ფეოლა მალე იტალიურად ალაპარაკდება - კვირის პალიტრა

ფეოლა მალე იტალიურად ალაპარაკდება

"ხვედელიძე, გოლი, გოლი მინდა, ორი გოლი". "ფეოლა, შევერკინოთ ერთმანეთს?" "რა ბურთი გაუშვი, ჰა?! დაგმარხავ იმ კარებში!" "ახლა გეტირება ყოფის დღე, ხვედელიძე, ნახავ, ვინაა ფეოლა, მე თუ შენ?", - ეს ციტატები ბაადურ წულაძის მიერ გადაღებული რეზო გაბრიაძისა და გოგი ჩარკვიანის სცენარით შექმნილი ფილმიდან "ფეოლა", ბევრმა ზეპირად იცის. თუ წარმოგიდგენიათ, როგორი მოსასმენი იქნება ეს ფრაზები იტალიურად? მინდა გითხრათ, რომ ცოტა ხანში ეს არც ისე ძნელი წარმოსადგენი იქნება - იტალიელები "ფეოლას" გახმოვანებაზე უკვე მუშაობენ. "კვირის პალიტრა" პროექტის ორგანიზატორს ნინა მამუკაძე-სორდინის დაუკავშირდა.

85c97d95-0219-4832-acc5-dbbe25f89a1e-1713709529.jpg

- მეცამეტე წელია ფლორენციაში ვცხოვრობ. ვარ საქართველოსა და იტალიის მოქალაქე, განათლებით და პროფესიით ჟურნალისტი და იტალიური ენის თარჯიმანი. ჟურნალისტურ საქმიანობას 2005 წლიდან ვეწევი. საქართველოში ჰოლდინგ "პალიტრამედიაში" ვმუშაობდი. ემიგრაციაში წამოსვლის შემდეგ, ქართულ და იტალიურ მედიასთან ვთანამშრომლობ. დავაარსე ქართულ-იტალიური მედიამაუწყებელი "ერმესი მედია" - www.ermes.tv, რომელიც შემოდგომიდან ამოქმედდა.

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" გამო­ჩენისთანავე, დავიწყე იტალიურენოვანი­ გადა­ცემებისა და სტატიების მომზადება მის შესახებ და მალე იტალიელი სპორტის ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების ყურადღების ობიექტი გავხდი... გარდა იმისა, რომ ხვიჩა წარმოუდგენელი მონაცემების სპორტსმენია, ერთგვარ ყინულმჭრელადაც იქცა ქვეყნისათვის, რომლის საშუალებითაც ევროპას ველაპარაკებით და გვისმენენ. უკვე აინტერესებთ არა მარტო კვარაცხელია, არამედ ყველაფერი ქართული. მეკითხებიან ქართულ მწერლობაზე, მუსიკაზე, სამზარეულოზე, ღვინოზე, ფეხბურთზე. სწორედ იტალიელების ინტერესის გამო გამიჩნდა იდეა, იტალიურ ენაზე მეთარგმნა და გამეხმოვანებინა ქართული ფილმი­ "ფეოლა", გამემართა პრეზენტაცია და ყოველივე ეს დაწყებულიყო ნეაპოლიდან. პროექტი იმდენად მასშტაბური გამოდის, ვფიქრობ, ქვეყნის, ქართული სპორტისა და კულტურის პოპულარიზაციისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება. პროექტი ხორციელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის დეპარტამენტის კონკურსის "დიასპორული ინიციატივების" ეგიდით და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.

- როგორ მიიღეს იტალიელებმა ეს ფილმი?

- თავიდან დეტალურად მიწევდა ყველასთვის ახსნა, რომ იპოლიტე ხვიჩია ჩვენთვის ისეთივე დიდი კომიკოსია, როგორიც მათთვის პაოლო ვილაჯო ("ფანტოცი"). რომ ხვედელიძის ისტორია წააგავს­ ხვიჩა კვარაცხელიას ისტორიას და ა.შ. ისეთი საოცარი რეაქცია ჰქონდათ ჩაწერის დროს, ერთი ლამის მოსასულიერებელი გაგვიხდა სიცილისგან. დიდი ენთუზიაზმით ელიან საბოლოო ვერსიის ნახვას.

- სახელი ფეოლა არ აბნევთ?

- ეს გვარი საფეხბურთო სამყაროში ძალიან ცნობილია, ფეოლა ბრაზილიის ნაკრების ცნობილი მწვრთნელი იყო. როდესაც იტალიელები პროექტის სახელს იგებენ, მაშინვე კითხვების დასმას იწყებენ და მეც მიზეზი მეძლევა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდო როგორც ფილმზე, ასევე ქართულ კულტურაზე.

- როგორ შეარჩიეთ გამხმოვანებლები?

