განაჩენი - დახვრეტა! - კვირის პალიტრა

განაჩენი - დახვრეტა!

(გაგრძელება. დასაწყისი "კვირის პალიტრა" ## 12,13,14,15, 16)

თსუ-ს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევართან, ისტორიკოს ირაკლი ხვადაგიანთან ვაგრძელებთ საუბარს პოლიტიკურ რეპრესიებსა და საბჭოთა რეჟიმზე, რომელმაც მილიონობით სიცოცხლე მოსპო. დასჯილთა შორის იყო როგორც პარტიული ნომენკლატურა, ასევე ხელოვნებისა და ლიტერატურის გამოჩენილი მოღვაწეები, რომლებიც ჯერ "ხალხის მტრებად", მავნებლებად და ჯაშუშებად შერაცხეს, შემდეგ კი დახვრეტის ვერდიქტი გამოუტანეს. მათი საბოლოოდ რეაბილიტაცია წლების შემდეგ მოხერხდა, მაშინ, როცა საბჭოთა კავშირი წარსულს მივაბარეთ. ეს ადამიანები დიდი საბჭოთა ტერორის სიმბოლოებად იქცნენ...

ბუდუ მდივანი - მითური შეთქმულების არქიტექტორი

budu-1713708812.jpg

პოლიტიკური წრეებიდან რეპრესირებულთა შორის ყველაზე ცნობილი ფიგურაა ბუდუ მდივანი, რამდენადაც ტერორის სისტემამ ის წარმოსახა როგორც მითური შეთქმულების არქიტექტორი, როგორც ძველი ბოლშევიკი, ნაციონალ-უკლონისტური ოპოზიციის ლიდერი 1921-23 წლებში, შემდეგ კი იატაკქვეშა კონტრრევოლუციური ტროცკისტული ორგანიზაციის ლიდერი, რომელიც ვითომ შეუკავშირდა ყველა სხვა დაჯგუფებას რეჟიმის წინააღმდეგ და შესაბამისად, მას და მის ოჯახს მთელი დაუნდობლობით დაატყდა თავს სისტემური ანგარიშსწორება. ბუდუ მდივანი დამსახურებული პარტიული მოღვაწე იყო. ის რევოლუციურ პროცესებში 1900-იანი წლებიდან ჩაერთო. შემდეგ უკვე ბოლშევიკი ხდება თავისი იდეებიდან გამომდინარე, პარალელურად, ცნობილი იყო როგორც აქტიური­ მსახიობი - მონაწილეობდა თეატრალური­ დასების მუშაობაში და პოპულარულიც კი იყო. დაპატიმრება-გადასახლების პარალელურად და ბოლშევიკურ ფრაქციაში ავტორიტეტის გამყარების კვალდაკვალ, რუსეთის სამოქალაქო ომის განმავლობაში მისი კარიერა ახლოს და ახლოს მიდის ცენტრთან - ლენინის გარშემო არსებულ ბოლშევიკურ პარტიასთან. მდივანი ძალიან მობილიზებულია და დიდ რესურსს ხარჯავს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ ბრძოლაში, ის დიპლომატიურადაც ეხმარება სისტემას. მაგალითად, 1921 წლისთვის, ოკუპაციის მომენტამდე, ის ქემალისტური თურქეთის მთავრობასთანაა წარმომადგენლად გაგზავნილი და ირონიულია, რომ მისი უფროსი ძმა, სიმონ მდივანი, ამ დროს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი­ ლიდერია საქართველოში, იყო ელჩად სომხეთში და დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა მასაც გზავნის დიპლომატიურ წარმომადგენლად ათათურქის რესპუბლიკაში. ძმების გზები იკვეთება 1922 წელს გენუის კონფერენციაზე, სადაც ბუდუ მდივანი საბჭოთა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელია, სიმონი კი ემიგრაციაში მყოფი მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დელეგაციის ერთ-ერთი წევრია, რომელიც ცდილობს საქართველოს ოკუპაციის საკითხი შეიტანოს კონფერენციის დღის წესრიგში. არის ცნობა, რომ ძმები რადიკალურად განსხვავებული პოზიციების გამო გენუის კონფერენციაზე ხელდახელ შეებნენ ერთმანეთს. ოკუპაციის მომენტში ბუდუ მდივანი რევკომის წევრი იყო, შემდეგ სტალინის განკარგულებით უფრო მკაცრი კურსის გასატარებლად რევკომის თავმჯდომარედ დაინიშნა, მაგრამ ამ დროს იწყება ფრაქციული ბრძოლა, რომელიც სტალინმა და ორჯონიკიძემ ნაციონალ-უკლონიზმად მონათლეს, რომლის ერთ-ერთი ლიდერი და სტალინის განკარგულებების ბრმად და ურყევად შესრულების წინააღმდეგი ბუდუ მდივანია. ამას პარტიული პოსტებიდან მისი დაქვეითება მოსდევს, შემდეგ, ტროცკისტული ოპოზიციის ლიდერობის განმავლობაში, პარტიიდან გარიცხვა, გადასახლება, საქართველოში დაბრუნება და 1936 წლის ბოლოს, როდესაც პირველი წმენდა იწყება ზედა ეშელონებიდან, ბუდუ მდივანს აპატიმრებენ, რასაც, ფაქტობრივად, მოჰყვება მთელი ოჯახის ნაბიჯ-ნაბიჯ დაპატიმრება. 1937-38 წლების განმავლობაში დააპატიმრეს ბუდუს ვაჟები, შემდეგ - ქალიშვილი, პარალელურად, მიმდინარეობს მათი არაადამიანური წამება, აღიარებითი ჩვენებების გამოძალვა, ბოლოს, სიკვდილით დასჯა.

