგიის დამსახურებით ყველამ ერთად გავიმარჯვეთ! თუმცა ეიფორია დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს. საქმისადმი პროფესიული მიდგომა უნდა გავაგრძელოთ, ევროპის ჩემპიონატისთვის სერიოზულად მოვემზადოთ და შედეგიც აუცილებლად იქნება. წინ ბევრი წარმატებაა!
- ევროპის ჩემპიონატზე გასვლით არაფერი დასრულებულა. პირიქით, ყველაფერი ახლა იწყება!
- უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ გრძელდება. ქართულ ფეხბურთს ისეთი ისტორია აქვს, რომ სხვაგვარად ვერ იქნებოდა. ყველა ვხედავთ ჩვენი ფეხბურთელების პოტენციალს, ვხედავთ, რომ მაგარი ბიჭები არიან. ახლა მხოლოდ ბევრი თამაში სჭირდებათ და კიდევ ბევრჯერ გაგვახარებენ, მათ შორის ევროპის ჩემპიონატზე.
- საბერძნეთთან მატჩს ტრიბუნიდან უყურეთ?
- დიახ, მეც ტრიბუნაზე ვიყავი. "დინამოზე" მას შემდეგ დავდივარ, პირველად 6 წლისა რომ წამიყვანეს მამამ და მისმა მეგობრებმა... სავსე, ერთიანი სტადიონი ბევრჯერ მახსოვს, მაგრამ ეს დღე განსაკუთრებული იყო: უჩვეულო, განსხვავებული გარემო, რაღაცნაირი გარინდულობა ხმაურის ფონზე...
ფინალის წინა დღეებში ხომ გვესმოდა ხოლმე, საბერძნეთი ძლიერი გუნდია, ძალიან გაგვიჭირდებაო და სხვა, მაგრამ 26 მარტის დილიდან ყველაფერი შეიცვალა. ყველა მიხვდა, რომ მარცხზე ფიქრის დაშვებაც კი დამღუპველი იყო. იგრძნობოდა, რომ მოგების გარდა "სხვა გზა, სხვა ხსნა არ გაგვაჩნდა"... მე მჯერა ასეთი ენერგიის. იმ დღეს იმდენჯერ ითქვა სიტყვა "ვიგებთ", სხვანაირად ვერ იქნებოდა!
- რას ელით ევროპის ჩემპიონატისგან - როგორ ითამაშებს საქართველოს ნაკრები?
- ველი, რომ გავაგრძელებთ წარმატებულ სვლას, ეჭვიც არ მეპარება, რომ ჯგუფიდან გავალთ! ისევ 26 მარტის მუხტზე ვარ, ოღონდ თავს კი არ ვიტყუებ, კი არ ვოცნებობ, ისევე მჯერა, როგორც ბერძნებთან შეხვედრამდე რამდენიმე საათით გვჯეროდა ყველას და საღამოს დაგვირგვინდა კიდეც ჩვენი მოლოდინი. მგონია, რომ ჯგუფიდან აუცილებლად გავალთ, დანარჩენი კი მერე ვნახოთ... ბოლო წლებში ფეხბურთის საერთო დონე გათანაბრდა. გარდა ამისა, არავინ იცის, როგორ კონდიციაში იქნებიან ჩვენი მოწინააღმდეგე გუნდების მოთამაშეები. ამიტომაც გამორიცხული არაფერია. მხოლოდ ჯგუფიდან გასვლას არ ვგულისხმობ!
- ახლა როგორც მუსიკოსს გკითხავთ: როდის გადაიკვეთა სპორტისა და მუსიკის გზები და ფეხბურთთან დაკავშირებული რომელი მუსიკალური კომპოზიცია გახსენდებათ ახლა?