- ჩემი ერთ-ერთი შთაგონების წყარო­ ნეაპოლელი ჟურნალისტი ადრიანო პასტორე გახდა. "ნაპოლის" მორიგი თამაშის შემდეგ, რომელშიც კვარამ საოცარი გოლი გაიტანა, ადრიანოსგან მომდის ხმოვანი შეტყობინება, სადაც ყვირის "ქართველი სინათლეა, მომეცით საქართველოს მოქალაქეობა". ეს იყო ეროსისეული, ერთგვარად იმპერატიული ხმის ტემბრი. "ფეოლას" პროექტის იდეა თავში უკვე მიტრიალებდა და უცებ მივხვდი, ვინ გაახმოვანებდა­ აბესალომ ხუსკივაძის გმირს. შემდეგი იყო იპოლიტეს გმირის ხმა და ამ როლზე ვალდერ დე მაჯო შევარჩიე, ნეაპოლის ერთ-ერთი მთავარი რადიოს დირექტორი და სპორტის ჟურნალისტი, შეიძლება ითქვას, ნეაპოლელი კოტე მახარაძე ვიპოვე. გახმოვანებაში ასევე ჩართული არიან ჯანფრანკო კოპოლა, იტალიის სპორტულ ჟურნალისტთა გაერთიანების პრეზიდენტი, სპორტის ჟურნალისტები: ვინჩენცო პერნა, დიეგო მარინო, ალესია ბარტირომო, "ნაპოლის" "ულტრას" წევრი კარმელო გალდიერი, ფლორენციის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ქეთა სორდინი-ჯაფარიძე და სხვები. ფილმის გახმოვანება ნეაპოლში მიმდინარეობს, ჩვენებაც ნეაპოლში დაიგეგმა, პრემიერა კი 9 მაისს ნეაპოლის კინოთეატრ "მოდერნისიმაში" გაიმართება. პროექტის განხორციელებაში ჩართულია ქართველი ჟურნალისტი აკა სულავაც. ფილმი თარგმნეს ქეთა სორდინი-ჯაფარიძემ და ნეაპოლში მცხოვრებმა მედიატორმა და თარჯიმანმა მაკა ხაჩოშვილმა.

ხშირად ინფორმაციის ნაკლებობის პრობლემაა, ამიტომ როგორც სახელმწიფოს, ასევე ემიგრანტებს, დიდი მისია გვაკისრია, რომ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება, ჩვენი სამშობლოს ცნობადობის ასამაღლებლად, რაც ისევ და ისევ ჩვენ შემოგვიბრუნდება დადებითად და აღარ აღგვიქვამენ, როგორც იაფ მუშახელს ყოფილი საბჭოთა კავშირის "რომელიღაც" ქვეყნიდან.

იტალიელებმა ჩვენ შესახებ ბევრი არაფერი იციან. საბჭოთა რუსეთის მიზანმიმართული პოლიტიკა იყო - საბჭოთა კავშირი უნდა ყოფილიყო ერთი დიდი წითელი ლაქა მსოფლიო რუკაზე და რკინის ფარდის უკან დაემალა უძველესი ქვეყნები,­ რომლებმაც მიუხედავად ასეთი წნეხისა,­ მაინც შეინარჩუნეს თვითმყოფადობა. როდესაც იტალიელებთან ვსაუბრობ საქართველოზე, აუცილებლად ვახსენებ ქართული ფეხბურთის ლეგენდებს: ბორის პაიჭაძეს, მიხეილ მესხს, სლავა მეტრეველს, დავით ყიფიანს, ვლადიმერ გუცაევს, ვიტალი დარასელიასა და სხვებს, რომ ისინი მსოფლიო ვარსკვლავები გახდებოდნენ, რომ არა რუსული ჩექმის წნეხი ჩვენს ქვეყანაზე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც გვყავდა არაერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი: გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე, კახა კალაძე და ა.შ., მაგრამ ქართულმა ფეხბურთმა ვეღარ შეძლო ფეხის აწყობა მსოფლიოსთვის, რადგან მაშინ როდესაც ჩვენ საბჭოთა კავშირის მარწუხებს ვებრძოდით, ფეხბურთი მკვეთრად წინ წავიდა, ამიტომ გაგვიჭირდა დავწეოდით მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ტემპს.

რაც შეეხება ახალ თაობას, გვყავს არაერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, მაგალითად: გიორგი მამარდაშვილი, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი მიქაუტაძე, საბა საზანოვი, ბუდუ ზივზივაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ლუკა გაგნიძე, და ა.შ. და სწორად განვითარების შემთხვევაში მათ დიდი მომავალი ელით.

- საქართველო რომ "ევრო 2024"-ზე გადის, ეს სიახლე როგორ მიიღეს იტალიელებმა?

- როდესაც სპორტულ გადაცემებში მიწვევდნენ ხოლმე, მუდმივად ვცდილობდი საუბარი ისე წამეყვანა, რომ ჩვენს ახალ, შესანიშნავ თაობაზე მესაუბრა. რამდენჯერმე მამარდაშვილის ფიგურას გავუსვი ხაზი. ამ ფინალის შემდეგ თავად გაიხსენეს ნეაპოლელმა კოლეგებმა, ახლა მივხვდით, ამდენს რატომ საუბრობდი მამარდაშვილზეო.

იტალიელები, განსაკუთრებით კი ნეაპოლელები საჯაროდაც აცხადებენ, რომ იტალიასა და საქართველოს ერთნაირად უგულშემატკივრებენ "ევრო 2024"-ზე.