მალაქია ტოროშელიძე - ვერდიქტი მთელ ოჯახს

malaqia-1-1713708812.jpeg

მეორე ასეთი მაგალითი შეიძლება იყოს მალაქია ტოროშელიძე, რომელიც არა მხოლოდ პარტიული ნომენკლატურის წარმომადგენელი ან ძველი ბოლშევიკია, არამედ უფრო საინტერესო საზოგადოებრივი ცხოვრების მქონე ფიგურაა, მიუხედავად იმისა, რომ ის ორთოდოქსი ბოლშევიკი და შემდგომ სტალინის მიმართ დიდი სენტიმენტებით აღჭურვილი პიროვნება ჩანს. ტოროშელიძე ძალზე განათლებული ადამიანი იყო - იურისტი, ჟენევაში განათლებამიღებული, 1910-იან წლებში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურული ორგანიზაციების მუშაობაში, პარალელურად იყო ეკონომისტიც და ოკუპაციისა და 20-იანი წლების პირველ ნახევარში უკლონისტური ოპოზიციის წარმომადგენლადაც ითვლებოდა. მისი მეუღლე, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე, იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ქალი, დამფუძნებელი კრების დეპუტატი, შემდეგ წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი მონაწილე, "წითელი ჯვრის" იატაკქვეშა ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი და, ბუნებრივია, სისტემა აპატიმრებს. ამის გამო მალაქიასაც აქვეითებენ, ორივეს უკრძალავენ საქართველოში ცხოვრებას და აიძულებენ მოსკოვში გადასვლას. 1930-იანების დასაწყისში მალაქია ისევ ბრუნდება საბჭოთა საქართველოს არენაზე და არის განახლებული საბჭოთა მწერალთა კავშირის ხელმძღვანელი. ცნობილი ეპიზოდია –- საბჭოთა მწერლების პირველ ყრილობაზე, სადაც ყველა რესპუბლიკის წარმომადგენლები, მწერალთა კავშირის ხელმძღვანელები აკეთებენ პროგრამა-მოხსენებებს, მალაქია ამუშავებს ქართული ლიტერატურის შესახებ მოხსენებას და პირადად კომუნიცირებს სტალინთან, მისი მითითებებით ასწორებს მოხსენებას (ამით ჩანს, რომ პოლიტიკურად ძალზე დაახლოებული იყო სტალინთან), თუმცა 1936 წლის ბოლოსთვის ისიც ზედა ეშელონებში პირველი წმენდის მსხვერპლი ხდება, როგორც ყოფილი ოპოზიციონერი და ძველი ბოლშევიკი. ჯერ მას აპატიმრებენ, შემდეგ მის მეუღლეს, ვაჟებს... მისი უფროსი ვაჟი, გოგი, ოპერის სოლისტი იყო და როგორც გაირკვა, მამის მსგავსად გერმანულიდან თარგმნიდა (მალაქია გერმანულის კარგი მცოდნე იყო) და მარქსის "კაპიტალის" პირველი თარგმანების რედაქტორიც იყო. მისი უმცროსი ძმა ლევანიც აქტიურობდა, პროტესტს გამოთქვამდა, ამისთვის დააპატიმრეს და 1937-38 წლებში მალაქია და მისი ორივე ვაჟი დახვრიტეს. ტოროშელიძეების ოჯახიდან გადარჩა მხოლოდ მესამე შვილი, ქალიშვილი, რომელიც იმის გამო არ დახვრიტეს, რომ მცირეწლოვანი იყო.

