"იაპონიაში რიგშიც ისე ლამაზად დგანან, მშურს ხოლმე"
ემიგრაცია საქართველოს ტკივილია, რომელიც ოდნავ ნელდება, როცა ქართველი ემიგრანტი უცხოეთში წარმატებას აღწევს. ჩვენი სტუმარია "ქართველი კიოტოელი" მარიამ ინაბა, რომელიც ჰონკონგის ერთ-ერთი კომპანიის კიოტოს ოფისის გენერალური მენეჯერია და ოჯახთან ერთად ამავე ქალაქში ცხოვრობს:
- ჩემი გვარი ბეჟანიშვილია, ინაბა კი ქმრის გვარია, იაპონიაში ასეა მიღებული: ქალი ოჯახს რომ შექმნის, მაშინვე მეუღლის გვარზე გადადის. მეუღლეს კოსუკე ჰქვია, ის იაპონელია და ძალიან ბევრი რამ გვაქვს საერთო. ერთმანეთს 10 წლის წინ შევხვდით. მართალია, სხვადასხვა კულტურის შვილები ვართ, მაგრამ ჩვენ შორის გაუგებრობა იშვიათია.
- ოდესმე იფიქრებდით, რომ ოჯახს იაპონიაში შექმნიდით?
- რა თქმა უნდა, არა. ახლაც ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებ, რომ დედა ვარ. უცნაური გრძნობა მაქვს, მაგრამ მიხარია, რომ პატარა მოანა ჩემი საუკეთესო მეგობარია. მე და კოსუკე 2015 წლის აგვისტოში საქართველოში დავქორწინდით, მომდევნო წლის აპრილში კი იაპონური ქორწილი გვქონდა. ჩემი ოჯახი იაპონელ სიძეს კარგად შეხვდა, ჩემს მშობლებს ძალიან შეუყვარდათ. რაც მთავარია, ხედავენ, რომ მე ბედნიერი ვარ და მშობელს მეტი რა უნდა? ერთი შვილი გვყავს - პატარა მოანა და სანამ მას გავაჩენდი, ბევრი ვიმოგზაურეთ, ვისწავლეთ, კარიერულად წინ წავედით და როცა ფინანსურად შედარებით სტაბილურ მდგომარეობას მივაღწიეთ, მაშინ გადავწყვიტეთ, ბავშვი გვყოლოდა. შვილის აღზრდა და მოვლა უდიდესი პასუხისმგებლობაა. მოანა ჯერ პატარაა, მისი ბაგა-ბაღში მიყვანა არ მინდა სამ წლამდე მაინც, მინდა ჩვენ ვიყოთ ძირითადი აღმზრდელები.
- პირველად როგორი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე იაპონიამ?
- გამაოცა იმან, რომ ქუჩებში უჩვეულო სისუფთავე დამხვდა. ყველა ქუჩა იმდენად სუფთაა, რამდენიც უნდა იარო, ფეხსაცმელი არ დაგესვრება. მეორე გაოცება საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა გამოიწვია, რომელიც არასდროს იგვიანებს. თუ ტრანსპორტმა რაიმე მიზეზით, ოდნავ მაინც დაიგვიანა, მძღოლი უამრავ ბოდიშს იხდის, რადგან იაპონელებს თითოეული წუთი გათვლილი აქვთ, რამდენიმე წამის გამო შეიძლება მეტროს სხვა ხაზზე გადაჯდომა ვერ მოასწრონ, რის გამოც ან სამსახურში დააგვიანონ, ან მნიშვნელოვან შეხვედრაზე. დაგვიანება იაპონელებისთვის ცუდი ტონია. ეს ჩვევა მეც გამოვიმუშავე: როცა შეხვედრაზე მივდივარ, აუცილებლად 10 წუთით ადრე უნდა მივიდე. თუ მე ვარ მასპინძელი, მაშინ უფრო ვჩქარობ, რათა ადრე მოსულ სტუმარს დავხვდე.
იაპონელები ყველა დეტალს ყურადღებას აქცევენ და წინასწარ ითვალისწინებენ. რიგშიც ისე ლამაზად დგანან, მშურს ხოლმე. საქართველოში ხომ რიგის კულტურა არ არის. იაპონიაში იმდენი დაწერილი თუ დაუწერელი წესი და კანონი აქვთ, ძალაუნებურად გიწევს შესრულება, თუ არადა, მწვავე კრიტიკას და საყვედურს მიიღებ.
- მათ სამზარეულოს როგორ შეეჩვიეთ?
- თავიდან არ მომწონდა, თან მრცხვენოდა რესტორნებსა და კაფეებში მარტო შესვლა. ამიტომ ან უნივერსიტეტის სასადილოში მივდიოდი ჯგუფელებთან ერთად, ან სადილს სახლში ვიკეთებდი. მერე თანდათან შევეჩვიე და ახლა პირველი გავრბივარ, თუ სადმე ახალი ობიექტი იხსნება.
- რა მოგწონთ მათ წესებში და რა არა?
- ძალიან მომწონს მოწესრიგებულობა და ერთმანეთის პატივისცემა, არ მომწონს, ბიუროკრატია - აქ ნამდვილი წამებაა რაიმე საბუთის გამოტანა, ან თუნდაც ბანკში ანგარიშის გახსნა...
- ამბობენ, იაპონელები ისეთ სახლებს აგებენ, ხალხს მიწისძვრის აღარ ეშინიაო...
- დიახ, ასეა. დიდი მიწისძვრების დროს უფრო ხის ძველი სახლები ინგრევა ხოლმე. მე მიწისძვრისა ძალიან მეშინია და კოსუკე სულ მამშვიდებს, ჩვენი კორპუსი ისეა აშენებული, არ დაინგრევაო, მაგრამ ხომ იცით, რომ შიშს დიდი თვალები აქვს. რა დამამშვიდებს, როცა ძალიან ირყევა სახლი, სად გავიქცე არ ვიცი ხოლმე.
- მეუღლეს ქართულად ლაპარაკს თუ ასწავლით?
- ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარს საქართველო, ჩვენებური ღვინო და ქართული სამზარეულო. სახლშიც ხშირად ვაკეთებ ქართულ კერძებს, თვითონ მეუბნება ხოლმე, ჩიხირთმა მინდაო, ან ხაჭაპური და ჩახოხბილი. ზოგიერთი სიტყვა და ფრაზა იცის, მაგრამ ქართული ენა იაპონელისთვის რთულია. იაპონურ ანბანში არ არის ღ ყ ჭ ხ და ასეთი მკვეთრი თანხმოვნები, თანაც, ჩვენი გრამატიკაც რთულია და მხოლოდ ჩემი ნასწავლით ქართულად ლაპარაკი უჭირს. სამაგიეროდ, ჩემს შვილს ვასწავლი ქართულ სიტყვებს, თანდათან, თამაშ-თამაშით, ჩემი ქმარი პატარა მოანას ხშირად ეხუმრება, შენ მასწავლე ქართულიო.
- იაპონია ჩვენგან შორსაა, ნოსტალგია არ გაწუხებთ ხოლმე?
- რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახი და მეგობრები ძალიან მენატრება. ამიტომ წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ჩამოვდივართ. ვცდილობ ოჯახთან ყოფნის დანაკლისი ინტერნეტის დახმარებით შევივსო, მაგრამ ახლობლების ჩახუტება, გემრიელად ჭუკჭუკი და მშობლიურ ქუჩებში ბოდიალი სულ სხვაა. კიდევ კარგი, კიოტო სასიამოვნო ქალაქია, სადაც კარგად მექცევიან, ქალაქის პრეფექტურაშიც ვმუშაობდი და რომ წამოვედი, ყველას გული დასწყდა, მაგრამ მშობლიურ ქალაქსა და ქვეყანას მაინც ვერავინ შეგიცვლის.
- მომავალში საქართველოში ცხოვრებას ხომ არ აპირებთ?
- ჩემი მეუღლე უარს არ ამბობს, პირიქით, სულ მეუბნება, ფასები რომ დარეგულირდება, საქართველოში სახლი ვიყიდოთო. მომავალში იაპონიაში ცხოვრებას არ ვაპირებთ და ვნახოთ... ჯერჯერობით მოანასთვის შესაბამისი გარემოს ძიებაში ვართ.
ხათუნა ჩიგოგიძე