- როცა ფეხბურთზეა ლაპარაკი, პირველ რიგში, ყველას "დინამო! დინამო! დინამო!" გვახსენდება. მე, მით უმეტეს, რადგან თბილისის "დინამო" ჩემთვის ფეხბურთის საწყისია, სპორტის ამ სახეობის გაცნობის პირველ ნაბიჯებს უკავშირდება. სპორტი და მუსიკა სულ ურთიერთკავშირშია. სპორტი, ფაქტობრივად, მუსიკის ფონზე დაიწყო: რიტმის, ტაშის თანხლებით. თუნდაც ქართული ჭიდაობა გავიხსენოთ და დოლის ხმა, რომელიც ფალავნებს და მაყურებელს აგულიანებს. სპორტისა და მუსიკის დაკავშირება ხელოვნურად კი არ მომხდარა, თავისთავად, ორგანულად შესისხლხორცდნენ და უხდებიან კიდეც ერთმანეთს. შემთხვევით არც ტაში მიხსენებია - ხელები პირველი "ინსტრუმენტია", რითაც რიტმულად დაუკრა ადამიანმა. ის სპორტის ყველა სახეობას ახლავს.
- "დინამო! დინამო! დინამო!" - ვაჟა აზარაშვილის სიმღერის თქვენეული ვერსია გასული წლის ნოემბერში კლუბის 98-ე წლის იუბილეზე წარადგინეთ. რას გრძნობდით საყვარელი გუნდის "ჰიმნის" შესრულებისას?
- ძალიან გამიხარდა, ასეთი შესაძლებლობა რომ მომეცა, და ორმაგად ბედნიერი ვარ, რადგან გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ვაჟა აზარაშვილმაც მოისმინა და მოიწონა მისი სიმღერის ახლებური ვერსია... განსაკუთრებულად ემოციური იყო ამ დაუვიწყარი სიმღერის ვოვა გუცაევთან ერთად შესრულებაც - ჩაწერის პროცესში სხვა ფეხბურთელებიც მონაწილეობდნენ, მაგრამ ჩემთვის ბატონი ვოვა (ისევე, როგორც ლეგენდარული გუნდის დანარჩენი მოთამაშეები!) ბავშვობის უამრავ სიხარულსა და ემოციასთან ასოცირდება და გამორჩეულად მიყვარს. სიმღერის ჩაწერას ეს ემოციაც ახლდა...
- თბილისის "დინამო" განსაკუთრებულად გიყვართ და, ალბათ, ორმაგად გწყდებათ გული, როცა ევროპის საკლუბო ტურნირებზე გუნდის თამაშს ადევნებთ თვალს...
- მაინც მჯერა, რომ "დინამო" წინ წავა, ისევე, როგორც მთელი ქართული ფეხბურთი. ყველა კლუბს წარმატებას და გაძლიერებას ვუსურვებ, კონკურენცია რომ გაიზარდოს. ისევ ერთობა გვჭირდება, გამარჯვებები რომ მოვიპოვოთ.
- ფეხბურთის გარდა, სპორტის რომელი სახეობები გიყვართ? ახერხებთ ხოლმე, მაგალითად, შვილებთან ერთად სპორტულ ღონისძიებებზე წასვლას?
- ვახერხებდი, მაგრამ უმეტესად მაშინ, როცა სპორტულ სექციებში ვარჯიშობდნენ. ახლა მუსიკა ძალიან დიდ დროს მოითხოვს, მთელი დღე ვმუშაობ და სტადიონებზე ერთად წასვლა იშვიათად გამოგვდის. ვიცი, რომ ეს ცუდია - მაყურებელს დიდი როლი აქვს და ეს მარტის მატჩებმაც დაადასტურა.
სპორტი ბავშვობიდან მიყვარს, ბევრ სახეობაში მომისინჯავს თავი და ქართველების წარმატება სპორტის ნებისმიერ სახეობაში მიხარია. შეიძლება დეტალურად არც იცოდე რომელიმე სახეობის წესები, მაგრამ როცა სპორტი და შენი ქვეყანა გიყვარს, აუცილებლად ემოციურად ჩაერთვები და წესებსაც მალევე აუღებ ალღოს.
- შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი მათე სანიკიძე ოქტაგონზე ნიაზ დიასამიძის კომპოზიციის ("ნამი ველს") თანხლებით გადის ხოლმე. რას გრძნობს სიმღერის ავტორი, როცა ქართველი კაცი საომრად მისი შექმნილი მუსიკის ფონზე მიდის?
- სიხარულს, სიამაყეს, ერთიანობის განცდას. დიდი მადლობა მათეს და ყველა სპორტსმენს, ვინც ამა თუ იმ მომენტში იზიარებს ჩვენს მუსიკას. ბრძოლა და სიმღერა სულ იყო კავშირში ქართველი კაცისთვის და მიხარია, რომ ეს ტრადიცია გრძელდება... რაღაცას რომ შექმნი და კაცი ცხოვრების ასეთ მნიშვნელოვან მომენტში იყენებს, სიამაყით და მადლობის განცდით, მოტივაციით ივსები, რომ საქმიანობა გააგრძელო.
- როცა კარგ სიმღერას უსმენ, არ გინდა დამთავრდეს. რომელი ფეხბურთელის კარიერაზე გქონიათ მსგავსი განცდა?
- თბილისის "დინამოს" იმ ფანტასტიკური თანავარსკვლავედიდან, ცოტა ხნის წინ რომ ვახსენეთ, ალბათ, მაინც ყიფოს გამოვყოფ. ეს კითხვა პირდაპირ მასზეა ზედგამოჭრილი და კიდევ ერთხელ გვახსენებს, როგორ ნაადრევად წავიდა ფეხბურთიდან! 1982 წლის მუნდიალის წინ ძალიან ცუდად დაემთხვა ყველაფერი, თორემ წინა ტრიუმფალურ სეზონში რომ იყვნენ, იმავე კონდიციაში მყოფი "დინამო" რომ გაგეშვა მსოფლიო ჩემპიონატზე ("ზრდილობისთვის", შეიძლება რამდენიმე კიეველი მოთამაშე დაგემატებინა), იმ შენს როსის მეორე ადგილზე დატოვებდნენ! სამწუხაროდ, დათო ყიფიანი ისეთ მომენტში წავიდა ფეხბურთიდან, როცა კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე შეეძლო ასვლა. თითქოს "იმაზე მეტი რაღა უნდა ეთამაშა", მაგრამ... ითამაშებდა, კიდევ მეტი შეეძლო! ვხედავთ, როგორ გახანგრძლივდა თანამედროვე ფეხბურთელების კარიერა და მაშინ... 30 წლის მოთამაშეებს ეუბნებოდნენ, კარიერის დასასრულებლად მოემზადეთო. დავით ყიფიანი ძალიან ნაადრევად წავიდა ფეხბურთიდან...
- ბავშვობაში ჩემი მთავარი გატაცება ფეხბურთი და ხატვა იყოო: მოედანზე რომ "ხატავდნენ", ისეთი ფეხბურთელებისგან ვის გამოარჩევდით?
- ყიფიანის გარდა, იმ "დინამოდან" სხვების გამორჩევაც შეიძლება. უცხოელებიდან? რატომღაც პირველი ვან ბასტენი გამახსენდა იმის მიუხედავად, რომ მანამდეც და შემდეგაც არაერთი "მხატვრის" დასახელება შეიძლება. ფეხბურთი ვითარდება, წინ მიდის, მაგრამ ტრადიცია ჯერ კიდევ ბევრს ნიშნავს. შეიძლება ყველაზე მეტი ივარჯიშო და ირბინო, მაგრამ მაყურებელს ვერაფრით დაამახსოვრო თავი. ბევრი ვარჯიშობს, მაგრამ ნახატისთვის აუცილებელი "ფერები" ცოტას აქვს. ჩვენი ფეხბურთი მხატვრების ფეხბურთია, სულ გვყავდა და ახლაც გვყავს!