პაოლო იაშვილი - სიკვდილი, როგორც "ზარის ხმა ქარში"

paolo1-1713708812.jpg

ეს პოეტი, კლასიკური თვალსაზრისით, რეპრესიის მსხვერპლი არ ყოფილა, რამდენადაც მან დაასწრო დაპატიმრებას და 1937 წლის 22 ივლისს მწერალთა კავშირში მოიკლა თავი. რეჟიმმა პროვოკაციად მონათლა მისი თვითმკვლელობა. ეს ის პერიოდია, როცა მწერალთა კავშირის წევრების დაპატიმრების პირველი სერია დაწყებულია. ეს მაისში, კომპარტიის ყრილობაზე გამოაცხადა ლავრენტი ბერიამ, რომელმაც პირდაპირ მონიშნა რამდენიმე მსხვერპლი მწერალთა ორგანიზაციაში. ამის შემდეგ რიგი მწერლებისა უკვე დაპატიმრებულია, პაოლოზე მიდის ზეწოლა, მას აიძულებენ მწერალთა კავშირის სასამართლოდ გადაქცეულ სხდომებზე თავი იმართლოს, თქვას, რა კავშირი ჰქონდა უკვე დახვრეტილ მაღალი რანგის პარტიულ ლიდერებთან, რომელთაგან ზოგი მისი კლასელი იყო, ზოგი თანაქალაქელი და მასთან პირადი ნაცნობობა ჰქონდა. გარდა შემოქმედებითი დისკუსიებისა, რომელთაც ბოლო ხანს პაოლოს "იდეოლოგიური მავნებლობის" გამო უმართავდნენ ხოლმე, მკაცრად აკრიტიკებდნენ ახლო ურთიერთობისათვის„"ხალხის მტრებთან", ჯიქიასთან, ლომინაძესთან, ელიავასთან... ხშირად იმართებოდა სხდომები, სადაც საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმი მსჯელობდა პოეტის "მოღალატეობრივ საქმიანობაზე". ბრალმდებლებად იქცნენ ძველი მეგობრები თუ თანამოაზრენი...…ასე თანდათანობით მზადდება საფუძველი პაოლო იაშვილის ტრაგედიისთვის. ისეთი გარემოა შექმნილი, მას თავის მართლება უწევს, პარალელურად არაფორმალურ დაკითხვებზე სისტემა ცდილობს მორალურად და ფსიქოლოგიურად გატეხოს და აჩვენებს უკვე დასჯილი მისი კოლეგების და მეგობრების ჩვენებებს, სადაც მას ასახელებდნენ. ამ კატასტროფული ფსიქოლოგიური ტერორის გამო პაოლო დგამს საბედისწერო ნაბიჯს - მწერალთა კავშირის მეორე სართულზე თავს იკლავს.

