„ოცნების“ 99%-ს არ უნდოდა ამ კანონის უკან შემობრუნება, მაგრამ...“ - კვირის პალიტრა

„ოცნების“ 99%-ს არ უნდოდა ამ კანონის უკან შემობრუნება, მაგრამ...“

"ძალიან სახიფათო პროცესში შევედით, თუ ხელისუფლება დროულად არ მოეგება გონს, ეს ამბავი კარგად არ დასრულდება", - ირწმუნება უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ყოფილი უფროსი და პარტია "გახარია - საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი კახა ქემოკლიძე.

- სისხლის ფასად გვაქვს მოპოვებული დამოუკიდებლობა, ბოლოს და ბოლოს, სამი ომი (აფხაზეთის, ცხინვალის და სამოქალაქო) გამოვიარეთ. ერთი უგუნური და ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებით უნდათ ჩვენი 35-წლიანი მონაპოვრის წყალში გადაგდება, თანაც, ამას ისე აგრესიულად აკეთებენ, რომ საზოგადოებაში ძალაუნებურად ჩნდება დაუმორჩილებლობის განცდა. თუ ეს ტენდენცია არ შეიცვალა, მძიმე ფიზიკური დაპირისპირება შეუქცევადი გახდება. ის, რასაც ხელისუფლება აკეთებს, ზუსტად ემთხვევა რუსეთის ჰიბრიდული ომის კონვენციას. საზოგადოების ფრაგმენტირება სახეზეა, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ჩატეხილი ხიდი სახეზეა და რაც ყველაზე სამწუხაროა, ვერ ხერხდება ზეპარტიულ, უნივერსალურ, ეროვნულ საკითხებზე შეთანხმება. ახლა მხოლოდ ანექსიაა დარჩენილი. ანექსია მოხდება ისევ ასეთივე ჰიბრიდული ოპერაციებით ან კონვენციური ძალით. ამ ყველაფრის საუკეთესო მაგალითია ბელარუსი. სხვათა შორის, ბელარუსი საქართველოზე უპირატეს მდგომარეობაში იყო იმ მხრივ, რომ გარშემორტყმულია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებით, თუ, რა თქმა უნდა, რუსეთსა და უკრაინას არ ჩავთვლით. მიუხედავად იმისა, რომ ბელარუს ხალხს დამოუკიდებლობის სურვილი ჰქონდა, რეჟიმი ვერ შეცვალა და დარჩნენ ნახევრად შეუმდგარ სახელმწიფოდ. ნახეთ, რა ადვილად მანიპულირებს კრემლი ბელარუსის პოლიტიკურ ელიტაზე. ასეთივე მიზნები აქვთ საქართველოსთან დაკავშირებითაც. რუსებს ის კი არ უნდათ, დაგვიპყრონ და ერთ-ერთ ოლქად მიგვიერთონ, კრემლის დღევანდელი ინტერესია საქართველოს ტერიტორიაზე იყოს სამი საელჩო - სოხუმში, ცხინვალსა და თბილისში.

- არადა, ცოტა ხნის წინ ხელისუფლების განცხადებები ტოვებდა განცდას, რომ რუსეთთან რაღაც ტიპის მოლაპარაკების საფუძველზე შეძლებდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში მცირე წინსვლა მაინც ყოფილიყო.

- ეგ განცდა "ოცნების" სპეკულაციების შედეგია. რუსეთის პოლიტელიტა გასაგებად ამბობს, რომ რუსეთს აფხაზეთსა და ცხინვალში საკუთარი ინტერესები აქვს და საქართველოს ხელისუფლებამ, როგორი ლოიალურიც არ უნდა იყოს რუსეთის მიმართ, უნდა მიიღოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილი ახალი რეალობა. "ქართული ოცნება" სპეკულირებდა და ცდილობდა ეს ტყუილი წინასაარჩევნოდ სარფიანად გაეყიდა. სინამდვილეში, რუსებმა წარმატებით გადაიფორმეს ნახევარი აფხაზეთი. კრემლი არასოდეს დათანხმდება, რომ თბილისმა თავისი იურისდიქცია თუნდაც ფორმალურად აღადგინოს სოხუმში ან ცხინვალში. რუსები საერთო სახელმწიფოს კონფიგურაციას ემხრობიან, ანუ თანახმა არიან საქართველოც შევიდეს რუსეთის ფედერაციაში, აფხაზეთიც და ცხინვალიც, ოღონდ ერთი ქვეყნის სტატუსით კი არა, როგორც სამივე ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სუბიექტი. აი, ამ ამბავს გვაწვდიდა "ქართული ოცნება", ოღონდ ლამაზად შეფუთულს.

- ამბობთ, რომ საქართველოში დღეს არსებული მოცემულობა ჰიბრიდული ომის შედეგია, მაგრამ დააზუსტეთ, "ქართული ოცნება"­ ნებით არის ჩართული რუსული ჰიბრი­დულ ოპერაციაში თუ ისიც მსხვერპლია?