- განსაკუთრებულ ფეხბურთელებზე ვლაპარაკობთ და კვარას ხსენების გარეშე ეს თემა არასრული იქნება: "ხვიჩამ გაიტანა? ნაღდია? მაჩვენეთ რა!" - ასე გამოეხმაურეთ დარბაზის რეაქციას შუა კონცერტის დროს! გახსოვთ ის მომენტი?
- რა თქმა უნდა! ჩემი კონცერტის მიმდინარეობისას უცებ ჩოჩქოლი ატყდა, კვარამ "იუვენტუსს" გაუტანაო! კონცერტის დროს სხვა ემოციაა ხოლმე, მთლიანად ხარ პროცესში ჩართული. ხვიჩას გოლი რომ ახსენეს, დაკვრა კი გავაგრძელე, მაგრამ რამდენიმე წუთი მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი... გოლი მოგვიანებით, კონცერტის დასრულების შემდეგ ვნახე.
- ინტერვიუს დასაწყისში მუსიკის და სპორტის სინქრონულობა რომ ვახსენეთ, მეტი რაღა მაგალითია საჭირო? საყვარელი მუსიკოსის კონცერტზე მისული მსმენელი პარალელურად საყვარელი ფეხბურთელის თამაშს უყურებს!
- მაგარი რამეა! ჩემთვის ძალიან გასაგები და კარგი რამ. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ კონცერტის პარალელურად მთლიან მატჩს უყურებდნენ, მაგრამ კვარას გოლს მყისიერი რეაქცია მოჰყვა და ის ემოცია ჩვენამდე, მუსიკოსებამდე, და დანარჩენ მსმენელამდეც მოვიდა. მუსიკას "ცოცხალი" სწორედ ამიტომ ჰქვია, რომ მუსიკოსი და პუბლიკა ერთად არიან - კონცერტის მუღამიც ეს არის.
- ხვიჩას შეუძლია საფეხბურთო მოედანზე ისეთი შოუ გვიჩვენოს, ყველაზე პოპულარული მუსიკოსის მსმენელიც კი "გადაიბიროს"! თქვენთვის ვინ არის ხვიჩა კვარაცხელია?
- ნიჭის და დისციპლინის ნაზავი. კვარაცხელიას ყველა თამაშს ვუყურებ და მისი მთავარი ხიბლი ისაა, რომ ყოველთვის სიურპრიზს ელი! და ასე გრძელდება ყოველი მომდევნო შეხვედრის წინ - უიღბლო მატჩების შემდეგაც კი. კვარასგან მუდმივად ელი რაღაც მოულოდნელს, ლამაზს, არაორდინარულს - მოედანზე მისი ყოფნის მუღამიც ეს არის.
- ხვიჩასგან სულ "დღესასწაულს" ველით. ალბათ, ამიტომაც არის, მიმდინარე სეზონში შარშანდელზე ხშირად რომ აკრიტიკებენ...
- საოცარი წინა სეზონის შემდეგ ეს არც არის გასაკვირი. შარშან ყველაფერი "ნაპოლისთვის" სასიკეთოდ წარიმართა, საჭირო ადამიანები, საუკეთესო კონდიციაში მყოფი ფეხბურთელები ერთდროულად მოხვდნენ გუნდში - კონკრეტული ამოცანის მქონე მწვრთნელთან, რომელსაც თავისი ამბიციებიც ჰქონდა და შედეგიც მიიღეს. ოცდაათი წლის განმავლობაში ნანატრი ჩემპიონობის შემდეგ რაღაცების თავიდან გააზრება ხდება, ამას მწვრთნელისა და რამდენიმე ფეხბურთელის წასვლაც დაემატა და...