რა თქმა უნდა, მაშინვე დაიწყო მისი საქციელის საჩვენებელი გაკიცხვა, აი, როგორ პროვოკაციულად დაასრულა სიცოცხლე, როგორც მტერმაო. ბუნებრივია, დაიწყეს მისი ნაწარმოებების აკრძალვაც... პაოლო იაშვილი რეაბილიტირებულია სტალინის სიკვდილის შემდგომ, ხრუშჩოვის მმართველობის ე.წ. დათბობის დროს, მისი პირველი წიგნი კი 1955 წელს გამოიცა.

მიხეილ ჯავახიშვილი – რა ჩანს მწერლის "აღიარებით ჩვენებაში"

javaxishvili-1-1713708812.jpeg

გამოკვეთილად ცნობილი მსხვერპლი-სიმბოლოა, თუმცა მისი საქმიანობა უფრო კომპლექსური, მძიმე და საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ ის არ იყო განზე გამდგარი მწერალი, 1900-იანი წლებიდან მიხეილ ჯავახიშვილი აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკაში: თავიდან იყო სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრი, მისი გამოცემების რედაქტორი, აქტიური პუბლიცისტი; ცარისტული რეჟიმის, რუსული იმპერიის მიერ არაერთხელ რეპრესირებული, 1910-იან წლებში დაპატიმრებული, ემიგრაციაში გაქცეული (ამნისტიის შემდეგ დაბრუნდა); პირველი მსოფლიო ომის დროს "წითელი ჯვრის" სტრუქტურაში მსახურობდა, დამოუკიდებლობის დროს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი იყო, ოკუპაციის შემდეგ, პოლიტიკის პარალელურად, უკვე ცნობილი მწერალი და ახალი ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელია. გარდა ამისა, ედპ-ს იატაკქვეშა ორგანიზაციების ხაზით ჩართული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში, რისთვისაც 1923 წელს დააპატიმრეს, ფაქტობრივად, სასიკვდილოდ იყო განწირული, მაგრამ პატიმრობის გახანგრძლივების და გადასახლების ფაქტის გათვალისწინებით, დახვრეტის განაჩენი არ გამოუტანეს. სადამსჯელო მასობრივი რეპრესიების გარდა, რეჟიმი ეწევა მოწინააღმდეგე პარტიების თვითლიკვიდაციის დიდ პროპაგანდისტულ კამპანიას - მისმა დაპატიმრებულმა წევრებმა უნდა გამოაცხადონ, რომ ისინი ემიჯნებიან ამა თუ იმ პარტიის იდეას, კურსს, გმობენ მას და პარტიას დაშლილად აცხადებენ. ნაწილი ამ კომპრომისზე მიდიოდა, მაგრამ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ისევ უბრუნდებოდა იატაკქვეშეთს. ამ შემთხვევაში მიხეილ ჯავახიშვილმა ამით ისარგებლა, ის გაათავისუფლეს პატიმრობიდან, წინააღმდეგობის მოძრაობას ჩამოსცილდა და მხოლოდ ლიტერატურული და საზოგადოებრივი საქმიანობით შემოიფარგლა. დიდი ტერორის დროს ასეთი წარსულის მქონე ადამიანი რა გასაკვირია, სამიზნედ რომ ყოფილიყო მონიშნული და 1937 წლის აგვისტოში მიხეილ ჯავახიშვილსაც აპატიმრებენ.

