„საცოდავი მამაჩემი ცოცხლად დაიწვა...“ - კვირის პალიტრა

„საცოდავი მამაჩემი ცოცხლად დაიწვა...“

64 წლის პაატა ნასრაშვილი ნავთლუღის ბაზრის ტერიტორიაზე დაცვაში მუშაობდა. 3 მარტს მოულოდნელად პატარა ჯიხურში, სადაც ის თავს აფარებდა, ხანძარი გაჩნდა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს - მამაკაცმა ფიცრულიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა და დაიწვა. მისი დანახშირებული ცხედარი მეორე დღეს მიასვენეს სახლში. ოჯახი ამბობს, რომ მეორე დღემდე არც შეატყობინეს ეს უმძიმესი ამბავი. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ჯერ უცნობია ექსპერტიზის პასუხები და ისიც, იკვეთება თუ არა ვინმეს ბრალეულობა. არსებული ინფორმაციით, ხანძარი გაუმართავმა ელექტროსადენებმა გამოიწვია.

ოთარ ნასრაშვილი, გარდაცვლილის შვილი: - მამაჩემის ტრაგიკულად დაღუპვიდან 40 დღე გავიდა და ბევრ კითხვაზე პასუხი არა მაქვს. ველოდები გამოძიებას, იმედია, ყველაფერი გაირკვევა.

მამა შპს "2001"-ში მუშაობდა, ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზეა. ცვლა 3 დღეში ერთხელ ჰქონდა. მანქანები რომ შედიოდნენ და გადიოდნენ, ნომრების ჩანიშვნა ევალებოდა და ფულს კრეფდა. ღამეც იქ რჩებოდა. 3 მარტს ჩვეულებრივ სამსახურში წავიდა, მეორე დღეს უნდა დაბრუნებულიყო სახლში. შემდეგ გავიგეთ, რომ ღამის 11 საათზე ჯიხურში ხანძარი გაჩენილა და მამა შიგ ჩაიწვა. როგორც ამიხსნეს, ის შენობა ფიცრული ყოფილა, პატარა ხის ოთახი, სადაც ერთი გორგოლაჭიანი სკამი და ერთი პატარა გამათბობელი იდგა. 90-იან წლებში რომ იყო სპირალზე, ისეთი. ეს ტრაგედია გაუმართავმა სადენებმა გამოიწვია. ამხელა ტრაგედია დაგვატყდა თავს და ეს ამბავი მეორე დღეს შემთხვევით გავიგეთ. ბიძაჩემმა დამირეკა სოფლიდან და იმან მითხრა.

მოპირდაპირე ტერიტორიაზე ჩვენი თანასოფლელი ბიჭი მუშაობს. ის მეორე დილით სამსახურში რომ მივიდა, გაუგია ეს ამბავი და სოფელში დაურეკავს ბიძაჩემთან. 4 მარტს 12 საათამდე ოჯახმა არაფერი ვიცოდით. უკვე ექსპერტიზაზე იყო მამა გადასვენებული, რომ გავიგეთ. ექსპერტიზაზე მივედით და იქ მომცეს გამომძიებლის ნომერი, მან მომიბოდიშა, ახლა უნდა დამერეკაო. არც მის ხელმძღვანელობას და არც მის ცვლაში მყოფ მეორე პირს არ დაურეკავს ჩვენთან. როგორც შემდეგ გავიგეთ, გამოიძახეს სახანძრო, ხანძრის ლოკალიზება მოხდა, მაგრამ მამა ვერ გადაარჩინეს.

პროკურორმა მითხრა, რომ გამოძიება­ დაწყებულია ორი მუხლით: უსაფრთხოების წესების დარღვევა და უსაფრთხოების ნორმის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

- იკვეთება ვინმეს ბრალეულობა?

- პირველადი მონაცემებით გაუმართავმა სადენებმა ვერ გაუძლო და გაჩნდა ხანძარი. წარმოიდგინეთ 21-ე საუკუნეში მამას სპირალიანი გამათბობელი ედგა, 90-იან წლებში რომ იყო, ისეთი. ელემენტარული პირობები არ ჰქონდა დარაჯს, რომ ღამით გამთბარიყო. აშკარად დარღვეულია უსაფრთხოების ზომები. კანონით კატეგორიულად აკრძალულია ამგვარი გამათბობლის გამოყენება. მინიმუმ ზეთოვანი გამათბობელი მაინც უნდა მდგარიყო. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ არ იყო ხანძრის გამაფრთხილებელი სიგნალი, არ იყო ცეცხლმაქრი და საცოდავი მამაჩემი ცოცხლად დაიწვა იმ პატარა ხის კონსტრუქციაში. გამოსვლაც ვეღარ მოასწრო, იმდენად წამებში მოედო ცეცხლი და ჩაიფერფლა იქაურობა. გამომძიებელმა მითხრა, აფეთქებასავით იყო, ცეცხლი აქეთ-იქით იყრებოდა და გარეთ გამოსვლა ვეღარ მოასწროო. ცხედარი ისე იყო დანახშირებული, ექსპერტიზიდან დალუქული გამოგვატანეს. კატეგორიულად გაგვაფრთხილეს, არ გაგვეხსნა, იმასაც გვეუბნებოდნენ, შეიძლება იმავე დღეს მოგიწიოთ დამარხვამო, მაგრამ ცელოფანმა გაუძლო და მესამე დღეს დავკრძალეთ.