- ისე, მხოლოდ ქართველებს შეგვიძლია ადამიანი ჯერ "გავაღმერთოთ", ფეხის მცირე დაცდენის ან ჩვენთვის მიუღებელი პოზიციის დაფიქსირებისთანავე კი საყოველთაო კრიტიკის ობიექტად ვაქციოთ.
- მხოლოდ ქართველებს არა, ეს ადამიანთა უმეტესობისთვის დამახასიათებელი თვისებაა, მაგრამ რადგან მცირერიცხოვანი ერი ვართ, ალბათ, ჩვენში უფრო მკაფიოდ ჩანს. გულშემატკივრობის მსგავსად, ესეც გამოსწორებადი მგონია. ისე კი, ჩემთვის მაინც გაუგებარია, მეორე წუთში რატომ უნდა გალანძღო ადამიანი, ვისზეც ცოტა ხნის წინ აღფრთოვანებული ლაპარაკობდი?! საბედნიეროდ, ხვიჩა ასეთ რაღაცებს ყურადღებას არ აქცევს.
- ნიაზ დიასამიძეს დავუბრუნდეთ: იმ კადრზე მომიყევით, ვაჟა-ფშაველას პორტრეტის ფონზე ბურთით ხელში რომ დგახართ...
- იმ დღესაც ბურთს ვაგორებდით. ბურთი სულ გვაქვს სახლშიც და სტუდიაშიც. საერთოდაც, ჩემ გარშემო ყოველთვის უამრავი ბურთია - როცა შემხვდება ხოლმე, არ შემიძლია არ ვიყიდო და... ასე გროვდება. შავკოპლებიანი თეთრი ბურთების რაოდენობა ცოტათი შემცირდა, მაგრამ ჯერ კიდევ იშოვება. ფეხბურთის გარდა, სხვა სახეობების ბურთებიც გვაქვს... ჩემს შვილებსაც უყვართ თამაში და კარგადაც თამაშობენ. რაც შეეხება თქვენს ნახსენებ ფოტოს, ჩვენი სტუდიის წინ არის გადაღებული (ვაჟას პორტრეტიც ჩვენი მეგობრების დახატულია) - შენობის წინ არის პატარა, მაგრამ ბურთის გასაგორებლად საკმარისი ადგილი. იმ კადრშიც ერთ-ერთი ასეთი მომენტია აღბეჭდილი.
- ძალიან სიმბოლური ფოტო კი არის: ბურთი, ქართული ანბანი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველი - ვაჟა-ფშაველა!
- ვაჟას მასშტაბის ადამიანი, ალბათ, მილიარდში ერთი იბადება. მოვლენა იყო, ძალიან დიდი კაცი. თავიდან ბოლომდე გრძნობდა ყველაფერ ქართულს, თვითონ საქართველოს "შინაარსი" იცოდა ზუსტად და ისე გადმოსცემდა, ძალიან ცოტას რომ შეუძლია - კრიტიკულ ნაწილშიც და საქებარი სიტყვის დროსაც. ვაჟა-ფშაველა თავმდაბალი კაცი იყო და ამდენჯერ ხსენება, ალბათ, შეაწუხებდა, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანი ადამიანია, მასზე რომ არ ვილაპარაკოთ, არ გამოვა!
- რაგბი ჩვენი თამაშია?
- ჩვენი თამაშია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვისი არ არის! მგონი, ასეთი რაღაცები პარალელურია ხოლმე. თუნდაც ინსტრუმენტების მაგალითზე ვთქვათ: ჭიანური სვანეთშიც არის, რაჭაშიც, იაპონიაშიც და ჩინეთშიც და არა მგონია, რომ მათ წაიღეს ჩვენგან, ან ჩვენ გადმოვიღეთ რომელიმე აზიური ქვეყნიდან. არსებობს ფუნდამენტური რაღაცები, რაც დედამიწაზე პარალელურად ჩნდებოდა, კულტურიდან თუ სხვა მოცემულობიდან გამომდინარე. ასეთი რაღაც არის რაგბიც: ჩვენთანაც იყო ლელობურთი და სხვაგანაც აუცილებლად იქნებოდა. ქართული რაგბი ერთ-ერთი იყო გუნდურ სახეობათაგან, დიდ ტურნირებზე თამაში ტრადიციად რომ აქცია, მუდმივად ვითარდება და წინ გაცილებით დიდი წარმატება აქვს!
