"სიტყვა "რუსეთს" რომ გავიგებ, იქ მთავრდება ჩემთვის ყველაფერი“ - კვირის პალიტრა

"სიტყვა "რუსეთს" რომ გავიგებ, იქ მთავრდება ჩემთვის ყველაფერი“

"პატარა ალექსანდრე რაზეც ოცნებობდა, ყველაფერი ავიხდინე ღვთის წყალობით.­ უბრალოდ, რომ ვიზრდები და ამ გზას გავდივარ, მიზნები, მოთხოვნილებები და სურვილები იზრდება", - ამბობს­ მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი­, რომელიც ოთხი წელია ამერიკაში ცხოვრობს­ და მუსიკალურ საქმიანობას განაგრძობს. დიდი გეგმები და მიზნები აქვს დასახული - მსოფლიოს უმაღლესი მუსიკალური ჯილდოების მიღება სურს და ბევრს შრომობს, მანამდე კი ალექსანდრე მის ყოველდღიურ ამერიკულ ცხოვრებაზე გვესაუბრება, ახალ პროექტებზე, სიმღერებზე, რომლებსაც თვითონ ქმნის; როგორია ურთიერთობა ვოკალის ისეთ პოპულარულ პედაგოგთან, როგორიცაა შერილ პორტერი, ცნობილ პროდიუსერებსა და სხვებთან. ამ თემებზე სასაუბროდ ალექსანდრეს აშშ-ში დავუკავშირდით:

- ალექსანდრე, ცოტა ხნის წინ საქართველოში იყავი. ოთხწლიანი არყოფნის შემდეგ, როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდი აშშ-ში?

- კიდევ არ მჯერა, რომ მართლა ვიყავი, სიზმარივით მახსოვს ყველაფერი. ჩემი ოჯახის სითბო და სიყვარული დიდ­ხანს გამყვება, ძალიან მენატრებოდა და ეს იყო ყველაზე მთავარი, რისთვისაც მინდოდა ჩამოსვლა. ინტერნეტით, რა თქმა უნდა, მუდმივ კონტაქტზე ვიყავი, გაუცხოების მომენტი­ არასდროს გვქონია და როგორც კი ერთმანეთი დავინახეთ, იმ ძველ დროში დავბრუნდით, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს არც არასდროს წავსულვარ. პანდემიის დროს წავედი და აშშ-ში დიდხანს დარჩენას არ ვაპირებდი, მაგრამ მოვლენები ისე განვითარდა, რომ დავრჩი.

- შენი თანასოფლელები, რუისელები როგორ შეგხვდნენ ამერიკიდან ჩამოსულს?

- როცა დამინახავდნენ, უხაროდათ. ახლობლების ნახვისას, ამა თუ იმ უბანში ჩავლისას, ძველი ემოციები მახსენდებოდა.

- საქართველოში ყველაზე მეტად რა გენატრება ხოლმე?

- ჩემი ოჯახი! სხვა ყველაფერია აქ, ყველანაირი ქართული საჭმელი.

- იმიჯი საკმაოდ შეცვლილი გაქვს, როგორ მიაღწიე ამ შედეგს, ჯანსაღი კვებისა და ვარჯიშის წყალობით?

- ალბათ, ყველაფერი ერთად. ახლა სავარჯიშოდ ჩემი სიამოვნებისთვის დავდივარ, მენტალური და სულიერი ჯანმრთელობისთვის. საქართველოში ყოფნისას ბაკურიანში სრიალის დროს წავიქეცი და ხელი ამომივარდა, ამის გამო ორი თვე ვეღარ წავედი სპორტდარბაზში, მერე კონცერტებიც დამემთხვა და ოთხ თვეში ისე მონატრებული მქონდა ვარჯიში, დღეებს ვითვლიდი, როდის შევძლებდი ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას.

ვერ ვიტყვი, რომ ერთ დღეს უცებ გადავწყვიტე ვარჯიშის დაწყება. ყოველთვის ვცდილობდი, თუნდაც პატარაობისას, მაგრამ მაშინ იმდენად არ ვაქცევდი ყურადღებას. როცა რაიმეს დავისახავ მიზნად, მნიშვნელობა არა აქვს, კარიერა იქნება, თუ სხვა რამ, არ არსებობს, ბოლომდე არ მივყვე, ყველაფერი არ გავაკეთო და არ მივაღწიო. ზუსტად იგივე მოხდა ამ შემთხვევაშიც.