1990-2000-იან წლებში და დღესაც კამათია ისტორიკოსთა ნაწილს შორის, რომლის ერთი მხარე ცდილობს ჯავახიშვილი­ რეჟიმთან კომპრომისსა და თანამშრომლობაში დაადანაშაულოს, თითქოს მან წინასწარ დაასახელა "შეთქმულების" მონაწილეები და შემდეგ დააპატიმრეს, რაც ჩვენი დასკვნით სრულიად მცდარი მტკიცებაა და რასაც აქვს თავისი მიზეზები. მას აპატიმრებენ 1937 წლის აგვისტოში - მისი ბინიდან ამოიღეს პირადი დოკუმენტები, ოჯახს ართმევენ ბინას და მხოლოდ მეგობრის, კოლეგა მწერლის (რადიანების ოჯახის) თანადგომით ხერხდება, რომ შემდგომი წლების განმავლობაში ოჯახს ჭერი უნარჩუნდება (ეს სოლიდარობის იშვიათი მაგალითია, კოლეგების უმრავლესობისგან განსხვავებით). 1937-38 წლებში რეპრესირებულების სისხლის სამართლის საქმეები გამქრალია, მიხეილ ჯავახიშვილის საქმის დიდი ნაწილის ქსეროასლის გადაღება კი 1990-1991 წლებში მოახერხეს ლიტერატურის მუზეუმში (მუზეუმი ამ დოკუმენტს მთლიანად მალე გამოსცემს). პირველი დაკითხვების დროს ჯავახიშვილი უარყოფს ყოველგვარ კონტრრევოლუციურ საქმიანობას. 37-38 წლებში არაადამიანური წამებითა და ციხეში გამოკეტვით ძიება ნელ-ნელა ახერხებს მის ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად განადგურებას და ის იძულებული ხდება, აღიაროს ბრალდებები, თუმცა მისი ხელით დაწერილ აღიარებით ჩვენებებს თუ გადავხედავთ, კატასტროფული წამებისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის მიუხედავად, ჩანს, რამდენად მამაცი და პრინციპული ადამიანი იყო - მიხეილ ჯავახიშვილი, ფაქტობრივად, "თანამზრახველებად" ასახელებს მხოლოდ და მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც უკვე დაღუპულები არიან, ან დარწმუნებულია, რომ სისტემა მათ ვერ მისწვდება, ანუ ემიგრაციაში არიან. ჯავახიშვილი ხვდებოდა, რომ განწირული იყო. მან საკუთარ თავზე გაწყვიტა ჯაჭვი, რათა წამებით მიღებული მისი ჩვენება არ გამოყენებულიყო საბაბად სხვების დადანაშაულებისთვის. ერთი საინტერესო მომენტია - მისი ხელნაწერი ჩვენება, სავარაუდოდ, გამომძიებელმა შეცდომით დაათარიღა - აგვისტოს ნაცვლად დასმულია ივნისი, რაც მანიპულაციის საფუძველი გახდა, თითქოს ჯავახიშვილმა დაპატიმრებამდე დაწერა აღიარებითი ჩვენება, რაც აბსურდია, როცა იცი, როგორ მუშაობდა ტერორის სისტემა და ტექსტის ანალიზითაც ცხადია - მწერალი ამბობს, როგორც წინა ჩვენებებში ეს და ეს ვთქვიო. აშკარად ჩანს, რომ ხელნაწერი და მისი ტექსტის კალამი სხვაა, თარიღი - სხვა. სასამართლომ დიდ მწერალს დახვრეტა მიუსაჯა და ის დღემდე უცნობ ადგილას, თბილისის ახლოს დახვრიტეს.

საფრანგეთის ჯაშუშობის ბრალდებით დახვრეტილი "ცისფერყანწელი"