- საზღვარგარეთ დიდხანს ვერ ვიცხოვრებო, ამბობთ, მაგრამ უცხოური ცხოვრების წესიდან რას გადმოიღებდით?
- სიამოვნებით ვნახავდი კიდევ უფრო მეტ ველოსიპედს თბილისის ქუჩებში! მომწონს გერმანია, სადაც 60% ველოსიპედით დადის - თანამდებობის პირებიც, სტუდენტებიც, პიჯაკში გამოწყობილი თუ სპორტულსამოსიანი ადამიანები... ცხადია, მხოლოდ ამის დამსახურება არ არის, გერმანელი ფეხბურთელები ხშირად რომ თამაშობენ დიდი ტურნირების ფინალში, მაგრამ როცა მთელი ერი ველოსიპედს მართავს, მისი გასწრება ძნელია! თანაც, ავტომობილების "საცობიდან" თავის დაღწევის ჩინებული გზაც არის და მიხარია, ბოლო წლებში გაცილებით მეტ ახალგაზრდას რომ ვხედავ ეკოლოგიურად სუფთა ორბორბლიანი სატრანსპორტო საშუალებებით.
- ცნობილია, რომ ხატვა გიყვართ და გეხერხებათ, რამდენიმე ცნობილი კომპანიის ლოგოს ავტორიც ხართ... ლოგო რომელიმე საფეხბურთო კლუბსაც ხომ არ შეუცვალეთ?
- ჩემი დახატულია ტრადიციული ქართული შესამოსლის საწარმო "სამოსელი პირველის", ასევე რესტორან "გუდას" ლოგო. ეს პროცესი ძალიან მიყვარს და ჩემთვისაც სულ ვხატავ ხოლმე - საღამოს მაგიდასთან რამდენიმე ფურცელს ვავსებ ჩანახატებით, მოგონილი სიტყვებითა თუ სლოგანებით... ქართული კალიგრაფია თვითონ არის ხატვა და უსასრულოდ შეგიძლია მასში რაღაცები ეძებო. ეს განხრა განსაკუთრებით მიყვარს - სიტყვაში შინაარსის პოვნა.
რაც შეეხება სპორტთან დაკავშირებულ ლოგოებს, ხელბურთის 2017 წლის ჩემპიონატისთვის გავაკეთე ლოგო, ასევე თასის და მედლების დიზაინი. "დინამოს" ლოგოს ხატვა კი უკვე ჩვევად მექცა - სკოლის რვეულის ბოლო გვერდზე რაღაცებს რომ ვხატავდით, ისე ვხატავ ხოლმე. სხვათა შორის, პროექტ "სკოლბურთის" ჰიმნის ავტორიც ვარ.
- "დინამო" გასაგებია. სხვა ქვეყნ(ებ)ის კლუბებიდან რომელს ქომაგობთ?
- განსაკუთრებულად არც ერთს. ჩემს შვილებს უყვართ "რეალი" და როცა მადრიდელების წარმატებით ხარობენ, მათი სიხარული მეც გადმომედება ხოლმე. წლების წინ დიდ სიამოვნებას ვიღებდი "ბარსელონასა" და მესის თამაშით, ახლაც იმ გუნდებს ვანიჭებ უპირატესობას, ლამაზი თამაშით რომ გვანებივრებენ. ისე კი, ჯერ "დინამო" და ნებისმიერი ქართული კლუბი და მხოლოდ შემდეგ ნებისმიერი უცხოური.