- ხშირად გითქვამს, რომ შენს მოზარდობაში საქართველოში პროექტებში ყურადღებას ამახვილებდნენ წონაზე... ბოდიშეიმინგს მსოფლიო ებრძვის, მაგრამ მაინც...

- საქართველოში მართლაც დიდ ყურადღებას და დროს უთმობენ წონაზე საუბარს, ყველა დიეტებზე ლაპარაკობს. შეიძლება მეტისმეტადაც კი ჩაერიონ შენს საქმეში. ბავშვობაში მქონია მომენტები, როცა უხერხულ კომენტარებს აკეთებდნენ. ჩემი აზრით, ეს ისეთი საკითხია, სათუთად უნდა მივუდგეთ. თუ კაცს მისი სხეული თვითონ მოსწონს, რა პრობლემაა? სიგამხდრე რატომღაც ჯანმრთელობასთან ასოცირდება. პატარა როცა ხარ, დიდი პრობლემები არა გაქვს, მაგრამ როცა იზრდები, მერე იწყება... ჩემი აზრით, სწორედ ეს იყო, რამაც მიბიძგა წონაში დამეკლო.

36b22702-7c4e-4e0a-bd06-335e0a1d444a-1713719402.jpg

- ერთ-ერთ ინტერვიუში თქვი, განაწყენებული ვიყავი და ვარ კიდეც, ოღონდ კონკრეტულ პირებზე და არა ჩემს ქვეყანაზეო...

- დიახ, ქართველებზე გაბრაზებული არასდროს ვყოფილვარ, "ვოისის" შემდეგ რაც ვთქვი, ის იყო, რომ საქართველოში გამარჯვება წარმოუდგენლად მიმაჩნდა იმის გამო, რომ ქართულ პროექტებში რამდენჯერაც გამოვედი, დიდი უსამართლობა დავინახე, შინაურებისა და შეძლებული მშობლების შვილებს ენიჭებოდათ უპირატესობა კონკრეტულ პროდიუსერებზე, პროექტის შემქმნელებზე მქონდა საუბარი. საქართველოსა და ქართველებზე არასდროს არაფერი მითქვამს აუგად, რადგან უმადური უნდა ვიყო, არ დავაფასო ის დიდი სიყვარული, რაც მე ქართველმა მსმენელმა მომცა.

- ასეთი სიტუაციები ხომ არ გაძლევდა მეტ სტიმულს, რომ შენი ნიჭისთვის გზა სხვა­გან გაგეკვალა?

- რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი რომ არ მომხდარიყო, არ ვიცი, სად ვიქნებოდი. ჩემი მშობლების თხოვნითაც ჯერ საქართველოში ვცდიდი ხოლმე ბედს და რომ არ გამოვიდა, მეტი მოტივაცია მომეცა, სხვაგვარი შემართებით წავსულიყავი უკრაინულ "ვოისში".

- როგორც ვიცი, წლების წინ რუსული პროექტიდან გქონდა შემოთავაზება და საკმაოდ სარფიანიც - ნახევარ მილიონ დოლარზე იყო საუბარი. შენ არ დათანხმდი თანხის სანაცვლოდ ოკუპანტების ქვეყანაში სიმღერას...

- დიახ, ასეთი არაერთი შემოთავაზება ყოფილა, მაგრამ ყველაზე სოლიდური სწორედ ეს იყო. დაგვირეკეს პროექტიდან, სადაც ჟიურის 100 წევრი ზის. ტელეფონში რუსულ საუბარს როგორც კი ვიგებდით, მაშინვე ვუთიშავდით... ჩემზე იმიტომ იყო ასეთი მოთხოვნა, რომ ქართველი ვარ და უკრაინულ "ვოისში" გავიმარჯვე. სწორედ ასეთი ტიპი სჭირდებოდათ, რომელიც რუსულ პროექტში გამოვიდოდა და მათ სასარგებლოდ იმ სისულელეს იტყოდა, რაც მითხრეს - საქართველო, უკრაინა და რუსეთი ისე უნდა დამეკავშირებინა ერთმანეთთან, თითქოს ჩვენ ერთიანი ძალა ვართ. ჩემთვის ეს მიუღებელია! სიტყვა "რუსეთს" რომ გავიგებ, იქ მთავრდება ჩემთვის ყველაფერი და ეს დამოკიდებულება არც არასოდეს შემეცვლება.

- სწორი პოზიციაა... ვიცი, რომ ახალ სიმღერებსა და ალბომზე მუშაობ...