ნიკოლო მიწიშვილი კონტრვერსიული ფიგურაა, "ცისფერყანწელთა" ორდენის ერთ-ერთი წარმომადგენელი და საინტერესო შემოქმედი. 20-იანი წლების განმავლობაში მისი პოზიცია თანაგუნდელთა პოზიციებისგან განსხვავდებოდა - მან რატომღაც ჩათვალა, რომ შესაძლებელი იყო საოკუპაციო ტოტალიტარულ რეჟიმთან კომპრომისების დაშვება, მისი გამოყენება საზოგადოებრივი სიკეთეებისთვის, ხელოვნების და კულტურის განვითარებისთვის. როდესაც 1922 წელს მიწიშვილი ოფიციალურად წავიდა ემიგრაციაში, ბოლო წლებში გამოვლენილ დოკუმენტებში ჩანს, რომ მას მართლაც ჰქონდა შეთანხმება სისტემასთან, რეჟიმსა და დაზვერვის ორგანოებთან, რომ მათ სასარგებლოდ იმუშავებდა საფრანგეთში, რაც მომდევნო წლებში გააკეთა კიდეც (1922-1925 წლების განმავლობაში). განსაკუთრებით 1924 წლის აჯანყების მერე, ის უკვე საჯაროდ გამოჩნდა როგორც საბჭოთა დაჯგუფების ერთ-ერთი წარმომადგენელი და ლიდერი საფრანგეთში. ამ დოკუმენტებში ასევე ჩანს, რომ როდესაც ის მონაწილეობს ემიგრაციის დაშლის და დარწმუნების კამპანიაში, რომ შეწყვიტონ ბრძოლა და წინააღმდეგობა, დაბრუნდნენ საქართველოში და შეურიგდნენ რეჟიმს, ის პარალელურად ცდილობს საფრანგეთში ქართული სახელოვნებო ჟურნალი გამოსცეს, სადაც ის მიიზიდავს ყველა არტისტს და მაშინდელი ავანგარდული მიმართულების საუკეთესო ევროპელ წარმომადგენლებს. სავარაუდოდ, ნიკოლო მიწიშვილი ცდილობდა ისეთი მნიშვნელოვანი კულტურული პრეცედენტი შექმნილიყო, რომ ევროპელი და ქართველი ავანგარდული ხელოვნების ვარსკვლავები, ჟურნალის გამომცემლები ერთად ყოფილიყვნენ, რაც, სამწუხაროდ, ვერ მოახერხა, სისტემა არ იყო ამის ხელშეწყობით დაინტერესებული. 1925 წლისთვის ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მთავრობის, მისი დე ფაქტო მოქმედი უსაფრთხოების სამსახურისა და ფრანგული უშიშროების თანამშრომლობით ისეთი წარმომადგენლები, რომლებიც შემჩნეულნი იყვნენ საბჭოთა დაზვერვასთან თანამშრომლობაში, საფრანგეთიდან გამოაძევეს. მათ შორის იყო ნიკოლო მიწიშვილიც. ის იძულებული შეიქნა საქართველოში დაბრუნებულიყო და უკვე 20-იანების მეორე ნახევარსა და 30-იანების დამდეგს მუშაობს სხვადასხვა ორგანიზაციაში სხვადასხვა თანამდებობაზე - სახელმწიფო გამომცემლობაში, ლიტფონდში... მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, ძალზე ცინიკურია, როდესაც აპატიმრებენ მას და მის მეუღლეს - თამარ ბაგრატიონს, როგორც ხალხის მტრის ოჯახის წევრს და შემდეგ ასახლებენ აკმოლინსკის ბანაკში (ყაზახეთი), ამ კატეგორიის მსხვერპლ ქალთა ბანაკში. ბრალდებით თითქოს ნიკოლო იყო ჯაშუში და მუშაობდა ფრანგული უშიშროების და სადაზვერვო ორგანოების ინტერესების შესაბამისად, რაც წარმოუდგენელი ცინიზმია - პირიქით, ის საფრანგეთში საბჭოთა დაზვერვისთვის მუშაობდა. 1937 წელს პოეტი და "ცისფერყანწელთა" წევრი ნიკოლო მიწიშვილი საფრანგეთის ჯაშუშობის ბრალდებით დახვრიტეს. მთელი მისი ბიბლიოთეკა და ნაწარმოებები განადგურდა და ბიბლიოთეკის არქივში არის ერთი ასეთი უნიკალური გამოცემა - 20-იანი წლების ერთ-ერთი ავანგარდისტი ავტორის ლექსების კრებული, რომელსაც აქვს ნიკოლო მიწიშვილის პირადი ბიბლიოთეკის შტამპი. მისი დაპატიმრების, დახვრეტისა და ბიბლიოთეკის და ლიტერატურის განადგურება-დაფანტვის შემდეგ ის ხელიდან ხელში გადადიოდა და საბოლოოდ ჩვენთან აღმოჩნდა, ჩვენი ბიბლიოთეკის ნაწილად იქცა, რაც ტერორის სურათს აცოცხლებს.