- სიამოვნების მიღებისა და მინიჭების საშუალების გარდა, ფეხბურთი "დიდი ფულის" ასპარეზადაც იქცა: ეს კარგია თუ ცუდი?
- ვერავინ იტყვის, რომ ამის გამო ფეხბურთი უარესი გახდა: სისწრაფემაც მოიმატა და მგონი, არც სილამაზე დაუკარგავს. ფულს ხარისხი ნამდვილად არ გაუფუჭებია, არც სილამაზე და არც ის "ხატვა", რაზეც უკვე ვილაპარაკეთ. დანარჩენი კი უკვე ბიზნესია, რომელშიც უამრავი ადამიანია ჩართული. შედარებით პრაგმატული ფეხბურთი დიდი ინვესტიციების გარეშეც გახდებოდა, მაგრამ სილამაზე, მოულოდნელი პასი თუ ფინტი ამ თამაშში სულ იქნება, ამას ფული ვერ გააქრობს!
რაც შეეხება იმას, რომ მდიდარ კლუბებს ყველა ძლიერი ფეხბურთელის "მოხვეტა" შეუძლიათ, ეს უკვე ტექნიკური მხარეა და ამასთან ბრძოლასაც სულ ცდილობენ ხოლმე. გვახსოვს რამდენიმე მეგა-პროექტიც, მთელი შემადგენლობა ვარსკვლავებით რომ გაავსეს, მაგრამ შედეგი ვერ მიიღეს. ამით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მთავარი ჟინია და არა ფული! ეს ცხოვრებაშიც ასეა და სპორტშიც. ბურთი მრგვალი რომ არის, ეს ხშირად ავიწყდებათ ხოლმე!
- VAR-ზე, რეფერის ვიდეოასისტენტზე რას იტყვით? მგონი, არ მართლდება პესიმისტური მოლოდინი, რომ ვიდეომეთვალყურეობის ახალი სისტემა ფეხბურთის სილამაზეს და სპონტანურობას, სწორედაც რომ იმ "ბურთის სიმრგვალეს" მოკლავდა!
- არა ვარ VAR-ის (ვ)არზე! მგონი, ამის გამო ფეხბურთელები უხეშობასაც უფრო მეტად ერიდებიან. ისიც ხომ ყველამ ვიცით, რამდენჯერ გავბრაზებულვართ უსამართლოდ არდანიშნულ პენალტსა თუ ჯარიმაზე? ვიდეორეფერი ნაღდია და იმიტომ მომწონს, იმას აჩვენებს, რაც რეალურად მოხდა და საბოლოოდ გულდაწყვეტილიც არავინ რჩება. ახლა ასეთი დროა - ყველაფერი გაშიფრულია. სუფრასთან, მეგობრების გარემოცვაშიც ვეღარაფერი გითქვამს ისე, რომ ინტერნეტსივრცეში არ მოიძებნოს. წინათ რაღაცას იტყოდი, მოისმენდი, იხუმრებდი და ასე ვრცელდებოდა ქალაქური "ლეგენდები", ახლა კი ლეგენდების დრო მიდის - "გუგლში" ყველაფრის მოძებნა შეიძლება. ამ "გუგლმა" ფეხბურთშიც შეაღწია (იცინის)!
- ჩემთვის ნიაზ დიასამიძის შექმნილი თანამედროვე მუსიკიდან საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია ისმის, ჩვენი ქვეყნის ხასიათი, ტრადიციები, თავისუფლებისთვის მუდმივი ბრძოლა... სპორტშიც ასეა? პერიოდულად, "ამოხეთქავს" ხოლმე წინაპრების გენის რომელიმე თვისება?
