რა როლი მიუძღვით ქართველებს ამერიკის მრეწველობის განვითარებაში - კვირის პალიტრა

რა როლი მიუძღვით ქართველებს ამერიკის მრეწველობის განვითარებაში

ჩვენ, მცირერიცხოვან ერს, შეგვიძლია თავი სხვა ხალხზე ნაკლებად არ ვიგრძნოთ, როგორც ილია იტყოდა, დავდგეთ ერად სხვა ერთა შორის! ფაქტია, რომ ჩვენი ისტორია კაცობრიობის განვითარებაში შეტანილ ჩვენს უმნიშვნელოვანეს წვლილს ადასტურებს, მათ შორის დიდი წვლილი გვაქვს შეტანილი ამერიკის განვითარებაშიც. ცნობილი მეცნიერისა და მკვლევრის რუსუდან დაუშვილის კვლევებითა და ამერიკის ოფიციალური სტატისტიკით, ამერიკაში მრეწველობის 5 სრულიად ახალი­ დარგი სწორედ ხუთმა ქართველმა­ შექმნა­. მათ შორის: 1. ამერიკული პარფიუმერიული­ მრეწველობის ფუძემდებელია გიორგი მაჩაბელი (პრინცი მაჩაბელი); 2. ამერიკული სამხედრო ავიაციის ფუძემდებელია ალექსანდრე ქართველიშვილი (ალექსანდრე ქართველი); 3. ამერიკული სამედიცინო მინის მრეწველობის ფუძემდებელია გრიგოლ კობახიძე (ჯორჯ კობი); 4. ამერიკის ეროვნული ბალეტის ფუძემდებელია გიორგი ბალანჩივაძე (ჯორჯ ბალანჩინი); 5. ქალაქებისთვის ეკოლოგიურად სუფთა წყლის სისტემის შექმნის ფუძემდებელია ნიუ-იორკის მერი კონსტანტინე (კონი) სიდამონ-ერისთავი.

- იმ ათეული წლების განმავლობაში, როდესაც ქართულ ემიგრაციას ვიკვლევდი, არაერთხელ მიამაყია ქართველობით მსოფლიოს არაერთ კუთხეში. კვლევები E90-იანი წლებიდან ემიგრანტი ნათესავებით დავიწყე და გავაგრძელე ევროპაშიც და ამერიკაშიც. ქართულ ემიგრაციას უამრავი მნიშვნელოვანი რამ აქვს მსოფლიოსთვის შექმნილი, მრეწველობით დაწყებული ხელოვნების ნაწარმოებებით დამთავრებული.

გასულ საუკუნეში ამერიკაში ჩასულმა მხოლოდ 260-მა ქართველმა ემიგრანტმა ყველა გააოცა. მათ ამერიკისათვის სრულიად ახალი მრეწველობის დარგები შექმნეს. ეს ხომ ხუმრობა არ არის! ასე რომ, ვინც ქართველების უვარგისობაზე ფიქრობს, დაე, თავისთვის იფიქროს.

- თქვენი კვლევები ადასტურებს, რომ ქართველები მხოლოდ ხელოვანი ერი არა ვართ, მხოლოდ ცეკვა-სიმღერა კი არ ვიცით, არამედ ეკონომიკაც. რომ არა სასტიკი დამპყრობი, დღეს, ალბათ, ეკონომიკურად საქართველოც ძლიერი ქვეყანა იქნებოდა. ის ტვინები,­ რომლებსაც საქართველო უნდა ეშენებინათ, სწორედ ამიტომ წავიდნენ ემიგრაციაში.

- მხოლოდ ბოლშევიკების გამო არ წასულან. მე-19 საუკუნეში სიღატაკის გამო უამრავი ქართველი დაადგა ემიგრაციის გზას სიდუხჭირიდან თავის დასაღწევად. ამერიკული ოქროს ციებ-ცხელების ჯეკ ლონდონის წიგნებიდან ან ჩაპლინის ფილმებიდან ვიცოდით, მაგრამ რეალურად უმძიმესი გზა ოქროს მაღაროებისაკენ ბევრი ქართველის გასასვლელიც გახდა. ამერიკის კონტინენტზე ოქროს მოპოვება და ოქროს მაღაროების დაარსება ჯერ კანადაში დაიწყო, მერე ამერიკაში გადაინაცვლა. კანადის ქალაქ ვანკუვერში 25 რაჭველის ოჯახი, 200-მდე ქართველი მუშაობდა ოქროს მოპოვებაზე. ისინი ქართული ტრადიციებით, ერთიანი ოჯახებით ცხოვრობდნენ. ადგილობრივი პრესა წერდა, ამ ხალხის მორალური ღირსებები ადგილობრივებს ძალიან აოცებსო. არა მარტო ერთმანეთს ეხმარებოდნენ, არამედ კანადელ მეზობლებსაც. დღეს უკვე ვერავინ გვეტყვის, რამდენი მათგანი დადგა ფეხზე მაღაროებში უმძიმესი შრომით, ალბათ, ბევრიც დაიღუპა. გურამ შარაძემ გამოაქვეყნა ინფორმაცია, თუ როგორ დაახრჩვეს კანადაში მდინარეში ოქროსმაძიებელი ქართველი იმის გამო, რომ ქამარში უამრავი ოქრო ჰქონდა გამოკერებული. თუმცა იყვნენ ერთეულები, რომლებმაც მიზანს მიაღწიეს. მაგალითად, უწერაში დაბადებულმა დიმიტრი მეტრეველმა კანადაში პატარა ქალაქიც კი დააარსა, შემდეგ კი ოქროს მაღაროები ამერიკაში, ალასკაზეც გახსნა.

რაც შეეხება ბოლშევიკების შემოსევით გახიზნულ ემიგრანტებს, მათი ნიჭი 70-იან წლებამდე ამერიკის განვითარებას მოხმა­რდა. შემდეგ მათი შთამომავლობისაც. მაგალითად, კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი, იურისტი და პოლიტიკოსი, მსოფლიოს უდიდესი ქალაქის, ნიუ-იორკის მერი გახდა 70-იან წლებში, გარდა ამისა, იყო ქალაქის საავტომობილი გზებისა და ეკოლოგიური სამსახურის კომისარი. ამერიკული მედია ხშირად წერდა ნიუ-იორკის მერის განათლებისა და მომხიბვლელი გარეგნობის შესახებ. მანვე შექმნა ნიუ-იორკისთვის ეკოლოგიურად სუფთა წყლის მიწოდების სისტემა, უდიდესი გამოგონება, რომელიც დღესაც მუშაობს. თუმცა ნიუ-იორკის მერმა არა მარტო ამერიკელებისთვის იშრომა, ის სიცოცხლის ბოლომდე ქართველობდა. მისი დაარსებული ორგანიზაცია "საქართველოს ამერიკელი მეგობრები" დღესაც დიდ ქართულ საქმეს აკეთებს, მატერიალურად შეჭირვებულ, ავადმყოფ ქართველებს ეხმარება. კონსტანტინე 2012 წელს გარდაიცვალა და სამი შვილი დარჩა. დღეს მის საქმეს შვილები აგრძელებენ და საქართველოშიც ჩამოდიან.

jorj-kobi-1713718584.jpg

- საოცარია: კაცი ამერიკაში დაიბადა, საქართველო თვალით არ ენახა და მიზნად მაინც საქართველოს დახმარება დაისახა. მისმა შვილებმაც... როგორც ცნობილია, ამერიკული პარფიუმერიის ფუძემდებელს, პრინც მაჩაბელს არ ჰყოლია შთამომავლობა.

- გიორგი მაჩაბელს საქართველოში შთამომავლობა ჰყავს. როდესაც ამერიკულ ემიგრაციაზე ვიწყებდი კვლევებს, ჯერ კიდევ მაშინ მოვძებნე მისი შთამომავლები საქართველოში (არა მარტო მისი). ემიგრაციის ამ ტალღაზე პირველი მასალები სწორედ საქართველოში მცხოვრებმა შთამომავლებმა მომაწოდეს. გიორგი მაჩაბლის ძმა, ივანე მაჩაბელი, საქართველოში დარჩა. გიორგი მაჩაბლის შესახებ ძალიან საინტერესო მასალა კი სწორედ მისმა შტომ, დავით და მარინა ჩერქეზიშვილებმა მომაწოდეს. გიორგი მაჩაბლის სუნამოები დღესაც გამოდის ამერიკაში. გამოდის ასევე გრიგოლ კობახიძის ნატურებიც, იწარმოება ალექსანდრე ქართველიშვილის თვითმფრინავებიც. მათი წარმოება 2030 წლამდეა დაგეგმილი, რაც მოწმობს, რომ ამ თვითმფრინავებზე უკეთესი ჯერ ვერაფერი გამოიგონეს.

- დიდი სირთულეების მიუხედავად, ყველა­ ქართველი ემიგრანტად არ იქცევა, სამშობლოში მათი შთამომავალიც რჩება. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ამჟამადაც კოლოსალურად მეტი ქართველი გადის საქართველოდან. ქვეყნის დაცლის შიშიც გაჩნდა.

- რა თქმა უნდა, ყველა არ წავა და ესეც გარდაუვალობაა. ჩვენ აქ, საქართველოში უნდა ვიგრძნოთ, რომ უცხოეთში წასულებიც და სამშობლოში დარჩენილი ქართველებიც მთლიანობა ვართ. ამას სულ ვეუბნები ჩემს სტუდენტებს. ისინიც მუშაობენ ქართული ემიგრაციის თემაზე. რამდენიმე წლის წინ ერთმა სტუდენტმა მითხრა, გიორგი მაჩაბლის თემაზე მსურს მუშაობაო. ვუთხარი, გიორგის მაჩაბლის შესახებ ყველაფერი ვიცი, საზოგადოებამაც იცის, ამიტომ თემას არ ჩაგითვლი, თუ სიახლეებს არ მოიპოვებ, ამისთვის სულ ორი კვირა გაქვს-მეთქი. წავიდა ის გოგო და ორი კვირის შემდეგ ისეთი თემა მომიტანა, იმდენად გამაოცა, რომ თემა ჩემს წიგნშიც შევიტანე. სრულიად გადმოუწერია ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკა ინტერნეტში, 1921 წლიდან 1990-იან წლების ჩათვლით! ეს ხომ ადვილი არ იყო, წარმოიდგინეთ, ამ წლების ამერიკული პრესა სათითაოდ უნდა გადაეჩხრიკა და წაეკითხა! სამაგიეროდ, ისეთი საინტერესო აღმოჩენები გააკეთა, რომ ყველა ქართველს გაახარებს. მიაგნო ამერიკელი მწერლების სტატიებს, რომელთაც პრინცი მაჩაბელი სიმბოლურ სახედ ჰყავთ წარმოდგენილი. მაგალითად, ერთ-ერთი მწერალი წერს, როდესაც ჩამიარა ქალმა, რომელმაც პრინცი მაჩაბლის სუნამოს სურნელი დატოვა, ამ სურნელმა პირველი სიყვარული გამახსენაო. მეორე წერს: ბავშვობიდან მოყოლებული, მთელი ცხოვრება თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინც მაჩაბლის მსგავს კაცს ველოდებოდი, როცა გავიზარდე, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ პრინცი მაჩაბელი არ არსებობდა, უბრალოდ, დედაჩემის სუნამოს სახელწოდება იყო, რომლის სურნელმა ოცნება შემაქმნევინაო! ამის წაკითხვის შემდეგ ჩემმა სტუდენტმა სოციალურ ქსელში ეს მწერალი იპოვა და მისწერა, პრინცი მაჩაბელი ნამდვილად იყოო და აუხსნა, ვინც იყო. ამერიკელი მწერალი გაოცდა, ნუთუ ჩემი პრინცი მხოლოდ ჩემს ოცნებებში არ ყოფილაო?!

machabeli-1713718584.jpeg

- საინტერესო ისტორიაა! გასახარია, რომ ემიგრაციის პირველ ტალღაში დაბადებული ემიგრანტების შვილებიც ქართველობენ, ვისაც თვალითაც არ უნახავს საქართველო. მაგალითად, ნიუ-იორკის მერი, კონსტანტინე ერისთავი ფოტოზე საყვარელ ქალთან ერთად არის ჩოხაში გამოსახული. ეს მხოლოდ გენეტიკური ცნობიერებაა თუ სწავლებაც?

- ორივე. ქართული ემიგრაციის პირველი ტალღა ასევე ხაზგასმულად და ერთგულად ეხმარებოდა ერთმანეთსაც. მათ შორის ამერიკაში მცხოვრები და ლეგენდად ქცეული 3 ძმა მდივნები. ძმებს, სერგოს, ალექსისა და დავითს ორი და ჰყავდათ: რუსუდანი და ნინო. მათგან სერგო (სერჟ) მდივანი ოფიციალური მილიონერი გახდა ამერიკაში. და-ძმის მამა, გენერალი ზაქარია მდივანი, ემიგრაციაში 1921 წელს წავიდა და თან ხუთი ულამაზესი შვილი წაიყვანა. რახან ევროპაში ოჯახს ძალიან გაუჭირდა, ძმები მდივნები ამერიკაში გაემგზავრნენ და ჯადოსნური კარიერა მოიწყვეს: არ დარჩენილა 30-იანი წლების მედია, სადაც მათზე არ წერდნენ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ გაზეთებიც, ისევე როგორც ამერიკელი უმდიდრესი ქალები, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ძმების პოპულარიზაციაში. მათ უწოდებდნენ ალფონსებსა და გმირებს, ავანტიურისტებს და არისტოკრატებს, მაგრამ ყველა შემთხვევაში ამერიკის უმდიდრესი საზოგადოება, ულამაზესი ქალები, მათ გვერდით იყვნენ. ძმების ცოლები სხვადასხვა დროს იყვნენ: ჰოლივუდის ვარსკვლავი პოლა ნეგრი; ბარბარა ჰატონი - უმდიდრესი ქალი, ბეწვეულის კომპანიის მფლობელთა ქალიშვილი; ბარბარა ჰატონი, 30-მილიარდიანი დოლარის მფლობელი მაგნატის ქალიშვილი; ვირჯინია სინკლერი, ნავთობის მაგნატთა ოჯახის ქალიშვილი იყო. რუსუდანის მეუღლე უმდიდრესი ესპანელი მხატვარი ხოსე მარია სერტი იყო, ნინო კი მწერალ კონან დოილის ვაჟს გაჰყვა ცოლად. ამერიკული პრესა ხშირად წერდა ამ ხალხის ფუფუნებასა და დამატყვევებელ იმიჯზე. სინამდვილეში მათ იმიჯს არა მარტო გარეგნობა, რომლითაც მართლაც გამოირჩეოდნენ, არამედ მათი განათლებაც ქმნიდა, რითაც თუნდაც ჰოლივუდისაგან რადიკალურად განსხვავდებოდნენ. ჰოლივუდში იმ დროს ძალიან დაბალი დონე იყო, რის ფონზეც ძმების განათლება და არისტოკრატიზმი ყველას თავბრუს ახვევდა. გარდა ამისა, სამივე ძმა პოლოს თამაშობდა. ეს მხედარ ამერიკელთა პოპულარული სპორტული თამაში იყო. სამწუხაროდ, და-ძმების ცხოვრება ტრაგიკულიც აღმოჩნდა, შთამომავლობა არ დარჩენიათ, ტრაგიკულად დაიღუპნენ - ერთი ძმა ავტოკატასტროფაში, მეორე ცხენით თამაშის დროს გადმოვარდა ცხენიდან.

მათ არასოდეს გაუწყვეტიათ კავშირი ქართველობასთან. ალექსი მდივანი მთელი სიცოცხლე ერთგულად ეხმარებოდა ქართველებს - უსახლკაროებს საფრანგეთში ექვსსართულიანი სახლი უყიდა და ევროპულ უნივერსიტეტებში 15 სტიპენდიანტ ქართველს ასწავლიდა.

qartvelisvili-1713718584.jpeg

- ამას ჰქვია, ალბათ, გენეტიკური ერთობა და სისხლი, რომელიც აიძულებს ადამიანს, როგორც ამბობენ, "სისხლი სისხლთან მივიდეს".

- ასეა. ერთ ისტორიასაც მოგიყვებით: ჩემი ძმა, რომელიც ექიმია და ოფთალმოლოგ გია ბერაძის მეგობარია, ერთხელაც მირეკავს, გია ბერაძეს საფრანგეთიდან სტუმარი, ჟან ბერაძე ჩამოუვიდა, საქართველოში მამის ნათესავებს ეძებსო. ჟან ბერაძის დედას მეუღლე გაშორებია, მაშინ ბიჭი 4 წლის ყოფილა. შემდგომში მასთან კავშირი თითქმის არ ჰქონია, სანამ ეს კაცი არ გარდაიცვალა და ლევილის სასაფლაოზე არ დაკრძალეს. იქ ჟანი პირველად შეხვდა ქართველებს, გაიგო, რომ ქართველი იყო, ბევრი არ უფიქრია და საქართველოში წამოვიდა ნათესავების საპოვნელად. რადგან ექიმი გია ბერაძე ცნობილი ბერაძე იყო, ჟანიც სწორედ მასთან გაუშვეს დახმარებისათვის. ექიმმა ბერაძემ სხვებთან ერთად იმჟამინდელ საქართველოში საფრანგეთის ელჩსაც დაურეკა, რომელიც ასევე ბერაძე იყო. თურმე ელჩს უკვე ეძინა. რომ გააღვიძეს, აბუზღუნდა, თავი დამანებეთ, საფრანგეთში არანაირი ბერაძე არა მყავს ნათესავადო. მაგრამ როდესაც ფრანგი ჟან ბერაძის მამის სახელი უხსენეს, ელჩი წამსვე გამოფხიზლდა, მაგ სახელის კაცს, რომელიც საფრანგეთში წავიდა, ჩემი ბაბუა ძალიან ხშირად ახსენებდაო. მოკლედ, ელჩმა ჟან ბერაძე ბაბუასთან წაიყვანა. ელჩის ბაბუა გარეგნული მსგავსებით ხელად მიხვდა, ვისი შვილიც იყო ჟანი და ყველა ნათესავი მოაძებნინა. ჟანს ისიც უთხრა, მეც მინდოდა საფრანგეთში ბაბუაშენთან ერთად წასვლა, მაგრამ დედა შემეცოდა და ვერ დავტოვეო. როდესაც ჟანთან ინტერვიუ ჩავწერე, ვკითხე, თქვენ ხომ მთელი ცხოვრება არ იცოდით, ვინ იყავით, საქართველოში რამ ჩამოგიყვანათ-მეთქი. მან პერანგის სახელო აიწია, მაჯაზე დაიხედა და მიპასუხა, სისხლმაო! აი, პასუხი თქვენს კითხვაზე.