- დიახ, ამჟამად ახალ სიმღერასა და ალბომზე ვმუშაობ ჩემს ახალ პროდიუსერთან ერთად, კლიპის გადასაღებად ვემზადებით. დაახლოებით 75 სიმღერაა და ვცდილობთ მათგან საუკეთესოები ამოვარჩიოთ. ალბომში 11-12 სიმღერა შევა.

- ვიცი, რომ სიმღერებს თავად წერ... როგორ იწერება შენი სიმღერები?

- ძალიან მოულოდნელად, ზოგჯერ პიანინოსთან მივდივარ იმისთვის, რომ სიმღერა დავწერო, ზოგჯერ შეიძლება სულ სხვა რაღაც ხდებოდეს და უცბად იდეა მომივიდეს, მერე ტელეფონში ვიწერ და იქიდან "ვაშენებთ" სიმღერებს. ტექსტსაც და მუსიკასაც მე ვწერ. თავიდან დაახლოებით წელიწად-ნახევარი ვიმუშავეთ ამაზე და მოსმენილი ჯერ არავის ჰქონდა. ერთ კონცერტზე დავტესტეთ ჩემი სიმღერა და იმხელა ოვაციით შეხვდნენ, რომ გადავწყვიტეთ, გამოგვეშვა. ამან სტიმული მომცა და ეს მიმართულება გავაგრძელე.

- ინგლისურენოვანია თუ ქართულიცაა? ქართულ ინსტრუმენტებსაც ხომ არ იყენებთ?

- ჯერჯერობით ერთადერთი ქართული სიმღერა მაქვს, დანარჩენი ინგლისურენ­ო­ვა­ნია. ახლა ჩემს კომპოზიტორთან, ცირა ბზიშვილთან ერთად ვიწყებ მუშაობას, რომ ეს სიმღერა დავასრულოთ და ქართველმა მსმენელმა მოისმინოს. ჩემს სიმღერებს უფრო ალტერნატიულ საუნდებსა და ინსტრუმენტებზე ვაწყობთ ხოლმე, მაგალითად,­ ალბომში ერთი სიმღერა მხოლოდ ჩემი ხმითაა გაკეთებული - ინსტრუმენტებიც ჩემი ხმითაა ჩანაცვლებული; ზოგან არის ბუნებრივი ხმები - წვიმის წვეთების, ხეზე დარტყმის ხმა და ა.შ.

ქართული ინსტრუმენტების გამოყენებაც ძალიან საინტერესო იქნება.

- ვინ არიან შენი პროდიუსერები?

- პირველი პროდიუსერი დევიდ სომერერი იყო, რომელიც კანიე ვესტთან, სტინგსა და სხვა ვარსკვლავებთან მუშაობდა. პირველი სიმღერა მასთან ერთად გავაკეთეთ, მაგრამ რეკომენდაცია მოგვცა, სხვადასხვა პროდიუსერი ვცადოთ და ვნახოთ, ჩემს სტილს ყველაზე მეტად რომელი მოუხდება. ახლა უკვე ახალ პროდიუსერთან ერთად ვმუშაობ, რომელიც რეპს უფრო აკეთებს, მაგრამ ექსპერიმენტი საინტერესო გამოგვივიდა. სხვადასხვა სტილს ვცდით, რათა მივხვდეთ, ყველაზე კარგად რა მუშაობს ჩვენთვის.

- არ შეიძლება არ გკითხო შენს ძალიან­ მაგარ პედაგოგზე - შერილ პორტერზე. ცოტა ხნის წინ ჩვენს "ფეისბუკგვერდზე" ვოკალში თქვენი მეცადინეობის ამსახველი სახალისო ვიდეო გამოვაქვეყნე, რომელსაც ძალიან პოზიტიური შეფასებები მოჰყვა.