- არის კიდეც ამოხეთქილი. ის, რომ ჩვენს ფეხბურთს აქვს თავისი სახე, თბილისის "დინამოს" რა სტილიც ჰქონდა, ხომ ნამდვილად ქართული სტილი იყო?! თავისი ხელწერა ჰქონდა "მხატვრობაში" - ქართული იყო, ფიროსმანივით თვითმყოფადი... ეს ქმნის ხასიათს ჩვენს ფეხბურთში, ბოლო წლებშიც სულ ამას ველოდით. უკმაყოფილო თუ ვიყავით ჩვენი ფეხბურთელების თამაშით, სწორედ იმიტომ, რომ ეს არ ჩანდა მათ თამაშში...
ქართველები ყოველთვის ორმხრივს ვითხოვთ - სტუმართმოყვარეობაშიც და სპორტშიც. თუ ორივე მხარე ღიაა, გახსნილი, ყველაფერი უფრო მარტივად გამოდის. შენ თუ ჩაკეტილი ხარ, მე როგორ გეთამაშო ლამაზი ფეხბურთი?! მგონი, რაც უფრო ძლიერი მეტოქე შეხვდებათ, ქართველი ფეხბურთელები მით უფრო მაგრად ითამაშებენ! ასე რომ, პორტუგალიასთან მაგარ თამაშს ველი და მჯერა, რომ ჩვენთვის ეს არ იქნება ბოლო თამაში ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე! და თუ ერთდროულად გვჯერა ბევრ ადამიანს, გამოდის კიდეც!
- საქართველოზე, ქართულ ფეხბურთზე დღევანდელ საუბარს რომელი ფრაზა "მოუხდება" თქვენი მთავარი ინსპირატორების - ვაჟას, შოთას, გალაკტიონის შემოქმედებიდან?
- დღევანდელ საქართველოს ერთიანობა სჭირდება და შეუძლია კიდეც - ეს ბოლო დღეებშიც ვნახეთ: "ჯაჭვად გადაბმულთ, მხარ-ბეჭ მიყრდნობილთ, ერთი სიზმარი ეზმანათ მთათა, ერთი ნაღველი და ერთი ფიქრი, ამ მოჩვენებამ აღუძრა მათა"... შოთას უთვალავი მარგალიტიდან კი ყველას გასაგონად გავიმეორებ: "რასაცა გასცემ შენია!" ამის გარეშე სპორტში არასდროს არაფერი გამოდის: როგორც დავიხარჯე, რამდენიც გავეცი, ზუსტად იმდენი მივიღე უკან!
- ჯემალ ქარჩხაძე ამბობს, რომ "ქართველი ყველგან და ყოველთვის მღერის, სიმღერა მისი არსებობის ერთ-ერთი უმთავრეს ძარღვთაგანია, შეიძლება ითქვას, თავის გატანის ერთ-ერთი საშუალებაც"... სიმღერის დრო სულ არის? ყველაზე მეტად მაინც რას უხდება ქართული სიმღერა - სუფრას, შრომას, ომს? სპორტულ არენაზე გამართულ ბრძოლასაც ხომ უხდება?
- რაც ჩამოთვალეთ, ყველაფერს სულ ახლდა სიმღერა, მუსიკა, რიტმი! მუსიკა სწორედ იმიტომ არის ასეთი მრავალფეროვანი, რომ ყველა ადგილს თავისებური მუსიკა ახლავს. ჩვენს ნერვთან, ჩვენს ემოციასთან, მუსიკას ყველაზე დიდი ბმა აქვს, ერთ-ერთი ძლიერი გამოვლინებაა და უდიდესი მადლობა ჩვენს წინაპრებს, ასეთი საოცარი მუსიკა აქამდე რომ მოიტანეს. მადლობა ყველას, ვინც გზადაგზა შეინახა ეს ყველაფერი, რადგან ხალხური მუსიკა, მის დარაჯად ყოფნა, მისი მომავალი თაობისთვის ზეპირსიტყვიერად გადაცემა ცალკე ფენომენი და ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა.