„საქართველოში ბევრი ტალანტი იბადება, მაგრამ...“ - კვირის პალიტრა

„საქართველოში ბევრი ტალანტი იბადება, მაგრამ...“

14 წლის იყო, როცა მისი გრაფიკული ნამუშევრებით ხელოვნების აგენტები დაინტერესდნენ, მათი მეშვეობით ნახატები­ ლუვრის მუზეუმის ხელოვნების ექსპერტებმა იხილეს და აღფრთოვანდნენ. დღეს გიორგი­ სისაური უკვე ხუთი წიგნის ავტორია.­ მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო ვატიკანში, მილანში... "ძალიან ამაღელვებელია, როდესაც შენი ნამუშევარი რაფაელის შემოქმედების გვერდით არის გამოფენილი. უდიდესი პასუხისმგებლობაა, როდესაც ხელოვნების მექაში ჩადიხარ და ცდილობ იქ შენი მხატვრული ფორმა წარადგინო. გულწრფელად გითხრათ, კომპლექსიც კი მქონდა, ჩემი ნამუშევრები იქ რომ უნდა გამოფენილიყო, სადაც ლეონარდო და ვინჩი დაიბადა, მიქელანჯელო კი საოცრებებს ქმნიდა", - ამბობს ახალგაზრდა ხელოვანი. მისი კოლექციები მთელ მსოფლიოში მოგზაურობს. ის პირველი ქართველი არტისტია, ვისი ხელნაწერი წიგნიც ბრიტანეთის სამეფო ბიბლიოთეკაშია დაცული, სხვადასხვა კოლექცია კი მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმსა და არტკოლექციაში. თავის კალიგრაფიული ხელოვნებით გიორგი სისაური ნაწილობრივ მოდის ინდუსტრიაშიც გადავიდა. მისი ვიზუალური ნამუშევრები ტანსაცმლის დიზაინზეა.ამ ყველაფრის შესახებ გიორგი სისაური­ გვესაუბრა:

- გიორგი, თქვენი ბევრი წარმატებიდან რომელი იყო თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

- მუშაობა დავასრულე მეხუთე წიგნზე, სახელწოდებით "ღვთაებრივი მისტერია", რომელიც უკვე გამოქვეყნდა. ათი წელი ვმუშაობდი, ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ნაშრომია. სულიერი ცვლილებები, საერთოდ, რაც კი ჩემს ცხოვრებაში ტრანსფორმაცია მომხდარა, ამ წიგნის გვერდებზე ძალიან ნათლად აისახა. დღეს ამას გამოვყოფ, თორემ, რასაკვირველია, ძალიან დიდი მიღწევა იყო ვატიკანში ჩემი ნაშრომების გამოფენა, რომელიც შარშან გაიმართა. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ არაერთხელ მითქვამს, რომ ბავშვობაში მსურდა რომის პაპი ვყოფილიყავი,­ და ბუნებრივია, ყველაფერი მაინტერესებდა. ვკითხულობდი ისტორიას... ჩემთვის­ იტალია მსოფლიოს კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა, იქ დაიბადა რენესანსი,­ უდიდესი მოაზროვნეები, მხატვრები... ამ ადამიანების უკვდავი ხელოვნება ჩემზე ძალიან დიდ გავლენას ახდენდა. ეს იყო ადგილი, სადაც მსურდა ჩემი ხელოვნებით მიმეღწია. მართლაც, 2022 წელს მილანში ჩემი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, რასაც ვატიკანში გამოფენა მოჰყვა. როდესაც შენი ნამუშევარი რაფაელის შემოქმედების გვერდით არის გამოფენილი, როდესაც ხელოვნების მექაში ჩადიხარ და ცდილობ იქ შენი მხატვრული ფორმა წარადგინო, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. გულწრფელად გითხრათ, კომპლექსიც კი მქონდა, ჩემი ნამუშევრები იქ რომ უნდა გამოფენილიყო, სადაც ლეონარდო და ვინჩი დაიბადა, მიქელანჯელო კი საოცრებებს ქმნიდა...

- როგორ შეაფასებთ გამოფენას?

- როცა ექსპოზიცია უკვე დასრულებული ვნახე, შედეგით კმაყოფილი ვიყავი. იმ გარემოს, სივრცეს მოუხდა. უცხო იყო, ნამდვილად ქართული და თან ევროპული. ეს ევროპულობა იმ ხარისხსა და იმ სიმბოლიკაში ჩანდა, რაც ყოველ საზედაო ასოს ლაიტმოტივად გასდევს ჩემს შემოქმედებაში. გამოფენაზე, სახელწოდებით "სამოთხის შეხება", წარმოდგენილი იყო 38 საზედაო ასო, კოლექციიდან "ანბანთქება", და სახარებისეულ თემაზე შექმნილი 19 მინიატიურა, ასევე ხელნაწერების კოლექცია, რომელიც ძალიან ბევრ ქვეყანაში გამოიფინა და ასე ვთქვათ, მოგზაურობას აგრძელებს. პირველად გამოიფინა ჩემი ახალი რელიგიური სერია, რომელიც არაკანონიკურ, რელიგიურ მხატვრობას წარმოადგენს. თუმცა ამ გამოფენაზე იყო ჩემი შექმნილი კანონიკური ხატებიც, ოთხი ნიმუში. ბუნებრივია, დაინტერესება დიდი იყო. გამოფენა 40 ქვეყნის ელჩმა დაათვალიერა. დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც ამდენი უცხო ქვეყნის წარმომადგენელს შენი ქვეყნის კულტურას აცნობ. ქართული ანბანი, დამწერლობა მსოფლიო ასპარეზზე ქართულ კულტურას სრულიად უნიკალურად, გამორჩეულად წარმოაჩენს.

- ახსენეთ, რომ ბავშვობაში გსურდათ რომის პაპი ყოფილიყავით. რას ნიშნავდა­ თქვენთვის, როდესაც რომის პაპს თქვენი ნამუშევრები გადასცეს?

- რა თქმა უნდა, დიდი სიხარული იყო, როდესაც რომის პაპ ფრანცისკე პირველს ჩემი ნამუშევარი გადასცეს. მაშინ 22 წლის ვიყავი და ამ მოვლენამ ჩემს კარიერაზე დიდი გავლენა იქონია, - დამეთა­ნხმებით, ბევრს ნიშნავს, რომ პაპს პირად კოლექციაში შენი ნაშრ­ომი აქვს. ჩემი ორი ნამუშევარი გადასცეს ინგლისის დედოფალ ელისაბედ II-საც - ორი ილუმინირებული ხელნაწერი: ერთი მხედრულით შესრულებული 90-ე ფსალმუნი, მეორე კი ნუსხურით შესრულებული იოანე ზოსიმეს "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი"... როცა დედოფალთან, ასეთ უნიკალურ პიროვნებასთან, შენი ნამუშევარი მოხვდება, რასაკვირველია, ძალიან დიდი სიხარულია!

ბრიტანეთის სამეფო ბიბლიოთეკაში არც ერთი ქართული ილუმინირებული ხელნაწერი არ იყო. ძალიან დიდი კონკურსი ჩატარდა, სადაც გავიმარჯვე და ბიბლიოთეკაში ჩემი ხელნაწერი გაიგზავნა. ორი წლის წინ ხელნაწერი წიგნი შევქმენი­ "ცხოვრება მეფეთ მეფისა თამარისი". ის პირველ ილუმინირებულ ხელნაწერად იქცა, რომელიც ბრიტანეთის სამეფო ბიბლიოთეკაშია დაცული.

- კომპანია "შანელთან" თანამშრომლობა რას ნიშნავდა თქვენთვის?

- ესეც ადრე იყო, დაახლოებით 22-23 წლის ვიყავი. რასაკვირველია, დიდი სიხარული იყო. ვფიქრობ, როდესაც "შანელს" ორი ივენთისთვის მოსაწვევები გავუფორმე, ეს კარგ ადაპტორად იქცა, ამ სამყაროში ფესვები უფრო კარგად გავიდგი. ახლახან ქართველ დიზაინერებთან ერთად ორი კოლაბორაცია წარვადგინე. ლაშა დევდარიანთან ერთად ქართული ხელნაწერის სამოსი მილანში, ხოლო მეორე კოლაბორაცია დიზაინერ მეგი გაბუნიასთან ერთად - ასომთავრული კოლექცია შევქმენით. ვფიქრობ, საინტერესო ვიზუალური ფორმაა. კომპანია "შანელთან" თანამშრომლობა ხანგრძლივი არ ყოფილა, მაგრამ შეგრძნებები განსაკუთრებული იყო, რადგან ქართველი ახალგაზრდა მსოფლიოს ეპოქალურ ბრენდთან ვთანამშრომლობდი. ეს დიდი სიხარულიც იყო, დიდი პასუხისმგებლობაც და უპრეცედენტო შემთხვევაც ქართულ რეალობაში.

430645452-948448356625929-6358139439353226352-n-1713720550.jpg

- თქვენ მოგიხდათ თანამშრომლობა გუჯი ამაშუკელთანაც...

- გუჯი ამაშუკელმა ყდა მოუჭედა ჩვენს გადაწერილ "ვეფხისტყაოსანს". ხელნაწერზე ოთხი კალიგრაფი ვმუშაობდით. დღეს ის "ვეფხისტყაოსანი" გაეროს ფონდშია დაცული, როგორც ქართული კულტურის უნიკალური ნიმუში. გუჯი ამაშუკელს ორჯერ შევხვდი და ეს ჩემთვის განსაკუთრებული მოვლენა იყო. ჩვენ ხელოვნებაზე, იმ ნამუშევარზე დიდხანს ვისაუბრეთ. ძალიან მომწონს მისი შემოქმედება, მისი ცხოვრება ძალიან საინტერესოა, ის გზა, რაც საფრანგეთში განვლო. ვფიქრობ, საქართველოდან რომ არ წასულიყო, ამდენს ვერ მიაღწევდა. მისი შემოქმედებისთვის ეს გზა იყო სრული ტრიუმფი და სწორი გადაწყვეტილება სწორ მომენტში. საქართველოში ბევრი ტალანტი იბადება, მაგრამ ისე ვერ ვითარდებიან, რა პოტენციალიც აქვთ.

- თქვენ სად ხედავთ თქვენს მომავალს?

- სიმართლე გითხრათ, ბევრგან. ბოლო წლებში წელიწადში ოთხ ქვეყანაში მაინც მიწევს პროექტებზე მუშაობა. ვფიქრობ, მოგზაურობა მომავალ წელსაც გაგრძელდება. არტისტი მუდამ უნდა ვითარდებოდეს, სწავლობდეს, ახალ ინფორმაციას იღებდეს. ახალი ინფორმაციის წვდომისთვის აუცილებელია საზღვარგარეთ გახვიდე, სხვა ხელოვანებს შეხვდე. არტისტი რაც უფრო ინტელექტუალური, განვითარებული იქნება, ფორმისეულად უფრო საინტერესოდ ამეტყველდება. ამასთან, მსურს რამდენიმე პროექტზე საქართველოში ვიმუშაო.