- შერილი შვილს მეძახის ხოლმე, ხშირად ჩავდივარ მასთან. მანამდე მასთან სწავლაზე ვოცნებობდი... მე მაქვს ჩემი ოცნებების დაფა, ერთ-ერთი სწორედ ეს იყო და როცა გავიცანი, ამიხდა. შერილი ყველაფერში მეხმარება, ჩემს კონცერტზე ჩიკაგოდან ნიუ-იორკში ჩამოფრინდა. როცა პირველად მესიჯი გავუგზავნე, მეორე დილით ნახა, მიპასუხა და ასე გავიცანით ერთმანეთი. თურმე ხალხი ჩემს ვიდეოებს უგზავნიდა და ეუბნებოდნენ, ამ ბავშვთან ერთად ვიდეო ჩაწერეო. როგორც ამბობს, ძალიან გახარებია, რომ მივწერე. როგორიც ეკრანზეა, ზუსტად ისეთია ცხოვრებაში, უფრო უკეთესიც, ბუნებრივი, თბილი, მოსიყვარულე. შერილმა ერთი პატარა დეტალიც რომ დაინახოს კარგი, იმ ერთ პოზიტივს მოეჭიდება. მას უმუშავია ლუჩანო პავაროტისთან, მერაია ქერისთან, ედ შეერანსა და სხვებთან.

- ვიცი, რომ ნუცა შანშიაშვილთან მჭიდრო კონტაქტი გაქვს და ერთად არაერთი­ პროექტი განახორციელეთ. მან თქვა კიდეც, ყველაფერში ძალიან მეხმარება ჩემზე უმცროსი, მაგრამ ძალიან ნიჭიერი ალექსანდრეო.

- დიახ, მე და ნუცა ძალიან ვუწყობთ ხელს ერთმანეთს, ჩემი მენტორი გახდა ამ წლების განმავლობაში. ნუცასთან ყოველდღიური კონტაქტი მაქვს და მისგან ბევრი რამ ვისწავლე. მეც რაც შემიძლია, გვერდში ვუდგავარ.

- პირად ცხოვრებაზეც გვითხარი...

- შეყვარებული ვარ, მაგრამ სხვა დეტალებს ვერ გეტყვით. ისეთი ისტორიაა, მოყოლა მართლა არ შემიძლია...

- როგორია შენი ყოველდღიურობა?­

- ყოველი დღე ძალიან განსხვავებულია, მთავარი კი მაინც მუსიკაა. სკოლაში ყოფნის დროსაც, უცებ რაიმე იდეა რომ მომივიდეს, მუსიკაზე გადავერთვები ხოლმე.

- როგორ შეძელი აშშ-თან ადაპტაცია, ახალი მეგობრების შეძენა? როგორ მიგიღეს?

- თავიდან ყველაფერი რთულია ხოლმე, მაგრამ საბოლოოდ მაინც ადვილად შევძელი. ძალიან კარგი მეგობრები შევიძინე, ყველა განსხვავებულია, მათთან ურთიერთობა ძალიან მომწონს. მოკლე სიაა, მაგრამ ნამდვილი ადამიანების. ნდობის საკითხია, რთულია, ადამიანებს ბოლომდე ენდო, მნიშვნელობა არა აქვს, რომელ ქვეყანაში ხარ. დაახლოებას, დამეგობრებას დრო, გამოცდილება სჭირდება.

- სცენაზე გასვლის წინ რაიმე ტრადიცია თუ გაქვს?

- სხვადასხვა რამეს ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ ახლა ფსიქოლოგმა ასეთი პრაქტიკა გაგვიზიარა - მედიტაცია, რომ მშვიდად ვიყო, ენერგიას მიბალანსებს. გასვლის წინ ათასნაირი ფიქრი მიტრიალებს ხოლმე თავში, მაგრამ როგორც კი სცენაზე გავალ, ვრჩებით მე და მუსიკა... მე ისეთი ტიპი ვარ, არავის არაფერში ვენდობი, ყველაფერს ჩემი ხელით ვამოწმებ, განათება იქნება თუ აპარატურა, რათა ისე წავიდეს საქმე, როგორც მე მინდა. განა რამით ვჯობივარ ვინმეს, მათ უკეთ იციან თავიანთი საქმე, უბრალოდ, მინდა ჩემი ხედვა ზუსტად გადავიდეს სცენაზე.

- რაზე ოცნებობდა პატარა ალექსანდრე ბავშვობაში, ჯერ კიდევ მაშინ, როცა რუისში ცხოვრობდა?

- სიმართლე გითხრათ, ყველაფერ იმაზე, რაც ახლა მაქვს. პატარა ალექსანდრე რაზეც ოცნებობდა, ყველაფერი ავიხდინე ღვთის წყალობით. უბრალოდ, რომ ვიზრდები და ამ გზას გავდივარ, მიზნები, მოთხოვნილებები და სურვილებიც იზრდება.

- ახლა რა წერია შენი ოცნებების დაფაზე?

- ახლა მთავარია "გრემი" და "ოსკარი".