- "ქართული ოცნება" წარმოადგენს მხარეს რუსულ ჰიბრიდულ ოპერაციაში. ზოგიერთ შემთხვევაში ტაქტიკურ დონეზე დამოუკიდებლად მოქმედებენ, მაგრამ სტრატეგიულ დონეზე რუსეთიდან არიან ინსტრუმენტიზებული. მე ვიცი, "ოცნების" 99%-ს არ უნდოდა ამ კანონის უკან შემობრუნება, რადგან ეშინოდათ იმის, რაც ახლა ხდება, მაგრამ ივანიშვილმა გადაწყვიტა ეს და ამას ჰქონდა სამი მიზეზი: პირველი - ის გრძნობს, რომ "ოცნებას" აღარ აქვს 30-38%-ზე მეტი მხარდაჭერა. ეს არის ჭერი, ადმინისტრაციული რესურსის ჩათვლით. ამიტომ გადაწყვიტა 38% 50%-ად საარჩევნო მანიპულაციებით გადაექცია, ოღონდ ვერ გაითვალისწინა, რომ ამჯერად დასავლეთი­ არც საარჩევნო მანიპულაციას გაუტარებდა­ და არც არჩევნების გაყალბების მცდელობას. 2024 წლის არჩევნებისთვის ძალიან სერიოზული სადამკვირვებლო მისიები და ასევე დიდი თანხებია მობილიზებული. ივანიშვილმა დასვა საკითხი - რა უნდა გავაკეთოთ ისეთი, რომ ხალხის ნდობა დავაკარგვინოთ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც წინასაარჩევნო მანიპულაციებსა და გაყალბების მცდელობებზე თვალს არ დაგვიხუჭავენო, და პასუხიც თავადვე გამოძერწა - ამ ორგანიზაციების მარგინალიზაცია, უცხოური ინტერესების გამტარებლების სტატუსი. რაც შეეხება მეორე მიზანს, ეს არის ფულის კონტროლი. საქართველოში ფული არავის არ უნდა ჰქონდეს ივანიშვილის, ივანიშვილთან დაახლოებული პირების გარდა. მას ჰქონდა კონკრეტული მიზანი, გადაეკეტა გარედან შემოსული ფული ან გაეკონტროლებინა. მესამე მიზანი პოლარიზების გაღრმავებაა. ივანიშვილმა დაინახა, რომ ქართველი ფეხბურთელების წარმატების სიხარულმა ერი გააერთიანა. "ოცნებაში" გააანალიზეს, თუ ქართველებს ერთმანეთთან დაპირისპირების გარდა, სხვა საქმე და ინტერესი გაუჩნდებოდათ, მთავრობის უმოქმედობასაც შეამჩნევდნენ. მათ ხომ საზოგადოებისთვის სიახლეების შეთავაზება არ შეუძლიათ, ინტელექტუალური შესაძლებლობებისგან გამომშრალი ხალხია. იფიქრეს და დაასკვნეს, თუ პოლარიზებას ისევ არ გაზრდიდნენ და საზოგადოებას ერთმანეთთან დაპირისიპრებით არ შეიქცევდნენ, არჩევნებს წააგებდნენ.

- როგორი იქნება ამ ყველაფერზე დასავლური ქვეყნების საბოლოო პოზიცია, შეგვეშვებიან, თუ როგორც მდინარაძე გვარწმუნებს, მაინც გაგვიხსნიან გზას ევროკავშირისკენ?

- ვფიქრობ, დასავლეთისთვის ყველაფრის განმსაზღვრელი მაინც ქართველი ხალხის რეაქცია იქნება. დღეს ხალხის,­ განსაკუთრებით სტუდენტების რეაქცია იმის დასტურია, რომ "ქართული ოცნება" საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ წავიდა, რაც ნიშნავს, რომ დე ფაქტო გავიდა კონსტიტუციის ჩარჩოებიდან. ასეთ დროს საზოგადოება ეძებს სამართლიანობის დაბრუნების გზებს და ეს რა პროცესებამდე მიგვიყვანს, არავინ იცის. ბევრი სხვადასხვა სცენარის განვითარებაა შესაძლებელი. ერთი რამ კი ვიცი - დასავლეთი ბოლომდე დაგვიდგება გვერდით, მათ შორის ხისტი გადაწყვეტილებებითაც, თუნდაც კონკრეტული პირების დასანქცირებით.

- ეს ივანიშვილისაც ექნებოდა გათვლილი.

- არ გირჩევდით ამ მითების დაჯერებას. ის ძალიან ხშირად ძალიან მძიმე შეცდომებს უშვებს. ამ კანონის უკან შემობრუნებაც მისი ერთ-ერთი დიდი შეცდომაა და ამას ყველა ძალიან მალე დაინახავს.

ხათუნა ბახტურიძე