ალექსანდრე ახმეტელი – ეპიზოდი, რომელიც რეჟისორისთვის საბედისწერო აღმოჩნდა

axmeteli006-1713708812.jpg

ჩვენი კოლეგა, ახალგაზრდა მკვლევარი ნოდარ ჩხაიძე მუშაობს სადოქტორო დისერტაციაზე "ანარქისტული ორგანიზაციების ისტორია საქართველოში", რომელმაც სანდრო ახმეტელის უფრო ადრეული ბიოგრაფიიდან ერთი საინტერესო ფურცელი შეავსო. ტერორის მსხვერპლი ახმეტელი ცნობილია როგორც რუსთაველის თეატრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და 20-30-იან წლებში გარდამტეხი მიმართულების შემქმნელი ქართული თეატრალური კულტურის ისტორიაში. ამავე დროს, სანდრო ახმეტელი, როგორც პოლიტიკოსი ნაკლებად არის ცნობილი. არადა, მისი ახალგაზრდობიდან მოყოლებული, ეს ორივე კომპონენტი პარალელურად ვითარდებოდა - ერთი მხრივ, იყო უნიჭიერესი რეჟისორი და მსახიობი, პარალელურად კი ანარქისტული მიმართულების პოლიტიკური ჯგუფების ერთ-ერთი ორგანიზატორი და ლიდერი. 1917 წელს, რუსეთის იმპერიის დაშლის კვალდაკვალ, მისი პოლიტიკური პოზიცია შეცვლილია და რადიკალური ნაციონალისტური მიმართულების პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ხდება. ეს ძალზე საინტერესო და შეუსწავლელი პარტიაა, რომელიც დაფუძნებიდან მალევე გამოეყო ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას (ამ პარტიის დასაყრდენი, ძირითადად, აღმოსავლეთ საქართველოში, სიღნაღის ზონაში იყო, და ერქვა "რადიკალ-დემოკრატიული მიწის მესაკუთრეთა პარტია"). ამ პარტიას თავისი წარმომადგენლობა, ეროვნული საბჭო ჰყავდა პარლამენტში, შემდეგ არჩევნებში ვერ მიიღეს საკმარისი ხმები და ერთი დეპუტატიც ვერ გაიყვანეს დამფუძნებელ კრებაში. 1921 წლის დამდეგს ედპ-სგან გამოყოფილი ფრაქციები ისევ გაერთიანდნენ და მათ ეროვნული პარტია დაერქვა (თუმცა მექანიკურად 20-იან წლებში, ის როგორც ედპ, ისე მოიხსენიება). 1921 წელს ეს ეროვნული პარტია იატაკქვეშეთში, დამოუკიდებლობის კომიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და წინააღმდეგობის მოძრაობის შემადგენელი ნაწილი იყო. ამ პროცესებში სანდრო ახმეტელიც იყო ჩაბმული, 1923 წელს ის დააპატიმრეს კიდეც, როგორც ეჭვმიტანილი წინააღმდეგობის მოძრაობის წევრობაში, მან სასიკვდილო სასჯელს თავი დააღწია და შემდგომ წლებში თეატრალური ცხოვრების ერთ-ერთი ლიდერი და განმსაზღვრელია. ძალიან საინტერესოა, რომ 20-იანი წლების ბოლოსა და 30-იანების დამდეგს, როდესაც ახმეტელი ხდება რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელი, დაგეგმილი იყო რუსთაველის თეატრის გასტროლები. ჩეკა თავისი აგენტურული აპარატით აკვირდება რუსთაველის თეატრს და არქივში არსებობს გპუ-ს უშიშროების მოხსენება პარტიისათვის, სადაც ნათქვამია, რომ არის საფრთხე თეატრი არ დაბრუნდეს გასტროლებიდან. შესაბამისად, არც დაუშვეს გასტროლები.