- რას ამბობს მეორე პირი, რომელიც იმ დღეს მორიგე იყო?

- ორნი იყვნენ ცვლაში, როგორც სხვებისგან გავიგე, იმ დროს ის მეორე შემოვლაზე გასულა, მამა კი ჯიხურში შესულა. ღამით მორიგეობით დადიოდნენ შემოვლაზე. დიდი ტერიტორია იყო შემოსავლელი და მეორემ რომ შეამჩნია, იმ დროს უკვე ცეცხლი მოდებული იყო. ეტყობა, მან გამოიძახა სახანძრო, მაგრამ ამასობაში მამა ცოცხლად დაიწვა.

გამომძიებელმა მითხრა, ეტყობა, გამოსვლას ცდილობდაო, ის ქურა გადაუბრუნებია. მაინც რომ ვერ მოახერხა გამოსვლა, თურმე კუთხეში იყო მოკუნტული, იქ ჩაიწვა. ასე საცოდავად დაიღუპა მამაჩემი.

ის მეორე დარაჯი, რომელთანაც მამა მეგობრობდა, სამძიმარზეც კი არ მოსულა,­ არ ვიცი, რატომ. მეც თავი შევიკავე, რომ მეკითხა მისთვის რამე. როგორც გავიგე, ხელმძღვანელობა ყველას უკრძალავს ამაზე საუბარს. წარმოიდგინეთ მეგობრობდა მამაჩემთან და სამძიმარი არ უთქვამს, არც კი დაურეკავს და არ უცნობებია, რომ ადამიანი დაიღუპა. ალბათ, ჯერ დირექციაში დარეკა. ეს ქცევაც ბევრ ეჭვს ბადებს.

- არც ადმინისტრაციასთან გქონიათ კომუნიკაცია?

- სამძიმარზე მოვიდნენ, დირექტორმა­ მომცა 3000 ლარი და მითხრა, ჩვენგან აიღე მხარდაჭერის მიზნითო. ადმინისტრაციის წარმომადგენლებმაც მოიტანეს 2000 ლარი. თქვეს, რომ ეს მამას 4 თვის ხელფასია. თვეში 500 ლარი ჰქონდა. მამაჩემი შრომისუნარიანი ადამიანი იყო, 64 წლის, როცა იქ არ მუშაობდა, სხვაგან მუშაობდა და ოჯახს არჩენდა. დედას ინსულტი სამჯერ აქვს გადატანილი და მამა ზრუნავდა მასზე. არ ვიცით, ამხელა სტრესი როგორ აისახება მის ჯანმრთელობაზე.

- კომპანიამ კომპენსაციის სახით მოგცათ­ ეს თანხა?

- მე მქონდა კომუნიკაცია ბაზრის დირექტორთან. იურისტთანაც გავიარე კონსულტაცია და მითხრეს, რომ ოჯახს ეკუთვნის კომპენსაცია. არარეალური თანხა არ მომითხოვია, ვთხოვე დაეფარათ დაკრძალვისა და საფლავის მოწესრიგების ხარჯები. 15.000 ლარი მოვთხოვეთ. მე და ჩემი იურისტი მეგობარი ვესაუბრეთ ხელმძღვანელობას. როგორც მეგობარი მეუბნება, ვალდებული არიან ეს ხარჯი გასწიონ. მითხრეს, რომ დამიკავშირდებოდნენ, მაგრამ არავინ გვეკონტაქტება. როგორც ჩანს, არ აპირებენ არაფრის გადახდას. დაველოდები გამოძიებას, თუ ვინმეს ბრალეულობა გამოიკვეთება, პასუხი უნდა აგოს. სასამართლოშიც შევიტანთ სარჩელს და ბოლომდე მივყვებით. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა ადამიანი.

პ.ს. ჩვენ შევეცადეთ ხელმძღვანელობის პოზიცია მოგვესმინა და შპს-ს დირექტორს დავუკავშირდით, მაგრამ მან კომენტარზე უარი გვითხრა.

საქართველოში შრომის უფლებები ხშირად რომ ირღვევა, ამაზე ხშირად საუბრობენ პროფკავშირები და სპეციალური სამსახურები. ალბათ, ამ საქმეს შრომითი ინსპექციაც შეისწავლის და დაეხმარებიან ოჯახს კომპენსაციის მიღებაში.