სანდრო ახმეტელის ცხოვრებაში არის ტრაგიკული მომენტი, როდესაც მხოლოდ პოლიტიკური და საერთო ფონი არ ყოფილა მის წინააღმდეგ სისტემური ძალადობის საბაბი. რეაბილიტაციების მასალებსა და დაკითხვებში აღმოჩნდა, რომ 30-იანი წლების შუა პერიოდში ახმეტელი და ბერია ერთსა და იმავე ქუჩაზე, დღევანდელი ქიაჩელის ქუჩაზე ცხოვრობდნენ. ლავრენტი ბერიამ ამიერკავკასიის ფედერაციის მთავრობის წევრებისთვის აშენებული სახლი ჩეკისტების სახლად გადააქცია - უკვე დაპატიმრებულ და დასჯილ პარტიულ მუშაკთა ბინებში ნელ-ნელა შესახლდნენ ბერიას ხელქვეითები, თვითონ მან მთელი ბოლო სართული დაისაკუთრა, რომელიც ქუჩის გადაღმა უყურებდა სახლს, რომლის პირველ სართულზეც სანდრო ახმეტელი ცხოვრობდა. დაკითხვებში არის ერთი ასეთი დეტალი: სანდრო ახმეტელთან წვეულებაზე მყოფი მწერლები და მსახიობები იხსენებენ მომენტს, როდესაც მათი ჯგუფი აივანზე იყო, თავის აივანზე გამოსულ ბერიასა და სანდროს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება და ახმეტელმა ლავრენტის შეაგინა. ის ცნობილი იყო ფეთქებადი ხასიათით, ზოგჯერ თავზე ხელაღებული ქცევითაც. ხშირად ამბობდა კიდეც, ჩემი პოლიტიკური წარსული მაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიყო დამოუკიდებელი და რადიკალურიცო. იმ მომენტისთვის თითქოს არაფერი, მაგრამ ეს ეპიზოდი აღმოჩნდა ახმეტელისთვის საბედისწერო, ამან ბერიას პირადი შურისძიება და მოტივაცია უფრო გაზარდა. არტისტული წრეებისათვის დამახასიათებელი იყო იდეური ღირებულებითი კონკურენცია, რაც შემდეგ პირად დაპირისპირებაშიც გადაიზრდებოდა ხოლმე (რასაც სისტემა იყენებდა კიდეც). იყო მთელი ომები არტისტების სხვადასხვა თაობასა და მიმართულებებს შორის და როცა უკვე დგება ტერორის აქტიური ფაზა, სანდრო ახმეტელს მოსკოვში აპატიმრებენ, შემდეგ კი თბილისში გზავნიან. გამოძიებისას სისტემა იყენებს რუსთაველის თეატრის მსახიობთა იმ ნაწილს, ვინც მისი ხელმძღვანელობის დროს ახმეტელთან დაპირისპირებული იყო, ჰქონდა როგორც პროფესიული, ისე პირადი უსიამოვნებები. თუმცა ეს არ არის განმსაზღვრელი, სანდრო ახმეტელის წონის და პოლიტიკური წარსულის ფიგურა ორგანულად ჯდება იმ სცენარში, რითაც შეიფუთა მთელი დიდი წმენდა-განადგურება და სასაკლაო, რომ ამ პოლიტიკურ "შეთქმულების ცენტრებს" (ტროცკისტულ ცენტრს, მემერჯვენე ცენტრს, მენშევიკურ ცეკას, რომლებიც მერე თითქოს შეკავშირდნენ) ჰყავდათ თავიანთი ორგანიზაციები მწერალთა კავშირში, თეატრებში და ა.შ. ახმეტელიც იყო ფიგურა, რომელიც სისტემას ამ სცენარისთვის სჭირდებოდა. ის არაადამიანურად აწამეს, დაამცირეს და ბოლოს დახვრიტეს. დააპატიმრეს ასევე რუსთაველის მსახიობთა ნაწილი, მათ შორის ახმეტელის მეუღლე თამარ წულუკიძეც, ტრაგიკული ბედის ქალი. ის გადაასახლეს, გადარჩა, თუმცა საქართველოში აღარ დაბრუნებულა - თამარ წულუკიძე სიცოცხლის ბოლომდე ბელარუსში ცხოვრობდა.